Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-190(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)–ს. ბ-

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა;

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - წალკის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები(მოპასუხეები) - თ. ს-ე, ო. ხ-ე, ა. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - ი. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 24 ივნისს ს. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მესამე პირების - თ. ს-ის, ო. ხ-ის, ა. ხ-ის მიმართ. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპაუხეებად ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობა, წალკის მუნიციპალიტეტის მერია, თ. ს-ის, ო. ხ-ის და ა. ხ-ე.

მოსარჩელის განმარტებით, წალკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ფ. ბ-ის კომლს. კომლის წევრებად ირიცხებოდნენ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ე. ბ-ა და მათი შვილი ს. ბ-ი (მოსარჩელე, ამჟამად ბ-ი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1934 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და 0,28ჰა მიწის ნაკვეთი 1986-1996 წლების მდგომარეობით. 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 22.09.1992 წლის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობებისა და კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას წარმოადგენდა გახდა კომლის წევრების თანასაკუთრება. ბუდაგოვებს უარი არ უთქვამთ თავიანთ საკუთრებაზე საამისოდ გათვალისწინებული წესით და არც ნება გამოუხატავთ უძრავი ნივთის ს/კ ..., ახალი კოდით - ... განკარგვაზე. სახლს ყურადღებას აქცევდნენ მოსარჩელის ნათესავები. ი. გ-ს არავითარი კავშირი გააჩნდა ამ სახლთან და სოფელთან, იგი ცხოვრობდა თბილისში. შესაბამისად, მასზე დაცული ტექბიუროს ჩანაწერიც ყალბია. ი. გ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ბათილია, რადგან იგი არ წარმოადგენდა ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: 1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2.12.2004წ. N474 და N475 ცნობები, ასევე ტექბიუროს მიერ ი. გ-ის სახელზე დამზადებული ტექნიკური პასპორტი; 2. წალკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის ფართით 800 კვმ, ს/კ ... (იგივე ...ა) ი. გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის (რეგისტ. N...) გადაწყვეტილება; 3. "შემსყიდველსა" და "მიმწოდებელს" ი. გ-ს შორის ქონების საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 21.09.2004 წლის N386 ბრძანება; 4. "შემსყიდველ" ლტოლვილთა სამინისტროსა და ი. გ-ს შორის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ 10.12.2004 წლის N1-2024 ნასყიდობის ხელშეკრულება; 5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N384 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში უძრავი ქონების, მდებარე წალკის რაიონის სოფელი ...ი ფართით 805 კვ.მ. ს/კ ..., პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ; 6. ლტოლვილთა სამინისტროსა და მოქალაქეებს ა. ხ-ეს, თ. ს-ესა და ო. ხ-ეს შორის სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ 31.03.2016 წლის N20.16-779- 0073 ნასყიდობის ხელშეკრულება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხედ ნაცვლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსი განისაზღვრა სსიპ დევნილთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თეთრიწყაროს რაიონული სასასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ბ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ს. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წალკის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებზე, რომლის თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ბ- ... ..., კომლში ირიცხებიან ე. ბ-ა - ცოლი და ს. ბ- ... ... - შვილი., კომლს 1983-85 წელს ერიცხება 1934 წელს აგებული 40 კვ.მ. სახლი და 1983-1985 წლებში 0,28 ჰა მიწის ფართობი. წალკის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ბ- ... ... (გადახაზუალია, ამოწერილია); კომლში ირიცხებიან ე. ბ-ა - ცოლი (გადახაზუალია, ამოწერილია); ს. ბ-ი ... ... - შვილი (გადახაზუალია, ამოწერილია). კომლს 1986-1987 წლებში ერიცხება 1934 წელს აგებული სახლი 70 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 65 კვ.მ, 1988-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება, 1986-1990 წლებში 0,28 ჰა მიწის ფართობი, 1991-1996 წლებში ინფორმაცია არ ფიქსირდება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-14 მუხლის 31-ე პუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მე-40 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისთვის საკომლო წიგნებში გაკეთებული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ამ პირთა კომლიდან გასვლას, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლება აღარ რეგისტრირდება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საარქივო ცნობაზეც და მასზე დართულ დოკუმენტაციაზეც კომლის წევრებად დასახელებული პირები კომლის უფროსი პ. ბ- ... ..., ე. ბ-ა ... ..., ს. ბ- ... ... მოხსენიებულნი არიან სტატუსით გადახაზულია, ამოწერილი, შესაბამისად, აღნიშნული მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად ვერ მიიჩნევა და არ ადასტურებს მის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 8.12.2004წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად წალკაში, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ი. გ-ი. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია - 19.10.2004წ. N641 ტექსპასპორტი და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 02.12.2004წ. N474 და N475 ცნობები. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ი. გ-მა საკუთრების უფლება არასწორი ან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოიპოვა. მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება ი. გ-ის არაუფლებამოსილ პირად ჩათვლასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი ნოტარიულად დამოწმებული, კანონიერ ძალაში მყოფი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. გ-ის შემდეგ, სადავო უძრავ ქონებას ჯერ ფლობდა სახელმწიფო, ხოლო 2016 წლის 31 მარტის N2016-779-0073 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასხვისებულია და აღრიცხულია არჩილ და ოთარი ხინიკაძეებისა და თ. ს-ის თანასაკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდებოდა სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი ინტერესი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის და მითუფრო არ დასტურდება ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლების ნაკლი სადავო ქონებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბერის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ბ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ბუგადოვების კომლის მიერ სადავო უძრავი ნივთის მიტოვების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით საკუთრების უფლება მიანიჭა ი. გ-ს იმ პირობებში, როდესაც წალკის რაიონის, სოფელ ...ში ამ უკანასკნელის კომლი არც არსებობდა. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ბუგადოვების საცხოვრებელი სახლი 2004 წლიდან უკანონოდ აღირიცხა ი. გ-ზე, ხოლო მოგვიანებთ არაუფლებამოსილ პირთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა სახელმწიფო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის განმხილველი მოსამართლის - ნუგზარ სხირტლაძის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს, კანონით დადგენილი წესით საქმე გადაეწერა მოსამართლე- მაია ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს: 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2.12.2004 წელს გაცემული დოკუმენტების - N474 და N475 ცნობების, ასევე ტექბიუროს მიერ ი. გ-ის სახელზე დამზადებული ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა, 2. წალკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... უძრავი ნივთის ი. გ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 21.09.2004 წ. N386 ბრძანების ბათილად ცნობა "შემსყიდველსა" და "მიმწოდებელს" ი. გ-ს შორის ქონების საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში; 4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ი. გ-ს შორის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ 10.12.2004წ. N1-2024 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N384 განკარგულების ბათილად ცნობა სახელმწიფო საკუთრებაში უძრავი ქონების, წალკის რაიონის სოფელი ...ი (ფართით 805 კვ.მ. ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ; 6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოქალაქეებს ა. ხ-ეს, თ. ს-ესა და ო. ხ-ეს შორის წალკის რაიონის სოფელ ...ში ს/კ ... - უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ 31.03.2016წ. ნასყიდობის N20.16-779-0073 ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება მოსარჩელე მხარის მტკიცებას მასზედ, რომ წალკის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კს/კ ...) წარმოადგენს იმ კომლის საკუთრებაა, რომლის ერთ-ერთი წევრი თავად იყო. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების თავდაპირველად ი. გ-ის საკუთრებად აღრიცხვა, ხოლო შემდგომ საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ პირებზე განკარგვა უკანონოა.

21.02.2019წ. NAA2019002886-05 საარქივო ცნობის თანახმად, წალკის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის 1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ბ- ... .... კომლში ირიცხებიან ე. ბ-ა ფ. ას-ცოლი და ს. ბ- ... ... - შვილი., კომლს 1980 წელს ერიცხება 1934 წელს აგებული 40 კვ.მ. სახლი, (1981-1982 წლებში ინფ. არ ფიქსირდება) და 1980-1982 წლებში 0,28 ჰა მიწის ფართობი. წალკის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ბ- ... ..., კომლში ირიცხებიან ე. ბ-ა - ცოლი და ს. ბ- ... ... - შვილი., კომლს 1983-85 წელს ერიცხება 1934 წელს აგებული 40 კვ.მ. სახლი და 1983-1985 წლებში 0,28 ჰა მიწის ფართობი. წალკის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს ს. ...ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ბ- ... ... (გადახაზუალია, ამოწერილია); კომლში ირიცხებიან ე. ბ-ა - ცოლი (გადახაზუალია, ამოწერილია); ს. ბ-ი ... ... - შვილი (გადახაზუალია, ამოწერილია). კომლს 1986-1987 წლებში ერიცხება 1934 წელს აგებული სახლი 70 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 65 კვ.მ, 1988-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება, 1986-1990 წლებში 0,28 ჰა მიწის ფართობი, 1991-1996 წლებში ინფორმაცია არ ფიქსირდება.

დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად ყურადღება გაამახვილოს ზოგადად კომლზე, მის წევრობასა და ქონებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება - მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ. საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლოსამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც და მასზე გავრცელდა სანივთო სამართლებრივი ნორმები, რაც მოქმედებდა იმ დროისათვის ან მიღებულ იქნა შემდგომში. შესაბამისად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა თანასაკუთრებას, კომლის ქონება ჩაითვალა იმ პირთა თანასაკუთრებად, რომლებიც მითითებული ნორმატიული აქტების მიღებამდე რეგისტრირებული იყვნენ ამ კომლის წევრებად (იხ. საქმე Nას-139-132-10, 10 ივნისი, 2010 წელი).

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ საქმე Nას-211-203-2013, 03 ივნისი, 2013 წელი; Nას-464-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცმების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული, "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. მსგავსს დანაწესს შეიცავდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი.

სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას საკომლო წიგნის ჩანაწერები წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კომლთან სამართლებრივი კავშირისა თუ რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ. სუსგ საქმე Nას-7-2019, 11 ივნისი, 2020 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, საარქივო ცნობაზეც და მასზე დართულ დოკუმენტაციაზეც კომლის წევრებად დასახელებული პირების - კომლის უფროსი პ. ბ- ... ..., ე. ბ-ა ... ..., ს. ბ- ..., მიმართ არსებობს ჩანაწერი გადახაზულია, ამოწერილია. ამდენად, ვინაიდან, საკოლმეურნეო კომლების გაუქმების მომენტისათვის ფ. ბ-ის კომლში არცერთი წევრი არ ირიცხებოდა, შესაბამისად რეფორმის დროს მათზე არც საკუთრების უფლების გადასვლა არ მომხდარა. ამდენად, საკომლო წიგნის ჩანაწერები ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად და არ ადასტურებს მის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე.

რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების ი. გ-ის საკუთრებად აღრიცხვსს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 8.12.2004წ. სააღრიცხვო ბარათის თანახმად, წალკაში, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ი. გ-ი. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია 19.10.2004წ. N641 ტექპასპორტი და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2.12.2004წ. N474 და N475 ცნობები. ტექბიუროს ჩანაწერის მიხედვით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შემდგომი მესაკუთრე გახდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ი. გ-თან დადებული 9.12.2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მარტოოდენ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი მითითება ი. გ-ის არაუფლებამოსილ პირად ჩათვლასთან დაკავშირებით, არ არის განკუთვნადი მტკიცებულება ნოტარიულად დამოწმებული, კანონიერ ძალაში მყოფი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 31 მარტის N2016-779-0073 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასხვისებულია და აღრიცხულია თ. ს-ის, არჩილ და ოთარი ხინიკაძეების თანასაკუთრებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა. არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტი ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის გამსხვისებელს, ანუ იმ პირს, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება. ამდენად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დადასტურდა სადავო უძრავ ქონებაზე თავდაპირველი რეგისტრაციისა და ი. გ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტების უკანონობა, ასევე ი. გ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერი დაინტერესება ან იმ ფაქტის ცოდნა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება არც ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის დღევანდელი მესაკუთრეები არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან ან მათთან დადებული გარიგება უფლების ხარვეზითაა ნაწარმოები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ქ-ეს ს. ბ-ს საკასაციო საჩივარზე 11.03.2024წ. №20929936614 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ქ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი -210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. ლ. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. ბ-ს საკასაციო საჩივარზე 11.03.2024წ. №20929936614 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა