Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-153(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა. გ-ი (კანონიერი წარმომადგენელი თ. ო-ი)

მოწინააღმდეგე მხარე (მომასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 25 მარტს ა. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ - თ. ო-იმა მიმართა თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

თ. ო-ი განმარტებით, 2020 წლის 2 ნოემბერს მან, როგორც ა. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას და ,,დევნილთა საცხოვრებლითუზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით; თუმცა, კომისიამ 2021 წლის 24 სექტემბერს განიხილა და ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ განაცხადში შეყვანილი დევნილის სტატუსის მქონე შვილი დაკმაყოფილებულია დამავალი შტოთი. თ. ო-ი მოითითებს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა. გ-ი, როგორც დევნილის შვილი დააკმაყოფილებულია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით ან თანხით.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე 2022 წლის 29 აპრილის #03-2229/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კერძო საკუთტრბაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე ა. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის, თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე 2022 წლის 29 აპრილის #03-2229/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. გ-ის მოთხოვნის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის თ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული №01196085871 დაბადების მოწმობის თანახმად, ა. გ-ის დაბადების თარიღია - ... წელი. მშობლები: მამა - ლ. გ-ი, დედა - თ. ო-ი. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული №01157022761 გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ლ. გ-ის გარდაცვალების თარიღია - 2015 წლის 21 ივნისი.

ასევე, დადგენილი, რომ 2012 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (გამყიდველი) და ლ. გ-ის (მყიდველი) შორის, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება ...ში, ...ს სასტუმრო, ...ს ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებაზე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება მისთვის გადაცემულ ქონებაში თ. ო-ისა და ნ. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, თ. ო-იმა შვილთან, ა. გ-ითან, ერთად №58704 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მოთხოვნით. კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2020 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 1,50 ქულით (1,50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე). განაცხადი გააკეთებულია არადევნილი თ. ო-ის მიერ, დევნილ შვილთან - ა. გ-ითან ერთად. 10.09.2021წლის მონიტორინგის ოქმის თანახმად, ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: თ. ო-ი, შვილი - ა. გ-ი (5 წლის), შვილი - ნ. გ-ი (9 წლის). მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 2016 წლიდან, სიძის - თ. შ-ის სახლში, 2010 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ...ში, ...ს ქუჩაზე, ქირით. მეუღლე - ლ. გ-ი გარდაიცვალა 2015 წელს. მისი მეუღლე და უფროსი შვილი - ნ. გ-ი, მეუღლის გარდაცვალებამდე დაკმაყოფილებულები არიან საცხოვრებელი ფართით.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თ. ო-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, განაცხადში შეყვანილი დევნილის სტატუსის მქონე შვილი დაკმაყოფილებულია დამავალი შტოთი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №03-2229/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №61), გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, თ. ო-ის ოჯახს, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, ლ. გ-ის დევნილი ოჯახი (სარეგისტრაციო №...) უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა 5.09.2012 წელს, ხოლო მოსარჩელე დაიბადა ...წელს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 13.4. მუხლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ განსახილგველ შემთხვევაში ლ. გ-ის დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით და სახელმწიფოს მოხსნილი აქვს ვალდებულება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებაზე მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, თ. ო-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და განმარტავს, რომ ლ. გ-იმა სახელმწიფოსგან მიღებული ქონება 2012 წელსვე დაკარგა, ხოლო მოსარჩელე დაიბადა ... წელს და პრაქტიკულად, მისი, როგორც დევნილის კომპენსირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა შესახებ კანონს 231 დაემატა სადავო აქტის გამოცემის შემდგომ და მიუთითებს, რომ ნორმას არ შეიძლება ჰქონდეს უკუძალა ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლი თ. ო-ი) საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლი თ. ო-ი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორედ გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის #03-2229/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე ა. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ასევე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე არის დევნილი, დაბადებული ... წლის ...ს; ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მამის - ლ. გ-ის დევნილი ოჯახის (სარეგისტრაციო №...) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა 2012 წლის 5 სექტემებერს; მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. გ-ის დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით და სახელმწიფოს მოხსნილი აქვს ვალდებულება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებაზე მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის 23-ე პრიმა მუხლის უკუძალასთან დაკავშირებით; სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ასევე არეგულირებდა საცხოვრისით უკვე დაკმაყოფილებულ დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების გამორიცხვის საკითხს; კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილით, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია შეიცავდა შემდეგ დანაწესს: ,,თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე’’.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს ზემოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად, თუმცა, მეორე მხრივ, საგულისხმოა საჯარო ინტერესი ადმინისტრაციული რესურსის გონივრულ გამოყენებასთან მიმართებით; რამეთუ, საცხოვრისით უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების განმეორებითი დაკმაყოფილების შემთხვევაში თავად დევნილი ოჯახები აღმოჩნდებიან არათანაბარ პირობებში და გაჩნდება განცდა სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობისა;

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლი თ. ო-ი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა