საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-267(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ა. გ-ე, მ. გ-ე, ნ. ბ-ე, ქ. გ-ე, შ. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 22 მაისს ვ. გ-იმა სარჩელით და შემდგომ დაზუსტებული სარჩელით (14.07.2023 წელი და 31.07.2023 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე განახლდეს 2022 წლის 17 იანვრის წარმოება (ს/კ №...) და მიწის ნაკვეთი დაკორექტირდეს იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ეს მიეკუთვნა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც დგას ვ. გ-ის სახლის ნაწილი. კერძოდ, ა. გ-ეისთვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს გამოეყოს მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც განთავსებულია ვ. გ-ის სახლი (რომელზეც დგას ვ. გ-ის სახლი, უნდა აღირიცხოს ვ. გ-ის სახელზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, ვ. გ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ე, მ. გ-ე, ნ. ბ-ე, ქ. გ-ე და შ. გ-ე.
საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვ. გ-ის წარმომადგენლის, საჯარო რეესტრისა და მესამე პირების წარმომადგენლების განმარტებებზე და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი და თავდაპირველად ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გააუქმა კიდეც 2022 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება, თუმცა ხელახალი წარმოების ფარგლებში საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენდა ა. გ-ეისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებას, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალაში დატოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული №... (06.12.2022) გადაწყვეტილება და მოსარჩელე ვ. გ-ის უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრება უტყუარად დადასტურებულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №AA2012029968-03 (05.09.2012) საარქივო ცნობით, 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №112 აქტით, ადგილზე დათვალიერების ოქმითა და არაერთი მოწმის ჩვენებით. ასევე საყურადღებოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო მოშენება (კონსტრუქცია) აშენებულია 1991 წელს და მესამე პირებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ეს მოშენება გადმოსულია მათ საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 29-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების წესები. მიუთითა, რომ ადგილი არ აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით ან კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატის მსჯელობით, საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
კასატორის მსჯელობით, სადავო აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ა. გ-ემ თანასაკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 720 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის რაიონის სოფელ ...ში ს/კ .... კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი (მიშენება) წარმოადგენს მის საკარმიდამო ნაკვეთს. მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ა. გ-ეის სახელზე რეგისტრაცია სადავო გახადა 2022 წლის 29 ივნისის №... ადმინისტრაციული საჩივრით. საჩივარზე რეაგირების ფარგლებში, 2022 წლის 31 აგვისტოს ადგილზე გამოცხადდა საველე ჯგუფი, თუმცა რეესტრის წარმომადგენლებმა ობიექტური ჭეშმარიტებისა და მიზანშეწონილობის დადგენის ნაცვლად, ფაქტისა და გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის გარეშე, ა. გ-ეის მითითებით იხელმძღვანელეს. მისივე მსჯელობით, მიწის აზომვისას, ა. გ-ეისათვის ასაზომ მიწის ფართში იქნა მოქცეული მისი კუთვნილი სახლი.
კასატორის მსჯელობით, მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა რეგისტრაცია გაცემულია 1995 წელს, ხოლო მიშენება განხორციელდა 1991 წელს. ერთის მხრივ დასტურდება, რომ 1991 წელს უკვე არსებობდა მიშენება, მეორე მხრივ კი 1995 წელს გაცემული მიღება - ჩაბარების აქტი მოიცავს 1991 წლის ფაქტობრივ მდგომარეობას, რაც მისივე მსჯელობით ლახავს მის უფლებას, ვინაიდან მიშენება და მიშენების ქვეშ არსებული მიწა წარმოადგენს მის საკუთრებას. ამასთან აფიქსირებს, რომ არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს მიშენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მისივე მიწის სხვა მიწის ნაკვეთიდან. მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით არსებული რეგისტრაცია ხელს უშლის თავად მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლისა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის უფლების განხორციელებაში. სწორედ მესამე პირების ნაკვეთთან ზედდების გამო, დღემდე არ არის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საკუთარი შენობა - ნაგებობები. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 720 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 05 სექტემბრის №AA2012029968-03 საარქივო ცნობისა და 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №112 აქტის საფუძველზე, დარეგისტრირდა ა. გ-ეის, მ. გ-ეის, ნ. ბ-ეის, ქ. გ-ეის და შ. გ-ეის თანასაკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. გ-იმა №162555/17 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ასევე შენობა - ნაგებობას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და აღდგა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შესწავლა, ამ მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება, სარეგისტრაციო წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.
დადგენილია, რომ განახლებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2022 წლის 8 სექტემბერს ჩატარდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმში მითითებულია, რომ ნაკვეთი უმეტესად ფიქსირებულ საზღვრებშია მოქცეული და აქვს ზედდება მიმდინარე ნაკვეთთან, რომელთანაც აქვს დავა. ნაკვეთის დათვალიერებას ესწრებოდა დაინტერესებული პირი, იმავე ბლოკის სამი მეზობელი და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც ადასტურებენ ნაკვეთის იდენტურობას მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ასევე ადასტურებენ ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას. მათი განცხადებით ნაკვეთი ეკუთვნის ა. გ-ეის ოჯახს, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ. დათვალიერების ფარგლებში აიზომა მიწის ნაკვეთიც და მისმა ფართობმა შეადგინა 720 კვ.მ. ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები: ს. გ-ე (პირადი ნომერი ...), რ. გ-ე (პირადი ნომერი ...) და გ. გ-ე (პირადი ნომერი ...).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით 720 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. გ-ეის (პირადი ნომერი ...) და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება, რაც კვლავ გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, ასევე თანმდევი მოთხოვნის - წარმობის განახლების, (ს/კ №...) მიწის ნაკვეთის დაკორექტირების (იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ეს მიეკუთვნა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი) და მიწის ნაკვეთის ვ. გ-ის სახელზე აღრიცხვის დავალების საფუძვლიანობა.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს საარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რაც შეეხება მუხლის „თ“ პუნქტს კანონმდებელმა მიუთითა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მხარეთა მიერ გაჟღერებულ შემდეგ პოზიციებზე, კერძოდ, ვ. გ-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მესამე პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კვადრატულ რაოდენობას სადავოდ არ ხდიან. არამედ პრეტენზია აქვს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრმა ისე მიიღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის ა. გ-ეისა და მისი ოჯახის თანასაკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, რომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვ. გ-ის საცხოვრებელი სახლის მცირე ნაწილი გადმოსული იყო ამ სადავო მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გარემოება გამოკვეთილი იყო ადგილზე დათვალიერების დროს, რა დროსაც ჩატარდა აზომვებიც, თუმცა არ მოხდა მისი მხედველობაში მიღება. მისივე განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ რამდენ კვადრატშია ზედდება მესამე პირთა ქონებას შორის. რაც შეეხება რეესტრის წარმომადგენლის პოზიციას, ვ. გ-ის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე არ აქვს დარეგისტრირებული საკუთრებაში. მესამე პირმა კი განმარტა, რომ ვ. გ-ის სახლის ძირითადი ნაწილი აშენებულია 1974 წელს. იგი იყო ორი ძმის ვ. გ-ის მეუღლის გ. გ-ეის და თ. გ-ეის საკუთრება. 1991 წელს მის ოჯახს სთხოვეს თანხმობის გაცემა მასზედ, რომ მოაშენებდნენ 1 ოთახს, რომელიც გადმოვიდოდა მათ მიწის ნაკვეთზე. მისი ოჯახი თავიდან წინააღმდეგი იყო, ხოლო შემდეგ დასთანხმდნენ იმ პირობით, რომ მოშენება არ შეეხებოდა მათ მიწის ნაკვეთს და მართლაც, კონსტრუქცია დგას ხიმინჯებზე და კავშირი არ აქვს მათ მიწის ნაკვეთთან. მესამე პირის განმარტებით, მისი ოჯახი არც ამჟამად აცხადებს პრეტენზიას არსებულ კონსტრუქციის იმ ნაწილზე, რომელიც მათ საკუთრებაშია გადმოსული და არ მოითხოვს მის დემონტაჟს.
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, განახლებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2022 წლის 8 სექტემბერს ჩატარდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმში მითითებულია, რომ ნაკვეთი უმეტესად ფიქსირებულ საზღვრებშია მოქცეული და აქვს ზედდება მიმდინარე ნაკვეთთან, რომელთანაც აქვს დავა. ნაკვეთის დათვალიერებას ესწრებოდა დაინტერესებული პირი, იმავე ბლოკის სამი მეზობელი და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც ადასტურებენ ნაკვეთის იდენტურობას მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ასევე ადასტურებენ ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას. მათი განცხადებით ნაკვეთი ეკუთვნის ა. გ-ეის ოჯახს, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ. დათვალიერების ფარგლებში აიზომა მიწის ნაკვეთიც და მისმა ფართობმა შეადგინა 720 კვ.მ. ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 373 მუხლის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
საკასაციო პალატა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო მმართველობის განხორციელება ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის და რეალაქტის სამართლებრივი შედეგის გაუქმების საფუძველია.
პალატა, აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).
განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრება დადასტურებულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 5 სექტემბრის №AA2012029968-03 საარქივო ცნობით, 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №112 აქტით, ადგილზე დათვალიერების ოქმითა და არაერთი მოწმის ჩვენებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ყურადღება გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ სადავო მოშენება (კონსტრუქცია) აშენებულია 1991 წელს და მესამე პირებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ეს მოშენება გადასულია მათ საკუთრებაში. მეტიც, მესამე პირთა განმარტებით, მათ ვ. გ-ის ოჯახს დართეს აღნიშნულის ნებაც, თუმცა იმ პირობით, რომ კონსტრუქცია მათ ნაკვეთს არ შეეხებოდა. კონსტრუქციაც აშენდა იმგვარად, რომ იგი არ არის დაკავშირებული სადავო მიწის ნაკვეთთან. ამასთან, მესამე პირები არც ამჟამად აცხადებენ პრეტენზიას და არ მოითხოვენ კონსტრუქციის იმ ნაწილის დემონტაჟს, რომელიც მათ ნაკვეთშია გადასული.
საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი ა. გ-ეის და სხვათა (თანამესაკუთრეები) უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის (სადავო ნაწილი) გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე