Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-713(2კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), ა. ს-ე (მესამე პირი)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. კ-ემ 2023 წლის 25 აგვისტოს სარჩელით, ხოლო 2023 წლის 13 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო რეგისტრაციის ჟურნალში სარეგისტრაციო კოდით ... მესაკუთრის განყოფილების ჩანაწერში №3 ჩანაწერის ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №...-ში, ს/კ ... არსებული შენობა №6-ის (ავტოფარეხის) გ. კ-ეის სახელზე რეგისტრაციის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, ლ. ხ-ისა და მოსარჩელის მამკვიდრებელს - ლ. კ-ეს შორის არსებობდა სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლ. ხ-იმა იკისრა ვალდებულება, რომ არ მოახდენდა თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული ავტოფარეხის გასხვისებას და მისი გარდაცვალების შემდეგ ავტოფარეხი გადავიდოდა ლ. კ-ეის მემკვიდრეების საკუთრებაში. 2023 წელს მოსარჩელემ, როგორც ლ. კ-ეის მემკვიდრემ მოითხოვა ავტოფარეხის რეგისტრაცია საკუთარ სახელზე, თუმცა რეესტრმა წარმოება შეაჩერა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტოფარეხი უკანონოდ და ხარვეზით არის დარეგისტრირებული და შესაბამისად ითხოვს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ს-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა ა. ს-ეს (პ.ნ. ...) ქ. ქუთაისში, ა. ...ს ქუჩის №...-ში, ს/კ ..., შენობა №6-35.10 კვ.მ-ის გასხვისება, იპოთეკით და სამართლებრივად სხვაგვარად დატვირთვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო უძრავ ნივთზე ფიქსირდებოდა აქტიური მესაკუთრის უფლება (ა. ს-ე), რომელსაც ნასყიდობის ხელშეკრულებით ჰქონდა შეძენილი სადავო ავტოფარეხი, და ამასთან აღნიშნული ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია არ იყო ეჭვქვეშ დაყენებული და არც გაბათილებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არ გააჩნდა უფლებამოსილება მოსარჩელის მიერ მითითებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების (ვინაიდან ახალი მესაკუთრის არსებობის პირობებში ძველი მესაკუთრის მონაცემები ძალადაკარგულია) და მით უფრო გ. კ-ეის სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ ცნობის უფლებამოსილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდით ... რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ №3 ჩანაწერი ავტომანქანის სადგომის თაობაზე, კერძოდ - ,,ავტომანქანის სადგომი 4,50X7,80 მ2-ზე პ. ს-ეის საკუთრება“.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და მიუთითა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული სადავო ავტოსადგომი საერთო საკუთრების ნაკვეთში მდებარეობდა. ის აშენდა მოსარჩელის დედის - ლ. კ-ეის (მისი ოჯახის წევრთა) თანხმობით - საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთში. მისმა პირველმა მესაკუთრემ ივალდებულა არ გაესხვისებინა ის და მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცემოდა ლ. კ-ეს ან მისი ოჯახის წევრს, რა პირობაც იყო დამდგარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდა გამყიდველი ლ. ხ-ი და მყიდველი პ. ს-ეე. ნასყიდობის საგანი იყო მთელი საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს და ...ს ქ.№.../1. ნასყიდობის საგანი შედგებოდა 1 (ერთი) საცხოვრებელი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართი - 22,50 კვ.მ. დამხმარე ფართი 14,19 კვ.მ, სასარგებლო ფართი 37,14 კვ.მ განთავსებული საერთო სარგებლობის 950 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ ავტომანქანის სადგომი ზომით 4,50X7,80 მ2-ზე, რჩებოდა ლ. ხ-ის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის სადგომი ზომით 4,50X7,80 მ2-ზე არ იყო ნასყიდობის საგანი, საჯარო რეესტრმა ავტომანქანის სადგომი პ. ს-ეის საკუთრებად აღრიცხა საცხოვრებელ ფართთან ერთად - „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გარეშე. ამრიგად, პალატის შეფასებით, ვინაიდან არ არსებობდა სადავო ავტოსადგომზე პ. ს-ეის მიერ საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო რეგისტრაციის ჟურნალში (სააღრიცხვო ბარათში) სარეგისტრაციო კოდით ... მესაკუთრის განყოფილების ჩანაწერში №3 ჩანაწერი ავტოფარეხის პ. ს-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ იყო უკანონო და ამ ნაწილში ჩანაწერი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ა. ს-ემ.

ა. ს-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არღვევს მის საკუთრების უფლებას და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ქონება შეიძინა კანონიერი გზით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან, წინა მესაკუთრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულია მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციოდ წარდგენილია უფლების გადასვლის შესახებ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ საქმეზე კი დადასტურებულია, რომ ა. ს-ემ დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე შეიძინა საკუთრება და ეს დოკუმენტები დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია, გამოირიცხება მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა მისი, როგორც ლ. კ-ეის მემკვიდრის უფლების შესახებ სადავო ავტოფარეხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 1998 წლიდან 2011 წლის 6 აპრილამდე (მოსარჩელის დედის გარდაცვალების დრო), ხსენებული ავტოფარეხის მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტების საფუძველზე და არცერთი მესაკუთრის მიმართ მოსარჩელის დედას - ლ. კ-ეს სამართლებრივი პრეტენზია არ წარუდგენია არც ძველი მესაკუთრის, არც ახალი მესაკუთრეების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარში მითითებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნულია, რომ გ. კ-ეის სარეგისტრაციო განაცხადზე, რომლითაც ის ითხოვდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას და მისი როგორც მესაკუთრის უფლების აღრიცხვას, წარსადგენი იყო ა. ს-ეის თანხმობა №6 შენობის (ავტოფარეხის) ფაქტობრივ საკუთრებასთან დაკავშირებით, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩის №...-ში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მესამე გამოყოფილ ნაწილსა (საერთო ფართობი: 37.41 კვ.მ) და ავტოსადგომზე (შენობა №6 - 35.10 კვ.მ), 2019 წლის 24 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ა. ს-ეის საკუთრების უფლება. აქვე ეცნობა, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში სარეგისტრაციო წარმოებისთვის დამაბრკოლებელი გარემოების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. 2023 წლის 24 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე მუხლებსა და 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად გამოცხადება, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება, ხოლო მოცემულ საქმეზე რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტები სადავო არ არის და არ დასტურდება მათი მოჩვენებითი ხასიათი, შესაბამისად ა. ს-ეის სახელზე რეგისტრირებული მონაცემები შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორის მითითებით, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში მოსარჩელის მამკვიდრებელს არ გააჩნია კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტი და არსებობდა მხოლოდ შეთანხმება, რომლის თანახმად „ლ. ხ-ი არ მოახდენდა ავტოფარეხის გასხვისებას ნებისმიერი ფორმით“, აღნიშნულ შეთანხმებას მხარეთა სიცოცხლის პერიოდში და არც მათი გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით სათანადო სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია; კერძოდ, მოსარჩელის მამკვიდრებელს არ განუხორციელებია სათანადო ქმედება, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვებოდა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების თვალსაზრისით. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მამკვიდრებელს სადავო ავტოფარეხზე არ მოუპოვებია საკუთრების უფლება, აღნიშნული ვერ მოხვდებოდა მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე რიცხულ სამკვიდრო მასაში, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა არ მოიცავს სადავო ავტოფარეხს და მოსარჩელეს არ უდგინდება კანონიერი იურიდიული ინტერესი აქტის (სადავო რეგისტრაციის) ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა და უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაციის გაბათილება მოითხოვა 21 წლის გასვლის შემდეგ და იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ახალი მესაკუთრის უფლება ძალაში არსებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულება), რომელიც მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული არ არის, შესაბამისად მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით, ა. ს-ეის, ხოლო 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

„საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებასთან. ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, ,,...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ.Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, 2011, p.390).

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება სწორედ საკუთრების უფლების მოპოვებას უძრავ ქონებაზე, რომელიც ამ დროისათვის რეგისტრირებულია მესამე პირის საკუთრებად. ამრიგად, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლის 12 აპრილს, ნოტარიუსმა ლ. კ-ეის (მოსარჩელის დედა) და ლ. ხ-ის ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა მათ შორის შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, ლ. კ-ე, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, დათანხმდა, რომ ლ. ხ-იმა ქ. ქუთაისში ...ს ქუჩის №...-ში საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე ააშენებდა ავტოფარეხს. ლ. კ-ემ იკისრა ვალდებულება, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მხრიდან არ მოხდებოდა ავტოფარეხის მშენებლობის პროცესში რაიმე პრობლემების შექმნა და ხელს მოაწერდა ყველა დოკუმენტს, რაც საჭირო იქნებოდა მის ექსპლუატაციაში მისაღებად. ლ. ხ-იმა იკისრა ავტოფარეხი აშენებულიყო დამტკიცებული პროექტის მიხედვით. საკუთრებაში დარეგისტრირების შემდეგ, ის არ მოახდენდა ავტოფარეხის გასხვისებას ნებისმიერი ფორმით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდებოდა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №...-ში არსებული მისი საცხოვრებელი სახლის გაყიდვა ან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ლ. კ-ეს ან მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში.

2003 წლის 4 ივლისს, ლ. ხ-ის და პ. ს-ეეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ. ხ-იმა პ. ს-ეეს მიჰყიდა 1 ოთახი: საცხოვრებელი ფართით - 22,5 კვ.მ, დამხმარე ფართით - 14,91 კვ.მ. სასარგებლო ფართი - 37,41 კვ.მ განთავსებული საერთო სარგებლობის 950 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს და ...ს ქ. №.../1-ში. ნასყიდობის ხელშეკრულებით ავტომანქანის სადგომი ზომით 4,90X7,80 მ-ზე დარჩა ლ. ხ-ის საკუთრებად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2003 წლის 7 ივლისს, პ. ს-ეე დარეგისტრირდა საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით- 37,41 კვ.მ, ავტოსადგომი ფართით 4,90X7,80 მ-ზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს და ...ს ქ. №.../1, მესაკუთრედ. უძრავი ქონება კიდევ რამდენჯერმე გასხვისდა (ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანი, უკვე, სადავო ავტოსადგომიც იყო) და ბოლოს, მასზე, სადავო ავტოსადგომის ჩათვლით, ა. ს-ეის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად, ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩის №...-ში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე უძრავ ნივთზე, სახელდობრ, საცხოვრებელი სახლის მესამე გამოყოფილ ნაწილსა (საერთო ფართობი: 37,41 კვ.მ) და ავტოსადგომზე (შენობა №6 - 35.10 კვ.მ), 2019 წლის 24 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ა. ს-ეის საკუთრების უფლება.

ლ. კ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 6 აპრილს, მოსარჩელე გ. კ-ე მისი მემკვიდრეა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანის სადგომი ზომით 4,50X7,80 მ2-ზე არ იყო ნასყიდობის საგანი, საჯარო რეესტრმა პ. ს-ეის საკუთრებად აღრიცხა საცხოვრებელ ფართთან ერთად - „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გარეშე. შესაბამისად ცალსახაა, რომ არ არსებობდა სადავო ავტოსადგომზე პ. ს-ეის მიერ საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, სახელმწიფო რეგისტრაციის ჟურნალში (სააღრიცხვო ბარათში) სარეგისტრაციო კოდით ... მესაკუთრის განყოფილების ჩანაწერში №3 ჩანაწერი ავტოფარეხის პ. ს-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ უკანონოა და ამ ნაწილში ჩანაწერი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ლ. კ-ეის მამკვიდრებლის სარჩელის შესაბამისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორები დამატებით ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ა. ს-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ა. ს-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 24.06.2025წ. №972 საგადასახადო დავალებით ც. ს-ეის (პ/ნ...)მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ202238621) დაუბრუნდეს 30.06.2025წ №28949 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა