საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-772(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ჭ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ჭ-ემ 2024 წლის 31 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვის ცენტრის 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA12301362362, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 22 იანვრის №SSA62400066041 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა 2023 წლის 15 დეკემბრიდან.
სარჩელის მიხედვით, ზ. ჭ-ე 2001 წლის 26 ნოემბრიდან 2013 წლის 25 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... და №... საერთო რეჟიმის დაწესებულებებში სარეჟიმო განყოფილების ...ად. მანამდე, 1989 წლის 5 ივლისიდან 1991 წლის 25 დეკემბრამდე, გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამასთან, ქალაქ რუსთავის ... სამსახურში გააჩნდა 2 წლის, 5 თვისა და 9 დღის სამუშაო სტაჟი, შესაბამისად, წარმოადგენს კომპენსაციის მიმღებ პირს სტაჟის მიხედვით.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 26 ნოემბრის №5111 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. შემდგომში მოსარჩელემ კომპენსაციის დანიშვნის თხოვნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA12301362362 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა, რაც ადმინისტრაციული გასაჩივრების მიუხედავად დარჩა ძალაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA12301362362 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 22 იანვრის №SSA62400066041 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ზ. ჭ-ეს დაენიშნება და აუნაზღაურდება სახელმწიფო კომპენსაცია, წელთა ნამსახურების მიხედვით 2023 წლის 15 დეკემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ზ. ჭ-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში და ქ. რუსთავის ... სამსახურში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება, რის შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში მოსარჩელის წელთა ნამსახურობა (14 წელი, 05 თვე, 19 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (04 წელი, 05 თვე და 02 დღე) და ქ. რუსთავის ... სამსახურში ნამსახურობა (02 წელი, 05 თვე და 9 დღე) აღემატებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წელს, ამდენად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის ნამსახურები წლების გაანგარიშებაზე უარი არ შეესაბამებოდა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნებს და არსებობდა ზ. ჭ-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სერვისცენტრმა.
კასატორმა მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სერვის ცენტრმა განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან 2023 წლის 28 ნოემბრის 331403/01 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საიდანაც დადგინდა, რომ ზ. ჭ-ეს არ გააჩნდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონით განსაზღვრული ნამსახურობის 20 კალენდარული წელი, ხოლო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებიდან გამომდინარე, ვერ ჩაეთვლებოდა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის შეღავათიანი პერიოდი. ზ. ჭ-ეის კალენდარული სტაჟი პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხის მიხედვით შეადგენდა 14 წელს, 05 თვეს და 19 დღეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 20 ნოემბრის 3410434 წერილის თანახმად, ქ. რუსთავის ... სამსახურში მუშაობის სტაჟი იყო 02 წელი, 05 თვე და 09 დღე; სულ კალენდარულმა სტაჟმა შეადგინა 16 წელი, 10 თვე და 28 დღე, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ იყო საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
კასატორის განმარტებით, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა პირმა პირველ რიგში უნდა დააკმაყოფილოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წლის არსებობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის, უნდა მოხდეს საერთო წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის თუ შეღავათიანი გაანგარიშების გათვალისწინება.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და მიიჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას „ნამსახურობის“ 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშების მიზნებისთვის და ვინაიდან ზ. ჭ-ეს შეღავათიანი გაანგარიშების პერიოდის ჩათვლით მუშაობის სტაჟი აღემატებოდა 20 წელს, იქმნებოდა მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივ საფუძველი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) ცალსახად აწესებს იმ პირთა წრეს, რომელთაც შეუძლიათ დაწესებული კომპენსაციის უფლებით სარგებლობა და იგი ცალსახად ითვალისწინებს, რომ პირი უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ერთ წინაპირობას, კერძოდ, ჰქონდეს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებლის მოთხოვნას წარმოადგენს ნამსახურობის 20 კალენდარული წელი და არა საერთო ნამსახურობის წელი. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ცალკე გამოყოფს, რა მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული საერთო წელთა ნამსახურობა და რა შეიძლება ჩაეთვალოს პირს საერთო წელთა ნამსახურობაში. კერძოდ, საერთო წელთა ნამსახურობაში პირს შეღავათიანი პერიოდი შეიძლება ჩაეთვალოს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის. დასახელებული ნორმები არ ითვალისწინებს შეღავათიანი პერიოდის გამოყენებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსების შესაძლებლობას, არამედ აღნიშნული პერიოდები ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისთვის, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში გამოყენებული ტერმინი „საერთო წელთა ნამსახურობა“ და მე-6 პუნქტის დასაწყისში გამოყენებული ტერმინი - „კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის“. შესაბამისად, მითითებულ ნორმებში საუბარია ცალსახად საერთო წელთა ნამსახურობაზე და არა კალენდარულ ნამსახურობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. ჭ-ეის შეღავათიანი გაანგარიშება დაემატებოდა წელთა ნამსახურობას კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ, რის გამოც მოსარჩელე არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს (სულ კალენდარული სტაჟი: 16 წელი, 10 თვე და 28 დღე), არ ჰქონდა შესრულებული ნამსახურობის 20 კალენდარული წელი, შესაბამისად არ იკვეთებოდა სააგენტოს მხრიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ასევე, საყურადღებოა, რომ 2024 წლის 03 აპრილის კანონით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და მე-8 მუხლში დამატებულ იქნა მე-6 პრიმა პუნქტი, რომლის თანახმადაც „ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკრის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა) და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში“. აღნიშნული ჩანაწერით პირდაპირ განისაზღვრა შეღავათიანი გაანგარიშების მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის მიზნებისთვის გამოყენების ლეგიტიმურობა, რაც კიდევ უფრო ამყარებს სააგენტოს პოზიციას აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად მოსარჩელის მიჩნევის საკითხი და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების არსებობა/არარსებობის შეფასება მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან მიმართებაში. ამასთან, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპენსაციის ანაზღაურება 2023 წლის 15 დეკემბრიდან.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს ზ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვის ცენტრის უფროსის 2023 წლის 19 დეკემბრის №SSA12301362362 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ნამსახურები ჰქონდა 20 წელზე ნაკლები. მითითებული საფუძვლით ასევე არ დაკმაყოფილდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეადგენს 14 წელს, 05 თვეს - შეღავათიანი გაანგარიშება 04 წელი, 05 თვე და 02 დღე. (26.11.2001 წლიდან 25.11.2013 წლამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №214 დადგენილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 26 აგვისტოს №635 ბრძანების შესაბამისად, ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწადნახევრად ჩათვლის შემთხვევაში) (ს.ფ. 55); დადგენილია, რომ ზ. ჭ-ეის მიერ ქ. რუსთავის ... სამსახურში მუშაობის სტაჟი არის 02 წელი, 05 თვე და 19 დღე (ს. ფ. 52-54).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, ხანგრძლივი ან/და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობისას კომპენსაციის მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. „..მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას..“ (სუს 2020 წლის 26 თებერვლის Nბს-50(კ-20) განჩინება).
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში შედის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ცალკეულ პირობებს და შესაბამის ოდენობებს. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
საკასაციო პალატა ასევე, მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი ჩაეთვალათ წელიწადნახევრის ანგარიშით.
ამდენად, ზ. ჭ-ეისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება და თითოეული ნამსახურები წელი უნდა ჩაეთვალოს არა როგორც ერთი წელი, არამედ წელიწადნახევარი, რის შესაბამისად მოსარჩელის ნამსახურობა აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995წ. №214 დადგენილების 24-ე პუნქტი აღნიშნულ ნაწილში ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს (ანალოგიურ საკითხზე იხილეთ სუსგ საქმეზე №ბს-1287(კ-22), 20.02.2023წ; სუსგ საქმეზე №ბს-509(კ-21), 25.11.2021წ; სუსგ საქმეზე №ბს-416(2კ-21), 02.12.2021წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა