საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-578(კ-24) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე. (მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ-ე (შ.კ-ის უფლებამონაცვლე); მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით)-ი.ც-ე; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 3 თებერვალს შ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და შ.კ-ის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ 2020 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) შ.კ-ის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ი.ც-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 ნოემბრის №..., 2020 წლის 9 დეკემბრის №..., 2020 წლის 21 დეკემბრის №... და 2021 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა. აპელანტებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გაჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ორი აქტი - შ.კ-ის (20.12.1993 წელი №...) და ი.ც-ის (14.07.1995 წელი №...) სახელზე. ორივე მიღება- ჩაბარების აქტში აღნიშნული იყო ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ნომრით ... ამასთანავე, 1995 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საფასური გადახდილი იყო კუპონის სახით. პალატის მითითებით, სადავო არ იყო არცერთი მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა.
პალატამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა შ.კ-ემ. კერძოდ, ამ უკანასკნელმა 2012 წლის 12 ივლისს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს №... სარეგისტრაციო განცხადებით, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 16 ივლისს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და შ.კ-ის სახელზე გაცემულ იქნა ამონაწერი. ი.ც-ის წარმომადგენელმა მ,ც-ემ კი 2019 წლის 22 ნოემბერს მიმართა №... სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. რუსთავის შემოსასვლელში მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომლის თანახმად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის სახელზე გაცემულია მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტი და სხვა დოკუმენტი არ მოიძებნა, არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების გაუქმების პირდაპირ საფუძველს. პალატამ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საარქივო ცნობა, სადაც აღნიშნული იყო ი.ც-ის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, თავის მხრივ ეფუძნებოდა არქივში დაცულ მიღება-ჩაბარების აქტს. სასამართლოს მითითებით, მიღება-ჩაბარების აქტი არის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს არა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების თანახმად მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ მიწის ნაკვეთი ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ იმ პირობებში როდესაც ერთ მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო ორი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სხვადასხვა მოქალაქის სახელზე, ამასთანავე არც მიღება-ჩაბარების აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამონაცვლე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და არც საქმეში არსებული მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ ორივე აქტი იურიდიული ძალის მქონეა, დაუშვებელი იყო უკანონოდ და უსაფუძვლოდ შეზღუდულიყო მოსარჩელის ან/და მესამე პირის საკუთრების უფლება. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მართებული იყო დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არ შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მდებარეობის, მისი კონფიგურაციის და საზღვრების შესახებ, ასევე მომიჯნავე ნაკვეთების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონით გათვალისწინებულ პირისგან - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა №40183 (10.02.2020 წ.) წერილით რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა როგორც შ.კ-ის, ასევე ი.ც-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრში წარმოდგენილ იქნა რუსთავი მუნიციპალიტეტის მერიის №...(13.10.2020 წ.) წერილი, რომლის თანახმად, დადგინდა არა შ.კ-ის, არამედ, ი.ც-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №..., 14.07.1995 წ., ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის“ №1/27 (18.01.2019 წ.) საარქივო ცნობით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სასამართლომ უკეთესი უფლების მქონე პირის დადგენის კუთხით, უმნიშვნელოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებში ირიცხება მესამე პირის მამკვიდრებელი და დასტურდება, რომ ი.ც-ეს, მცხოვრებს მე-... მკ/რ-ნი №...-ში, ქალაქის შემოსასვლელში გამოეყო 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი №.... კასატორის მითითებით, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ არქივის“ №1/27 (18.01.2019წ.) საარქივო ცნობისა და მისი დანართის გათვალისწინებით დგინდება, რომ ი.ც-ე ირიცხება მიწის განაწილების სიებშიც. ამდენად, აღნიშნული ცნობა არ გამომდინარეობს მხოლოდ №... (14.07.1995წ.) მიღება-ჩაბარების აქტიდან. შესაბამისად, მესამე პირს უფრო მეტი სამართლებრივი საფუძველი (დოკუმენტი) გააჩნია, რომლითაც დასტურდება მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ შ.კ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას საფუძვლადი დაედო რუსთავი მუნიციპალიტეტის მერიის №...(13.10.2020 წ.) წერილი და მასზე თანდართული უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (13.09.2020 წ.) ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ ი.ც-ის №°... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრი აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებ იდენტურია. აღნიშნული ფაქტი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (13.09.2020 წ.) ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს მომიჯნავე/მეზობელი მიწის ნაკვეთების (ს/კ:..., 02.01.02.717) მესაკუთრეებმა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის #...(13.10.2020 წ.) წერილი და უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (13.09.2020 წ.) ოქმი, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასა (ს/კ...) და მესამე პირი საკუთრების უფლების რეგისტრაციას (ს/კ...). რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი წარმოების პროცესში ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულიიყო შ.კ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მაინც დადასტურებული იქნა ი.ც-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია წარდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრმა განახორციელა ყველა აუცილებელი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება - გამოითხოვა ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში გასაჩივრებულია მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, თუმცა სადავო არ გამხდარა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია, კერძოდ უფლებისა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამდგენი დოკუმენტები (მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტი №..., (14.07.1995 წ.), ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის №1/27 (18.01.2019 წ.) საარქივო ცნობა, ასევე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის №02/1079 (13.10.2020 წ.) წერილი და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (13.09.2020 წ.) ოქმი). აღნიშნული სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და არ დახმარებია მხარეს სასარჩელო მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბებაში, რამაც გამოიწვია აღუსრულებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება შედეგის მომტანი მოსარჩელისთვის. სასამართლოს არ შეუფასებია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.
2023 წლის 12 დეკემბერს შ.კ-ის წარმომადგენელმა ბ.ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა შ.კ-ის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის - (მოსარჩელე) შ.კ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, შეჩერდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება; შ.კ-ის უფლებამონაცვლედ, 2025 წლის 11 თებერვლის №... სამკვიდრო მოწმობით (განსაზღვრული უფლებების) შესაბამისად, საქმეში ჩაება მისი მეუღლე - მ.კ-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სსიპ საჯარო რეესტრის 2012 წლის 16 ივლისის №... გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის შემოსასვლელში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №..., საკადასტრო კოდი:...) დარეგისტრირდა შ.კ-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1993 წლის 20 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №169 აქტი, რომლის თანახმად, შ.კ-ეს გადაეცა 0.09 ჰა ფართობის მქონე №... მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ ი.ც-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. რუსთავის შემოსასვლელში მდებარე 900 კვ.მ მიწი ნაკვეთზე (ნაკვეთი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (№..., 14.07.1995 წ.), რომლის მიხედვით, ი.ც-ეს გადაეცა №... ნაკვეთი (ფართობი: 900 კვ.მ), და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქალაქ რუსთავი მუნიციპალური არქივის №1/27 (18.01.2019 წ.) საარქივო ცნობა (თანდართულ მიწის განაწილები სიასთან და სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად), რომლის თანახმად, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვი სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ ი.ც-ეს, მცხოვრებს მე-... მკ/რ ნის №...-ში, ქალაქის შემოსასვლელში გამოეყო 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი №... ( ...ის მიერ გადმოცემული მიწებიდან რუკა №3). №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და ... საკადასტრო კოდით შ.კ-ის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. 2020 წლის 8 იანვარს ი.ც-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა №4174/1 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (26.12.2019 წ.) გადაწყვეტილების გაუქმება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია, აგრეთვე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები კანონიერების შესწავლა. საჯარო რეესტრის №... (31.01.2020 წ.) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (26.12.2019 წ.) და №... (09.01.2020 წ.) გადაწყვეტილებები, ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა წერილით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებს თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზებზე ასახული და უფლების დამდგენი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული უძრავი ნივთების იდენტურობის დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა რუსთავი მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 13 ოქტომბრის №... წერილი, რომლის თანახმად, ი.ც-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით (მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი №... (14.07.1995 წ.), ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის“ №1/27 (18.01.2019წ. საარქივო ცნობა) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები, უძრავ ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, იდენტური იყო ამასთან, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული იყო ინფორმაცია ორივე დაინტერესებული პირის - ი.ც-ის და შ.კ-ის შესახებ. განაწილების სიებში №... ნაკვეთზე მითითებული იყო ი,ც-ე, ხოლო შ.კ-ის სახელზე, გარდა მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტისა, სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიძებნა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 15 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ნივთზე გაუქმდა შ.კ-ის საკუთრების უფლება. ამდენად, 2020 წლის 9 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ი.ც-ის საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე დავის საგანს სადავო უძრავ ქონებაზე შ.კ-ის საკუთრების უფლების გაუქმების მართლზომიერების დადგენა წარმოადგენს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოსარჩელეს სააპელაციო/საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებასწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
დადგენილად არის ცნობილი, რომ შ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1993 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების №169 აქტი, რომლის თანახმად, ქ. რუსთავის მერიის მიწის ნაკვეთების გამანაწილებელი კომისიის წევრებმა ქ. რუსთავში მცხოვრებ შ.კ-ეს ჩააბარეს სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი №... აქტში მითითებულია მიწის ნაკვეთის პარამეტრები და ფართობი. აგრეთვე აღნიშნულია, რომ შ.კ-ის მიერ ნაკვეთის მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები ანაზღაურდა 400 000 კუპონის ოდენობით.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს არა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ, არამედ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს. პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითად საფუძველს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე შ.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხსენებული დანაწესიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება და ნეგატიური ვალდებულება - თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვებს, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების დეტალური გამოკვლევის გზით, დადგინდეს პირის საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი თავისთავად წარმოადგენს იმგვარ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სახელზე გაცემული 1993 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების №169 აქტის ნამდვილობის საკითხი ეჭვს არ იწვევს, დაუსაბუთებელია მის საფუძველზე გახორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სახელზე ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ს/ნ...) საკასაციო საჩივარზე 30.04.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.04.2024წ. №.... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია