Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-144(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)–ე. ა-ი

მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - ბ. ბ-ი

მესამე პირები (ა.ს.კ. 16.2) - შპს ,,ა...“, ა. ა-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

2015 წლის 20 ოქტომბერს ე. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 11 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შესაბამისად, მხარეს მოეთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელთანაც დადგინდა ზედდება, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წლის 20 დეკემბერს შპს ,,ა..."-ის სახელზე. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდება თუ რა დაედო საფუძვლად სადავო მიწის ნაკვეთის შპს ,,ა..."-ზე რეგისტრაციას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის ცვლილება განხორციელებულია 1999 წლის 29 დეკემბერს. სარეგისტრაციოდ წარდგენილია ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს ,,ა..."-სა და ბ. ბ-ის შორის, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულებაში არც მიწის ფართობია და არც ნივთის სხვა რაიმე მახასიათებელია აღნიშნული. ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია საინვენტარიზაციო ცნობა-დახასიათების საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ბ. ბ-ის აღრიცხვის სამართლებრივ საფუძველს.

სასარჩელო მოთხოვნების არაერთგზისი დაზუსტების შემდეგ, 17.11.2021წ. მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 1999 წლის 20 დეკემბრის №... და 1999 წლის 29 დეკემბრის №... განცხადებების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციებისა და მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 1999 წლის 29 დეკემბრის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შპს ,,ა..."-ის და შემდგომ ბ. ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

რუსთავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, ჩაებნენ შპს „ა...“ და ბ. ბ-ი.

რუსთავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2 აგვისტოს განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ა-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის ნოემბრის განჩინებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის რაონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 25 იანვრის №AA2012001839-05 საარქივო ცნობით, გარდაბნის არქივში დაცული ...ს სასოფლო საბჭოს 1983-1985 წლების საკომლო წიგნის თანახმად, კომლს ერიცხება 1957 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 0,24 ჰა; 1986-1995 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, კომლს ერიცხება 1957 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 1986 წელი - 0,24 ჰა, 1988-1991 წლები-0,24ჰა. 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. ი. ო. ა-ი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო/სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 60 კვ.მ და სულ მიწა 1996-2000 წწ. 0.24 ჰა. 2001 წ. – 0.21 ჰა. მითითებულია დამატებითი ინფორმაცია - მიწა 0.03ჰა გამოეყო გ. გ. ბ-ის მიწის საკადასტრო პასპორტის თანახმად, რომლის ნომერია №... 29.12.1999 წ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მამამ - ი. ა-იმა 1997 წლის 12 ივნისს თანხმობა გასცა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,03ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის ფირმა ,,ა..."-სათვის გადაცემის შესახებ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისთვის.

გარდაბნის რაიონის გამგეობის 1997 წლის 25 დეკემბრის №264 დადგენილებით და №16/19 სხდომის ოქმით დამტკიცდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც შპს ფირმა ,,ა..."-ს დაუკანონდა ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე ფირმის წევრის ბ. გ. ო. ო-ის 0,03 ჰა საკარმიდამო სახნავ ნაკვეთში 1996 წელს აშენებული ავტობენზინგასამართი სადგური. დასახელებული დადგენილება საფუძვლად დაედო ,,ა..."-ს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას.

1999 წლის 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,ა...-ის“ დირექტორმა, რ. რ-იმა, ბ. ბ-ის მიჰყიდა გარდაბნის რაიონი, სოფელ ...ში მდებარე ავტოგასამართი სადგური.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე და განმარტა, რომ რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს, გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება მასზედ, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთაგან არც ერთი სადავოდ არ ქცეულა და დღესაც ძალის მქონეა. ამასთან, აპელანტმა ვერ დაასაბუთა რეგისტრაციის საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ხანდაზმულობის ვადებზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შეადგენს 10 წელს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, 1999 წლის 20 დეკემბრის შემდგომ აპელანტის (მოსარჩელის) დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უწყვეტად არსებობდა სხვა პირის (თავდაპირველად შპს „ა...“-ის, შემდგომ, ბ. ბ-ის) რეგისტრირებული უფლება. ამდენად, ხანდაზმულობის ვადების ყველაზე განვრცობითი განმარტების შემთხვევაშიც კი, ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნის უფლება სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ბ. ბ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ასევე არ არსებობს რაიმე აქტი შპს „ა...-სთვის“ მიწის გამოყოფის თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები. ბენზოგასამართი სადგური აშენებული იყო გ. ო. ო. ბ-ის საკარმიდამო ნაკვეთში და არა ი. ა-იის საკრმიდამო 0,3 ჰა სახნავ ფართობში. ასევე, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული რომ ბენზოგასამართის სადგური აშენებულია შპს „ა...-ის“ მიერ, შპს არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რადგან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იურიდიულ პირებს არ აქვთ. არასწორია სასამართლოს მითითება სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ა-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის განმხილველი მოსამართლის - ნუგზარ სხირტლაძის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს საქმე კანონით დადგენილი წესით გადაეწერა მოსამართლე - მაია ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს: 1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; 3. ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 1999 წლის 20 დეკემბრის №... და 1999 წლის 29 დეკემბრის №... განცხადებების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების და მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა; 4. 1999 წლის 29 დეკემბრის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შპს ,,ა..." და შემდგომ ბ. ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ივნისს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ე. ა-იმა და გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოების წარმოება და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. მითითებული გადაწყვეტილება ე. ა-იმა გაასაჩივრა საჩივრით.

სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს.კ. ... უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამავე გადაწყვეტილებაში ნასმჯელია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს 17.07.2015წ. გადაწყვეტილებაზეც და იგი კანონიერადაა მიჩნეული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა. სააგენტოს 2015 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ე. ა-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულზე საკითხზე უკვე ნამსჯელი იყო სააგენტოს 18.08.2015წ. გადაწყვეტილებით.

გარდაბნის რაიონის გამგეობის 1997 წლის 25 დეკემბრის №264 დადგენილებით და №16/19 სხდომის ოქმით დამტკიცდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც შპს ფირმა ,,ა..."-ს დაუკანონდა ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე ფირმის წევრის ბ. გ. ო. ო-ის 0,03 ჰა საკარმიდამო სახნავ ნაკვეთში 1996 წელს აშენებული ავტობენზინგასამართი სადგური. მითითებული დადგენილების საფუძველზე ,,ა..."-მა დაირეგისტრირა უძრავი ქონება.

საქართველოს ეროვნული არქივის გარდაბნის არქივის 2012 წლის 25 იანვრის №AA2012001839-05 საარქივო ცნობით, გარდაბნის არქივში დაცული ...ს სასოფლო საბჭოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი. ი. ო. ა-ი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო/სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 60 კვ.მ და სულ მიწა 1996-2000 წწ. 0.24 ჰა. 2001 წ. – 0.21 ჰა. მითითებულია დამატებითი ინფორმაცია - მიწა 0.03ჰა გამოეყო გ. გ. ბ-ის მიწის საკადასტრო პასპორტის თანახმად, რომლის ნომერია №... 29.12.1999წ.

1997 წლის 12 ივნისს ი. ა-იმა თანხმობა გასცა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,03 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის ფირმა "ა..."-სათვის გადაცემის შესახებ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისთვის.

დადგენილია, რომ 1999 წლის 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით რ. რ-იმა, როგორც შპს ,,ა...-ის“ დირექტორმა, ბ. ბ-ის მიჰყიდა გარდაბნის რაიონი, სოფელ ...ში მდებარე ავტოგასამართი სადგური.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ი. ა-იის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან, მისივე თანხმობით გამოყოფილ 0,03 ჰა მიწის ნაკვეთზე აშენდა ბენზოგასამართი სადგური, რომელიც დაუკანონდა შპს „ა...-ს“ , ხოლო შემდგომ განიკარგა ბ. ბ-იზე.

საკასაციო სასამართლო კასატორის საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი იყო დადგენილიყო ის, თუ რამდენად არსებობდა საქმეში მესამე პირებად ჩართული მხარეების საკუთრების უფლების გაუქმებისათვის საკმარისი საფუძვლები.

რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს ადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკუთრების უფლების გაუქმებისათვის სახეზე უნდა იყოს ზემოხსენებულ ნორმაში ჩამოთვლილი რომელიმე წინაპირობა. ყველა სხვა მითითება საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე ვერ იქნება კანონისმიერ საფუძვლად განხილული.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.)

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ,,ა..."-ის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გარდაბნის რაიონის გამგეობის 1997 წლის 25 დეკემბრის №264 დადგენილება, ხოლო, ბ. ბ-ის სახელზე განხორციელებულ სადავო რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს კი წარმოადგენდა 1999 წლის 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამდენად, სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთაგან არც ერთი სადავოდ არ ქცეულა და დღევანდელი მდგომარეობით სამართლებრივი ძალის მქონეა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სადავოდ ხდის უძრავ ქონებაზე განხორციელებულ რეგისტრაციებს იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები წარმოადგენს ძალაში მყოფ, მოქმედ დოკუმენტებს, რომელთა კანონიერებაც სადავოდ არ ქცეულა, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მამის - ი. ა-იის საკომლო ჩანაწერებში არსებული მითითების, კერძოდ, გ. ბ-ისთვის 0,03 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის გასაჩივრების ფაქტი.

რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

უდავოა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ე. ა-იმა არ წარადგინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის 2015 წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაფასა, როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და მიიჩნია, რომ ისინი კანონიერად იყო გამოცემული.

კანონიერ ძალაში შესული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის №3-164-17 განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ივნისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 18 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 სექტემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ნამსჯელი და არსებითად გადაწყვეტილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ საჩივარში დასმული საკითხი, რის გამოც არ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ა-ის საკასაციო საჩივარზე 30.01.2023წ. №15907030298 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ა-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი -210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. ე. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.01.2023წ. №15907030298 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა