საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-158 (კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2024წ. განჩინება
განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
08.09.2022წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელი მიმართა შპს „...მა“ მოპასუხის სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,...სთვის’’ 450 ლარის დაკისრების ნაწილში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 13.05.2022წ. №რ-1293-41 რევიზიის აქტისა და 11.08.2022წ. № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.2022წ. განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 26.07.2023წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,...ისთვის’’ 450 ლარის დაკისრების ნაწილში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 13.05.2022წ. №რ-1293-41 რევიზიის აქტი და 11.08.2022წ. № ... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2024წ. განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 26.07.2023წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
18.06.2025წ. შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად მოითხოვა სარჩელის გამოხმობა.
18.07.2025წ. უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომლითაც დაეთანხმა შპს „..ის“ განცხადებას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე და მოითხოვა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ ასევე იმსჯელოს სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების (სააპელაციო და საკასაციო საჩივრების) სააგენტოსთვის დაბრუნების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა შპს „...ის“ განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „...ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ წარმომადგენელმა, რომლის უფლებამოსილება საქმეში დაცული სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობით დასტურდება, 18.06.2025წ. განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას 18.07.2025წ. მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი წერილობით დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე შპს „...ის“ განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, შპს „...ის“ სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შპს „...ის“ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
რაც შეეხება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის მოთხოვნას სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე) სააგენტოსთვის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო პალატა მოკლებულია მსჯელობის შესაძლებლობას ქვედა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე, ვინაიდან სსკ-ის 831 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხს, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კასატორს უნდა დაუბრუნდეს სრულად, ვინაიდან წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არსებითად არ განხილულა და სასამართლოს არ უმსჯელია მისი დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე (იხ. სუსგ ას-994-1027-11 30.06.2011წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.2024წ. განჩინება, რომლითაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 26.07.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
3. შპს „...ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ დარჩეს განუხილველი;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.01.2025წ. N00575 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი