Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-247(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თა. ნ-ი, ლ. ნ-ი, ნ. ნ-ი, ი. ს-ი, ს. ს-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 12 აპრილს თ. ნ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით. კერძოდ, მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №... და 2023 წლის 27 თებერვლის №... გადაწყვეტილებების, ამავე სააგენტოს 2023 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 მარტის №... და 2023 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთის თ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება 2022 წლის 4 მაისს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2022 წლის 4 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლით, ხოლო შემდეგში მოძიებულ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტი მოთხოვნილი 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე, დადგინდა ნახაზზე ასახული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მოსარჩელის მითითებით, ამ ნაკვეთს იგი ოჯახის წევრებთან ერთად ფლობდა 1992 წლიდან, სისტემატურად ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების შემდგომ, მისმა დამ - თა. ნ-იმა ამავე მიწის ნაკვეთზე დათესა მარცვლოვანი კულტურა. თა. ნ-იმა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ორი ნაკვეთის რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც თა. ნ-ი ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, არ ადასტურებს აღნიშნული პირის უფლებას თ. ნ-ის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით თ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა თ. ნ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო მონაცემებზე ნებისმიერი სარეგისტრაციო ქმედების ან სხვა სახის უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 13 იანვრის №..., 2023 წლის 27 თებერვლის №..., 2023 წლის 10 მარტის

№..., 2023 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებები, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 14 მარტის №... და 2023 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებები; სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების ფარგლების, მისი კონფიგურაციის და საზღვრების, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესწავლა, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფით საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალას დაკარგავდა ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ნ-იმა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. თ. ნ-იმა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობით, სსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მის მიერ წარდგენილ 2630 კვ.მ ნაკვეთზე ყველა პირისათვის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობის წარმოების აკრძალვა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აპელანტმა მიუთითა, რომ 2022 წლის ზაფხულში მის მიერ მოყვანილი ლობიოსა და გოგრის მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრე თა. ნ-იმა ტრაქტორით გადახნა ის ნაკვეთი, რომელსაც თ. ნ-ი 1991 წლიდან ფლობდა და ამუშავებდა. აღნიშნული მესამე პირმა განახორციელა ნაკვეთის ფლობის ილუზიის შესაქმნელად, რითაც შეილახა და შეიზღუდა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით თ. ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. მხოლოდ ზოგადი მითითება იმაზე, რომ ყველა პირს (პირთა განუსაზღვრელ წრეს) აეკრძალოს სასოფლო-სამეურნეო ან სხვა რაიმე სახის საქმიანობა, თუნდაც კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, არ შეიძლება გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2024 წლის 28 ოქტომბერს თ. ნ-იმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ. ნ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით თ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ნ-ისა და თა. ნ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები აკონკრეტებს მხოლოდ მიწის ნაკვეთის ზომას და არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას მისი ზუსტი მდებარეობისა და კონფიგურაციის თაობაზე, რაც იწვევს კოლიზიას ორი ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს შორის. პალატამ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც მოდავე მხარეებს აქვთ ამ დროისათვის კანონიერ ძალაში მყოფი უფლებადამდგენი დოკუმენტები, ხოლო მათ იდენტიფიკაციას ართულებს ამავე აქტებში ზუსტი ადგილმდებარეობის მიუთითებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოს მართებს დამატებითი ძალისხმევა, სადავო საკითხთან დაკავშირებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ცხადად დადგენის თვალსაზრისით. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მათ შორის სათანადო შეფასება არ მისცემია საარქივო ცნობებს.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-იმა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ეწინააღმდეგება მოწმეების ჩვენებებს. საქმეში არსებული საარქივო ცნობები ადასტურებენ თ. ნ-ის საკუთრების უფლებას 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რომელი მტკიცებულების შინაარსის და რომელი საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/145850 (10.12.2021წ.) წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს დოკუმენტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას და ვერ გამოდგება სასამართლოს არგუმენტის გასამყარებლად.

საკასაციო საჩივარში კასატორი ასევე შუამდგომლობს ლ. ნ-ის 2025 წლის 17 იანვრის №... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე განსახილველი საქმის შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობის საფუძვლად კასატორი მიუთითებს, რომ ლ. ნ-იმა მიმართა სარეგისტრაციო ორგანოს და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, მიწის ნაკვეთების მეორე ბლოკში მდებარე და მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, მიწის ნაკვეთზე საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტებით დადგინდება ამ ნაკვეთებზე ზედდების არსებობა, ვინაიდან განმცხადებლის მიერ ელექტრონული ნახაზის მომზადებისას, და არც საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ნაკვეთებს შორის ზედდება არ დაფიქსირებულა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნების წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2022 წლის 4 მაისს №... სარეგისტრაციო განცხადებით თ. ნ-იმა მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 2630 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებაზე მოძიებულ იქნა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 20 მაისის №39/25466 წერილი, რომლის თანახმად, სოფელ ...ის 1992 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით თ. გ.-ს ასულ ნ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 მიწის ფართობი.

2022 წლის 5 დეკემბერს ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი №..., რომლითაც ირკვევა, რომ აიზომა 2630 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც 2500 კვ.მ ფართობზე არსებობდა საარქივო ცნობა, ხოლო 130 კვ.მ-ზე, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი და დაექვემდებარა თვითნებურად დაკავებულის წესით აღიარებას.

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას, სიტუაციის ამსახველი ნახაზის (მომზადების თარიღი: 14.12.2022) თანახმად, დადგინდა ზედდება №... და №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის. №... და №... განცხადებებზე დაინტერესებული პირია თა. ნ-ი, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №39/125147 (16.12.2021) საარქივო ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/145850 (10.12.2021) წერილი)) თანახმად, ერიცხება 0.37 ჰა მიწის ფართობი. დადგენილად იქნა მიჩნეული №..., №... და №... განცხადებებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი დასტურდება იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამივე განცხადებაზე მიმდინარე წარმოებები შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთები არის სადავო, ხოლო ორივე მოდავე მხარეს უდასტურდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების იდენტურობა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების მიერ. ამდენად, მოთხოვნილ იქნა კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. საგულისხმოა, რომ დასახელებული კანონი არ ჩამოთვლის სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უქმნიდეს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის 373 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. ამავე ინსტრუქციის 377 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა დაუშვებელია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი არ არის დადასტურებული იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მიერ.

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თ. ნ-ის უფლებადამდგენ დოკუმენტად წარდგენილი აქვს „სოფელ ...ის 1992 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სია, რომლითაც თ. გ.-ს ასულ ნ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 მიწის ფართობი“. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის იდენტურობას და თ. ნ-ის მიერ მის ფლობას ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. ამასთან, მიუხედავად თ. ნ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობისა, საკუთრების უფლების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს თა. ნ-ი-ის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება და მის მიერ მოძიებული უფლებადამდგენი დოკუმენტები - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 16 დეკემბრის №39/125147 საარქივო ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 დეკემბრის №21-02-1/145850 წერილი, რომლის თანახმადაც, თ. ნ-ის ერიცხება 0.37 ჰა მიწის ფართობი. საყურადღებოა, რომ თ. ნ-ის მსგავსად, თა. ნ-ი-ის სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს უდასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთის სხვა მესაკუთრეები. ორივე მხარის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები აკონკრეტებენ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ზომას და არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას მისი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებში წარმოდგენილ საარქივო ცნობებზე, რომლებშიც ასახულია ინფორმაცია ნ-იების კომლის ქონების თაობაზე, კონკრეტულად, სსიპ კასპის ადგილობრივი არქივის 2021 წლის 19 ოქტომბრის №39/107623 წერილის თანახმად, კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ახალქალაქის სასოფლო საბჭოს აღმასკომის, სოფელ ...ის 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ა.-ს ძე ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. გ. ა.-ს ძე ნ-ი – ოჯახის უფროსი; 2. ნ. პ.-ს ასული ნ-ი - ცოლი; 3. ნ. გ.-ს ასული ნ-ი - ქალიშვილი (წასულია გათხოვების გამო); 4. თა. გ.-ს ასული ნ-ი – ქალიშვილი; 5. ლ. გ.-ს ასული ნ-ი – ქალიშვილი; 6. ე. გ.-ს ასული ნ-ი – ქალიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986-1990 წლების ჩანაწერებით 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-1991 წლების ჩანაწერებით 0.26 ჰა მიწის ფართობი. ახალქალაქის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილები არიან გ. ა.-ს ძე ნ-ი და ნ. პ.-ს ასული ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. გ. ა.-ს ძე ნ-ი - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა), 2. ნ. პ.-ს ასული ნ-ი - ცოლი, 3. თა. გ.-ს ასული ნ-ი - ქალიშვილი, 4. ლ. გ.-ს ასული ნ-ი, 5. ე. გ.-ს ასული ნ-ი – ქალიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-1999 წლების ჩანაწერებით 70 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 2000 წელში საცხოვრებელი სახლი და მიწის ფართობი მითითებული არ არის.

კასპის ადგილობრივი არქივის 2021 წლის 16 დეკემბრის №39/125146 წერილით კი ირკვევა, რომ იმავე წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ლ. გ.-ს ასული ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ლ. გ.-ს ასული ნ-ი - ოჯახის უფროსი, 2. ი. თ.-ის ძე ს-ი - ვაჟიშვილი, 3. ს. თ.-ის ასული ს-იი - ქალიშვილი, 4. ნ. პ.-ს ასული ნ-ი - დედა. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2005 წლის ჩანაწერით 300 კვ.მ საცხოვრებელი, მიწის ფართობი მითითებული არ არის. იმავე სიის ჩანაწერით ლ. გ.-ის ასული ნ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 1,49 მიწის ფართობი. იმავე სიაში ჩანაწერი გ. ა.-ს ძე ნ-ის, ნ. პ.-ს ასული ნ-ის, ნ. გ.-ს ასული ნ-ისა და ე. გ.-ს ასული ნ-ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ ...ის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიები და 2007 წლის დოკუმენტები არ შესულა დაცვაზე. სოფელ ...ის 1992 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით თა. გ.-ის ასულ ნ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 0,37 მიწის ფართობი. სოფელ ...ის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიები და 2007 წლის დოკუმენტები კი არ შესულა დაცვაზე კასპის ადგილობრივ არქივში.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების შეფასებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე იკვეთება როგორც თ. ნ-ის და თა. ნ-ის, ისე ლ. ნ-ის საკუთრების უფლება. საგულისხმოა, რომ მხარეთა განცხადებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ლ. ნ-იმა მიიღო მამის - გ. ნ-ის კომლის ქონება, რომელიც „ყვითელი ფენების“ მონაცემების მიხედვით, ლ. ნ-ის სახელზე დაფიქსირდა და ამასთან, ზედდებაში მოვიდა თ. ნ-ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებასთან. ამგვარ პირობებში კი, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ჩართული და მოწვეული არ ყოფილა ლ. ნ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონმდებლობით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რომელიც ზედდებაშია მესამე პირის - თა. ნ-ის სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან, დასადგენია გ. ნ-ის კომლის საკუთრების უფლების არსებობის საკითხი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლების ფარგლების, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და საზღვრების, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესწავლა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველყოფით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №681-681(კ-18); 13.12.2018წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამრიგად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (სუსგ №ას-266-253-2016; 14.06.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორის მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოება - ლ. ნ-ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავაზე, რის გამოც შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე 21.02.2025წ. №26034708419 საგადახდო დავალებით თ. ნ-ის (პ/ნ ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მასვე უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. თ. ნ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.02.2025წ. №26034708419 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. თ. ნ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე