Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1285(კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს...“; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; მესამე პირები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი - „ი...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ჰ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექეტმბრის №1-1772 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი - „ი...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1772 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ჰ...ს“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ჰ...ს“ უფლებამონაცვლედ დადგინდა შპს „ს...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმების თანახმად, მოცემული საკადასტრო ერთეული შეიძლება დაიყოს ორი მართკუთხედი ფორმის მიწის ნაკვეთად. ამ ორი მიწის ნაკვეთიდან ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, შპს „ჰ...ს“ გადაეცა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 8 მაისის №623 საკუთრების დამადასტრურებელი მოწმობით, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2002 წლის 8 აგვისტოს დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 8 მაისის №623 საკუთრების დამადასტრურებელი მოწმობით კომპანიას გადაეცა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზე, მომზადებულ გეგმაზე მითითებულია, რომ შპს „თბ...“ მიერ ფაქტობრივად დაკავებულია 954 კვ.მ (მშენებლობის გარეშე), თუმცა უშუალოდ გეგმაზე დაფიქსირებულ იქნა 957 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ დაუდგენელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 8 მაისის №623 საკუთრების დამადასტრურებელ მოწმობაში მითითებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 8 მაისის №623 საკუთრების დამადასტრურებელი მოწმობაში მითითებულ ფართსა და ფაქტობრივად დაკავებულ ფართს (954 კვ.მ) შორის სხვაობა შეადგენს 46 კვ.მ-ს. არქიტექტურის სამსახურის მიერ 2002 წლის 8 აგვისტოს მიწის ნაკვეთის გეგმაზე ამ სხვაობის ასახვის შემთხვევაშიც კი, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებაზე გადასული აივნები ვერ მოექცეოდა შპს „ჰ...ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რადგან მოცემული ობიექტი მდებარეობს ... საკდასატრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.02.2003წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის არქტიტექტურის სამსახურს დაევალა, შეედგინა მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1994 წლის 23 მაისის №145 ბრძანების შესაბამისად. გადაწყვეტუილებაში განმარტებულია, რომ არქიტექტურის სამსახურის 1994 წლის 23 მაისის №145 ბრძანება და ამ ბრძანებით განაშენიანების ფართი (324,4 კვ.მ), ანუ მოსარჩელეზე სარგებლობის უფლებით დამაგრებული მიწის ნაკვეთის პარამეტრები, წარმოადგენს სადავო მიწის სარგებლობის უფლებით დამაგრების იურიდიულ საფუძველს. საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 09 აგვისტოს №14/25905 მიმართვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ იქნა 23.05.1994წ. №145 და 18.12.1996წ. №562 ბრძანებები და წერილის ადრესატს განემარტა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს 1994 და 1996 წლების დოკუმენტებში, ...ს ქუჩა №...-ს მისამართზე მდებარე უძრავი ქონების არქიტექტურული პროექტები არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 08 ივნისის №207014 ბრძანებას, იგი გაცემულ იქნა მომიჯნავედ, ...ს ქ. №1-ში (...) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უზურფრუქტუარის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2012 წლის 1 მაისის №3.1027 წერილით გაცემული თანხმობის საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს (...) საზღვრების დაუდგინდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 4 იანვრის გეგმით, რომელიც მომზადებულ იქნა ქ. თბილისის მთვარობის 2006 წლის 31 იანვრის №02.12.54 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს შპს „ჰ...ს“ იურიდიულ ინტერესს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ არსებულ სახელმწიფოს კუთნილ ტერიტორიასთან მიმართებით. 2007 წლის 4 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმის კანონიერება შესაძლოა შეფასდეს მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე ზეგავლენის ჭრილში. სასამართლოს მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მოცემული დავის მიმართ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის თანახმად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 მაისის №5ა/4-67 გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება უნივერსიტეტი „ს...“ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი .... საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ...ს ქუჩა №.... საჯარო რეესტრის 2011 წლის 14 აპრილის ამონაწერის თანახმად, კომპანიას შეეცვალა სახელწოდება და მიეთითა - შპს „ჰ...“. საჯარო რეესტრის 2017 წლის 25 იანვრის ამონაწერის თანახმად, რომ შპს „ჰ...ში“ განხორციელდა რეორგანიზაცია და №... საკადასტრო კოდის მქონე სუბიექტს გამოეყო და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტირებულ სუბიექტად ამონაწერში მიეთითა შპს „თ...“ (საიდენტიფიკაციო №...) (ტ. 1, ს.ფ. 196, 192-198, ტ.3, 80-81); ბ) ქალაქ თბილისის მერიის 1994 წლის 02 თებერვლის №75 განკარგულების საფუძველზე, 1994 წლის 23 მაისის ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №145 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში ...ს ქ. №1-ში თბი...ს 3-სართულიან კორპუსზე თბ... ოთხი სართულის დაშენების პროექტი. განაშენიანების ფართი - 324.4 კვ.მ; მოცულობა - 24 000.0 კვ.მ; საერთო ფართი - 3527.2 კვ.მ; (ტ. I, ს.ფ. 32); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის №16.69.1085 დადგენილებით მიღებულ იქნა არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის წინადადება და თბ...ს“ ნება დაერთო ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე შენობაზე ერთი სართულისა და მანსარდის დაშენების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 33, 41); ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 18 დეკემბრის №652 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ...ს ქუჩაზე თბ...სათვის“ მშენებარე სასწავლო კორპუსზე ერთი სართულის დაშენების პროექტი (ტ. I, ს.ფ. 33); საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998 წლის 08 მაისს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 26.03.1998წ. №1-3/206 ბრძანების საფუძველზე, შპს თბ...ს“ სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №623, რომლის თანახმად, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა „თბ...ს“ სამსართულიანი შენობა ...ს ქუჩა №1-ში, საერთო ფართით 1898 კვ.მ, მიწის ფართობი 1000 კვ.მ (ტ. I, ს.ფ. 37); ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 19.07.2000წ. №7.12.94 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2000 წლის 20 სექტემბერს მიღებული №365 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ...ს ქუჩა №1-ში თბ...ს“ შენობის შიდა რეკოსნტრუქციის პროექტი (ტ. I, ს.ფ. 34); გ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 თებერვლის №3/33 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,უ...ს“ სარჩელი და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს დაევალა შეედგინა მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1994 წლის 23 მაისის №145 ბრძანების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 21-24); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის №3/152 გადაწყვეტილებით შპს ,,უ...ს“ სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, მესამე პირების - „თბ...ს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს „ხ...ს“ მიმართ, მიწის ნაკვეთის გეგმაში (წითელ ხაზებში) ცვლილებების შეტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 301-305); დ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2007 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისი, ...ს ქუჩა (ყოფილი ...ს ქუჩა) №1-ში მდებარე 3077 კვ.მ ნაკვეთსა და სსიპ „თბ...ის“ მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობებზე, ფართით 4824,75 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 64-66); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს დაევალა უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმისა და წარდგენილი მიწის ნაკვეთის გეგმის ელექტრონული ვერსიის (შეიპ-ფაილის სახით) წარდგენა. (ტ. 1, ს.ფ. 67-68); თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 აპრილის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. იმავე დღეს გაცემულ იქნა ამონაწერი, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №1, საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი - 3077,00 კვ.მ (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, საერთო ფართით 4885,50 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიწის ნაკვეთის გეგმა (დამოწმების თარიღი: 04.01.2007წ) და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს №2-22/942 წერილი (დამოწმების თარიღი:08.04.2008წ). ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით - 4885,5 კვ.მ, მათ შორის, №1 საერთო ფართით 3083,27 კვ.მ, №2 - 92,19 კვ.მ, №3 - 43,40 კვ.მ, №4 - 1666,64 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 73, 75-76); ე) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 08 ივნისის №207014 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ..., ...ს ქუჩა №...-ში შპს „ჰ...ს“ (ს/ნ ...) კუთნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 78-81); ვ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით (მომზადების თარიღი: 02.10.2015წ) დგინდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2332,00 კვ.მ (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი I-III სართულები) საერთო ფართი 1989 კვ.მ, სხვა ფართი IV-IX სართულები) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰ...“, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 03.05.2011 წლის 3 მაისი (ტ.1, ს.ფ. 83-85); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით (მომზადების თარიღი: 29.10.2016წ) დგინდება, რომ შპს „ჰ...ს“ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით №... დაიყო და კომპანიის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა შემდეგი საკადასტრო კოდებით: 1. საკადასტრო კოდი ... (დაზუსტებული ფართობი 153,00 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 106-107); 2. საკადასტრო კოდი ... (დაზუსტებული ფართობი 302,0 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 104-105); 3. საკადასტრო კოდი ... (დაზუსტებული ფართობი 689,00 კვ.მ); (ტ.1, ს.ფ. 108-109); 4. საკადასტრო კოდი ... (დაზუსტებული ფართობი 819,0 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 110-111); 5. საკადასტრო კოდი ... (დაზუსტებული ფართობი 369,00 კვ.მ) (ტ.1, ს.ფ. 112); ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა შპს „ჰ...ს“ გენერალურმა დირექტორმა - ი. გ-ემ და განმარტა, რომ მათ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები კვეთს მის საკადასტრო საზღარს, რაც გამოწვეულია რეგისტრაციების ხარვეზებით განხორციელებით, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, რათა შპს-ს მიერ მოხდეს დაზუსტებული რეგისტრაცია და მის საკუთრებაში არსებული შენობა სრულად მოექცეს მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საზღვრების ცვლილება იმ ნაწილში, სადაც შპს „ჰ...ს“ საკუთრებაში არსებული შენობა კვეთდა საზღვარს (ტ.1, ს.ფ. 89-92); თ) ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 31 იანვრის №02.12.54 დადგენილებით, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დამატებით მიენიჭა საზღვრების დადგენა-დაზუსტების უფლებამოსილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების ფაქტიურად დაკავებულ ნაკვეთებზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტის მონაცემებისა და არსებული მდგომარეობის მონაცემებთან კონფიგურაციული და მითითებული ფართობების შეუსაბამობის შემთხვევაში. დადგენილებით განისაზღვრა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის მიერ მითითებული ფართობის ცდომილების დასაშვები ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს მითითებული მონაცემის 15%-ს (ტ.1, ს.ფ. 259-260); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2008 წლის 21 აპრილის №1-4/151 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სამმართველოს 11.04.2008წ. №1-3/3 ბრძანებით შექმნილი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის თხოვების ფორმით და ქ. თბილისის საკუთრებაში დამატებითი (გასხვისებული) ქონების გადაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ღირებულების განმსაზღვრელი კომისიის 17.04.2008წ. №166 სხდომის ოქმი და სსიპ „თბ...ს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის არსებობის პერიოდით, გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ...ს ქუჩა №1-ში მდებარე 3077,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2, №3 და №4, საერთო ფართით 4885,5 კვ.მ (ტ.1, ს.ფ. 263-264); აღნიშნულ ქონებაზე 2008 წლის 24 აპრილს, ერთი მხრივ, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და, მეორე მხრივ, სსიპ „თბ...ს“ შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლითაც უზუფრუქტუარმა მიიღო №... საკადასტრო კოდზე რიცხული უძრავი ქონება (ღირებულებით 1 038 047,9 ლარი, მათ შორის, მიწის ნორმატიული ღირებულება 923 100 ლარი) (ტ.1, ს.ფ. 265-268); ი) 2016 წლის 1 მარტს შპს ,,ჰ...მ’’ №72648/15 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა, რომლითაც წითელი ხაზები დაუდგინდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ტ.1. ს.ფ. 124-127); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №17/204567 მიმართვით, შპს ,,ჰ...ს’’ 01.03.2016წ. №72648/15 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი იქნა მასალები (ს.ფ. 274); აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 09 აგვისტოს №14/25905 მიმართვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ იქნა 23.05.1994წ. №145 და 18.12.1996წ. №652 ბრძანებები და წერილის ადრესატს განემარტა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს 1994 და 1996 წლების დოკუმენტებში, ...ს ქუჩა №...-ს მისამართზე მდებარე უძრავი ქონების არქიტექტურული პროექტები არ აღმოჩნდა (ტ.1, ს.ფ. 201); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს №17/215639 მიმართვით, შპს ,,ჰ...ს’’ 01.03.2016წ. №72648/15 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 20 სექტემბრის №365 ბრძანება და მასთან დაკავშირებით არსებული სრული დოკუმენტაცია, არქიტექტურული პროექტის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 198); საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 29 აგვისტოს №14/32290 მიმართვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ იქნა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 20.09.2000წ. №365 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული პროექტი თანდართული მასალებით (ტ.1, ს.ფ. 202); ქ. თბილისში, ...ს ქ. №1-ში თბ...ს“ შენობის შიდა გეგმარებითი ნაწილობრივი კორექტირების პროექტის შესახებ 2000 წლის 24 თებერვალს გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, წარდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილი დამუშავებულია კარგ-პროფესიულ დონეზე და მიეცა რეკომენდაცია შესათანხმებლად (ტ.1, ს.ფ. 205-206); ქ. თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპქციის მიერ 2000 წლის 17 მარტს გაცემულ იქნა სამედიცინო ინსტიტუტ „ს...ს“ შენობის შიდა გეგმარების ნაწილობრივი კორექტირების პროექტის დასკვნა №5/კვება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში არსებული სამედიცინო ინსტიტუტ „ს...ს“ შენობის შიდა გეგმარების ნაწილობრივ კორექტირების პროექტი დამუშავებულია მოქმედი საშენებლო და სანიტარული ნორმებით, რის გამოც თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ შეითანხმა წარდგენილი პროექტი. შენიშვნა: რეკონსტრუქციის პროცესში საჭიროა დამატებითი ღონისძიებების შესრულება (ტ.1, ს.ფ. 213-214); თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2000 წლის 19 ივლისის №7.12.94 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ტექნიკური კომისიის წინადადება (ოქმი №7) და ...ს ქუჩა №1-ში განთავსებულ სამედიცინო ინსტიტუტ „ს...ს“ რექტორატს ნება დაერთო ეწარმოებინა კუთვნილი შენობის შიდა რეკონსტრუქცია ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 218); კ) 2012 წლის 13 თებერვალს შპს „კ...ს“ მიერ მიღებულ იქნა დასკვნა №დ-13 ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში დაუმთავრებელი შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ, რომლითაც შესრულებული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცისა და მდგრადობის პირობები დაკმაყოფილებულია და მისი შემდგომი საიმედო მუშაობა უზრუნველყოფილია. 2012 წლის 17 თებერვალს შპს „კ...ს“ მიერ მიღებულ იქნა დასკვნა №ს/დ-4 - ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში მდებარე სასწავლო კორპუსისთვის კიბის უჯრედის მიშენების პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე და მითითებულ მისამართზე მდებარე სასწავლო კორპუსისთვის კიბის უჯრედის მიშენების პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, გაწეულ იქნა რეკომენდაცია დასამტკიცებლად (ტ.1, ს.ფ. 384-385, 386); ლ) შპს „ნ...ს“ 2016 წლის 04 ნოემბრის დაკვალვის აქტის თანახმად, განხორციელდა შპს „ჰ...ს“ საკუთრებაში არსებული არასასფოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ...; ...; ... და .... ძველი ერთიანი კოდი ...) დაკვალვა კუთხეები ...-ის კოორდინატთა სისტემაში, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №.... დაკვალვის აქტით დგინდება, რომ ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა კვეთს საკადასტრო საზღვარს და იჭრება მის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი .... დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2008წ. №... გადაწყვეტილებით), რომლის მოსარგებლესაც წარმოადგენს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ (ტ. 2, ს.ფ. 9-10); მ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1772 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ჰ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლითაც წითელი ხაზები დაუდგინდა ქ. თბილსში, ...ს ქუჩა №1, ... საკადასტრო ერთეულს (ტ.1, ს.ფ. 98-103).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლითაც წითელი ხაზები დაუდგინდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №1-ში მდებარე ს/კ ... რეგისტრირებულ ერთეულს. ასევე, გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექეტმბრის №1-1772 ბრძანება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს „ს...ს“ არ გაუსაჩივრებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდგომ - საკასაციო საჩივრის წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი. შესაბამისად, შესაფასებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექეტმბრის №1-1772 ბრძანების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ს...ს“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმა. საყურადღებოა, რომ სადაო ბრძანების მიხედვით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს „ჰ...ს“ იურიდიულ ინტერესს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ არსებულ, კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილ (ს/კ ...) ტერიტორიასთან მიმართებით. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შპს ,,ჰ...ს’’ გააჩნია იურიდიული ინტერესი/სამართლებრივი საფუძველი, პრეტენზია განაცხადოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, გამორიცხავს დაინტერესებული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას, რომელიც მას რეგისტრირებული აქვს სადაო გეგმის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციითა გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2022წ. განჩინება საქმეზე №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“.

სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი საკმარისია სარჩელის დასაშვებობის გადასაწყვეტად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის №ბს-383-377(კს-15) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი გამომდინარეობს მოსარჩელის სახელზე რიცხული საკუთრების უფლების რეალიზებიდან, ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები კვეთს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სკადასტრო საზღვარს, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა საზღვრების კორექტირება. საყურადღებოა, რომ უძრავი ნივთი მოსარჩელის სახელზე 2011 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია დაზუსტებული სახით, თუმცა შპს „ნ...ს“ 2016 წლის 04 ნოემბრის დაკვალვის აქტის (განხორციელდა დაკვალვა შპს „ჰ...ს“ საკუთრებაში არსებული არასასფოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ ...; ...; ...; ... და .... ძველი ერთიანი კოდი ...), კუთხეები ...-ის კოორდინატთა სისტემაში) თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., შენობა კვეთს საკადასტრო საზღვარს და იჭრება მის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდი ...). ამდენად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის სფეროს შეადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღრიცხვა და სამართლებრივი ჩარჩოებში მოქცევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 04 იანვრის მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლის საფუძველზეც, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, და რომელიც მოსარჩელის მითითებით, ეწინააღმდეგება კანონს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტის შეფასებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატაროს სრულყოფილად, ვინაიდან ის უშუალოდ წარმოშობს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებასთან. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარებისას ადმინისტრაციული ორგანოს საკვლევ გარემოებათა წრეს წარმოადგენს არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების ურთიერთშეჯერება, რამეთუ დასადგენია არსებული შეზღუდვით ხომ არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ 04.11.2016წ. განხორციელებული დაკვალვის შედეგად (განხორციელდა ... კოორდინატთა სისტემაში) ფაქტობრივი მდგომარეობა უკვე აღარ შეესაბამება არსებულ სიტუაციას და მანამდე საკადასტრო საზღვრებში მოქცეული შენობა-ნაგებობის ნაწილები კვეთს მის საკადასტრო საზღვარს, რითაც მესაკუთრე ვერ ახდენს უფლების რეალიზებას და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია