Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1159(ს-25) 31 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ო. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ი. ბ-ი, რ. თ-ი, მ. თ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 დეკემბერს ო. თ-იმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, გარდაცვლილი ძმის დანაშთი ქონების ო. თ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალება.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განჩინებით ო. თ-ის უარი ეთქვა სარჩელის სასამართლოს წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 1 მარტის განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივარი წარმოადგინა ო. თ-იმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ო. თ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ბ-ი და მ. თ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. თ-ი. ამავე სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მესამე პირის მ. თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-იმა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ო. თ-იმა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადმოგზავნილ იქნა უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში ო. თ-იმა სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ ო. თ-ის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი. მითითებული განჩინების მე-2 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ო. თ-ის მიერ წარმოდგენილი საჩივარი თავისი არსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, კანონმდებლის მიერ კი, კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს საჩივრის ავტორის მოსაზრებები გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით, რადგან 2025 წლის 11 ივლისის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. თ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე