საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-163(კ-25) 07 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.თ-იმა 2020 წლის 02 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 03 სექტემბრის №MOD 2 20 00000646 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში მიუღებელი დანამატისა და პრემიის ანაზღაურების დავალება.
2022 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე მ.თ-ის სასარგებლოდ 10 000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის №3/6431-16 გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №MOD 8 16 00002816 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ.თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე, 2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №MOD 2 20 00000646 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს დაევალა მ.თ-ისთვის 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსარჩელე მხარემ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო აქტით დაანგარიშებულ თანხასა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაცდურს შორის სხვაობა ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. სასამართლოსათვის მიმართვამდე მან ამოწურა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა გამოეყენებინა მორიგებისა და შეთანხმების მექანიზმი, რადგან მოპასუხე მხარემ მზაობა არ განაცხადა ამ საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისათვის. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სრულად არ იყო აღსრულებული. ზემოაღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციის შემდგომ, 2016 წლის 23 სექტემბერს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხაში განხორციელდა ცვლილებები და მოხდა თანამდებობრივი სარგოების გაზრდა. შესაბამისად, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა არასწორად მოხდა, ვინაიდან ზემოაღნიშნული თანამდებობა გაუქმდა თავდაცვის სამინისტროს ... ...ის დეპარტამენტის დებულებით და ზემოაღნიშნულ რეორგანიზებულ თანამდებობას სახელი შეეცვალა და დაერქვა „ ...“, ხოლო ფუნქციები და კომპეტენციები, ასევე საჯარო მოსამსახურეები უცვლელი დარჩა. მის მიერ წარმოდგენილ 2015-2016 წლების ხელფასის ოდენობის შესახებ საბანკო ამონაწერით დადგინდა, რომ ამ პერიოდში იგი იღებდა ხელფასს - 1580 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ იმ თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანხა, რაც ჩაერიცხა, აღარ არსებობდა და აუნაზღაურდა არარსებული სამსახურის თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არარსებული თანამდებობის საშტატო თანრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურება ეწინააღმდეგებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე სამართლიანობის და კანონიერების პრინციპს, მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, ის ვერ აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებებს, ამდენად იგი ნაწილობრივ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ იგი აღადგინა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ...ის თანამდებობაზე. მან მიიჩნია, რომ აღნიშნული თანამდებობა არ იყო ტოლფასი, თუმცა მაინც დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას საქმის აღსრულების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად და ამ ნაწილში ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა. რაც შეეხება მოვალის მეორე ვალდებულებას - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ის ნაწილობრივ აღსრულდა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, იმ მოტივით, რომ თავდაცვის სამინისტროს უკანონო ბრძანებით მისი გათავისუფლება განხორციელდა უკანონოდ, რაც წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს, რითაც შეილახა მოსარჩელის რეპუტაცია, კარიერა და თავიდან მოუწია მასზე ზრუნვა. ის უკანონოდ ჩამოაცილეს იმ საქმეს, რომელიც უყვარდა და პირნათლად ემსახურებოდა. სასამართლოში ოთხ წლიანი დავის მანძილზე მას მიადგა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ყველა ინსტანციაში გასაჩივრებით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მოსარჩელე იყო მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ორსული და სწორედ ასეთ პერიოდში იგი გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოსარჩელის მითითებით, მინისტრის მოადგილის მხრიდან მასთან საუბრის დროს ადგილი ჰქონდა ტონის აწევას და თავიდან მოშორების მცდელობას, ასევე, იმ დამოკიდებულებას, რომ მოსარჩელე მაინც ქალია და ამ თანხაზეც თანახმა იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.თ-იმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მ.თ-ის გათავისუფლების დღიდან, სამსახურში აღდგენამდე (2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე) პერიოდში მიუღებელი დანამატის (წელთა ნამსახურებისა და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული დანამატი) ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ.თ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ.თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში მ.თ-ისთვის დანამატისა და პრემიის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 188-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 მაისის განჩინებით (საქმე №3/6291-20) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ის სამმართველოს ...ის ...ის ხელფასი 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატს, საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატს და ფულად ჯილდოს. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6431-16), მ.თ-ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 18 აგვისტოს №MOD 4 20 00000279 ბრძანებით, დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ...ის ...ის თანამდებობაზე და მიენიჭა თანამდებობრივი სარგოს ... კატეგორია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს აუნაზღაურდა მხოლოდ 2016 წლის 29 ივლისიდან - 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ის იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ხოლო წელთა ნამსახურობის და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული დანამატი მას იმ დროისათვის მოპასუხის მიერ არ ანაზღაურებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო დანამატის (წელთა ნამსახურობის და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული დანამატი) ანაზღაურებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ორივე პირობა, კერძოდ: 1. მოსარჩელის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6431-16) და 2. მ.თ-ის სამსახურში აღდგენის ფაქტი დადასტურებული იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 18 აგვისტოს №MOD 4 20 00000279 ბრძანებით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ.თ-ის უნდა ანაზღაურებოდა მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში მიუღებელი დანამატი, კერძოდ კი წელთა ნამსახურების დანამატი და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული დანამატი. სააპელაციო პალატამ ასევე კანონიერად მიიჩნია და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან პრემია გაიცემოდა საჯარო მოხელის მხრიდან გარკვეული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, წასახალისებლად, ხოლო მოსარჩელე მხარე 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, არ არსებობდა პრემიის ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძვლები.
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
პალატამ აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მ.თ-ის მიმართ მიყენებული მორალური ტრავმის ფაქტი, შესაბამისად, მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარმომადგენელი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებული, არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო. კერძოდ, კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო თავადვე უთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში, რომ კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 19 ოქტომბრის №3/6431-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის 03 სექტემბერს გამოსცა №646 ბრძანება, მ.თ-ისთვის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების შესახებ, აღნიშნული ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო მ.თ-ისთვის 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით (რაც მითითებული იყო გადაწყვეტილებაში), ამდენად, სამინისტრომ მისი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება.
კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავს - თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურების დანამატს, საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატსა და ფულად ჯილდოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.თ-ის სასარგებლოდ დააკისრა სამინისტროს მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგოს უზრუნველყოფა და არა რაიმე სახის დანამატის ანაზღაურება, სამინისტრომ სრულად შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება. ამავდროულად აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის, მ.თ-ის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული ზემდგომ ინსტანციებში, შესულია კანონიერ ძალაში და არის აღსრულებულიც.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, რაც შემდგომში გაიზიარა სააპელაციო პალატამ, გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მიიღო ახალი გადაწყვეტილება უკვე არსებულ 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ექვემდებარება გაუქმებას და უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივრის პერსპექტივის თვალსაზრისით ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. №3/6431-16 გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.07.2016წ. №MOD 8 16 00002816 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე; მოპასუხეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ.თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, რაც უცვლელად დარჩა ჯერ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2018წ. განჩინებით, ხოლო შემდგომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. №3/6431-16 გადაწყვეტილების საფუძველზე, 25.02.2020წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 03.09.2020წ. გამოსცა №MOD 2 20 00000646 ბრძანება მ.თ-ისთვის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო მ.თ-ისთვის 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ...ის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მ.თ-ის 2015-2016 წლებში (გათავისუფლებამდე) ხელფასი ერიცხებოდა ...ის ...ის თანამდებობის შესაბამისად. 2015-2016 წლებში (გათავისუფლებამდე) მ.თ-ის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1,976.40 ლარს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 1.464.00 ლარი; წელთა ნამსახურების დანამატი - 292.80 ლარი; დანამატი საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის - 219.60 ლარი. მ.თ-ის 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი: დარიცხული - 71,216.63 ლარი; დაგროვებითი საპენსიო შენატანი - 572.42 ლარი; საშემოსავლო გადასახადი - 14,128.85 ლარი; ხელზე ასაღები ოდენობა - 56,515.36 ლარი. მ.თ-ის მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასი მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 06.04.2022წ. №MOD 3 22 00396386 წერილით დადგენილია, რომ 2015-2016 წლებში (გათავისუფლებამდე) ყოველთვიურად მ.თ-ის ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენდა 1,571.12 ლარს; მათ შორის, თანამდებობრივი სარგო - 1,171.20 ლარი; წელთა ნამსახურების დანამატი - 234.24 ლარი; დანამატი საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის - 175.68 ლარი. თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის №646 ბრძანების საფუძველზე, აუნაზღაურდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო ...ის ...ის თანამდებობის შესაბამისად. განაცდური ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობა 56,515.44 ლარი ჩაირიცხა სს „...ში“ მ.თ-ის კუთვნილ ანგარიშზე (აღნიშნულიდან დაკავდა საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაირიცხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის წილი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 03.05.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, 2016 წლის 29 ივლისიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში (ჩაშლილი სახით) რას შეადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ების ...ის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი, დანამატი, პრემია); მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ნუსხა, რომლის თანახმად, 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა 4724.73 ლარს, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატი წარმოადგენდა 64.54 ლარს (დარიცხულია მხოლოდ სექტემბრის თვეში); დანამატს საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის წარმოადგენდა - 49.91 ლარს (დარიცხულია მხოლოდ სექტემბრის თვეში); ფულადი ჯილდო -0 ლარი. ჯამში დარიცხულ თანხას წარმოადგენს 4839.18 ლარი, საიდანაც დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს შეადგენდა 967.84 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო - 3871.34 ლარი. 2017 წლის (12 თვის) თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა - 17705.14 ლარს, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატი წარმოადგენდა - 2662.63 ლარს, დანამატს საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის წარმოადგენდა - 1996.97 ლარს. ფულადი ჯილდო -0 ლარი. ჯამში დარიცხულ თანხას წარმოადგენდა - 22364.74 ლარს, საიდანაც დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს შეადგენდა - 4463.95 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო - 17900.79. 2018 წლის (12 თვის) თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა -25200 ლარს; წელთა ნამსახურების პროცენტული და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატი - 0 ლარი; ფულადი ჯილდო - 125 ლარი (დეკემბრის თვის); ჯამში დარიცხულ თანხას წარმოადგენდა - 25325 ლარს, საიდანაც დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს შეადგენდა - 5065 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო - 20260 ლარი. 2019 წლის (12 თვის) თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა -25200 ლარი; წელთა ნამსახურების პროცენტული და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატი - 0 ლარი; ფულადი ჯილდო - 625 ლარი (მარტის თვე - 375 ლარი, დეკემბერი - 250 ლარი; ჯამში დარიცხულ თანხას წარმოადგენდა - 25825 ლარი, საიდანაც დაგროვებითი პენსია შეადგენდა 516.5 ლარს, ხოლო დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს - 5061.7 ლარს. ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო - 20246.8 ლარი. 2020 წლის 8 თვის (იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით) თანამდებობრივ სარგოს წარმოადგენდა - 18120 ლარს. წელთა ნამსახურების პროცენტული და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატი - 0 ლარი; ფულადი ჯილდო - 0 ლარი. ჯამში დარიცხულ თანხას წარმოადგენდა - 18120 ლარს, საიდანაც დაგროვებითი პენსია შეადგენდა - 362.4 ლარს, ხოლო დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს - 3551.52 ლარი. ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო - 14206.08 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (2 მუხ.). ამავე კანონის 118-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის უფლების დაცვას, კერძოდ, მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, რაც დადასტურებულია ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. იძულებითი განაცდურიც თავისი არსით წარმოადგენს ზიანს, რომ არა დამსაქმებლის უკანონო ქმედება დასაქმებული მიიღებდა კუთვნილ ხელფასს. მართალია, სასამართლო პრაქტიკა არ ადგენს იძულებითი განაცდურის დაანგარიშების პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას (სუს №ბს-161-158(კ-15), 10.12.2015წ.).
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას დანამატის ანაზღაურებისთვის კანონმდებლობის განსაზღვრული ორივე პირობის არსებობის შესახებ, კერძოდ, მ.თ-ის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/6431-16) და მ.თ-ის სამსახურში აღდგენის ფაქტი დადასტურებულია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის 18.08.2020წ. №MOD 4 20 00000279 ბრძანებით. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ იძულებით განაცდური პერიოდის შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მოიცავს საკლასო დანამატს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატსა და წოდებრივი სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მ.თ-ისთვის მიუღებელი დანამატის, წელთა ნამსახურების დანამატისა და საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული დანამატის ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა