Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1011(კ-24) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.ჩ-ი ( ნო.ჩ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 19 ივლისს ნო.ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2022 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, მოსარჩელის სახელზე ამზომველ რ.თ-ის მიერ შესრულებული ნახაზის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის დასახლების №...-ში მდებარე 80,000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ნო.ჩ-ი არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს, უძრავი ქონება მას ერგო წინაპრებისგან - ბებია-ბაბუისგან და მამისგან, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბათუმის არქივის მიერ 2010 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობა ადასტურებს სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მისი ბაბუის - ჯ.ჩ-ის მართლზომიერ მფლობელობას. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძვლიანი და კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ნო.ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნო.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნო.ჩ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით ნო.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახელმწიფოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ გაფორმებულა ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი) ნო.ჩ-ისა თუ მისი წინაპრებისათვის სადავო უძრავი ქონების მუდმივ სარგებლობაში გადაცემის, მიყიდვის ან სხვა ფორმით განკარგვის თაობაზე. პალატამ, ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოთხოვილი და საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნო.ჩ-სა და მის წინაპრებზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების რაიმე ფორმით განკარგვა არ დასტურდება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების 2018 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 1 იანვარს. ადმინისტრაციული საჩივარი კი წარდგენილია 2022 წლის 9 მარტს, რის გამოც გასულია ზემოხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნო.ჩ-მა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში მოცემული არც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ნო.ჩ-ის 80,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერგო წინაპრებისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნო.ჩ-ის საკასაციო საჩივარი. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით №ბს-1011(კ-24) ადმინისტრაციულ საქმეზე კასატორის - ნო.ჩ-ის გარდაცვალების გამო, მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება, ხოლო ამავე პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და კასატორის - აწ გარდაცვლილი ნო.ჩ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო ნო.ჩ-ის შვილი - ნ.ჩ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნო.ჩ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის - ნ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ივლისს ნო.ჩ-მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 160 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა შპს „... “-ის მიერ 2017 წლის 30 მაისს შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სამკვიდრო მოწმობის ასლი (სანოტარო მოქმედების ნომერი: ..., თარიღი: 17.05.2018 წ. ნოტარიუსი: ნ.ფ-ა).

დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ივლისს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ №... წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, გარდაცვალების მოწმობებში მითითებული პირების (№... ჯ.ჩ-ი, №... ს.ჩ-ი) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო სამსახურისადმი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №77/220671 წერილით ირკვევა, რომ ჯ.ჩ-ი დაბადებულია … წელს, მისი გარდაცვალების თარიღია 01.01.1944წ., ს.ჩ-ი დაბადებულია ... ... ...წ., გარდაცვალების თარიღია 20.03.1979წ..

2018 წლის 24 აგვისტოს, აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ №366573 წერილით ხელვაჩაურის არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში, მოქ. ს.ჩ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხელვაჩაურის არქივის 2018 წლის 27 აგვისტოს №01-20/1411 მიმართვის თანახმად, "ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში ს.ჩ-ის კომლი არ გავიდა". 2018 წლის 27 აგვისტოს, საჯარო რეესტრს ასევე წარედგინა შემოსავლების სამსახურის №... მიმართვა, რომლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში - 2005–2007 წლის 20 სექტემბრამდე მოქ. ს.ჩ-ი არ ფიქსირდება.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ხელვაჩაურის არქივიდან კვლავ გამოითხოვა ინფორმაცია ჯ.ჩ-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. 2018 წლის 6 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ხელვაჩაურის არქივის №01-20/1453 მიმართვა, რომლის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში ჯ.ჩ-ი, როგორც კომლის წევრად ან/და კომლის უფროსად, არ ირიცხება. იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნული თემის საკომლო წიგნებში გადის ჯემალ დურსუნის ძე ჩავლეიშვილი და არა ჩალოღლი.

2018 წლის 23 ოქტომბერს, აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დადგენილია, რომ ნო.ჩ-ის განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №790 განკარგულების თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი; მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვს ნებისმიერ პირს, მიწის ნაკვეთს არ გააჩნია ფიქსირებული საზღვრები, მასზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა; ამასთან, მითითებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. ვინაიდან სახეზე არ იყო არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც კომისიის მიერ შესაძლებელია გამოყენებულიყო დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადგენად, ნო.ჩ-ის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №790 განკარგულებით უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 160,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 31 დეკემბერს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას არ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნო.ჩ-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.

დადგენილია, რომ 2022 წლის 9 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნო.ჩ-მა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 მარტის №... გადაწყვეტილებით ნო.ჩ-ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს №... გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის წესი და ვადები და მიეთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2018 წლის 31 დეკემბერს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 1 იანვარს, ხოლო საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა 2022 წლის 9 მარტს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანომ მიიჩნია, რომ გასული იყო №... გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. დასახელებული კოდექსის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის -www.... შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კონკრეტულ ვადას, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა დასახელებული ვადის გაშვების შემთხვევაში გამორიცხავს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესაძლებლობას, სახელდობრ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, 2018 წლის 2 ივლისის №... განცხადების მიღების ბარათით დასტურდება, რომ დაინტერესებულ პირს ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (www...) მოძიების შესაძლებლობის თაობაზე. საგულისხმოა, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www... 2018 წლის 31 დეკემბრის გამოქვეყნდა, შეიცავდა მისი გასაჩივრების ვადასა და წესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

განსახილველ შემთხვევაში, რადგან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნდა და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური რეგულაციით დაწესებული გასაჩივრების ვადის 30-დღიანი ათვლა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, მარეგისტრირებელ ორგანოში ნო.ჩ-ის 2022 წლის 9 მარტის საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული საჩივრის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენასთან, ასევე, აღნიშნული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით.

საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ კანონმდებლობა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ ასახელებს მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის - უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო დოკუმენტის ჩამონათვალს ასევე განსაზღვრავს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მიწის მართლზომიერი მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა („ი“ ქვეპუნქტი). დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი კი, ჩამოთვლის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხას, კერძოდ, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ გაფორმებულა ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი) ნო.ჩ-სა თუ მის წინაპრებთან სადავო უძრავი ქონების მუდმივ სარგებლობაში გადაცემის, მიყიდვის ან სხვა ფორმით განკარგვის თაობაზე. საყურადღებოა, რომ ნო.ჩ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საარქივო ცნობაში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებს. ამ პერიოდისათვის დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ.ჩ-ის და ფ.ჩ-ის გააჩნდათ მიწისმფლობელობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, 1931 წლის მასალებით დადგენილი მიწისმფლობელობის დოკუმენტი არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოშობდა. 1931 წლის ინფორმაციის შემცველი საარქივო ცნობით შეუძლებელია მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მხარის მართლზომიერი მფლობელობის ან/და საკუთრების უფლების დადასტურება. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ნო.ჩ-ის ან/და მისი წინაპრების სასარგებლოდ რაიმე ფორმით განკარგვა არ დასტურდება.

ამდენად, მოსარჩელის მხრიდან საკუთრების რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით სავალდებულოდ განსაზღვრული დოკუმენტის არქონის პირობებში, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე 13.08.2024წ. №... საგადახდო დავალებით ა.ა-ის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა.ა-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჩ-ის (ნო.ჩ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. ა.ა-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.08.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე