საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-883(2კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 26 იანვარს გ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 08 დეკემბრის №SSA22301317633 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 08 იანვრის №SSA72400011989 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის გ. ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და 2016 წლიდან (01 ოქტომბერი), სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სიციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 08 დეკემბრის №SSA22301317633 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე და სსიპ სიციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 08 იანვრის №SSA72400011989 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2023 წლის 07 დეკემბრიდან გ. ბ-ის დაენიშნება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსია და ამ თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსია; გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2023 წლის 07 დეკემბრამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 7 დეკემბერს გ. ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ. ფილიალის 08.12.2023 წლის №SSA 2 23 01317633 გადაწყვეტილებით, გ. ბ-ის განემარტა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. ამასთან, საჯარო საქმიანობის პერიოდში პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებში, ზოგადსაგანამანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის... სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, გ. ბ-ი დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ,,ბ...ში“, რაც წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, გ. ბ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, პენსიის მიღების კანონისმიერი შეზღუდვის დაწესებით გამოირიცხა საჯარო მოხელეებისათვის პენსიის სახით მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული შეზღუდვის დაწესება ლეგიტიმური იყო, რადგან საპენსიო თანხებისა და ხელფასის სახით გასაცემი თანხების ერთობლივად გაცემა სახელმწიფოს შეუქმნიდა გარკვეულ ფინანსურ რისკებს, თუმცა კანონმდებელმა ამავდროულად დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. რამდენადაც მოსარჩელე გ. ბ-ი დასაქმებული იყო სსიპ ,,ბ...ში“ შტატგარეშე თანამშრომლად, არქიტექტურულ საკითხებში ...ს თანამდებობაზე, დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის უნდა დადგენილიყო, წარმოადგენდა თუ არა სსიპ ,,ბ...ში’’ არქიტექტურულ საკითხებში ...ს თანამდებობაზე საქმიანობა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რაც საქართველოს მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის საფუძველზე, გამორიცხავდა სახელმწიფო პენსიის გაცემის შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ბ-ის უფლებამოსილებაში შედიოდა - 1. ბულვარის არქიტექტურის, კეთილმოწყობის საკითხებისა და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მეთვალყურეობა, რეგულირება, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება; წინადადებებისა და რეკომენდაციის შემუშავება; 2. ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული არქიტექტურული მოცულობების, მცირე არქიტექტურული ფორმების (ბიუსტები, ქანდაკებები, შადრევნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის შადრევნები და ა. შ) განახლება-რესტავრირებაზე კონტროლი; 3. ბულვარის ტერიტორიაზე განსახორციელებელი არქიტექტურული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; 4. ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარის (სკამები, ურნები, ბოძკინტები, ელექტროკარადები, განათების დეკორატიული ბოძები, მცირე სავაჭრო ობიექტები და ა.შ.) განთავსებაზე, განაწილება-მოწესრიგებაზე კონტროლის გაწევა; 5. ბულვარის ისტორიული დოკუმენტაციის მოძიება- დაგროვება და საარქივო მასალების შექმნა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,თ.ა’’ და ,,მ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან, ხოლო არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია არის სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი). ამდენად, გ. ბ-ი, დაკისრებული უფლება-მოვალეობებით, უთანაბრდებოდა კულტურულ სფეროში დასაქმებულ პირებს, რომლის საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო საქმიანობად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის ცნებაში არ გულისხმობს კულტურული საქმიანობის განხორციელებას. პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია კულტურულ დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა კულტურული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კულტურულ დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ კულტურულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ კულტურულ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, კულტურულ დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება კულტურული დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - 2016 წლიდან (01 ოქტომბერი) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2016 წლის 01 ოქტომბრიდან გ. ბ-ისათვის ცნობილი იყო ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის ფაქტი (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელე არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელისათვის უდავოდ ცნობილი იყო მისი შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს 01.10.2016 წლიდან პენსიის შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. ამდენად ის ფაქტი, რომ გ. ბ-ის სადავოდ არ გაუხდია პენსიის შეწყვეტა 3 წლის განმავლობაში (სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალისთვის მიმართვისას მოითხოვა პენსიის დანიშვნა და არა გასული პერიოდის საპენსიო თანხა), ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-იმა იცოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის პრეტენზია არ წარუდგენია 2023 წლის 07 დეკემბრამდე. საქმეში დაცული მასალით არ დასტურდებოდა გ. ბ-ის სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. ამასთან, არ დგინდებოდა, რომ 2023 წლის 07 დეკემბრამდე გ. ბ-იმა პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა, რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამდენად, გ. ბ-ის მოთხოვნა - 01.10.2016 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალმა და გ. ბ-იმა.
კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი მიუთითებენ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ გ. ბ-იმა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე 2023 წლის 7 დეკემბრის განცხადებით (განცხადება თან ერთვის) მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს და წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ იგი დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - სსიპ ბ...ში სხვადასხვა პოზიციაზე. სსიპ ბ...ი არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი _ შეღავათიანი პირობები. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2023 წლის 8 დეკემბრის NSSA 22301317633 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
კასატორი - გ. ბ-ი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია პენსიის შეწყვეტა 3 წლის განმავლობაში (სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალისთვის მიმართვისას მოითხოვა პენსიის დანიშვნა და არა გასული პერიოდის საპენსიო თანხა), სასამართლო ვერ იმსჯელებდა მოპასუხის მიერ 2016 წლიდნ 01 ოქტომბრიდან პენსიის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დაკისრებაზე.
კასატორის მითითებით, მსგავს დავაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 13 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება (მოსარჩელე - ც. დ-ე, მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტო და სააგენტოს აჭარის ფილიალი), სადაც არ იმსჯელა 2021 წლის 01 თებერვლის აქტის კანონიერებაზე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა 2021 წლის 01 თებერვლიდან დააკისრა მოპასუხეს სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება ც. დ-ეისთვის. აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები, წინა პერიოდის პენსიის ანაზრაურებასთან დაკავშირებით ისე, რომ გასაჩივრებული არ ყოფილა პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუღებელი პენსიის ანუ პენსიის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი 2012 წელსაც და 2023 წელსაც არის კანონშეუსაბამო მიუხედავად იმისა, მხარემ გაასაჩივრა თუ არა 2012 წელს პენსიის შეწყვეტა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარე ითხოვდა მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას და არა პენსიის შეწყვეტის კანონიერების შესწავლას. დაზუსტებულ მოთხოვნაში სამართლებრივი საფუძველი იყო არა აქტის კანონიერების შესწავლა, არამედ ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან კუთვნილი პენსია გ. ბ-ის შეუწყდა იმის გამო, რომ სახელმწიფოს შეფასებით, იგი საჯარო საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბულვარში მუშაობა არ არის საჯარო საქმიანობა. შესაბამისად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, 2016 წლის აქტი გასაჩივრდა თუ არა, 2016 წელს პენსიის შეწყვეტის საფძველი იგივე იყო, რაც 2023 წელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სსიპ ბ...ის 2023 წლის 5 დეკემბრის №01-11/717 ცნობის თანახმად, გ. ბ-ი 2010 წლის 08 იანვრიდან მუშაობს სსიპ ბ...ში სხვადასხვა პოზიციაზე. საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 30 დეკემბრის №166 შრომითი ხელშეკრულების თანახმად, გ. ბ-ი დასაქმებულია სსიპ ბ...ის ...ში - არქიტექტურულ განყოფილებაში ...ს თანამდებობაზე (ხელშეკრულებით, შტატგარეშე თანამშრომლად). დადგენილია, რომ გ. ბ-ის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ბულვარის არქიტექტურის, კეთილმოწყობის საკითხებისა და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მეთვალყურეობა, რეგულირება, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება; წინადადებებისა და რეკომენდაციის შემუშავება; ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული არქიტექტურული მოცულობების, მცირე არქიტექტურული ფორმების (ბიუსტები, ქანდაკებები, შადრევნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის შადრევნები და ა. შ) განახლება-რესტავრირებაზე კონტროლი; ბულვარის ტერიტორიაზე განსახორციელებელი არქიტექტურული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარის (სკამები, ურნები, ბოძკინტები, ელექტროკარადები, განათების დეკორატიული ბოძები, მცირე სავაჭრო ობიექტები და ა.შ.) განთავსებაზე, განაწილება-მოწესრიგებაზე კონტროლის გაწევა; ბულვარის ისტორიული დოკუმენტაციის მოძიება-დაგროვება და საარქივო მასალების შექმნა.
2016 წლის 16 ივნისს გ. ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N04-15-01/4369 წერილით გ. ბ-ის ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 სექტემბრის N04/73645 წერილის საფუძველზე, მას 2016 წლის 01 ოქტომბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე - გ. ბ-ის არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და არც სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია.
2023 წლის 07 დეკემბერს გ. ბ-იმა კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 08 დეკემბრის №SSA22301317633 გადაწყვეტილებით გ. ბ-ის განემარტა, რომ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ,,ბ...ში“, რაც წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, გ. ბ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, რაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 08 იანვრის №SSA72400011989 გადაწყვეტილებით გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ. ბ-ის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ბულვარის არქიტექტურული სამუშაოების მეთვალყურეობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება, აგრეთვე, ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული არქიტექტურული მოცულობების, მცირე არქიტექტურული ფორმების - ბიუსტებისა და ქანდაკებების რესტავრირებაზე კონტროლი. ამდენად, წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატის შეფასებით, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მიზნებსა და ამოცანებს.
შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს მართებულად დაევალა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევე, პენსიის შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა და სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებს პენსიის შეწყვეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებას (სუსგ 10.10.2019წ. №ბს-29(კ-19); 25.01.2024წ. №ბს-864(კ-23)). მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და 2023 წლის 7 დეკემბრამდე ადმინისტრაციული ორგანოსათვის აღარ მიუმართავს, რაც გამორიცხავს 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2023 წლის 07 დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესაძლებლობას. ამასთან, წინამდებარე დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2023 წლის 08 დეკემბრის №SSA22301317633 გადაწყვეტილების (პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N04-15-01/4369 წერილსა და შესაბამისად, 2016 წლიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავს დავასთან დაკავშირებით კასატორ გ. ბ-ის მიერ დასახელებული გადაწყვეტილება არ შეიცავს იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია