საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1014(4კ-24) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „...“
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „...ამ“ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმის მიხედვით №03/3 (გაშენების ფართობი 5593,1 კვ.მ.), №04/1 (გაშენების ფართობი 1031 კვ.მ.), №05/1 (გაშენების ფართობი 1734 კვ.მ.) და №11/1 (გაშენების ფართობი 95,25 კვ.მ.) შენობების ნაწილში: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2016წ. №1/4-1040 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. №1/1-3812 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. №7/60066 წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2017წ. №12/39851 წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.07.2021წ. №13/45873 წერილი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 25.02.2022წ. №13/10385 წერილი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.03.2023წ. №1-1/87 ბრძანება სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 27.03.1995წ. „ზუგდიდის ...ის წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ №11 ბრძანების შესაბამისად გამოცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებით (პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი) სს „...სათვის“ გადაცემული შენობების იდენტიფიცირება, მათი საზღვრების დადგენა და სს „...სათვის“ პრივატიზების წესით გადაცემული შენობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენა; ე) ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმები №00007 (07.04.2021), №00006 (07.04.2021), №00005 (07.04.2021) და №00010 (21.04.2021) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის №ბ24-242114718 (27.05.2021) და №ბ24-24211512 (31.05.2021) ბრძანებები საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (15.04.2021), №... (15.04.2021), №... (15.04. 2021) და №... (09.05.2021) გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021), №... (11.06.2021), №... (14.06.2021) და №... (11.06.2021) გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს №... (17.08.2017), №... (17.08.2017), №... (17.08.2017) და №... (30.01.2020) განაცხადების მიხედვით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებების მიღება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სს „...სათვის” პრივატიზების წესით გადაცემული შენობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022 წ. №17/48294 წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ს“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დადგენის შესახებ სს „...ს“ წარმომადგენლის გ.ფ-ას 2022 წლის 18 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით, ხოლო სს „...ს“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დადგენის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება იდენტიფიცირებული ქონების ნაწილში უძრავი ქონების (პირველადი რეგისტრაცია: ს/კ ... და შემდგომში დაყოფის შედეგად რეგისტრირებული კოდებით: ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად. ბათილად იქნა ცნობილი სს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 2 მარტის №1-1/87 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ს“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1 031 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აშენებული შენობა). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.08.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის №... (23.08.2017) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე; გ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ას“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა; დ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... - (04.09.2017), №... (01.04.2019) და №... (10.07.2019) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (04.09.2017) და №... (01.04.2019) წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილებზე პასუხების მიღებისთანავე. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -(18.11.2019), №... (03.02.2020), №... (24.02.2020) და №... (27.05.2020) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (18.11.2019) და №... (03.02.2020) წერილებით ინფორმაცია ხელმეორედ გამოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილებზე პასუხის მიღებისთანავე. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (18.10.2020) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე. ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021წ. №00007 ოქმი, რომლის თანახმად, თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად განისაზღვრა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება; ე) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.04.2021) გადაწყვეტილება, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ნივთის იდენტური არ არის; ვ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021წ. №00007 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ს“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 95,5 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აშენებული შენობა). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები; კ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.08.2017 წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (23.08.2017წ.) მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია, განკარგული იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამასთან, მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლების მიწოდება და გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე; ლ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ას“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა; მ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (17.06.2020 წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან №... (03.02.2020 წ.) მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (18.10.2020) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2020 წლის 18 ოქტომბრის №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობის დადგენის მიზნით, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე საბოლოო პასუხის მიღებამდე; ნ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021წ. №00006 ოქმი, რომლის თანახმად, თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება; ო) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.04.2021) გადაწყვეტილება, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ნივთის იდენტური არ არის; პ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021 წ. №00006 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჟ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; რ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ს“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 5 593 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აშენებული შენობა). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები; ტ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.08.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის №... (23.08.2017) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე; უ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ის“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა; ფ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (01.04.2019), №... (10.07.2019), №... (18.11.2019), №... (03.02.2020), №... (05.05.2020), №... (17.06.2020), №... (18.10.2020) და №... (18.01.2021) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (04.09.2017), №... (01.04.2019), №... (18.11.2019), №... (03.02.2020) და №... (18.10.2020) წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილებზე პასუხების მიღებისთანავე; ქ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021წ. №00005 ოქმი, რომლის თანახმად, თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება; ღ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.04.2021) გადაწყვეტილება, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტურობა არ დადასტურდა; ყ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021 წ. №00005 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან; შ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჩ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ც) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (14.06.2021) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძ) 2020 წლის 30 იანვარს სს „...ს“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფაგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1 734 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აშენებული შენობა); წ) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -03 (03.02.2020 წ.) და №... -07 (17.06.2020 წ.) გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამ მიზნით, საჯარო რეესტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან №... (03.02.2020 წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ; ჭ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 21.04.2021 წ. №00010 ოქმი, რომლის თანახმად, თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება; ხ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (09.05.2021) გადაწყვეტილება, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტურობა არ დადასტურდა; ჯ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 21.04.2021 წ. №0010 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან; ჰ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242115721 (31.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჰ1) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (09.05.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ჰ2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჰ3) ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის მიერ 1996 წლის 27 მარტს გამოცემული იქნა №11 ბრძანება ზუგდიდის ...ს წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ, კერძოდ, „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, ბრძანებით დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...ს“ წესდება, საწარმოს პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი, მათ შორის, აქციების განლაგება, გაყიდვის წესი და მოცულობა. ამავე ბრძანებით, სააქციო საზოგადოება „...ს" საწყისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 325 849 აშშ დოლარით; ჰ4) ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1949 წლის 22 მაისის სხდომაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის მე-9 საკითხად, ...ზე მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ. 1949 წლის 22 მაისის №19 სხდომის ოქმის შესაბამისად (საკითხის №440), „მშრომელთა დეპუტატების ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასკომი აღნიშნავს, რომ ... ის მიერ დღემდე დაკავებული ტერიტორია არ არის მუდმივ სარგებლობაში გადაფორმებული. ამასთან, მას ესაჭიროება ... ების და პიონერთა ბანაკის მშენებლობისათვის დამატებით მიწის ნაკვეთები რაიონის სხვადახვა სოფლებში“. მშრომელთა დეპუტატების ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა: 1. ...ას გამოეყოს: ...ში მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის სარგებლობაში მყოფი მიწის ფართობიდან 12 ჰექტარი მიწა, ... ის მშენებლობისათვის. ბ. სოფ. ...ის ყოფილი მიწის ფართობი 4,2 ჰექტარი ... ის მშენებლობისათვის. გ. სოფ. ...ში ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სარგებლობაში მყოფი 3 ჰექტარი მიწის ფართობიდან 1,2 ჰექტარი მიწა ... ის მშენებლობისათვის. 2. ... ის მიერ დღემდე დაკავებული თავისუფალი მიწის ფართობი 127,25 ჰექტარის რაოდენობით გეგმაში აღნიშნულ საზღვრებში დამტკიცდეს კომბინატის მუდმივ სარგებლობაში. 3. დაევალა სოფ. ... ...ის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობას არ ჩაკეტოს ...ის დასასვენებელ სახლში მისასვლელი არსებული გზები, ხოლო ამ გზების რემონტი და კეთილმოწყობა დაევალა ...ის დირექციას; ჰ5) მხარეთა და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ პირთა ( მ.ნ-ა, ა.ქ-ა) განმარტებით, საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ შემადგენლობაში შედიოდა ზუგდიდში მდებარე „..., ხოლო ამ კომბინატის შემადგენლობაში კი, რამდენიმე საამქრო იყო გაერთიანებული, რომლებიც „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, გარდაიქმნენ სააქციო საზოგადოებებად და განხორციელდა მათი პრივატიზება (დაახლოებით 12-დან 15-მდე სააქციო საზოგადოება), მათ შორისაა, სს „...“. მოწმეთა განმარტებით, ამჟამად სადავო ქონებები წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება „ ს...სა“ და ...ის საამქროს საპრივატიზაციო კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ქონებას (პასიურ ნაწილს); ჰ6) 1996 წლის 26 მარტის №47 აუდიტორული დასკვნით, სს „...ს“ ერიცხება 19 დასახელების შენობა-ნაგებობა (ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილი), საერთო საწყისი საბალანსო ღირებულებით 1884,3 მანეთი. შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობა კარგია, მათი გაწონასწორებული ნარჩენი ღირებულება ტოლია 205 188 ლარის, ანუ 73%-ის. ასევე, დათვალიერებულ იქნა ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილი მანქანა-დანადგარები და სხვა მოწყობილობები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 198 ერთეულს; ჰ7) 1996 წლის 27 მარტს დამტკიცდა სს „...ის“ წესდება, რომლის თანახმად, არის საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ სამართლებრივი უფლებამონაცვლე. საზოგადოების კაპიტალი შეადგენს 423 604 ლარს და დაყოფილია 325 849 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. კაპიტალი იქმნება საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ ერთ-ერთი მემკვიდრე ...ის წარმოების საამქროს ქონებრივი შენატანის საფუძველზე, რომელიც შეფასებულია 1995 წლის მდგომარეობით; ჰ8) ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 1996 წლის 27 მარტის №11 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის თანახმად, საპრივატიზაციო ობიექტი „...ის საწარმოს საამქრო" შედიოდა საწარმოო გაერთიანება „ს...ში“. ობიექტის მისამართი: ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩა №.... ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულებაა 817279 ლარი (393676 აშშ დოლარი); ჰ9) 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის/შენობა-ნაგებობა და გადამცემი მოწყობილობის/ღირებულების აქტის შესაბამისად, განისაზღვრა 19 ერთეული ქონების ღირებულება. ასევე, განისაზღვრა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარები და სხვა) ღირებულება. დამტკიცდა სს „...ის“ აქციების უფასოდ და ფასდაკლებით მიმღებ პირთა სია; ჰ10) ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი 1996 წლის 12 აპრილს გაგზავნილი №91 მიმართვის თანახმად, სს „...“ მდებარეობს ქ.ზუგდიდი, ...ას ქ. №..., საწარმო შედიოდა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „ს...ში“, საწარმოს ჰყავს დამფუძნებლები, მომუშავეთა რაოდენობა 84 კაცი, ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულება 628 676 აშშ დოლარი, საწარმოს წილი სხვა ობიექტებში არ გააჩნია, საწარმოს არ გააჩნია დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტი, საწარმოში არ არის დაუდგმელი დანადგარები, საწარმო განლაგებულია ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №..., საერთო ფართობი 35 000 მ2, ნომინალური ღირებულებით განლაგებული აქციების საერთო ღირებულებაა 325 849 აშშ დოლარი, ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, შეიძენს კოლექტივის ბაზაზე დაფუძნებული ამხანაგობა, სს-ის დირექტორის მ/შ ს. ა-ა; ჰ11) საქართველოს ქონების მართვის 1996 წლის 18 მარტის №07.02.132 დადგენილების, სს „...ის რეორგანიზაციის შესახებ და საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ გენერალური დირექტორის 1995 წლის 29 დეკემბრის №58 ბრძანების თანახმად, ერთი მხრივ, საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ და მეორე მხრივ, ...ის საამქროს საპრივატიზაციო კომისიამ, რომლებიც შეიქმნა აღნიშნული ბრძანებით, შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომ პირველმა მხარემ გადასცა და მეორე მხარემ მიიღო საპრივატიზაციო ...სა და ...ის საამქროზე - შემდეგში სააქციო საზოგადოება „...“, რიცხული საშუალებები; ჰ12) ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „...“. საზოგადოების კაპიტალი შეადგენს 423 604 ლარს და დაყოფილია 325 849 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. 1996 წლის 17 აპრილს ზუგდიდის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „...“, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 14/5-14; ჰ13) სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 27 იანვრის №1-3/36 ბრძანებით, დამტკიცდა აუქციონის შედეგები, რომლის შედეგად უნდა გაცემულიყო 116 221 ცალი აქცია. სს „...ს“ აქციების მფლობელობაზე გაიცა სერთიფიკატი; ჰ14) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „ზ...ს“ 2022 წლის 29 მარტის №31 დასკვნით, სს „...ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით შეტანილ განცხადებებზე: №... (17.08.2017წ.), №... (17.08.2017წ.); №... (30.01.2020წ.) დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა-ნაგებობები, ასახულია სს „...ს“ ძირითადი საშუალებების ღირებულების აქტში და წარმოადგენს ქ. ზუგდიდში ...ას ქ. №1-ში ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 1995 წლის 27 მარტის №11 ბრძანების საფუძველზე პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ №... (17.08.2017წ.) განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა (...ით დატვირთული მანქანების სასწორი) არ არის ასახული სს „...ს“ ძირითადი საშუალებების ღირებულების დადგენის აქტში და როგორც ...ის გადამუშავების პროცესში აუცილებელი ობიექტი, შენობის ღირებულება სავარაუდოდ შესულია ...ის საამქროს შენობების საერთო საპრივატიზებო ღირებულებაში. აღნიშნული შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია და მათი განთავსების ადგილი შესაბამისობაშია შპს „პ...ს“ მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზების მონაცემებთან; ჰ15) ზუგდიდის რაიონის გამგებლის მიერ დამტკიცებული მიწის მართვის სამმართველოს მიერ საფინანსო განყოფილებასთან და საგადასახადო ინსპექციასთან შეთანხმებით შედგენილი საგადასახადო სიის მიხედვით, სს „...ს" ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩის №1-ში 1999 წ. ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 24 253 კვ.მ., 2001 წ. - 28 438 კვ.მ., 2004 წ. - 28 438 კვ.მ; ჰ16) შემოსავლების სამსახურში სს „...სათვის გახსნილი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების და შედარების აქტების მიხედვით, სს „...ს’’ ერიცხებოდა როგორც ქონების გადასახადი (ძირითად საშუალებებზე), ისე მიწის გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე); ჰ17) შემოსავლების სამსახურის №1675 ბრძანების საფუძველზე, სს „...ის’’ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით 18.07.2008წ. შედგა აქტი მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ, რომლითაც ყადაღა იქნა დადებული სს „...ის’’ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (მათ შორის ...ის საამქროს შენობებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, სატრანსფორმატორო შენობაზე, ...ის ნაგებობებზე და სხვა; ჰ18) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2016წ. №1/4-1040 ბრძანების საფუძველზე, ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩაზე მდებარე 415 186 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ს/კ ...); ჰ19) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. №1/1-3812 ბრძანების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილების საფუძველზე, დაყოფის შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია შემდეგი კოდებით: ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ჰ20) 2022 წლის 18 ივლისს სს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გადაგზავნილი, სააგენტოს განკარგულებაში არსებული, განცხადებაზე დართული და დამატებით მოძიებული მასალების, ადგილზე ჩატარებული აზომვებისა და დათვალიერების, საქმეზე ინფორმაციის მქონე პირთა ახსნა-განმარტებებისა და სხვა მოქმედებების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სააგენტოს დაედგინა სს „...ზე“ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები და გაშენების ფართები, შესაბამის ნაწილში გაეუქმებინა 04.08.2016 წ. №1/4-1040 ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიემართა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით; ჰ21) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილით, სს „...ს“ ეცნობა, რომ ვინაიდან სს „...ის“ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილ იქნა არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების გამოვლენის, არამედ სხვა ხარვეზის გამო, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს სარეგისტრაციო განცხადებებში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, სს „...ის“ მოთხოვნის შემთხვევაში განიხილოს მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმების საკითხი; ჰ22) სს „...ის“ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილის თაობაზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი; ჰ23) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.03.2023 წ. №1-1/87 ბრძანებით, სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაცია, როგორც კანონით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესი, სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობის, განკარგვის უფლების დაკარგვას. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება აქციათა გამოსყიდვის გზით, წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „...ის საწარმოს საამქროს“ (რომელიც არსებობდა საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ და ...ის შემადგენლობაში) განსახელმწიფოებრიობა განხორციელდა აქციონირების გზით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონისა და „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ განხორციელდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, ხოლო შემდგომ, სახელმწიფო საწარმოს აქციების გაყიდვა. ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 27.03.1995 წ. №11 ბრძანებით დამტკიცდა „...ის“ - სააქციო საზოგადოების წესდება, ქონების შეფასების აქტი და საწარმოს პრივატიზაციის გეგმა. სს „...ის“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განხორციელებულა. სს „...ის“ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთი საკუთრებასა და სარგებლობაში არ გადასცემია. სს „...სათვის“ ან მის დაფუძნებამდე არსებულ „...ს საწარმოს საამქროსათვის“ (რომელიც არსებობდა საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ შემადგენლობაში) მიწის ნაკვეთის გამოყოფა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ განხორციელებულა (მიწის ნაკვეთის კუთვნილება მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს). შესაბამისად, დავის საგანს და მოსარჩელის იურდიულ ინტერესს პრივატიზებული შენობა-ნაგებობების (რომლის ფართობი საპრივატიზებო დოკუმენტებში მითითებული არ იყო) ქვეშ არსებული, მათთვის მიკუთვნებული მიწის ფართობის დადგენა და საკუთრებად დარეგისტრირება წარმოადგენს.
დადგენილია, რომ სს „...ამ“ საჯარო რეეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებებით შენობა-ნაგებობების (შესაბამისად, მათ ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის) საკუთრებად რეგისტრაცია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს მოსარჩელე არ წარმოადგენს. მოსარჩელეს მოთხოვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რომელთან მიმართებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების განკერძოების შედეგად სს „...ამ“ სადავო შენობა-ნაგებობებზე მოიპოვა საკუთრების უფლება. შესაბამისად, საპრივატიზებო დოკუმენტაცია და განმცხადებლის მიერ შედგენილი ელექტრონული ნახაზი, საკუთრების რეგისტრაციისათვის უფლებადამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენდა.
დადგენილია, რომ აქციონირების გზით, პრივატიზების შედეგად, სს „...ის“ გადაეცა უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილია საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში ქონების შეფასების აქტი, რომლითაც დადასტურდა სახელმწიფო საწარმოს ძირითად საშუალებათა (შენობა-ნაგებობები და სხვ.) ღირებულება და აღნიშნული ქონების შეტანა საწესდებო კაპიტალში. ასევე, წარმოდგენილია ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, ანუ, დასტურდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტი, ფართობის მითითების გარეშე.
სასამართლოს განმარტებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლების დაკარგვის პირობებში, დაინტერესებული პირი, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ საფუძველზე, უფლებამოსილია მოითხოვოს საწარმოს პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „წესი“, შესაბამისი საკითხის გადასაწყვეტად, არ ადგენს საჯარო რეესტრის და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთის გარეშე პრივატიზაციის ფაქტის უტყუარად დადასტურების საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენენ იმ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ შენობა-ნაგებობის განკარგვის ფაქტის დადასტურება და შემდეგ, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრაცია, შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმები №00007 (07.04.2021), №00006 (07.04.2021), №00005 (07.04.2021) და №00010 (21.04.2021) და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) და №ბ24-24211512 (31.05.2021) ბრძანებები, ასევე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (15.04.2021), №... (15.04.2021), №... (15.04.2021) და №... (09.05.2021) გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021), №... (11.06.2021), №... (14.06.2021) და №... (11.06.2021) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და ამ ნაწილში როგორც შეცილებითი, ასევე მავალდებულებელი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოთხოვნას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილი, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, განმცხადებლის - სს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და უნდა შემოწმდეს მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოცემული დავის საგანს სს „...ის“ პრივატიზებასთან დაკავშირებული აქტების კანონიერება არ წარმოადგენს. სადავოა საწარმოს პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების (სარჩელით სადავო მხოლოდ აშენებული 4 შენობა-ნაგებობის) შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრების (ფართობის) დადგენა.
იმ პირობებში, როდესაც უდავოა „...ის საწარმოს საამქროს“ პრივატიზება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით და აღნიშნული ქონებისათვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ვერ განხორციელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ საფუძველზე, იმსჯელოს სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შედეგად სს „...ის’’ საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წინაპირობები, რის გამოც სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022 წ. №17/48294 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სასამართლოს განმარტებით, სს „...ის“ წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022 წ. №17/48294 წერილი, არ არის დასაბუთებული. სადავო აქტი არ არის გამოცემული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ზოგადი ხასიათისაა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმის გარემოებები გამოიკვლიოს სრულად, ყოველმხრივ და ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება მხოლოდ ზოგადი არგუმენტების, გამოუკვლეველი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, საქმის გარემოებები გამოიკვლიოს სრულყოფილად, დაკითხოს მოწმეები, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირები, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ამომწურავ და საჭირო ინფორმაციას დავის საგანთან დაკავშირებით, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა გამოსცეს ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ის“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დადგენის შესახებ სს „...ის“ წარმომადგენლის გ.ფ-ას 2022 წლის 18 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუკი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დააკმაყოფილებს სს „...ის“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დადგენის შესახებ სს „...ს“ წარმომადგენლის გ.ფ-ას 2022 წლის 18 ივლისის განცხადებას, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეალიზების მიზნით, სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმოეშობა ვალდებულება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იდენტიფიცირებული ქონების ნაწილში უძრავი ქონების (პირველადი რეგისტრაცია ს/კ ... და შემდგომში დაყოფის შედეგად რეგისტრირებული კოდებით: ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ; ... ) სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 2 მარტის №1-1/87 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...ის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით სს „...ის“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს პრივატიზებული შენობა-ნაგებობების (რომლის ფართობი საპრივატიზებო დოკუმენტებში მითითებული არ იყო) ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენა და მასზე სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აპელანტი კომპანიის წარმომადგენლის აზრით, სარჩელი საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 12.2 მუხლის საფუძველზე, რამდენადაც დადასტურდა, რომ სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად სს „...ას“ გადაეცა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (შენობა-ნაგებობები) და სხვა აქტივები მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გარეშე, საპრივატიზაციო დოკუმენტაციით პრივატიზებული შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობები არ დადგენილა, საწარმოს შენობა-ნაგებობებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია, მას ასევე არ მიუმართავს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ (მთლიან) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის მოთხოვნით. საწარმომ მოითხოვა მხოლოდ პრივატიზებულ 4 შენობა-ნაგებობაზე გაშენების საზღვრების დადგენა და ამ შენობა-ნაგებობებზე მათი გაშენების მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ შეცდომით, ერთმანეთისაგან არ განასხვავა „მიკუთვნებული“ მიწის ნაკვეთი და „განაშენიანების" ფართობი და ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ „მიკუთვნებული“ მიწის ნაკვეთი შეიძლება მეტი იყოს განაშენიანების ფართობზე. სასამართლო სწორად მიუთითებს, რომ „მიკუთვნებულ“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია პირდაპირ საჯარო რეესტრში (მისი „წესის’’ შესაბამისად განსაზღვრის გარეშე) კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ სასამართლოს არასწორად მიაჩნია, რომ შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების პირდაპირ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონით არაა გათვალისწინებული.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 12.1 მუხლით (მე-12 მუხლი ეხება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს) საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სააქციო საზოგადოებას 4 ერთეული პრივატიზებული შენობა-ნაგებობა არ ჰქონია არც ტექინვენტარიზაციის და არც საჯარო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული, შესაბამისად, 12.1 მუხლით განსაზღვრული შემთხვევა სახეზე არ არის. რაც შეეხება 12.2 მუხლს, რომლის გამოყენების უპირატესობაზე აპელირებს სამივე აპელანტი, ხოლო მოსარჩელე აპელანტი თვლის, რომ აღნიშნული ნორმა ქმნიდა საჯარო რეესტრის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ის ეხება შემთხვევას, როცა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა (მიწის ნაკვეთის გარეშე) და ის საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ასეთ დროს ნორმამ დაუშვა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა როგორც შენობა-ნაგებობაზე, ისე შენობით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. სხვა მოწესრიგებას - თუ ვინ უნდა განსაზღვროს განაშენიანების ფართობი და რა წესით, რა დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს ამ მიზნით და ა.შ., არც ზემოაღნიშნული კანონი, არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია არ შეიცავს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის განსაზღვრაზე, ისევე, როგორც შენობაზე მიკუთვნებული ფართობის განსაზღვრაზე (რომელიც შეიძლება აღემატებოდეს განაშენიანების ფართობს), უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს (შენობას) განაშენიანების ფართობის გარდა შეიძლება მიეკუთვნოს დამატებით მიწის ნაკვეთი ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ფართობის ოდენობით. დადგენილება ამ მიმართებით დაინტერესებული პირის მხოლოდ იმ უპირატესობასა და შეღავათზე მიუთითებს, რომ განაშენიანების ფართობზე მიკუთვნება ხდება უსასყიდლოდ. შესაბამისად, რაკი დადგენილება ამ საკითხზე აპელირებს, უნდა დავასკვნათ, რომ მისაკუთვნებელი ფართობის ოდენობას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად - იქნება ეს განაშენიანების, თუ შენობაზე დამაგრებული, დამატებით მისაკუთვნებელი ფართობი. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხოლოდ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე ითხოვს რეგისტრაციას, არ ცვლის საქმის არსს მიწის ნაკვეთის მიკუთვნებაზე უფლებამოსილი სუბიექტის მხრივ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაცია, რაც სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების პროცესში იქმნებოდა და მუშავდებოდა, დაცული უნდა ყოფილიყო პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში, რომლის უფლებამონაცვლესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს. ასეთი ინფორმაციის არარსებობა (დაუცველობის მიზეზის მიუხედავად) სააგენტოს არ ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის 25.03.2011 წ. №144 დადგენილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. შესაბამისად, ქონების შემძენის სარჩელის უარყოფა და განკერძოებული ქონების კვლავ სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ინფორმაცია მის მიერ კერძო პირისათვის გადაცემული ქონების ზუსტი საზღვრების შესახებ, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამდენადაც სახელმწიფოს ხელეწიფება სადავო მიწის ნაკვეთთან შემხებლობაში მყოფი ყველა დაინტერსებული სუბიექტის მონაწილეობით, პრივატიზებული შენობების ადგილზე დათვალიერებით და საზღვრების დასადგენად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებით (რა დროსაც შემოწმდება დაინტერესებული პირის/განმცხადებლის დაკვეთით მომზადებული ტექნიკური დოკუმენტაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობა), ასევე სააგენტოში ან/და შესაბამის არქივში დაცული პრივატიზების პროცესში მომზადებული და გასაჯაროებული, თუ დაინტერესებული პირის ხელთ არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ან/და მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი შესაბამისი განაშენიანების კოეფიციენტების გამოყენებით, განსაზღვროს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის გარეშე გასხვისებული შენობა-ნაგებობისთვის მისაკუთვნებელი მიწის ფართობი. მისი ეს ვალდებულება დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, სზაკ-ის მე-5 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე კი, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ კანონისმიერი ვალდებულება უნდა შესრულდეს და ასეთის შეუსრულებლობით კანონიერი კერძო ინტერესის შეზღუდვა დაუშვებელია. მინიმუმ სახელმწიფოს ვალდებულებას ის მაინც წარმოადგენს, რომ დაუდასტუროს განმცხადებელს პრივატიზებულ ნაგებობაზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი ამავე ნაგებობის განაშენიანების ფართობის მიხედვით (საქართველოს მთავრობის 25.03.2011 წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული წესის 3.2 მუხლი) და თავად გააუქმოს აღნიშნულზე დაფიქსირებული საკადასტრო საზღვრების ზედდება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მონაცემთან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ სს „...ის“ წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022 წ. №17/48294 წერილი, დასაბუთებული არ არის. ის არ არის გამოცემული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ზოგადი ხასიათისაა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმის გარემოებები გამოიკვლიოს სრულად, ყოველმხრივად და ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება მხოლოდ ზოგადი არგუმენტების, გამოუკვლეველი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, დაუშვებელია. ამდენად, პალატა დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, საქმის გარემოებები გამოიკვლიოს სრულყოფილად, დაკითხოს მოწმეები, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირები, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ამომწურავ და საჭირო ინფორმაციას დავის საგანთან დაკავშირებით, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა გამოსცეს ახალი, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ის“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დადგენის შესახებ სს „...ის“ წარმომადგენლის გ.ფ-ას 2022 წლის 18 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი“. შესაბამისად, ამ პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში), როგორც მიწაზე უფლების დამდგენი სრულყოფილი დოკუმენტი, შექმნის დაინტერესებული სუბიექტის საკუთრების უფლების (როგორც მიწის ნაკვეთზე, ისე მის არსებით შემადგენელ ნაწილზე (შენობებზე)) რეგისტრაციის საფუძველს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „..ი.ს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
4.1. კასატორის - სს „...ის“ განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ იურიდიულ პირზე გაასხვისა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი მიწის გარეშე და შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონის შესაბამისად არც მიწაზე და არც მის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა, მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე (შენობა-ნაგებობაზე) და მისი გაშენების შესაბამის მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, (ა) მითითებული წესის შესაბამისად, შესაძლებელია მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით „მიკუთვნებულ“ მიწაზე და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; (ბ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლებელია მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე და მისი „განაშენიანების’’ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლომ შეცდომით, ერთმანეთისაგან არ განასხვავა „მიკუთვნებული“ მიწის ნაკვეთი და „განაშენიანების" ფართობი და ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ „მიკუთვნებული“ მიწის ნაკვეთი შეიძლება მეტი იყოს „განაშენიანების’’ ფართობზე. სასამართლო სწორად მიუთითებს, რომ „მიკუთვნებულ’’ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია პირდაპირ საჯარო რეესტრში (მისი „წესის’’ შესაბამისად განსაზღვრის გარეშე) კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ სასამართლოს არასწორად მიაჩნია, რომ შენობა-ნაგებობის „განაშენიანების’’ ფართობზე საკუთრების უფლების პირდაპირ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონით არაა გათვალისწინებული.
საქმეზე სამართლებრივ შეფასებას ექვემდებარება შემდეგი გარემოებები: სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად სს „...ის“ გადაეცა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (შენობა-ნაგებობები) და სხვა აქტივები მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გარეშე. საპრივატიზაციო დოკუმენტაციით პრივატიზებული შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობები არ დადგენილა. საწარმოს შენობა-ნაგებობებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მას ასევე არ მიუმართავს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ (მთლიან) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის მოთხოვნით. საწარმომ მოითხოვა მხოლოდ პრივატიზებულ 4 შენობა-ნაგებობაზე გაშენების საზღვრების დადგენა და ამ შენობა- ნაგებობებზე მათი გაშენების მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა პრივატიზებული შენობა-ნაგებობების საზღვრების (განაშენიანების ფართობების) დადგენაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ - პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მათი განაშენიანების მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო აზომვითი ნახაზების იდენტურობის დადგენაზე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ - პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე და მათი განაშენიანების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.
მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის საფუძვლით 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ იურიდიულ პირზე გასხვისებულია მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, იურიდიულმა პირმა შეინარჩუნა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრისა და რეგისტრაციის უფლება. სს „...სათვის“ შენობა-ნაგებობები (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) გადაცემულია პრივატიზაციის წესით. მართალია, მან დაკარგა ამ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების უფლება, მაგრამ მან შეინარჩუნა ამ შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრისა და შენობა-ნაგებობებზე და მათზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია, განსაზღვროს პრივატიზებული შენობა-ნაგებობების და შესაბამისად, მათთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების საზღვრები, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - დადგენილ საზღვრებში დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება. შესაბამისად, სს „...’’ არ არის ის დაინტერესებული პირი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით პრივატიზებული შენობა-ნაგებობების განაშენიანების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მაგრამ სს „...’’ არის ის დაინტერესებული პირი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს პრივატიზებული შენობა-ნაგებობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთანავე, სს „...’’ არის ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია პირდაპირ მოითხოვოს შენობა-ნაგებობების პრივატიზების (კომპეტენტური ორგანოს მიერ გასხვისების) საფუძვლით მათი განაშენიანების ფართობის პროპორციული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. იურიდიული პირი არ არის მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი (ასეთი მხოლოდ ფიზიკური პირია). ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის, მათ შორის, იურიდიული პირის, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის მიხედვით. შესაბამისად, შენობა-ნაგებობის პრივატიზების შემთხვევაში, იურიდიულ პირს აქვს მისი გაშენების მიწის ნაკვეთზე და ამ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება. სს „...ისათვის“ შენობა-ნაგებობები (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) გადაცემულია პრივატიზაციის წესით. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია ამ შენობა-ნაგებობებზე და მათი გაშენების მიწის ნაკვეთზე მოითხოვოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (საყურადღებოა, რომ მსგავსი პოზიცია აქვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს).
სს „...მ“ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 12.2 მუხლის შესაბამისად მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე და მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით სს „...ის“ მიერ წარდგენილია საპრივატიზაციო დოკუმენტაცია (პრივატიზაციის ბრძანება, პრივატიზაციის გეგმა, საპრივატიზაციო ქონების შეფასების აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი და სხვ.) და „იდენტურობის’’ დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ექსპერტიზის აქტი, მოწმეთა ჩვენებები, საგადასახადო სია, ყადაღის დადების აქტი და ა.შ.).
ქვედა ინსტანციის სასამართლოები არასწორად მიიჩნევენ, რომ სს „...“ არ არის უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს შენობა-ნაგებობების პრივატიზების საფუძვლით მათი განაშენიანების ფართობის მიხედვით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სასამართლოებს არ მოუხდენიათ ექსპერტიზის აქტით დადგენილი გარემოებების უარყოფა. ამის გარდა, საქმეში წარმოდგენილია პრივატიზებული შენობა-ნაგებობების სს „...სათვის“ გადაცემის აქტის ხელმომწერ საპრივატიზაციო კომისიის წევრთა ჩვენებები შენობა-ნაგებობების წარმოდგენილ აზომვით ნახაზებთან შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, საპრივატიზაციო დოკუმენტაციის (პრივატიზაციის გეგმა, შეფასების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), სხვა დოკუმენტაციის (მიწის გამოყოფის აქტები, საგადასახადო სია, ქონებაზე ყადაღის დადების აქტი და ა.შ.) და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა სარეგისტრაციო ობიექტი, რაც წარმოშობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან მიმართებაში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის უტყუარად დადგენის შემთხვევაში, არ არსებობს იდენტურობის დადგენის საჭიროება, მაგალითად, თუ არსებობდა გენერალური გეგმა, მიწათსარგებლობის გეგმა ან სხვა დოკუმენტი (კომპეტენტური ორგანოს მიერ შედგენილი ნახაზი), რომლითაც იდენტიფიცირდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი. თუ მიწის ნაკვეთის მდებარეობა უტყუარად არ დგინდება, სწორედ ამ შემთხვევაში არის საჭირო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება იდენტურობის დადგენის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული აქტები გამოსცა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესების იგნორირებით. მან არ მოიძია, არ შეაგროვა და არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილება. ამდენად, უკანონოა მერიის აქტებზე დაყრდნობით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთი მხრივ, ვალდებული იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან მოეთხოვა პრივატიზებული შენობა-ნაგებობების საზღვრების (გაშენების ფართებისა და კოორდინატების) დადგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საბოლოოდ, უნდა დაევალოს სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების საზღვრების (გაშენების ფართებისა და კოორდინატების) დადგენის შემდეგ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4.2 კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სს „...ის“ დირექტორმა მ.ს-ემ 2017 წლის 17 აგვისტოს №..., №..., №... და 2020 წლის 30 იანვარს №... განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების თანახმად, სს „...ის“ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საჯარო რეესტრმა ასევე მიმართა 2020 წლის 18 ოქტომბერსა და 2020 წლის 3 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებიდან ირკვევა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა ვერ დადგინდა. საჯარო რეესტრის 2021 წლის 15 აპრილისა და 2021 წლის 9 მაისის გადაწყვეტილებების საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან არ დადასტურდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სს „...ის“ საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავდა სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასებით, რეესტრმა უარი უთხრა სს „...ის" საკუთრების რეგისტრაციაზე.
სს „...იმ’’ 2022 წლის 18 ივლისის №83539/04 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს „...სათვის“ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობის დადგენა, სააგენტოს 2016 წლის 4 აგვისტოს №1/4-1040 ბრძანების ნაწილობრივ გაუქმება (აღნიშნული ბრძანებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით 415 186 კვ.მ უძრავი ქონება) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო რეესტრისათვის მიმართვა. სააგენტოს 2022 წლის 29 აგვისტოს №17/48294 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტო საჯარო რეესტრში წარდგენილ №..., №..., №..., №... განცხადებებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან გამოვლენილი ზედდების გაუქმების საკითხზე, სს „...ის“ შესაბამისი მოთხოვნის დროს იმსჯელებდა, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილება არის თუ არა გამოსაყენებელი ნორმატიული აქტი და აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტების მიმართ მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. საგულისხმოა, რომ სს „...ის’’ მიერ შენობა-ნაგებობების აღრიცხვა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არ განხორციელებულა, ხოლო 27 წლის შემდეგ უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) იდენტურობის დადგენა პრივატიზების დროს სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხულ უძრავ ქონებასთან, არ შეიძლება გამყიდველის პასუხისმგებლობას წარმოადგენდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა ვერ დადგინდა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებით დამტკიცებული წესის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულ პირს უფლება შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული აქვს და უფლებადამდგენი დოკუმენტით უტყუარად დგინდება ქონების პრივატიზება და იგი იდენტიფიცირებადია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით ხელმძღვანელობა არ არის მართებული.
4.3 კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, საქმეში არსებული საპრივატიზაციო მასალით დგინდება, რომ „...ის საწარმოს საამქროს’’ განსახელმწიფოებრიობა განხორციელდა აქციონირების გზით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონისა და „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ განხორციელდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, შემდგომ კი, სახელმწიფო საწარმოს აქციების გაყიდვა. ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1995 წლის 23 მარტის №11 ბრძანებით დამტკიცდა სს „...ის’’ წესდება, ქონების შეფასების აქტი და საწარმოს პრივატიზების გეგმა. 1996 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები) და გადამცემი მოწყობილობის/ღირებულების აქტის შესაბამისად, განისაზღვრა 19 ერთეული ქონების ღირებულება. ასევე, განისაზღვრა, აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარები და სხვა) ღირებულება. დამტკიცდა სს „...ის’’ აქციების უფასოდ და ფასდაკლებით მიმღებ პირთა სია. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი 1996 წლის 12 აპრილს გაგზავნილი №91 მიმართვის თანხმად, სს „...’’ მდებარეობდა ქ. ზუგდიდიში, ...ას ქ. №...-ში. საწარმო შედიოდა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „ს...ში’’. საქართველოს ქონების მართვის 1996 წლის 18 მარტის №07.02.132 დადგენილების, სს „...ის რეორგანიზაციის შესახებ’’ და საწარმოო გაერთიანება „ს...ის’’ გენერალური დირექტორის 1995 წლის 29 დეკემბრის №58 ბრძნების თანახმად, ერთი მხრივ, საწარმოო გაერთიანება „ს...ის’’ და, მეორე მხრივ, ...ის საამქროს საპრივატიზაციო კომისიამ, შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, პირველმა მხარემ გადასცა და მეორე მხარემ მიიღო საპრივატიზაციო ...სა და ...ის საამქროზე (შემდგომში სს „...’’) რიცხული საშუალებები. ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „...’’, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 14/5-14. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 27 იანვრის №1-3/36 ბრძანებით, დამტკიცდა აუქციონის შედეგები, რომლის შედეგად უნდა გაცემულიყო 116 221 ცალი აქცია. აქციათა მფლობელებზე გაიცა სერთიფიკატები. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაციაში არაა მითითებული ქონებების გავრცელების საზღვრები და ზუსტი მდებარეობა, აღნიშნულზე ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. სს „...ის’’ მიერ შენობა-ნაგებობების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განხორციელებულა.
სს „...ს’’ გენერალურმა დირექტორმა №..., №..., №... და №... განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ოთხ შენობასა და ამ შენობების ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთებზე. მოძიებული დოკუმენტაციის შემდგომ, მარეგისტრირებელმა ორგანომ, იმ საფუძვლით რომ არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიიღო №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. იდენტურობა ასევე ვერ დადგინდა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ადგილზე დათვალიერების დროსაც. ამასთანავე, დაინტერესებულ მხარეს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია არანაირი სარწმუნო და გასათვალისწინებელი მტკიცებულება იდენტურობის დასადგენად.
სს „...მ’’ 2022 წლის 18 ივლისის №83539/04 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს „...სათვის’’ პრივატიზებული შენობა- ნაგებობების ადგილმდებარეობის დადგენა, სააგენტოს 2016 წლის 4 აგვისტოს №1/4-1040 ბრძანების ნაწილობრივ გაუქმება და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო რეესტრისათვის მიმართვა. სააგენტოს 2022 წლის 29 აგვისტოს №17/48294 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტო საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან გამოვლენილი ზედდების გაუქმების საკითხზე, სს „...ს’’ შესაბამისი მოთხოვნისას, იმსჯელებდა სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ისევე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 აგვისტოს №17/48294 წერილის (აქტის) ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილზე მსჯელობისას, ყურადღების მიღმაა დატოვებული ის მოცემულობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვერ დგინდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული ქონების იდენტურობა, ხოლო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა ის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია, რაც უზრუნველყოფდა აქციათა პრივატიზაციის პროცესში განკერძოებული ქონების იდენტიფიკაციას.
კასატორის განმარტებით, კანონშეუსაბამოა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაზე და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სს „...სათვის’’ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირების და იდენტიფიცირების შემდგომ, მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში. დადგენილებით განსაზღვრული წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის საფუძველზე დაინტერესებულ პირს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში ან/და საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტაციით უტყუარად დგინდება ქონების პრივატიზება, ქონება იდენტიფიცირებადია და გავრცელების საზღვრები დადგენადია, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით სს „...ის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით სს „...ს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1949 წლის 22 მაისის სხდომაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის მე-9 საკითხად - ...ზე მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ. 1949 წლის 22 მაისის №19 სხდომის ოქმში აღნიშნულია შემდეგი: „მშრომელთა დეპუტატების ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასკომი აღნიშნავს, რომ ... ის მიერ დღემდე დაკავებული ტერიტორია არ არის მუდმივ სარგებლობაში გაფორმებული. ამასთან, მას ესაჭიროება ... ების და პიონერთა ბანაკის მშენებლობისათვის დამატებით მიწის ნაკვეთები რაიონის სხვადასხვა სოფლებში. მშრომელთა დეპუტატების ზუგდიდის რაისაბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა: 1. ...ას გამოეყოს: ... ში მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის სარგებლობაში მყოფი მიწის ფართობიდან 12 ჰექტარი მიწა, ...ის მშენებლობისათვის. ბ. სოფ. ...ის ყოფილი მიწის ფართობი 4,2 ჰექტარი ...ის მშენებლობისათვის. გ. სოფ. ...ში ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სარგებლობაში მყოფი 3 ჰექტარი მიწის ფართობიდან 1,2 ჰექტარი მიწა ... ის მშენებლობისათვის. 2. ...ის მიერ დღემდე დაკავებული თავისუფალი მიწის ფართობი 127,25 ჰექტარის რაოდენობით გეგმაში აღნიშნულ საზღვრებში დამტკიცდეს კომბინატის მუდმივ სარგებლობაში. 3. დაევალოს სოფ. ... ...ის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობას არ ჩაკეტოს ... ის დასასვენებელ სახლში მისასვლელი არსებული გზები, ხოლო ამ გზების რემონტი და კეთილმოწყობა დაევალოს ...ის დირექციას. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ შემადგენლობაში შედიოდა ზუგდიდში მდებარე „... ი“, ხოლო ამ კომბინატის შემადგენლობაში კი, რამდენიმე საამქრო იყო გაერთიანებული, რომლებიც „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, გარდაიქმნენ სააქციო საზოგადოებებად და განხორციელდა მათი პრივატიზება (დაახლოებით 12-დან 15-მდე სააქციო საზოგადოება), მათ შორისაა, სს „...“. ამჟამად სადავო ქონებები წარმოადგენს საწარმოო გაერთიანება „ს...სა“ და ...ის საამქროს საპრივატიზაციო კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ქონებას (პასიურ ნაწილს) (ტ.5, ს.ფ 14-16); ბ) 1996 წლის 26 მარტის №47 აუდიტორული დასკვნით, სს „...ს“ ერიცხება 19 დასახელების შენობა-ნაგებობა (ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილი), საერთო საწყისი საბალანსო ღირებულებით 1884,3 ათ. მან. შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობა კარგია, მათი გაწონასწორებული ნარჩენი ღირებულება ტოლია 205 188 ლარის, ანუ 73%-ის. ასევე, დათვალიერებულ იქნა ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილი მანქანა-დანადგარები და სხვა მოწყობილობები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 198 ერთეულს (ტ.2, ს.ფ 100); გ) ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის მიერ 1996 წლის 27 მარტს გამოცემული იქნა №11 ბრძანება ზუგდიდის ...ს წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ, კერძოდ, „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...ს“ წესდება, საწარმოს პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი, მათ შორის, აქციების განლაგება, გაყიდვის წესი და მოცულობა. ამავე ბრძანებით, სააქციო საზოგადოება „...ს" საწყისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 325 849 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ 151-167); დ) 1996 წლის 27 მარტს დამტკიცდა სს „...ს“ წესდება, რომლის თანახმად, სს „...“ არის საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ სამართლებრივი უფლებამონაცვლე. საზოგადოების კაპიტალი შეადგენს 423 604 ლარს და დაყოფილია 325 849 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. კაპიტალი იქმნება საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ ერთ-ერთი მემკვიდრე ...ს წარმოების საამქროს ქონებრივი შენატანის საფუძველზე, რომელიც შეფასებულია 1995 წლის მდგომარეობით (ტ.2, ს.ფ 101-106); ე) ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 1996 წლის 27 მარტის №11 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის თანახმად, საპრივატიზაციო ობიექტი „...ს საწარმოს საამქრო’’ შედიოდა საწარმოო გაერთიანება „ს...ში“. ობიექტის მისამართი ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩა №1. ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულებაა 817279 ლარი (393676 აშშ დოლარი) (ტ.2, ს.ფ 118-123); ვ) 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის/შენობა-ნაგებობა და გადამცემი მოწყობილობის/ღირებულების აქტის შესაბამისად, განისაზღვრა 19 ერთეული ქონების ღირებულება. ასევე, განისაზღვრა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარები და სხვა) ღირებულება. დამტკიცდა სს „...ს“ აქციების უფასოდ და ფასდაკლებით მიმღებ პირთა სია (ტ.2, ს.ფ 124-135, 147-151); ზ) ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი 1996 წლის 12 აპრილს გაგზავნილი №91 მიმართვის თანახმად, სს „...“ მდებარეობს ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №..., საწარმო შედიოდა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „ს...ში“, საწარმოს ჰყავს დამფუძნებლები, მომუშავეთა რაოდენობა - 84, ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულება 628 676 აშშ დოლარი, საწარმოს წილი სხვა ობიექტებში არ გააჩნია. საწარმოს არ გააჩნია დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტი, საწარმოში არ არის დაუდგმელი დანადგარები, საწარმო განლაგებულია ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №..., საერთო ფართობი 35 000 მ2, ნომინალური ღირებულებით განლაგებული აქციების საერთო ღირებულებაა 325 849 აშშ დოლარი, ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, შეიძენს კოლექტივის ბაზაზე დაფუძნებული ამხანაგობა. სს-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია ს. ა-ა (ტ.1, ს.ფ 168-169); თ) საქართველოს ქონების მართვის 1996 წლის 18 მარტის №07.02.132 დადგენილების, სს „...ის რეორგანიზაციის შესახებ და საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ გენერალური დირექტორის 1995 წლის 29 დეკემბრის №58 ბრძანების თანახმად, ერთი მხრივ, საწარმოო გაერთიანება „ს...ის“ და მეორე მხრივ, ...ს საამქროს საპრივატიზაციო კომისიამ, რომლებიც შეიქმნა აღნიშნული ბრძანებით, შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომ პირველმა მხარემ გადასცა და მეორე მხარემ მიიღო საპრივატიზაციო ...სა და ...ის საამქროზე - შემდეგში სააქციო საზოგადოება „...“, რიცხული საშუალებები (ტ.1, ს.ფ 161-167); ი) ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „...“. საზოგადოების კაპიტალი შეადგენს 423 604 ლარს და დაყოფილია 325 849 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. 1996 წლის 17 აპრილს ზუგდიდის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს „...“, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით 14/5-14 (ტ.2, ს.ფ 97-98, 113); კ) სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 27 იანვრის №1-3/36 ბრძანებით, დამტკიცდა აუქციონის შედეგები, რომლის შედეგად უნდა გაცემულიყო 116 221 ცალი აქცია. სს „...ს“ აქციების მფლობელობაზე გაიცა სერთიფიკატი (ტ.2, ს.ფ 49, 58); ლ) ზუგდიდის რაიონის გამგებლის მიერ დამტკიცებული მიწის მართვის სამმართველოს მიერ საფინანსო განყოფილებასთან და საგადასახადო ინსპექციასთან შეთანხმებით შედგენილი საგადასახადო სიის მიხედვით, სს „...ს" ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩის №...-ში 1999 წ. ერიცხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 24 253 კვ.მ., 2001 წ. - 28 438 კვ.მ., 2004 წ. - 28 438 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 184-194); მ) შემოსავლების სამსახურში სს „...სათვის გახსნილი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების და შედარების აქტების მიხედვით, სს „...ს" ერიცხებოდა როგორც ქონების გადასახადი (ძირითად საშუალებებზე), ისე მიწის გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე) (ტ.1, ს.ფ 174-182); ნ) შემოსავლების სამსახურის №1675 ბრძანების საფუძველზე, სს „...ს" საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით 18.07.2008წ. შედგა აქტი მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ, რომლითაც ყადაღა იქნა დადებული სს „...ს" ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (მათ შორის ...ის საამქროს შენობებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, სატრანსფორმატორო შენობაზე, ...ის ნაგებობებზე და სხვა (ტ.1, ს.ფ 170-172).
სახელმწიფოს საკუთრებად სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2016წ. №1/4-1040 ბრძანების საფუძველზე, ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩაზე მდებარე 415 186 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (ს/კ ...) (ტ.4, ს.ფ 262-264, 265-266); ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. №1/1-3812 ბრძანების საფუძველზე, ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია (ტ.4. ს.ფ. 267-268, 269-270); გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.11.2016წ. №7/60066 მიმართვის საფუძველზე, მოხდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გამიჯვნა და წარმოიქმნა №... კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, 405339 კვ. მეტრი (ტ.4. ს.ფ. 271, 272-273); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.08.2017წ. №12/39851 მიმართვის საფუძველზე, მოხდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად წარმოიქმნა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, 398150 კვ. მეტრი. აღნიშნული საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ფართმა 2019 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 393759 კვ. მეტრი, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით - 392498 კვ. მეტრი (ტ.4. ს.ფ. 274, 275-276, 277-278, 280-281, 283-284); ე) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის შემდგომში დაყოფის შედეგად წარმოშობილია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი 2020 წლის 6 იანვრის მდგომარეობით იყო 388300 კვ. მეტრი, ხოლო 2020 წლის 5 ივნისის მდგომარეობით - 388787 კვ. მეტრი (ტ.4. ს.ფ. 286-287, 289-290); ვ) №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად მიღებულია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი 2020 წლის 12 ივნისის მდგომარეობით იყო 376036 კვ. მეტრი, ხოლო 2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით - 366128 კვ. მეტრი (ტ.4. ს.ფ. 292-293, 295-296); ზ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.07.2021წ. №13/45873 მიმართვის საფუძველზე, მოხდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის გამიჯვნა და წარმოიქმნა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ფართით 361558 კვ. მეტრი. ამავე მიწის ნაკვეთის ფართმა 2022 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 357558 კვ. მეტრი, ხოლო 2022 წლის 25 იანვრის მდგომარეობით - 361558 კვ. მეტრი (ტ.4. ს.ფ. 297, 298, 300-301, 302-303); თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 25.02.2022წ. №13/10385 მიმართვის საფუძველზე, მოხდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ცვლილების რეგისტრაცია (გამიჯვნა) და წარმოიქმნა №...კოდის მქონე მიწის ნაკვეთი (ტ.4. ს.ფ. 304, 305-306).
სს „...ს“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ს“ დირექტორმა - მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1 031 კვ.მ უძრავ ნივთზე (შენობა-ნაგებობა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ტ.2, ს.ფ 29-32); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, განკარგულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც სს ,,...ს’’ მიერ მოთხოვნილია უფლების რეგისტრაცია (ტ.2. ს.ფ. 34); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს მიიღო ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ №... -03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის №... (23.08.2017) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 33); დ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ს“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა (ტ.2, ს.ფ 35); ე) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 4 სექტემბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 71); ვ) 2017 წლის 4 სექტემბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (04.09.2017) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 70); ზ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 1 აპრილს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 76); თ) 2019 წლის 1 აპრილს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (01.04.2019) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 75); ი) 2019 წლის 10 ივლისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (01.04.2019) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ს.ფ. 183); კ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 18 ნოემბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 187); ლ) 2019 წლის 18 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... (18.11.2019) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 186); მ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 3 თებერვალს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და დამატებით გადაუგზავნა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი განცხადებები (ტ.2. ს.ფ. 191); ნ) 2020 წლის 3 თებერვალს, 24 თებერვალს და 27 მაისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -13, №... -15 და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №...წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 192); ო) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 18 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, ძირითადი საშუალების პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 234); პ) 2020 წლის 18 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2. ს.ფ. 233); ჟ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 7 აპრილს შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00007 ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 18 ოქტომბრის №... მიმართვაზე თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად განისაზღვრა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება (ტ.2, ს.ფ 237-238); რ) 2021 წლის 15 აპრილს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №...გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ნივთის იდენტური არ არის (ტ.2, ს.ფ 239); ს) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021წ. №00007 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24.242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 108); ტ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №...(15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 41-44). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 47-50).
სს „...ის“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ის“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 95,5 კვ.მ უძრავ ნივთზე (შენობა-ნაგებობა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები (ტ.2, ს.ფ 241-244); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, განკარგულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც სს ,,...ის’’ მიერ მოთხოვნილია უფლების რეგისტრაცია. ამასთან, მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლების მოწოდება (ტ.2. ს.ფ. 245); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს მიიღო ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის №... (23.08.2017) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 247); დ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ის“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა (ტ.2, ს.ფ 246); ე) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 3 თებერვალს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და გადაუგზავნა სს ,,...ს’’ მიერ დამატებით წარდგენილი მასალები (ტ.2. ს.ფ. 263); ვ) 2020 წლის 17 ივნისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 271); ზ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 18 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა სს ,,...ის’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2, ს.ფ 274); თ) 2020 წლის 18 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 272); ი) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 7 აპრილს შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00006 ოქმი, რომლის თანახმად, №... მიმართვაზე თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება (ტ.2, ს.ფ 276-277); კ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2021 წლის 15 აპრილს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ნივთის იდენტური არ არის (ტ.2, ს.ფ 280); ლ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021 წ. №00006 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 108); მ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 68-71). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №...(11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 74, 77).
სს „...ის“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) 2017 წლის 17 აგვისტოს სს „...ის“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 5 593 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (შენობა-ნაგებობა). დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები (ტ.2, ს.ფ 282-285); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, განკარგულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც სს ,,...ს’’ მიერ მოთხოვნილია უფლების რეგისტრაცია. ამასთან, მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლების მოწოდება (ტ.2. ს.ფ. 287); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 23 აგვისტოს მიიღო ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის №... (23.08.2017) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 286); დ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს №... მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ს“ აქციათა პრივატიზების მასალები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა (ტ.2, ს.ფ 288); ე) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 1 აპრილს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 293); ვ) 2019 წლის 1 აპრილს და 10 ივლისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 292); ზ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 18 ნოემბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (პრივატიზაციის გეგმა) გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 298); თ) 2019 წლის 18 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 300); ი) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 3 თებერვალს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და დამატებით გადაუგზავნა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტები (ტ.2. ს.ფ. 302); კ) 2020 წლის 3 თებერვალს და 17 ივნისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 301, 310); ლ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 18 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ს’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, ძირითადი საშუალებების პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 313); მ) 2020 წლის 18 ოქტომბერს და 2021 წლის 18 იანვარს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 311, 312); ნ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 7 აპრილს შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00005 ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 18 ოქტომბრის მიმართვაზე თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება (ტ.2, ს.ფ 315-316); ო) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2021 წლის 15 აპრილს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.04.2021) გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტურობა არ დადასტურდა (ტ.2, ს.ფ 319); პ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 07.04.2021 წ. №00005 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24-242114718 (27.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 108); ჟ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (15.04.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 94-97). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (14.06.2021) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 100-103).
სს „...ის“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) 2020 წლის 30 იანვარს სს „...ის“ დირექტორმა მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1 734 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (შენობა-ნაგებობა) (ტ.2, ს.ფ 320-324); ბ) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2020 წლის 3 თებერვალს №... განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა სს ,,...ის’’ მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, ძირითადი საშუალებების პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (ტ.2. ს.ფ. 327); გ) 2020 წლის 3 თებერვალს და 2020 წლის 17 ივნისს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხების მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ 325, 330); დ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00010 ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 3 თებერვლის №... მიმართვაზე თანდართული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის საფუძველზე და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება (ტ.2, ს.ფ 332-333); ე) სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა 2021 წლის 9 მაისს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტურობა არ დადასტურდა (ტ.2, ს.ფ 336); ვ) ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 21.04.2021 წ. №0010 ოქმი გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან (ტ.1, ს.ფ 143-144). ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის №ბ24.242115721 (31.05.2021) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 146); ზ) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (09.05.2021) გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 134-137). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (11.06.2021) გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 140-142).
საქმეზე ასევე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „ზ...ს“ 2022 წლის 29 მარტის №31 დასკვნის თანახმად, სს „...ის“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით შეტანილ განცხადებებზე: №... (17.08.2017წ.), №... (17.08.2017წ.); №... (30.01.2020წ.) დართული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა-ნაგებობები, ასახულია სს „...ს“ ძირითადი საშუალებების ღირებულების აქტში და წარმოადგენს ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №1-ში ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 1995 წლის 27 მარტის №11 ბრძანების საფუძველზე პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ №... (17.08.2017წ.) განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა (...ით დატვირთული მანქანების სასწორი) არ არის ასახული სს „...ს“ ძირითადი საშუალებების ღირებულების დადგენის აქტში და როგორც ...ის გადამუშავების პროცესში აუცილებელი ობიექტი, შენობის ღირებულება სავარაუდოდ შესულია ...ის საამქროს შენობების საერთო საპრივატიზებო ღირებულებაში. აღნიშნული შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია და მათი განთავსების ადგილი შესაბამისობაშია შპს „პ...ს“ მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მონაცემებთან (ტ.4, ს.ფ 50-62); ბ) 2022 წლის 18 ივლისს სს „...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი, სააგენტოს განკარგულებაში არსებული, განცხადებაზე დართული და დამატებით მოძიებული მასალების, ადგილზე ჩატარებული აზომვებისა და დათვალიერების, საქმეზე ინფორმაციის მქონე პირთა ახსნა-განმარტებებისა და სხვა მოქმედებების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სააგენტოს დაედგინა სს „...ზე“ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები და გაშენების ფართები, შესაბამის ნაწილში გაეუქმებინა 04.08.2016 წ. №1/4-1040 ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიემართა №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (ტ.4, ს.ფ 38-39); გ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილით, სს „...ს“ ეცნობა, რომ ვინაიდან სს „...ს“ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილ იქნა არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების გამოვლენის, არამედ სხვა ხარვეზის გამო, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს სარეგისტრაციო განცხადებებში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, სს „...ს“ მოთხოვნის შემთხვევაში განიხილოს მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმების საკითხი (ტ.4, ს.ფ 43); დ) სს „...ს“ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილის თაობაზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.03.2023 წ. №1-1/87 ბრძანებით, სს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.4, ს.ფ 40-42, 47-49).
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილის ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
მოცემულ შემთხვევაში, სს „...ს“ ძირითადი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის პრივატიზაციის გზით გადაცემული შენობების იდენტიფიცირება, მათი საზღვრების დადგენა, პრივატიზების წესით გადაცემული შენობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა და აღნიშნულის შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდეს რეგისტრაცია სს „...ს“ მიერ წარდგენილი განცხადებების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის მოსარჩელის სახელზე პრივატიზების განხორციელების ფაქტი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაციაში არაა მითითებული ქონებების გავრცელების საზღვრები, ზუსტი მდებარეობა და აღნიშნულზე ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონზე (ძალადაკარგულია - 30.05.1997, №743), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავდა პრივატიზების ცნებას, კერძოდ, პრივატიზება არის მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას (1.2 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პრივატიზების ობიექტია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოების მიერ, პრივატიზების ობიექტების ნუსხა აისახება პრივატიზების პროგრამაში, რომელსაც ყოველწლიურად აზუსტებს რესპუბლიკის მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონკურსის ან აუქციონის წესით გაყიდვისათვის საწარმოს საწყისი ფასი შეიძლება განისაზღვროს ორი შესაძლო ვარიანტით: პირველი, გამომდინარე საწარმოს სავარაუდო შემოსავლიანობიდან და მეორე, იმ მოსალოდნელი ამონაგების შეფასებიდან, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს საწარმოს ქონების გაყიდვით, მის მიერ დაკავებული მიწის ფართობის გათვალისწინებით. პირველი ვარიანტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საფინანსო მდგომარეობის ანალიზის და მისი განვითარების პერსპექტივის შეფასების საფუძველზე კომიტეტი არ იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ. ამ შემთხვევაში საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრება იმ შემოსავლის სიდიდის გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა საწარმოს სამეურნეო საქმიანობიდან. შეფასების მეორე ვარიანტი გამოიყენება ქრონიკულად ზარალიანი საწარმოების მიმართ. შეფასების ეს ვარიანტი გამოიყენება აგრეთვე სალიკვიდაციოდ განკუთვნილ საწარმოთა მიმართ. ამ შემთხვევაში შეფასება წარმოებს ქონების ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით და იმ რეალური ფასების საფუძველზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ყალიბდება წარმოების საშუალებათა ბაზარზე. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, (1) ინფორმაცია საკონკურსო საწყისებზე გასაყიდად განკუთვნილ სახელმწიფო საწარმოთა შესახებ, აგრეთვე კონკურსის წესით სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალის წილის (პაის) შეძენისა და მათივე აქციების გაყიდვის შესახებ ქვეყნდება პრესაში. ინფორმაცია ქვეყნდება კონკურსის ჩატარების ან აქციების თავისუფალი გაყიდვის დათქმულ თარიღამდე ერთი თვით ადრე; (2) საწარმოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებში აუცილებლად შეიტანება: საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, საწარმოს გაყიდვის პირობები, ძირითადი ფონდების ნუსხა ჯგუფების მიხედვით, წამოყენებულ ინვესტიციათა საპროექტო შეფასება, მათი სავარაუდო ღირებულება, გაწეული ხარჯების სიდიდე, მატერიალურ ფასეულობათა მარაგი, ფულადი სახსრების მდგომარეობა, საწარმოს მფლობელობაში არსებული აქციები ან წილი (პაი) სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში, არამატერიალური ფასეულობანი (პატენტი, ლიცენზია, სავაჭრო მარკა და სხვ.), საწარმოს ვალდებულებანი (სავაჭრო, საბიუჯეტო, საკრედიტო) საწარმოს ბალანსები სამი უკანასკნელი წლის მიხედვით, მისი წილი გამოშვებული პროდუქციის საშინაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დონე და სხვა. კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს დამატებით მონაცემთა ჩამონათვალს და მათი მიწოდების ფორმას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ქონების მართვის ტერიტორიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შეუდგნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას სახელმწიფო საწარმოებისა (საზოგადოებრივ მეურნეობების გარდა), საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებისა (მათი სამართლებრივი სტატუსის მოყვანით საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში), აგრეთვე იმ სააქციო საზოგადოებებისა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. ამავე დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება“, რომლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ამ დებულების თანახმად შექმნილი სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის სიდიდე დადგენილი წესით განისაზღვრება შეფასების დროებითი მეთოდური მითითებებით. სააქციო საზოგადოებას გადაეცემა სოციალურ-კულტურული, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების და სხვა ობიექტები, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეზღუდვები ან დადგენილია პრივატიზაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომელთა შემდგომი გამოყენების წესი განისაზღვრება პრივატიზაციის გეგმით. სააქციო საზოგადოებისათვის გადასაცემ ქონების შემადგენლობა ობიექტების მიხედვით მტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ. აღნიშნული ობიექტების ღირებულება არ შეიტანება სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო დოკუმენტებს განიხილავს წარმოდგენიდან 10 დღიან ვადაში პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააქციო საზოგადოების წესდებას, ქონების შეფასების აქტს და პრივატიზაციის გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ამ დებულებასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ორკვირიან ვადაში შეაქვს მათში აუცილებელი ცვლილებანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენს გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. ამავე დანართის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოო ქვეგანაყოფის პასივები და აქტივები მიიღება სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდება გარდაქმნილი საწარმოს უფლებების და მოვალეობების მემკვიდრე. ქვეგანაყოფების გარდაქმნით შექმნილი სააქციო საზოგადოებების უფლებამემკვიდრეობის საზღვრები დგინდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში განაწილებითი, გადასაცემი ბალანსების შედგენა არ მოითხოვება. სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახება მისი შეფასების აქტში. დანართის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს და აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პრივატიზაცია, როგორც კანონით გათვალისწინებული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესი, სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობის, განკარგვის უფლების დაკარგვას. ამასთან, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის მიერ 1996 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა №11 ბრძანება ზუგდიდის ...ს წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ, კერძოდ, „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...ს“ წესდება, საწარმოს პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი, მათ შორის, აქციების განლაგება, გაყიდვის წესი და მოცულობა. ამავე ბრძანებით, სააქციო საზოგადოება „...ს’’ საწყისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 325 849 აშშ დოლარით. 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის/შენობა-ნაგებობა და გადამცემი მოწყობილობის/ღირებულების აქტის შესაბამისად, განისაზღვრა 19 ერთეული ქონების ღირებულება. ასევე, განისაზღვრა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარები და სხვა) ღირებულება. დამტკიცდა სს „...ს“ აქციების უფასოდ და ფასდაკლებით მიმღებ პირთა სია. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურში სს „...სათვის“ გახსნილი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების და შედარების აქტების მიხედვით, სს „...ს’’ ერიცხებოდა როგორც ქონების გადასახადი (ძირითად საშუალებებზე), ისე მიწის გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე). შემოსავლების სამსახურის №1675 ბრძანების საფუძველზე, სს „...ს" საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით 18.07.2008წ. შედგა აქტი მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ, რომლითაც ყადაღა იქნა დადებული სს „...ს’’ ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (მათ შორის ...ს საამქროს შენობებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, სატრანსფორმატორო შენობაზე, ...ის ნაგებობებზე და სხვა. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადაო არ გახმდარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე კომპანიის სახელზე სადაო ქონების პრივატიზაცია განხორციელებულია „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც იქნა დადგენილი და საკასაციო საჩივრით მოპასუხეთა მიერ შედავებული არ არის. ასევე, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „...ს“ მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ განხორციელებულა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს და 2020 წლის 30 იანვარს სს „...ს“ დირექტორმა - მ.ს-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... , №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე (1 031 კვ.მ, 95,5 კვ.მ, 5 593 კვ.მ და 1 734 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება (მე-2 მუხლი).
მითითებული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად ცალსახაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „...ის“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო სამსახურმა მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, განკარგულია თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი), რომელზეც სს ,,...ის’’ მიერ მოთხოვნილია უფლების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სს „...ის“ აქციათა პრივატიზების მასალები და ამასთან ეცნობა, რომ დოკუმენტაცია სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას არ შეიცავდა. ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 18 ივლისს სს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი, სააგენტოს განკარგულებაში არსებული, განცხადებაზე დართული და დამატებით მოძიებული მასალების, ადგილზე ჩატარებული აზომვებისა და დათვალიერების, საქმეზე ინფორმაციის მქონე პირთა ახსნა-განმარტებებისა და სხვა მოქმედებების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სააგენტოს დაედგინა სს „...ზე“ პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მდებარეობა, კონფიგურაცია, საზღვრები და გაშენების ფართები, შესაბამის ნაწილში გაეუქმებინა 04.08.2016 წ. №1/4-1040 ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიემართა №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 წერილით სს „...ას“ ეცნობა, რომ ვინაიდან სს „...ის“ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილ იქნა არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების გამოვლენის, არამედ სხვა ხარვეზის გამო, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს სარეგისტრაციო განცხადებებში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, სს „...ის“ მოთხოვნის შემთხვევაში განიხილოს მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმების საკითხი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადაო ქონების პრივატიზაციის პერიოდში მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის გათვალისწინებით, პრივატიზების განხორციელებამდე, შესაბამის უფლებამოსილ პირს ევალებოდა საპრივატიზებო ქონების სრული აღწერა და შესაბამისი ინფორმაციის პრესაში გამოქვეყნება, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია საკონკურსო საწყისებზე გასაყიდად განკუთვნილ სახელმწიფო საწარმოთა შესახებ, აგრეთვე კონკურსის წესით სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალის წილის (პაის) შეძენისა და მათივე აქციების გაყიდვის შესახებ ქვეყნდება პრესაში. ინფორმაცია ქვეყნდება კონკურსის ჩატარების ან აქციების თავისუფალი გაყიდვის დათქმულ თარიღამდე ერთი თვით ადრე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საწარმოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებში აუცილებლად შეიტანება: საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, საწარმოს გაყიდვის პირობები, ძირითადი ფონდების ნუსხა ჯგუფების მიხედვით, წამოყენებულ ინვესტიციათა საპროექტო შეფასება, მათი სავარაუდო ღირებულება, გაწეული ხარჯების სიდიდე, მატერიალურ ფასეულობათა მარაგი, ფულადი სახსრების მდგომარეობა, საწარმოს მფლობელობაში არსებული აქციები ან წილი (პაი) სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში, არამატერიალური ფასეულობანი (პატენტი, ლიცენზია, სავაჭრო მარკა და სხვ.), საწარმოს ვალდებულებანი (სავაჭრო, საბიუჯეტო, საკრედიტო) საწარმოს ბალანსები სამი უკანასკნელი წლის მიხედვით, მისი წილი გამოშვებული პროდუქციის საშინაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დონე და სხვა. კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს დამატებით მონაცემთა ჩამონათვალს და მათი მიწოდების ფორმას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიზანია საქხელმწიფო ქონების მართვა და კანკარგვა, ხოლო დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს: (ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის, ფორმით პრივატიზებას/რეალიზაციას და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; (ჰ2) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; (ჰ7) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას; (ჰ14) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოდასახელებული დებულებით სააგენტოსათვის მინიჭებულია ისეთი ფუნქცია-მოვალეობები, როგორიცაა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, განსახილველი დავის მიზნებისთვის სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უნდა განსაზღვროს პრივატიზაციის გზით სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ქონების მახასიათებლების დადგენა, მათ შორის, გასხვისებული ქონების იდენტიფიცირება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი სუბიექტი, ვალდებულია დაადასტუროს პრივატიზაციის გზით მოსარჩელეთათვის გადაცემული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები) შეესაბამება თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ №... , №..., №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ შენობა-ნაგებობებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - „იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 31107/96) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი.“ იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევის დადგენის საფუძვლად არ მიიჩნიოს, საჭიროა, მოცემული ჩარევა, პირველ რიგში, იცავდეს კანონიერების პრინციპს. კანონიერების პრინციპი კი, ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ამაზე მეტყველებს ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილება - „ბელანე ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ” no. 53080/13, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხსენებულ უფლებაში ნებისმიერ ჩარევა მოცემულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მიზნად ისახავს სს „...სთვის“ პრივატიზაციის გზით საკუთრებაში გადაცემულ ფართზე შემდგომში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რომლის დამაბრკოლებელ გარემოებასაც წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან გადაცემული ფართის (შენობა-ნაგებობების) მდებარეობის დადასტურებაზე უარი. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „ზ...ს“ 2022 წლის 29 მარტის №31 დასკვნა, რომლის თანახმად, სს „...ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით შეტანილ განცხადებებზე: №... (17.08.2017წ.), №... (17.08.2017წ.); №... (30.01.2020წ.) დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა-ნაგებობები, ასახულია სს „...ის“ ძირითადი საშუალებების ღირებულების აქტში და წარმოადგენს ქ. ზუგდიდში ...ას ქ. №...-ში ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 1995 წლის 27 მარტის №11 ბრძანების საფუძველზე პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ №... (17.08.2017წ.) განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ნაჩვენები შენობა (...ით დატვირთული მანქანების სასწორი) არ არის ასახული სს „...ის“ ძირითადი საშუალებების ღირებულების დადგენის აქტში და როგორც ...ის გადამუშავების პროცესში აუცილებელი ობიექტი, შენობის ღირებულება სავარაუდოდ შესულია ...ის საამქროს შენობების საერთო საპრივატიზებო ღირებულებაში. აღნიშნული შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია და მათი განთავსების ადგილი შესაბამისობაშია შპს „პ...ს“ მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზების მონაცემებთან.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან შემხებლობაში მყოფი ყველა დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით, პრივატიზებული შენობების ადგილზე დათვალიერებით და საზღვრების დასადგენად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებით, ასევე, სააგენტოში ან/და შესაბამის არქივში დაცული პრივატიზების პროცესში მომზადებული და გასაჯაროებული, მათ შორის, დაინტერესებული პირის ხელთ არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გამოყენებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა მოახდინოს პრივატიზაციის გზით გასხვისებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება. აღნიშნულის შემდეგ კი, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ქმედებები იდენტიფიცირებულ ნაწილში სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 27.03.1996წ. „ზუგდიდის ...ის წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ №11 ბრძანების შესაბამისად გამოცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებით (პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.) სს „...სათვის“ გადაცემული შენობების იდენტიფიცირების, მათი საზღვრების დადგენის შესახებ, იდენტიფიცირებული ქონების ნაწილში უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება - სს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 2 მარტის №1-1/87 ბრძანება.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 27.03.1996წ. „ზუგდიდის ...ის წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ №11 ბრძანების შესაბამისად გამოცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებით (პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ) სს „...სათვის“ გადაცემული შენობების იდენტიფიცირება, მათი საზღვრების დადგენა, იდენტიფიცირებული ქონების ნაწილში უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ ახალი აქტის გამოცემა, მიმდინარე ეტაპზე არ არსებობს მითითებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის - სს „...ის“ სასარგებლოდ თანაბრად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით, სს „...ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი გადახდილად დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. გათვალისწინებით იმისა, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში სს ,,...ს’’ სარჩელი სრულად კმაყოფილდება მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, შესაბამისად, პირველ ინსტანციაში მოპასუხეებზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ტ.5, ს.ფ 157), საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი (ტ.6, ს.ფ 213)), ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „...ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022 წ. №17/48294 წერილი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 27.03.1996 წ. „ზუგდიდის ...ს წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ №11 ბრძანების შესაბამისად გამოცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებით (პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი) სს „...სათვის’’ გადაცემული შენობების იდენტიფიცირება, მათი საზღვრების დადგენა და სს „...სათვის’’ პრივატიზების წესით გადაცემული შენობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა - და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.08.2022წ. №17/48294 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების სამმართველოს 27.03.1996წ. „ზუგდიდის ...ს წარმოების საამქროს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ“ №11 ბრძანების შესაბამისად გამოცემული საპრივატიზაციო დოკუმენტებით სს „...სათვის“ გადაცემული შენობების იდენტიფიცირების, მათი საზღვრების დადგენისა და იდენტიფიცირებული ქონების ნაწილში უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ;
6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება;
7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სს „...ის“ მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 (150+300) ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია