Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-878(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჯ-ი, მესამე პირი - ა. კ-).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის IDP 12300001264 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ე. ჯ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. კ-.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის IDP 12300001264 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელე ე. ჯ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ამჟამად მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება - სახლი/ბინა (მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს აქვს საკუთრებაში) არ არის რეგისტრირებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ე. ჯ-ის საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე გორი, ...ი №22, ბინა №8, ფართი 54.80 კვ.მ, რომელიც 2015 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაუფორმა მამას - ვ. ჯ-ს. 2022 წლის ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნული უძრავი ქონება ფიქსირდება მოსარჩელის ძმის - რ. ჯ-ის სახელზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი, მისი მესაკუთრე, ის თუ რამდენია წელია იგი ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე - გორი, სოფელი ...ი (დევნილთა დასახლება), კოტეჯი №.... ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უარი ეთქვა ე. ჯ-ისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო - ცხოვრობს მამის საკუთრებაში. შესაბამისად, ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების დარღვევას.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და ინკვიზიციურობის პრინციპის თანაარსებობის მიუხედავად, მტკიცების ტვირთის უმეტესი ნაწილი სწორედ პროცესის მონაწილე მხარეებს აკისრიათ. შესაბამისად, თავიანთი პოზიციების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მათი სათანადო მტკიცებულებებით გამყარება მხარეთა პროცესუალური მოვალეობაა. შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში. საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას და აღნიშნულის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის პასიურ მგომარეობაში ყოფნას. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტო თავისი მტკიცების ფარგლებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, დადასტურებულად მიიჩნევს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ე. ჯ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (სარეგისტრაციო ნომერი №...). იმავე სარეგისტრაციო ნომრით, დევნილ პირად რეგისტრირებულია ა. კ- (ე. ჯ-ის შვილი). იძულებით გადაადგილებამდე ე. ჯ-ისა და ა. კ-ის საცხოვრებელი ადგილი იყო ცხინვალი, გორი, ს. ...ი. მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილია - (რეგისტრაციის ადგილია) შიდა ქართლი, გორი ...ა (ყოფილი ...ი) (ს.ფ. 13-14); ბ) 2021 წლის 24 სექტემბერს ე. ჯ-მა, როგორც დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, ა. კ-თან (შვილი) ერთად, განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განცხადებაში მოსარჩელე მხარის მისამართად მითითებულია შიდა ქართლი, გორი, ...ა, ...ის დევნილთა დასახლება №.... მოსარჩელე ე. ჯ-ის მიერ ასევე შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ კითხვარი (ს.ფ. 62-63, 64-68); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ე. ჯ-ის განაცხადი წინასწარ შეფასდა 2021 წლის 25 ნოემბერს და ოჯახს მიენიჭა 4.5 ქულა, მათ შორის, კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმი - 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულა - 1.5 ქულა (ს.ფ. 61). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერების (მომზადების თარიღი - 25.11.2021წ. და 20.06.2022წ.) თანახმად, მოსარჩელე ე. ჯ-ი, ვ. ჯ-ი, ზ. ჯ-ა და კ- ა. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 64720 ოდენობით და იღებენ შესაბამის საარსებო შემწეობას (ს.ფ. 61, 69, 74); დ) 2022 წლის 5 მაისს შევსებული მონიტორინგის ფორმის თანახმად, ვიზიტი განხორციელდა ე. ჯ-ის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე - შიდა ქართლი, გორი ...ა, ...ის დევნილთა დასახლება №.... მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ე. ჯ-ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2020 წლიდან, ქირის გარეშე. 2008 წლიდან ცხოვრობდა ქ. გორში ე.წ. ...ის შენობაში. განმცხადებელი, მისი შვილი, მშობლები და ძმა ცხოვრობენ მონიტორინგის მისამართზე. განმცხადებელი და მისი ძმა - რ. ჯ-ი მონიტორინგს დახვდა ადგილზე. მოსარჩელის კიდევ ერთი ძმა - რ. ჯ-ი გარდაიცვალა 2016 წელს. მას მშობლებთან ერთად დაკანონებული ჰქონდა კოტეჯი. გარდაცვლილ ძმას დარჩა მეუღლე და ერთი შვილი. განმცხადებელი განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს სოფელ ...ში, რომელიც არის მამის - ვ. ჯ-ის და გადაიფორმა განმცხადებელმა საარსებო წყაროების დაფინანსების მიზნით (ტექნიკის მიღება). განმცხადებლის ძმის - რ. ჯ-ის მიერ განიმარტა, რომ 2012 წელს ქალაქ გორში იყიდა ბინა თავისი სახსრებით (54.80 კვ.მ), თუმცა რადგან იგი რუსეთის მოქალაქე იყო საკუთარ სახელზე ვერ გაიფორმა, შესაბამისად, დროებით დაარეგისტრირა დის - ე. ჯ-ის სახელზე, ხოლო ამჟამად რ. ჯ-ი საქართველოს მოქალაქეა და აღნიშნული უძრავი ქონებაც უკვე მასზეა რეგისტრირებული (ს.ფ. 76-79); ე) 2012 წლის 5 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა - 66.46 კვ.მ ფართით), მდებარე გორის რაიონი სოფელი ...ი, №..., რეგისტრირებულია ვ. ჯ-ის (მოსარჩელის მამა) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 30.08.2012წ ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 80-81); ვ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 9 მარტის ამონაწერის თანახმად, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, მდებარე გორი, ...ი №22, სართული №3, ბინა №8, ფართი 54.80 კვ.მ, რეგისტრირებული იყო ე. ჯ-ის სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება, 2015 წლის 16 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, რეგისტრირებულია მოსარჩელის მამის - ვ. ჯ-ის სახელზე, ხოლო 2022 წლის 17 იანვრის ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა რ. ჯ-ის სახელზე (მოსარჩელის ძმა) (ს.ფ. 72, 73; 82); ზ) 2014 წლის 25 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ..., მდებარე გორი, სოფელი ...ი №18, ფართობი 5059 კვ.მ, რეგისტრირებულია ე. ჯ-ის სახელზე (ს.ფ. 70); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი №30), ე. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას - მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2023 წლის 28 ივნისს გამოსცა IDP 123 00001264 ბრძანება, რომლითაც ე. ჯ-ის ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის ეთქვათ განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (ს.ფ. 85-96, 97-98).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ამავე „წესის“ მე-6 მუხლით კი, დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. საყურადღებოა, რომ №9 დანართი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. „წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, ე. ჯ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, კერძოდ, ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობს მამის საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მამის სახელზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება საცხოვრებელი ფართი, ხოლო რაც შეეხება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე გორი, სოფელი ...ი, №18, ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს წარმოადგენს. საკასაციო პალატის განმარტებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის მამის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ განსახლება გადაუდებელი საჭიროებას არ წარმოადგენს მაშინ, როდესაც მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი არ გამხდარა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა. დადგენილია, რომ ოჯახს მინიჭებული აქვს 4,5 ქულა, მათ შორის, კრიტერიუმში C.1.1 – საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულა - 1.5 ქულა. ამდენად, დგინდება, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 4,5 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც დროებით, სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს წარმოადგენს ვ. ჯ-ის საკუთრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, კასატორის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია