საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-98(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. თ-ე; მესამე პირი (ასკ 16.1) - ე. ბ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. თ-ემ 2020 წლის 29 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 ივნისის №... წერილზე გასცეს განმარტება მასზედ, რომ ბ. თ-ეის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი გაცემული იყო საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. თ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2020 წლის 27 ივნისის №... წერილის საფუძველზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ბ. თ-ეის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 2 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაცემულია თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 პუნქტი და განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, სპორადული სარეგისტრაციო წარმოებისას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წარდგენილ წერილზე/შუამდგომლობაზე სათანადო პასუხის გაცემა სავალდებულო იყო, ხოლო დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა ითვლებოდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. მიიჩნია, რომ სწორედ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი არ იძებნებოდა, მოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ დასტურდებოდა მუნიციპალიტეტში დაცული ცნობების მიხედვით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი გაცემული იყო საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, ვინაიდან „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ამგვარ ცნობას განიხილავდა, როგორც უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
სასამართლოს მსჯელობით, როცა კანონი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნევს, ასეთი ცნობა ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დეფინიციაში, ვინაიდან იგი გარკვეული სამართლებრივი შედეგების წარმომშობია დაინტერესებული პირისთვის. შესაბამისად, მიიჩნია რომ აღნიშნული ცნობის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს ევალებოდა მის წინაშე დასმული საკითხი განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საქმეზე სადავო საკითხი - მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის/არგაცემის ფაქტის დადასტურება, მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, მიუთითა, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს მუნიციპალიტეტის მიერ, მასთან დაცული ცნობების გამოკვლევასა და შეფასებას, რაც მოცეული დავის ფარგლებში შეუძლებელია. გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მართებულად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მაშინ როდესაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოების ვადაში სთხოვა სსიპ საჯარო რეესტრს კორექტირებული ნახაზის წარდგენა, რაც რეესტრის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბ. თ-ეს სამართლებრივი პრეტენზია უნდა გააჩნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას არ განუცხადებია წარმოებაზე უარი, არამედ სარეგისტრაციო წარმოება არასწორად შეწყვიტა მარეგისტრირებელმა ორგანომ. ამდენად, მიიჩნევს, რომ სასამართლოს ახალი აქტის გამოცემა უნდა დაევალებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 11 ივნისს, ბ. თ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ში, 2634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. დადგენილია, რომ ბ. თ-ეის მიერ მოთხოვნილ 2634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრები ე. ბ-ე.
დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 27 ივნისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ ბ. თ-ეის განცხადებაზე მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტრებელი დოკუმენტები. შესაბამისად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლითაც დადგენილია, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის არის ისეთი მიწის ნაკვეთიც, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/ დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო, ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა დაინტერესებული პირის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს მოძიებული დოკუმენტაცია და სთხოვა, ეცნობებინა წარმოადგენდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ამავე წერილით მერიას ეცნობა, რომ სარეგისტრაციო ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან საკადასტრო კოდებით: ... და .... ასევე, ზედდება ფიქსირდებოდა ე. ბ-ეის (პ/ნ ...) მიერ წარდგენილ განაცხადდთან სარეგისტრაციო ნომრით: ... (საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის დასადგენად 20.06.2020წ. გაგზავნილია წერილი №165735).
დადგენილია, რომ 2020 წლის 18 სექტემბრის №05/5201 წერილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, 2020 წლის 27 ივნისის №... მიმართვასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი ზედდებაში იყო წარმოებაში მყოფ მონაცემებთან, განცხადების ნომრით: ... და აღნიშნული საკითხის განსახილველად წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 სექტემბრის №...-11 გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ბ. თ-ეს ეცნობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის №05/5201 წერილის შინაარსი და განემარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერებული იყო სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წასადგენად განესაზღვრა ვადა, ასევე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (28.10.2020) გადაწყვეტილება.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული (ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციისსაფუძველზემიწისნაკვეთზესაკუთრებისუფლებისადარეგისტრირებულმონაცემებში ცვლილებისრეგისტრაციაამკანონითგათვალისწინებულიწესისშესაბამისად-3.1.მუხლის”ბ“ქვეპუნქტი) რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოსთვის წერილის/შუამდგომლობის ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში მის მიერ სააგენტოსთვის პასუხის გაუცემლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით. სააგენტო ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტის უარის გასაჩივრების წესი.
დასახელებული ნორმათა გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, სპორადული სარეგისტრაციო წარმოებისას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით წარდგენილ წერილზე/შუამდგომლობაზე სათანადო პასუხის გაცემა სავალდებულო იყო, ხოლო დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა ითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. სწორედ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი არ იძებნებოდა, მოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ დასტურდებოდა მუნიციპალიტეტში დაცული ცნობების მიხედვით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი გაცემული იყო საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. აღსანიშნავია, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ამგვარ ცნობას განიხილავდა, როგორც უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით საკარმიდამო მიწის ნაკვეთს განმარტავდა როგორც სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. მითითებული რეგულაციის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ კანონმდებელი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას, მისი შინაარსის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად განიხილავდა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სავალდებულო ცნობების გაცემის მოთხოვნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენდა სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე, შესაბამისი პასუხის გაცემა. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, მოქმედებდა არა აუცილებელი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, არამედ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, კანონმდებლის მიერ გაკეთებული ჩანაწერის გათვალისწინებით, ასევე მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან კანონი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნევს, ასეთი ცნობა ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დეფინიციაში, რადგან იგი გარკვეული სამართლებრივი შედეგების წარმომშობია დაინტერესებული პირისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ცნობის გამცემაზე უფლებამოსილ ორგანოს ევალებოდა მის წინაშე დასმული საკითხი განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მიწის ნაკვეთის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემის/არგაცემის ფაქტის დადასტურება, მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, ვინაიდან აღნიშნული საჭიროებს მუნიციპალიტეტის მიერ მასთან დაცული ცნობების გამოკვლევასა და შეფასებას, რაც მოცეული დავის ფარგლებში შეუძლებელია. ამდენად, პალატა მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გასცეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 ივნისის №... წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე