საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-406(2კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ჯ...ი“
მესამე პირი - სსიპ ...ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება.
სარჩელის თანახმად, შპს „ჯ...ი“ არის 16-წლიანი დადებითი ისტორიის მქონე კომპანია, ...ის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი ამერიკული კომპანიის - „A...“ და ...ის დისტრიბუტორი კომპანიის - „C...“ ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტენდერებში. კომპანიამ გაიმარჯვა UNICEF-ის, USAID-ის, აშშ-ის საელჩოსა და საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერებში, სადაც ...ი წარმატებით იქნა მიწოდებული. აღნიშნული პროექტების კეთილსინდისიერ, ხარისხიან და ჯეროვან შესრულებას ადასტურებს არაერთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადებითი სარეკომენდაციო წერილი. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შპს „ჯ...ის’’ მიმართ, არასდროს ყოფილა გამოცემული განკარგულება გაფრთხილების თაობაზე, ასევე მიმწოდებელი - შპს „ჯ...ის“ მიერ არცერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ არ დამდგარა რაიმე სახის ზიანი, მათ შორის, არც სსიპ ...ის მიმართ.
მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი სავალდებულო პირობის არსებობას. პირველი პირობა არის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და მეორე - არაჯეროვანი შესრულება უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არაჯეროვანი შესრულება მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლის მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარებულ იქნა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ ქცეულ აქტში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა, თუ რატომ იყო შპს „ჯ...ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. საყურადღებოა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებით შპს „ჯ...ი“ დარეგისტრირდა გაფრთხილებულთა სიაში, ხოლო 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულებით შპს „ჯ...ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ...ა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „ჯ...ის“ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებისა (შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ) და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულების (შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ) მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება - შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულების მოქმედების შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი განჩინება. შპს „ჯ...ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულების მოქმედების შეჩერების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ (შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №434 განკარგულების მოქმედების შეჩერების) ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, თბილისის საგადასახადო ინსპექციაში 2006 წლის 19 დეკემბერს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯ...ის“ რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი .... რეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ...ი, მე-... კვარტალი, კორპუსი №13, ბინა №30, ელექტრონულ ფოსტა -..., ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირი - დირექტორები: გ. გ-ი და ბ. ჭ-ე; ბ) 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ ...ამ გამოაცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ის (...) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 25 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით შპს „ჯ...ი“ გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად; გ) 2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ ...ამ გამოცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ისა (...) და ...ის (...) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის №2 სხდომის ოქმით მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად; დ) 2016 წლის 1 ნოემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი; ე) 2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 15 დეკემბერი; ვ) სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/40 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს; ზ) სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/39 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...ი ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს; თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 მარტს მიღებულ იქნა განკარგულება №... შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს „ჯ...ი“ 2017 წლის 28 მარტიდან დარეგისტრირებულ იქნა შავ სიაში (გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი) და განკარგულების აღსრულება დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს; ი) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 27.03.2017წ. №... განკარგულება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის გზით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/1801-18) შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის №... განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანქციის სახით, ყველაზე უფრო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაასაბუთოს თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრასა და მის მომავალში პრევენციას, რაც წარმოადგენს სანქციის მიზანს. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის - მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, ვინაიდან მას ეზღუდება კანონიერი უფლება მომავალში გარკვეული ვადით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ შესყიდვებში. შესაბამისად, პირთა შავ სიაში რეგისტრაციისას სააგენტოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება ხომ არ იქნება დასახული მიზნის ადეკვატური, ამავდროულად თანაბარზომიერი ღონისძიება. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის პირობები, აღნიშნული დარღვევების შესწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარეობდა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფორმალურად არ იყო შებოჭილი დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც ,,მიმწოდებლის“ მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარებულ იქნა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ ქცეულ აქტში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა თუ რატომ იყო შპს „ჯ...ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი; კ) კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა ორი დამოუკიდებელი სამართალწარმოება და მიიღო ორი ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა სსიპ ...ის 2017 წლის 30 იანვრის №07/40 წერილზე, რომლითაც შემსყიდველი ითხოვდა შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ მართალია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, ვადის გადაცილებით, თუმცა სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა სრულად მიაწოდა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციით დადგებოდა არათანაზომიერი შედეგი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის გაფრთხილების მიცემა 2022 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 3 იანვრის ჩათვლით. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულებით კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა სსიპ ...ის 2017 წლის 30 იანვრის №07/39 წერილობით მიმართვაზე შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...ი ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არსებობს მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებით შპს „ჯ...ს“ უკვე მიეცა გაფრთხილება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევისა და მიმწოდებლის მანამდე არსებული გაფრთხილების ფაქტის გათვალისწინებით, მოსარჩელე დარეგისტრირდა შავ სიაში 2022 წლის 4 თებერვლიდან 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ მის მიერ მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ნათლად და გარკვევით მიუთითა, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის პირობები, აღნიშნული დარღვევების შესწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარეობდა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფორმალურად არ იყო შებოჭილი დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის. ახალი აქტის გამოცემის პირობებში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არათუ გაითვალისწინა სასამართლოს მითითება ერთი წარმოების ფარგლებში მიმდინარე ორი განცხადების ერთდროულად შეფასების შემდგომ მიმწოდებლის მიმართ გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობაზე, არამედ კვლავ ფორმალური მიდგომით, ორ დამოუკიდებელ წარმოებად გამოყო ერთი წარმოების ფარგლებში უკვე განხილული წერილები და შესაბამისად, საკუთარი თავი ფორმალურად შეიზღუდა მეორე წერილზე მსჯელობისას გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობისგან, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს, სადაც სასამართლო თავად უთითებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განხილული იყო ორი დამოუკიდებელი წერილი, ერთი წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეეძლო ემოქმედა კანონიერი საფუძვლებით და არ შეზღუდულიყო ფორმალური მიდგომებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულ იქნა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის პირის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი მეორე იმპერატიული მოთხოვნა - ამოწურული არ იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არც შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება ვადაზე ადრე. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვალდებულების შესრულება, ავტომატურად გამორიცხავდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესაძლებლობას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უკანონოდ გამოიყენა გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები.
სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ შპს „ჯ...ი“ არის ...ის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი ამერიკული კომპანიისა და ...ის დისტრიბუტორი კომპანიის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რაც მის ბაზარზე არსებობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებული იყო შეეფასებინა, რამდენად შეესაბამებოდა ხელშეკრულებების დარღვევის ხასიათის (ორივე შემთხვევაში ვადის გადაცილება, ერთ შემთხვევაში - 7 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში - 8 დღის გადაცილება) გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების გამოყენების აუცილებლობა, ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ იქნა მიღებული მოსარჩელის გაფრთხილებისა და შავ სიაში რეგისტრაციის გადაწყვეტილებები, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება, შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გააბათილა რა შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, გააბათილა გაფრთხილების გამოცხადების შესახებ აქტიც, მიზეზის მითითების გარეშე, მაშინ, როცა გაფრთხილების გამოცხადებაა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი და არა პირიქით. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება არა იმდენად ზემოაღნიშნული მსჯელობის არგაზიარებას, არამედ საკითხის განსხვავებულ სამართლებრივ დასაბუთებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთილების ან/და შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს. ანუ, საკითხის კანონიერად გადაწყვეტილად მიჩნევისთვის სააგენტო ვალდებულია გამოიკვლიოს და შეაფასოს, მათ შორის, დარღვევის სიმძიმე, თუნდაც გაფრთხილების გამოყენებისას. ზემოაღნიშნული ჩანაწერის მხოლოდ გრამატიკული განმარტებითაც სრულიად ნათელია, რომ დარღვევის სიმძიმის გამოკვლევა/შეფასების ვალდებულება მიემართება არა მხოლოდ შავ სიაში რეგისტრაციის საკითხს, არამედ გაფრთხილების გამოცხადების საკითხსაც.
განსახილველ დავაში, სააგენტოს მიერ შეფასებული არ არის დარღვევის სიმძიმე, კერძოდ, ის ფაქტი, რომ №... ხელშეკრულების შემთხვევაში, მიწოდების ვადა დაირღვა მხოლოდ 8 დღით, ხოლო №... ხელშეკრულების შემთხვევაში - მხოლოდ 7 დღით. მხარეები ადასტურებენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევას ზიანი არ გამოუწვევია შემსყიდველისათვის. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ჯ...ს“ მონაწილეობა აქვს მიღებული 163 ტენდერში, აქედან გაიმარჯვა 69,9%-ში, მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებაა 12 088 403 ლარი. უდავო გარემოებაა, რომ შპს „ჯ...ი“ არის ...ის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი ამერიკული კომპანიისა და ...ის დისტრიბუტორი კომპანიის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რაც მის ბაზარზე არსებობის მნიშვნელობაზე მიუთითებს და რა ფაქტიც ასევე არ შეუფასებია ადმინისტრაციულ ორგანოს „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ჭრილში.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული აქტი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულებას, იგი არსებითად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მისი საფუძველი ადმინისტრაციული აქტი გაფრთხილების შესახებ, საააპელაციო სასამართლომ გააბათილა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მასზე მსჯელობის პრეროგატივა/ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ამდენად, ამ პირობებში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაბათილებული ადმინისტრაციული აქტის შედეგად გამოცემული ადმინისტრაციული აქტი უნდა გაბათილდეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო მოსარჩელის მიმართ ორი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გადაწყვეტილება, რადგან კომპანიას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ორ დამოუკიდებელ ტენდერში. შესაბამისად დადებული იყო ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რაც თავის მხრივ გულისხმობდა ორი სხვადასხვა მომსახურების ცალკე დადგენილი ვადებით და პირობებით შესრულებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი მიმართვებით, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებდა, რომ ორ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, კერძოდ, სახეზე იყო ვადაგადაცილება. შემსყიდველმა ვერ მიიღო ტენდერებით გათვალისწინებული საქონელი 2 სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ზიანის არსებობის ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ არის მნიშვნელოვანი, რადგან რეაგირება ხდება ფაქტზე და არა მიზეზშედეგობრივ კავშირზე ან/და შედეგზე. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ გამოიყენა დადგენილი პრაქტიკა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულებების მოქმედება სასამართლოს განჩინებით იქნა შეჩერებული, თუმცა მათი გასაჩივრების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც კომპანიას მიეცა გაფრთიხლება და აღნიშნული ორგანიზაცია დარეგისტრირებულ იქნა გაფრთხილებულ პირთა რეესტრში დარჩენილი ვადით. შესაბამისად, დღეს აღნიშნული გაფრთხილება აღარ მოქმედებს, რადგან გასულია განკარგულების მოქმედების ვადა და აქტი არ არის ზიანის მომტანი კომპანიისთვის.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა შპს „ჯ...მა“.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას სწორად აღნიშნა, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულ იქნა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის პირის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი მეორე იმპერატიული მოთხოვნა, კერძოდ - ამოწურული არ იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არც შეწყვეტილი არ იყო ხელშეკრულება ვადაზე ადრე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვალდებულების შესრულება, ავტომატურად გამორიცხავდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ გამოიყენა გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები. შპს „ჯ...ი” არის ...ის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი ამერიკული კომპანიისა და ...ის დისტრიბუტორი კომპანიის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რაც მის ბაზარზე არსებობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებული იყო შეეფასებინა რამდენად შეესაბამებოდა ხელშეკრულებების დარღვევის ხასიათის (ორივე შემთხვევაში ვადის გადაცილება, ერთ შემთხვევაში - 7 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში - 8 დღის გადაცილება) გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის შავ სიაში რეგისტრაციის ან გაფრთხილების გამოყენების აუცილებლობა, ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპებს.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეესრულებინა სასამართლოს დავალება, არამედ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად გამოეკვლია, დაედგინა და შეეფასებინა. ახალი აქტის გამოცემის პირობებში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არათუ გაითვალისწინა სასამართლოს მითითება ერთი წარმოების ფარგლებში მიმდინარე ორი განცხადების ერთდროულად შეფასების შემდგომ მიმწოდებლის მიმართ გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობაზე, არამედ კვლავ ფორმალური მიდგომით, ორ დამოუკიდებელ წარმოებად გამოყო ერთი წარმოების ფარგლებში უკვე განხილული წერილები და შესაბამისად, საკუთარი თავი ფორმალურად შეიზღუდა მეორე წერილზე მსჯელობისას გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობისგან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და შპს „ჯ...ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, თბილისის საგადასახადო ინსპექციაში 2006 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯ...ის“ რეგისტრაცია და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი .... რეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მითითებულია თბილისი, ...ი, მე-... კვარტალი, კორპუსი №13, ბინა №30, ელექტრონულ ფოსტა - ..., ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები - გ. გ-ი და ბ. ჭ-ე (დირექტორები) (ტ.1, ს.ფ 40-59, 90-91); ბ) SPA ... გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ ...ამ გამოაცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ის (...) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 25 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით შპს „ჯ...ი“ გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად (ტ.1, ს.ფ 40-59); 2. 2016 წლის 1 ნოემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი (ტ.1, ს.ფ 40-59, 33-37); 3. სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/40 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ 40-59, 160); გ) SPA ... გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ ...ამ გამოცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ისა (...) და ...ის (...) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის №2 სხდომის ოქმით მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად (ტ.1, ს.ფ 40-59, 178-179); 2. 2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 15 დეკემბერი (ტ.1, ს.ფ 40-59, 26-30); 3. სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/39 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...ი ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს (ტ.1, ს.ფ 40-59, 161); დ) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 მარტს მიღებულ იქნა განკარგულება №... შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს „ჯ...ი“ 2017 წლის 28 მარტიდან დარეგისტრირებულ იქნა შავ სიაში (გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი) და განკარგულების აღსრულება დაევალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ტ.1, ს.ფ 40-59, 162-165); ე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/1801-18) შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის №... განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანქციის სახით, ყველაზე უფრო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაასაბუთოს თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრასა და მის მომავალში პრევენციას, რაც წარმოადგენს სანქციის მიზანს. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის - მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, ვინაიდან მას ეზღუდება კანონიერი უფლება მომავალში გარკვეული ვადით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ შესყიდვებში. შესაბამისად, პირთა შავ სიაში რეგისტრაციისას სააგენტოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება ხომ არ იქნება დასახული მიზნის ადეკვატური, ამავდროულად თანაბარზომიერი ღონისძიება. მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის პირობები, აღნიშნული დარღვევების შესწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარეობდა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფორმალურად არ იყო შებოჭილი დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის. იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლის მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარებულ იქნა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ ქცეულ აქტში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა თუ რატომ იყო შპს „ჯ...ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი (ტ.1, ს.ფ 40-59); ვ) კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა ორი დამოუკიდებელი სამართალწარმოება და მიიღო ორი ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ: 1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა სსიპ ...ის 2017 წლის 30 იანვრის №07/40 წერილზე, რომლითაც შემსყიდველი ითხოვდა შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ მართალია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, ვადის გადაცილებით, თუმცა სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა სრულად მიაწოდა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციით დადგებოდა არათანაზომიერი შედეგი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის გაფრთხილების მიცემა 2022 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 3 იანვრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 65-68); 2. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა სსიპ ...ის 2017 წლის 30 იანვრის №07/39 წერილობით მიმართვაზე შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...ი ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არსებობს მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულებით შპს „ჯ...ს“ უკვე მიეცა გაფრთხილება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევისა და მიმწოდებლის მანამდე არსებული გაფრთხილების ფაქტის გათვალისწინებით, მოსარჩელე დარეგისტრირდა შავ სიაში 2022 წლის 4 თებერვლიდან 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 69-72).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს (1.1 მუხლი). კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (მე-2 მუხლი).
მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 101 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. მე-3 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი არის 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 სამუშაო დღისა. თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი 71 პუნქტის საფუძველზე, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული კანონის 161 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს სსიპ ...ამ გამოაცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ისა (...) და ...ის (...) შესყიდვის მიზნით, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლენილ იქნა მოსარჩელე. 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ ...ამ ასევე გამოაცხადა SPA ... გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ...ის (...) შესყიდვის მიზნით, რომელშიც გაიმარჯვა შპს „ჯ...მა“. 2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 350 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 15 დეკემბერი. 2016 წლის 1 ნოემბერს სსიპ ...ასა და შპს „ჯ...ს“ შორის გაფორმდა №... სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 3500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად 2017 წლის 31 იანვარი. სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/40 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 20 დეკემბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 27 დეკემბერს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ ...ამ 2017 წლის 30 იანვარს №07/39 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით (შესყიდვის რეკვიზიტები SPA...; შესყიდვის ობიექტის დასახელება - ...ი ...) ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიწოდების საბოლოო ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ფაქტიური მიწოდება დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 მარტს მიღებულ იქნა №... განკარგულება შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს „ჯ...ი“ 2017 წლის 28 მარტიდან დარეგისტრირებულ იქნა შავ სიაში (გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი).
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/1801-18), რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 23 მარტის №... განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება და შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება მოპასუხის მიერ გამოცემულ იქნა სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამდენად, წინამდებარე დავაზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აქტების კანონიერება, იმის შეფასება, რამდენად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესრულდა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები საქმის გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს (1.1 მუხლი). ამავე წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვითაც (1) სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; (2) საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ; (3) გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას; (4) სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები; (5) გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე; (6) შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
ზემოაღნიშნული წესის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს გაფრთხილების პერიოდში არ ეზღუდება სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემდგომ დარეგისტრირდება შავ სიაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შავ სიაში დარეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას (სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება), ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება იმავდროულად არ გულისხმობს სრულ თავისუფლებას და თვითნებობას. აღნიშნული უფლებამოსილება შეზღუდულია აქტის დასაბუთებისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის გამოყენების პირობებში, სავალდებულოა დასაბუთდეს, რატომ ვერ უზრუნველყოფს შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრას და მის მომავალში პრევენციას. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს, აკმაყოფილებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 მუხლით და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი, სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების, დარეგისტრირებაზე უარის და/ან გაფრთხილების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების ზედმიწევნით შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამასთან, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებს წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველად სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სსიპ ...ის 2017 წლის 30 იანვრის №07/39 და №07/40 შპს „ჯ...ის“ შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებებზე იმსჯელა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და 2017 წლის 27 მარტს გამოსცა №... განკარგულება შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დაწყებული დავის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით განმარტა, რომ: „მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ორი კონტრაქტის პირობები, აღნიშნული დარღვევების შესწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარეობდა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფორმალურად არ იყო შებოჭილი დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის... საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობას, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ,,მიმწოდებლის“ მიერ ორივე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების საკითხზე ჩატარებულ იქნა ერთი ადმინისტრაციული წარმოება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ ქცეულ აქტში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა და დაესაბუთებინა თუ რატომ იყო შპს „ჯ...ისათვის“ გაფრთხილების გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდების ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი.“ ამავე საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაში აღნიშნულია: „სააგენტოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა - ხომ არ იქნებოდა დასახული მიზნისათვის ადეკვატური და თანაბარზომიერი უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ შპს „ჯ...მა“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა ვადაგადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ამ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირველესად უნდა დაედგინა, რა სახის ზიანი მიადგა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველ ორგანიზაციას.“
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 და შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულებები გამოცემულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს კვლავ სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ გაუთვალისწინებია სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები. მოპასუხე მხარემ ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატარა 2 დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცა 2 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: მოსარჩელის გაფრთხილებისა და მისი შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ, რასაც არ ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და რაც ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს. ამასთან, მოპასუხემ 2022 წლის 2 თებერვალს მოსარჩელის გაფრთხილების შესახებ განკარგულების გამოცემით, თავად შეიქმნა საფუძველი მეორე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ გაფრთხილების გამოყენების გამორიცხვისთვის, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს გაფრთხილების მხოლოდ ერთხელ გამოყენების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 3 თებერვლის განკარგულება შეიცავს ფორმალურ მითითებას დარღვევის ფაქტის გათვალისწინებაზე, აღნიშნულ განკარგულებას ძირითად საფუძვლად დაედო არა დარღვევის სიმძიმე, არამედ 2022 წლის 2 თებერვლის განკარგულებით გაფრთხილების გამოყენება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მიმართ მეორე დარღვევასთან მიმართებით მსუბუქი სანქციის (გაფრთხილების) გამოყენებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო დარღვევის ხასიათისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, ხოლო თუ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვეთებოდა დარღვევის მძიმე ხასიათი, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მაშინ მიემართა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია დარღვევის მძიმე ხასიათის არსებობა.
გასათვალისწინებელია, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულება, აღნიშნული შესრულება კი, მიღებულ იქნა შემსყიდველის მიერ და საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. ამასთან, სადავო არ არის, რომ მიწოდების ვადის დარღვევას ზიანი არ გამოუწვევია შემსყიდველისათვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ჯ...ს“ მონაწილეობა აქვს მიღებული 163 ტენდერში, აქედან გაიმარჯვა 69,9%-ში, მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულებაა 12 088 403 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხის მიერ დარღვეულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესები და დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულება, რის გამოც სასამართლო მოცემულ ეტაპზე დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას მოკლებულია. ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს დარღვევის სიმძიმე და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება სრულად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მისი საფუძველი ადმინისტრაციული აქტი გაფრთხილების შესახებ, სასამართლომ გააბათილა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მასზე მსჯელობის პრეროგატივა/ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს ორივე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარღვევა და კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდეს ადმინისტრაციული წარმოება, რაც შესაძლებელია როგორც გაფრთხილების, ასევე შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „ჯ...ის“ შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ შპს „ჯ...ის“ მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.
მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ზეპირი მოსმენა შესაძლოა არ იყოს აუცილებელი კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, მაგალითად, როდესაც ფაქტის ან კანონმდებლობის საკითხი შეიძლება ადეკვატურად გადაიჭრას მხარეთა წერილობითი შეპასუხებების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება, რის გამოც არ არსებობს შპს „ჯ...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 98), რომლის გადახდაც, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ასევე შპს „ჯ...ის“ მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რომელიც შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილია 3600 ლარი (ტ.1, ს.ფ 97), ასევე 3600 ლარია გადახდილი საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე (ტ.2, ს.ფ 26). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯი 3000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ...ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 თებერვლის №419 განკარგულება შპს „ჯ...ის“ გაფრთხილების შესახებ და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 3 თებერვლის №437 განკარგულება შპს „ჯ...ის“ შავ სიაში დარეგისტირების შესახებ და დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
7. შპს „ჯ...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ჯ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
10. შპს „ჯ...ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე