Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე#ბს-236(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 4 აგვისტოს ც. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა #19/0119602630-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.04.2018 წლის #... დადგენილებისა და 19.07.2019 წლის #... დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის წარმოება მიმდინარეობდა კანონდარღვევით, ვინაიდან 2019 წლის 17 სექტემბერს, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე გახდა მისთვის ცნობილი 19.07.2019 წლის #797 ბრძანების არსებობის შესახებ, რამეთუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელეს არ ჩაბარებია და შესაბამისად, არც მისი შინაარსი იყო მხარისათვის ცნობილი. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის #758 ბრძანება უკანონოა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ თავი აარიდა ემსჯელა ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული აქტების კანონშეუსაბამობის თაობაზე; მოსარჩელის მითითებით, სადავოდ გამხდარი შენობა აშენებულია კორპუსის „წითელი ხაზების შიგნით’“ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში; ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა უკანონოდ დააჯარიმა იგი. მოსარჩელის განმარტებით, ავტოფარეხში გახსნილია სავაჭრო ობიექტი და გურჩიანების ოჯახს, სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ, იხდიან ყველა გადასახადს და არიან კანონმორჩილნი, ხოლო შენობის დემონტაჟი გამოიწვევს კიდევ ერთი ოჯახის უსახსროდ დატოვებას.

ამრიგად, ც. გ-იმა მოითხოვა ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2018 წლის 3 აპრილის #... დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის #... დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის #797 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის #758 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებადარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, ბმა,,მ...ს’’ №10 N171476373 კრების ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისში, დასახლება ..., კორპუსი ...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ავტოფარეხი შენობა №18-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ც. გ-ი. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ც. გ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, დასახლება ..., №... კორპუსის წითელ ხაზებში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი №...) ავტოფარეხის განთავსებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 იანვრის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 8 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, დასახლება ..., კორპუსი ...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე, ავტოფარეხი შენობა №18-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა. ჩ-ი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 17 იანვარს, ც. გ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლითაც ირკვევა, ქ. თბილისში, ..., კორპ. №..., საკადასტრო საზღვრებში (ს/კ ...) განხორციელდა ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხური) მონტაჟი, რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტის ხსნარით. ც. გ-ის დაევალა წარედგინა ზემოაღნიშნული კონსტრუქციის განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან განეხორციელებინა დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 5 თებერვალს შედგენილი იქნა №... შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ც. გ-ის მიერ არ იქნა შესრულებული №... მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 20 მარტის №... ოქმით განმარტებულია, რომ სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ც. გ-ის წარმომადგენელი თ. ა-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და მანვე აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მოქალაქე ც. გ-ის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №... დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ც. გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი N...-ზე ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხურის), რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტს ხსნარით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის. ამასთან ც. გ-ის დაევალა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის №797 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. გ-ის 2018 წლის 23 აპრილის №19/01181132632-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №... დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ც. გ-ის დაევალა ქ. თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი №...-ზე ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის - ჯიხურის (რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტს ხსნარით), დემონტაჟი და აღნიშნულ ნაწილში დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №... დადგენილება დანარჩენ ნაწილში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 34 აპრილის №... N... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2. ქ. თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი №... საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალოს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხურის), რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა-ცემენტს ხსნარით) დემონტაჟი’’. ამასთან მიეთითა, რომ დადგენილება №... ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ძალაშია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის) 2018 წლის 3 აპრილის №... №... ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ დადგენილებასთან ერთად. მერიის 2020 წლის 7 ივლისის №758 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული ც. გ-ის წარმომადგენლის 2019 წლის 17 სექტემბრის №19/01192602630 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №... და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი №...-ზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხურის) განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელდა, მასზე პასუხისმგებელი პირი ც. გ-ი იყო და სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა, რაც კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით გახდა სამართალდამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, მოსარჩელეს კი არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

სააპელავიო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხილული უნდა იქნეს სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება გახდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის კანონიერების განმსაზღვრელი, აღნიშნული აზრს დაუკარგავს მშენებლობის სფეროში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით სამართლებრივად შეუძლებელი გახდება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულზე დაკისრებული ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელება სამშენებლო საქმიანობის სფეროში. ასევე აზრს დაკარგავს არაერთი მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ც. გ-ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N... დადგენილება, პალატის მითითებით, ც. გ-ისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი;

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის №797 ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის) 2018 წლის 3 აპრილის №... №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,2. ქალაქ თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი №... საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალოს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხურის), რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტს ხსნარით) დემონტაჟი’’. ამასთან მიეთითა, რომ დადგენილება N... ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ძალაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის) 2018 წლის 3 აპრილის №... №... ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ დადგენილებასთან ერთად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №758 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული ც. გ-ის წარმომადგენლის თ. ა-ის 2019 წლის 17 სექტემბრის №19/01192602630 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №... და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოს შეფასებით, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ც. გ-ი აღარ წარმოადგენს არც ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს და არც ... საკადასტრო კოდის მქონე ობიექტის მესაკუთრეს; ამასთან, მის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებას დაადასტურება, შესაბამისად არ დადგინდა ც. გ-ისათვის პირდაპირ და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი და პალატამ მიიჩნია, რომ სწორად იქნა დატოვებული საჩივარი განუხილველად. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილების ბათილად ცნობას, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №758 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, სასამართლო აღნიშნული დადგენილების კანონიერებაზე არსებითად ვერ იმსჯელებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განსახილველ საქმეში ნაგებობის მესაკუთრის ჩართვა, ან უფლებამონაცვლეობის დადგენას. გარდა ამისა, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც მსგავს შემთხვევაში დადგინდა უფლებამონაცვლეობა; სწორედ ერთგვაროვანი პრაქტიკისგან გასხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლით მოითხოვს ც. გ-ი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვალს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. გ-ის საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა ც. გ-ის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №... დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 19 ივლისის №... დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის №797 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 ივლისის №758 ბრძანების ბათილად ცნობა. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სადავო დადგენილების კანონიერად მიჩნევის შესახებ;

საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, სასამართლოთა მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 17 იანვარს, ც. გ-ის მიმართ შედგა N... მითითება, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ..., კორპ. N..., საკადასტრო საზღვრებში (ს/კ ...) განხორციელდა ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხური) მონტაჟი, რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტის ხსნარით. მოსარჩელეს დაევალა წარედგინა აღნიშნული კონსტრუქციის განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან განეხორციელებინა დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ც. გ-ის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 05 თებერვალს შედგენილი იქნა №... შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ც. გ-ის მიერ არ იქნა შესრულებული №... მითითების პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 20 მარტს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ც. გ-ის წარმომადგენელი თ. ა-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მოქალაქე ც. გ-ის მიერ და განმარტა, რომ აპირებენ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას, რისთვისაც მხარემ ითხოვა მაქსიმალური ვადა. ამასთან, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის N... დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ც. გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქალაქ თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი N...-ზე ბეტონის საძირკვლის მქონე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის (ჯიხურის), რომელიც ნაწილობრივ შელესილია ქვიშა - ცემენტს ხსნარით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის და ც. გ-ის დაევალა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N... დადგენილება ც. გ-ისათვის ნაგებობის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის N797 ბრძანებით. შესაბამისად, აღნიშნულ დადგენილებას სასამართლო ამოწმებს მხოლოდ მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში. სადავო კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემის ან/და ამ ნებართვის მოპოვებაზე მიმართვის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია არ არის. შესაბამისად, ირკვევა, რომ ც. გ-იმა ქალაქ თბილისში, ..., კორპ. ..., საკ. კოდი N...-ზე უნებართვოდ განათავსა ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია (ჯიხური) და აღნიშნული სამართალდარღვევა მითითებით განსაზღვრულ ვადაში გამოსწორებული არ ყოფილა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (უფლებამონაცვლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილი იყო მიეღო გასაჩივრებული აქტი სამართალდარღვევის საქმეზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევისკოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, ზემოაღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.

განსახილევლ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელეს მითითება და შემოწმების აქტი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მითითებით განსაზღვრულ ვადაში და ვერც შემდეგ, შემოწმების აქტის შედგენიდან დადგენილების გამოცემამდე, მას არ შეუსრლებია მითითებით განსაზღვრული პირობები, რის გამოც სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ც. გ-ი მართლზომიერად დაჯარიმდა 8000 ლარით.

გარდა ამისა, წარმოდგენილი საკასაციო საჩვრით კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კონსტრუქციის მესაკუთრის ჩაბმა საქმეში მესამე პირად; ამასთან ც. გ-ი ალტერნატივის სახით აყენებს მოთხოვნას უფლებამონაცლის დადგენის თაობაზე.

საკასაციო პალატა საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის შედეგად სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს კასატორის პრეტენზიას კონსტრუქციის მესაკუთრის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ან უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საკუთრივ ც. გ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი 8 000 ლარით დაჯარიმება და არა კონსტრუქციის დემონტაჟი; შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა გადასაწყვეტი დავის ფარგლებში კონსტრუქციის მესაკუთრის ჩართვის შესახებ, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელი საკითხია თუ რამდენად კანონიერად დააჯარიმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად ც. გ-ი; კონსტრუქციის მესაკუთრის მხარედ ჩაბმა უსაფუძლოა, ვინაიდან მისი იურიდიული ინტერესი ამ დავაში არ იკვეთება.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა გულდასმით გაეცნო კასატორის მიერ დასახელებულ პრაქტიკას; თუმცა, საგულისხმოა, რომ მხარის მიერ მითითებულ საქმეში არსებითად სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან გვაქვს საქმე, ამიტომ არარელევანტურია პარალელი განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ც. გ-ის საკასაციო საჩივარზე 30/04/2024წ. #21636991534 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ც. გ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. ც. გ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30/04/2024წ. #21636991534 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა