საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-644(კ-25) 09 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. დ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 01 მარტს ა. დ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №1 სხდომის ოქმის (№19 საკითხის ნაწილში) და 2023 წლის 09 თებერვლის №44-4423040391 განკარგულების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქუთაისში ...ს .... №...-ის მომიჯნავედ, ა. დ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ 713 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებითა ა. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2, მე-51 მუხლები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-2, 5.1 მუხლები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი, ...ს .... №... ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. დ-ეის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 14 სექტემბერს, შესაბამისად, ა. დ-ეის საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე წარმოიშვა 2009 წლის 14 სექტემბრიდან. სასამართლოს მსჯელობით, ვინაიდან კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს თუ რა წესით არის შესაძლებელი საკუთრების შეძენა (სსკ-ის 183-ე მუხლი), კანონის აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, მხოლოდ წინამორბედი მესაკუთრისა და მოწმეთა განმარტებები ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად და ვინაიდან სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ა. დ-ემ მითითებულ უძრავ ქონებაზე 2006 წელს მოიპოვა საკუთრების უფლება საქმის განხილვის ეტაპზე არ წარდგენილა, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის მსჯელობა, რომ მას საკუთრების უფლება ნივთზე წარმოეშვა ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე და რომ მომიჯნავე ნაკვეთს დაეუფლა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის ის მოსაზრება, რომ ა. დ-ე ზ. დ-ეის უძრავი ქონების შეძენისას წარმოადგენდა წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლეს და მას უძრავ ქონებასთან ერთად მფლობელობაში გადაეცა 713 კვ.მ მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მართალია ა. დ-ემ შეიძინა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება (2009 წელს), თუმცა იგი ვერ შეიძენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას, თავად ამ უფლების არაგანკარგვადი ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლოს მსჯელობით, ა. დ-ე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ვერ გახდება წინა მესაკუთრის ზ. დ-ეის უფლებამონაცვლე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული ა. დ-ეის საკასაციო საჩივარი.
კასატორი არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შეფასების მიღმა დარჩა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და სწორედ აღნიშნული გარემოების დადგენას მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად. წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ ა. დ-ესა და ზ. დ-ეეს შორის, 2006 წლის ნოემბერში ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით ზ. დ-ეემ გამოხატა ნება უძრავი ქონების მყიდველისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისი, ...ს ... N... საკადასტრო კოდი ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ა. დ-ეს მიმდებარედ არსებულ 713 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელსაც ასევე თვითნებურად ფლობდა ზ. დ-ეე, თუმცა სანივთო უფლება - მესაკუთრედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში განხორციელდა მხოლოდ 2009 წელს ვინაიდან, მხარეთა შორის იყო შეთანხმება საბანკო კრედიტის გადახდის ვალდებულების გადაბარების შესახებ, რომლის გადახდასაც გააგრძელებდა ა. დ-ე. მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების ა. დ-ეის სახელზე დარეგისტრირება 2006 წელს არ განხორციელდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სასესხო პროდუქტზე ბანკის მიერ გავრცელდებოდა საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც ეწინააღდმეგებოდა მხარეთა ინტერესებს.
კასატორის მსჯელობით, საქმის განმხილველი სასამართლო შეეხო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მხოლოდ ერთ საფუძველს, კერძოდ მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და არ უმსჯელია მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაზე. ასევე არ უმსჯელია თუ რატომ დაფიქსირდა სასამართლოს წინაშე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ერთ - ერთ ფატქობრივ გარემოებად - უფლებამონაცვლეობა და არ უცდია რაიმე კავშირი დაედგინა ამ ორ პირს შორის. კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობა და სარგებლობა, მათ შორის საკუთრებაც წარმოიშვა 2006 წლის ნოემბერში და შესაბამისად მიიჩნევს, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აღიარების კანონისმიერ საფუძვლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 27 იანვრის №1 სხდომის ოქმის (№19 საკითხის ნაწილში) და კომისიის 2023 წლის 09 თებერვლის №44-4423040391 განკარგულების კანონიერების შეფასება, ასევე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისში, ...ს .... №...-ში, ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. დ-ეის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 14 სექტემბერს. აღნიშნული ქონების მომიჯნავედ მდებარეობს არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით - 713 კვ.მ.
დადგენილია, რომ 2023 წლის 27 იანვარს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ა. დ-ეის განცხადება (04.10.2022. №19/4422277221-44), ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩა ... №...-ის სამხრეთით თვითნებურად დაკავებული 713.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
კომისიის 2023 წლის 09 თებერვლის №44-4423040391 განკარგულებით ა. დ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩა ... №...-ის სამხრეთით თვითნებურად დაკავებული 713.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. გასაჩივრებული აქტის თანახმად, მოთხოვნილი საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება ა. დ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ...). №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ა. დ-ეს საკუთრებაში მიღებული აქვს 09/09/2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი შპს „ა...ს“ 2023 წლის 28 თებერვლის №19 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩაზე ...ს №... -ის მიმდებარედ სამხრეთის მხარეზე მდებარე მიწის ნაკვეთზე მოწყობილი შემოღობვა აკმაყოფილებს შენობა - ნაგებობისათვის დადგენილ კრიტერიუმებს.
დადგენილია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო ზ. დ-ეე. საქმეში წარმოდგენილია ნინო დოლაბერიძის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, როგორც ზ. დ-ეის უფლებამონაცვლე, მემკვიდრე და მეუღლე (სამკვიდრო მოწმობა გაცემული 07.10.2021 წელს) ადასტურებს, რომ ქორწინებაში თანაცხოვრების პერიოდში მან და მისმა მეუღლემ ზ. დ-ეემ 2006 წლის 12 სექტემბერს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი, ...ს ... №... ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) და ყოფილმა მესაკუთრემ შეძენილ ქონებასთან ერთად სარგებლობაში გადასცა აღნიშნული ქონების სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთი 713 კვ.მ., რომელიც მისივე განმარტებით ყოველთვის ერთ მთლიან ნაკვეთად მოისაზრებოდა და რომელსაც ფლობდა და სარგებლობდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე წლების განმავლობაში. 2006 წლის ნოემბრის თვეში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობას გამო, ვინაიდან ვეღარ იხდიდნენ ბანკის ვალს, აღნიშნული ქონება მიყიდეს მოქალაქე ა. დ-ეს ბანკის ვალის სრულად დაფარვის შემდგომ გადაფორმების პირობით და 2006 წლის ნოემბრის თვეში ა. დ-ეს გადასცეს მფლობელობასა და სარგებლობაში ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი, ...ს ... №... ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) სამხრეთით მდებარე 713 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად. როგორც ზ. დ-ეის უფლებამონაცვლე, მემკვიდრე და მეუღლე ადასტურებს, ა. დ-ე უძრავ ქონებას მდებარე ქუთაისი, ...ს ... №... ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) სამხრეთით მდებარე 713 კვ. მ. მიწის ნაკვეთთან ერთად ფლობს და სარგებლობს 2006 წლის ნოემბრის თვიდან.
საქმეში წარმოდგენილი №211120986 სამკვიდრო მოწმობით (07.10.2021 წელი) დადგენილია, რომ ნ. დ-ე არის გარდაცვლილი ზ. დ-ეის მემკვიდრე.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება).
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პირველ და მეორე მუხლებს და ამავე კანონის რეალიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი კანონქვემდებარე აქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების პირველ მუხლს რომელიც არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე (20.09.2007წ.) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 09 თებერვლის №44-4423040391 განკარგულებით ა. დ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩა ... №...-ის სამხრეთით თვითნებურად დაკავებული 713.00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება ა. დ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ...) №... და რომ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ა. დ-ეს საკუთრებაში მიღებული აქვს 2009 წლის 09 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
როგორც საკასაციო საჩივარში უთითებს მხარე, სადავო 713 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ორი საფუძვლით. მისივე მსჯელობით, მართალია მის სახელზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2009 წელს, თუმცა იგი 2006 წლიდან იყო აღნიშნული უძავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება მასსა და ზ. დ-ეეს შორის დაიდო 2006 წელს, ხოლო საკუთრების დარეგისტრირება განხორციელდა მოგვიანებით, 2009 წელს. ასევე მიუთითებს უფლებამონაცვლეობის საკითხზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. დ-ეის ოჯახი 2006 წელს უძრავი ქონების შეძენასთან ერთად ასევე დაეუფლა სადავო 713 კვ.მ მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ხოლო 2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მესაკუთრე ა. დ-ე გახდა წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლე, მას შეძენილ უძრავ ქონებასთან ერთად ასევე მფლობელობაში გადაეცა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (2023 წლის 22 თებერვალი საქმე №ბს-915(კ-20)), საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ... დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი, ...ს .... №... ს/კ ... (ამჟამინდელი საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. დ-ეის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 14 სექტემბერს. საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ შედავებას, რომ მომიჯნავე აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთს დაეუფლა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე).
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას წინამორბედი მესაკუთრის უფლებამონაცვლეობის ნაწილშიც და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2024 წლის (№ბს-343(კ-24)) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: „კანონი“ აქცენტს აკეთებს მიწის თვითნებურად დაკავებაზე 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უფლების მოპოვება არ ხდება მომენტალურად, 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის დაკავების შემთხვევაში, უფლება არ ითვლება წარმოშობილად. თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის და უწყვეტი, უფლების რეალიზაციის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების მიმართვის ეტაპამდე. პირი, რომელსაც 2007 წლამდე ჰქონდა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული, ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას, თუკი მან შეწყვიტა ფლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით განცხადებით მიმართვამდე. კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, ტერმინ დაინტერესებული პირის განმარტებაში მითითებული სიტყვები „ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე“, გულისხმობს უშუალოდ დაინტერესებული პირის სავარაუდო მემკვიდრეს, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ოჯახიდან, ასევე ოჯახის წრის გარეთ მყოფი პირი და უფლებამონაცვლეს, რომელიც მოცემული კანონის რეგულირების სფეროს თავისებურებიდან გამომდინარე, არის ოჯახის წევრი ან პირთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ის პირი, რომელიც ფაქტობრივად ამ პირთან ერთად ფლობდა და იყენებდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, ოჯახის წევრი, თანამესაკუთრე (მსგავს საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება Nბს-190(კ-21)), თუმცა არა სხვა გარეშე პირი, მათ შორის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან 2007 წლამდე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება, როგორც მატერიალური ხასიათის უფლება, იბადება არა მხოლოდ საკუთრების შესახებ შეთანხმების შედეგად, არამედ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სწორედ რეგისტრაცია წარმოადგენს იმ გარდამტეხ სამართლებრივ ფაქტს, რომელიც აბსტრაქტულ სამართლებრივ ნებასა და კერძო მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებას სამართლებრივ რეალობაში გადააქვს. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია, რომ მან საკუთრების უფლება მოიპოვა არა რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ 2006 წელს. შესაბამისად, ა. დ-ე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ვერ გახდება წინა მესაკუთრის ზ. დ-ეის უფლებამონაცვლე.
მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამდენად ა. დ-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ა. დ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს დ. დ-ეის მიერ 2025 წლის 9 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N1749468211) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. ა. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს დ. დ-ეის მიერ 2025 წლის 9 ივნისს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N1749468211) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე