Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-78(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - მ.თ-ი, გ.ბ-ი, მ.ბ-ი, სს „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 6 ივლისს რ. და მ. ბ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეებმა მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სააგენტოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, რომლის მიხედვით, ინდ. მეწარმე დ.გ-ის შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, გ.ბ-ის დაურეგისტრირდება მისი კანონიერი ფართი 106 კვ.მ.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო აქტები არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ.ბ-ი და მისი ოჯახი წლებია ფლობს ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №...-..., ამჟამად №...-ში მდებარე უძრავ ქონებას - 106 კვ.მ-ს. აღნიშნული ფართი გ.ბ-ის გადაეცა ჩუქების ხელშეკრულებით. საბინაო წიგნის თანახმად, ბინაში ჩაწერილები იყვნენ გ.ბ-ი და მისი ოჯახის წევრები. მ.თ-ი არასდროს ყოფილა რეგისტრირებული აღნიშნულ ბინაში. მ.თ-ს, მისი მეუღლის ი.თ-ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის თანახმად გადაეცა 112 კვ.მ ფართი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მის ნათესავ ხ.ჩ-ზე, რის შემდეგაც იგი არავითარ ქონებას არ ფლობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. 2015 წლის 29 დეკემბერს მ.თ-სა და ხ.ჩ-ს შორის დაიდო რწმუნებულება/მინდობილობა იმის შესახებ, რომ ხ.ჩ-ე უფლებამოსილი იყო წარმოედგინა მ.თ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის - შ.თ-ის გარდაცვალების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც აუცილებელი იქნებოდა ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სამართლებრივად არასწორია მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზში მ.თ-ის ნაცვლად მინდობილი პირის - ხ.ჩ-ს დაფიქსირება. თავდაპირველი შეცდომა დაშვებულია 2016 წლის 21 იანვრის შეთანხმების შედეგად შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში, სადაც 112 კვ.მ ფართის მესაკუთრედ არა მ.თ-ის მინდობილი პირი ხ.ჩ- უნდა ჩაწერილიყო, არამედ თავად უძრავი ქონების მესაკუთრე - მ.თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ბ-ისა და რ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა იმგვარი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომლებსაც შეიძლება გამოეწვია სადავო საკითხის სხვაგვარი შეფასება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ბ-მა და რ.ბ-მა.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გასწორდება ხარვეზი ... საკადასტრო კოდზე 2016 წლის 16 იანვრის რეგისტრაციაში, კერძოდ, მესაკუთრედ არ იქნება მითითებული მ.თ-ი და ასევე, 3/6 წილზე მესაკუთრედ არ იქნება მითითებული ხ.ჩ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით რ.ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებაზე რ.ბ-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება რ.ბ-ის ნაწილში დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-მა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს წარედგინათ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭირო ყველა მტკიცებულება, რაც არცერთ ინსტანციაში არ იქნა გათვალისწინებული. წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად დადგენილია, რომ გ.ბ-ი და მისი ოჯახი წლების მანძილზე ფლობს ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №...-...-ში (ამჟამად №...) მდებარე 106 კვ.მ ფართობს. აღნიშნულ მისამართზე მ.თ-ის კი, ფართის გასხვისების შემდეგ არავითარი ფართი აღარ გააჩნდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასწორად შეფასდა ადმინისტრაციული წარმოების დროს წარდგენილი დოკუმენტაცია, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნების წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ.ბ-ისთვის უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის კანონიერება. მხარეს მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ხარვეზის შესწორების შესახებ განცხადებას დართულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დადგინდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ქალაქი თბილისი, ... ის შესახვევი №...-... სააღრიცხვო მასალის შესაბამის გრაფაში - „მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია“ მითითებულნი არიან: ი.თ-ი (ლიტერი „ა“) და გ.ბ-ი (ლიტერი „ბ“). უძრავი ნივთის საერთო მახასიათებლებია: ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) საერთო ფართით - 48.14 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 28.89 კვ.მ, დამხმარე ფართი - 19.25 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 64.53 კვ.მ; ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 95.25 კვ.მ; სააღრიცხვო მასალაში მითითებულია მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - ... კვ.მ.

2013 წლის 1 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2013 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... ის შესახვევის №...-...-ში მდებარე 220 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე (№…, №…, №…, №…; ს/კ...), თავდაპირველად დარეგისტრირდა მ.თ-ის (ლიტერი „ა“-ს ნაწილში), როგორც ი.თ-ის მემკვიდრისა და თანამესაკუთრის თანასაკუთრების უფლება. 2013 წლის ... მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი დგინდება, რომ 2013 წლის ... მარტის №... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მ.თ-ის კუთვნილ წილზე დარეგისტრირდა ხ.ჩ-სა და რ.გ-ის საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 17 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 17 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (შენობა-ნაგებობა №…-ში ლიტერი „ბ“) დარეგისტრირდა გ.ბ-ის საკუთრების უფლება. მესაკუთრის გრაფაში ასევე მიეთითა ხ.ჩ-ი და რ.გ-ი (ლიტერი „ა“).

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობი გაიზარდა ... 5 კვ.მ-მდე, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული მონაცემების საფუძველზე, 55 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი №… შენობა-ნაგებობის ნაწილზე თანაბარწილად დარეგისტრირდა მ.თ-ისა და გ.ბ-ის თანასაკუთრების უფლება.

უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების - რ.გ-ის, ხ.ჩ-ის, მ.თ-ის წარმომადგენლის - ხ.ჩ-სა და გ.ბ-ის წარმომადგენლის - რ.ბ-ის მიერ ხელმოწერილი და საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული 2016 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის №... და 2016 წლის 25 იანვრის №... გადაწყვეტილებებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო 3 საკადასტრო ერთეულად: ..., ..., ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2021 წლის 28 დეკემბრის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №...-ში მდებარე 106.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №… შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი:...) რეგისტრირებულია გ.ბ-ის, მ.ბ-ის, მ.ბ-ისა და ხ.ჩ-ის თანასაკუთრების უფლება, კონკრეტულად, გ.ბ-ის, მ.ბ-ისა და მ.ბ-ის საკუთრებას წარმოადგენს 1/6-1/6 ნაწილები, ხოლო ხ.ჩ-ის საკუთრებას წარმოადგენს 3/6 ნაწილი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: №... სააღრიცხვო ბარათი (აღრიცხულია 1976 წელს), № ... (15.07.1965წ.) ჩუქების ხელშეკრულება, №... (25.01.2013წ.) სამკვიდრო მოწმობა, შეთანხმება (თარიღი: 21.01.2016წ., დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ), საჯარო რეესტრის №... (09.02.2017წ.) გადაწყვეტილება, ხოლო ხ.ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი: 22.12.2021წ. დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 14 აპრილს მ.ბ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...ის შესახვევი №...-ში (ს/კ...) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების, კერძოდ, მ.თ-ისა და ხ.ჩ-ს შესახებ ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე, ხოლო ამავე სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებით მ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესაძლებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულია საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სამ საკადასტრო ერთეულად (..., ..., ...) დაყოფამდე, უძრავ ნივთზე (...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და შესაბამისად, მ.თ-ის მესაკუთრედ (გ.ბ-სთან ერთად თანამესაკუთრედ) მითითება განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილებით, რომელსაც საფუძვლად დაედო ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული მონაცემები. სწორედ მითითებული გარემოებისა და შემდგომ ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების (21.01.2016წ.) საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა გ.ბ-ისა და მ.თ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ხ.ჩ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი: 22.12.2021წ. დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ.თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ძალაშია და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ ხარვეზად კი მიიჩნევა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული იმგვარი ხარვეზი, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა და გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ასევე ჩაითვლება ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის არსებობაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის არსებობის შესახებ და მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე