საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-811(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „მ...ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებით, 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 10894.66 ლარის გადახდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხის - შპს „მ...ს“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „მ...ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა 2022 წლის 05 ივლისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 914 (ცხრაასთოთხმეტი) ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 36-ე მუხლები და განმარტა, რომ მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი გარემოების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ, კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი. მიუთითა, რომ დასახელებული ქონებით, 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია, ხოლო სადავოა არამართლზომიერად სარგებლობდა თუ არა შპს „მ...“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით 2018 წლის 7 მაისიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „მ...ს“ მიერ, 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 05 ივლისამდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნისა და უძრავი ქონებით სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელი ნაწილობრივ (შპს „მ...ს“ მიერ სადავო ფართის 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით სარგებლობის შესახებ) დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მიუთითა დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, აპელირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება მინიჭებული აქვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქონებას არამართლზომიერად იყენებს პირი სამეწარმეო მიზნებისათვის შესაბამისი დოკუმენტის გარეშე, მის მიმართ მოქმედებს აღნიშნული კანონით დადგენილი მოთხოვნები. ასევე მიუთითებს კანონის 36-ე მუხლის 1(3) პუნქტზე და განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარგებლე, სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია გადაიხადოს სარგებლობის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად, სარგებლობის მთლიანი პერიოდისათვის, სახელმწიფო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ შპს „მ...“ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, რომელიც მისივე მსჯელობით იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 22 ნოემბრამდე. მისივე მსჯელობით, 2022 წლის 22 ნოემბრიდან, ქონებაზე საკუთრების უფლება ეკუთვნის შპს "ა...ს" რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო. დადგენილად მიიჩნევს, რომ ქონებაზე განთავსებულია მობილური კავშირის საბაზო სადგური, რაც წარმომადგენლის მსჯელობით მოწმობს ქონების სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტს. სარგებლობის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში აპელირებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და განმარტავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია შესაძლებლობა ყოველდღიურად აწარმოოს ფიზიკური ზედამხედველობა თითოეულ საკუთრებაზე. მისივე განმარტებით, ქონების ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა ქონების ფაქტობრივი გამოყენება შპს „მ...ს“ მიერ, კერძოდ განთავსებული იყო შპს „მ...ს“ საკუთრებაში არსებული ტექნიკური საშუალება რაც წარმომადგენლის მოსაზრებით, საკმარისი ფაქტობრივი საფუძველია სარგებლობის უწყვეტი ხასიათის დასასაბუთებლად. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხე შპს „მ...სათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის გადახდის (2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 5 ივლისამდე პერიოდზე) დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა/არარსებობა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. ...ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 45.00კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., 2018 წლის 07 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება 2022 წლის 22 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „ა...ის“ სახელზე.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2022 წლის 18 ივლისის №... სამსახურებრივი ბარათით, კახეთის რეგიონული სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შესულია შპს „ა...ის“ 2022 წლის 05 ივლისის №02/732 წერილი, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) განთავსებულია მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგური. შესაბამისად, ეთხოვა აღნიშნული უძრავი ნივთის მოსარგებლის იდენტიფიკაცია, სამეწარმეო საქმიანობის დადგენა და ფოტომასალის წარდგენა. საქმეში წარდგენილია 2022 წლის 22 ივლისს და 2023 წლის 25 აგვისტოს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში (ს/კ: №...) შპს „ მ...ს“ მიერ მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგურის განთავსების ფაქტს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 02 სექტემბრის №9/49439 წერილით, შპს "მ...ს" ეცნობა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც შპს „მ...“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. მიეთითა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი, რომლის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. შპს "მ...ს" ეცნობა, რომ უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 07 მაისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 11 აპრილის №002410223 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 45 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 07 მაისიდან 2023 წლის აპრილის თვემდე საორიენტაციოდ შეადგენს 200 ლარს.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 29 აგვისტოს №9/46913 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სადგურის მესაკუთრის შესახებ. სსიპ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 15 სექტემბრის №გ-23-06/1980 წერილის თანახმად, კომისიაში დაცული ინფორმაციით (2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით), აღნიშნული სადგური (ს/კ: ...) წარმოადგენს შპს „მ...ს“ საკუთრებას.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 05 ივნისის №9/30322 წერილით შპს „მ...ს“ კვლავ ეცნობა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ №...) წარმოადგენს შპს „ა...ის“ საკუთრებას, რომლის 100% იანი წილის მფლობელია სახელმწიფო. შპს„ მ...ს“ ეთხოვა, რომ უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2018 წლის 07 მაისიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის 2023 წლის 28 ივნისის №87459 სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ შპს „მ...ს“ მიერ 2018 წლის 07 მაისიდან დღემდე (ს/კ №...) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
მითითებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი გარემოების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მართებულია ის მსჯელობა, რომ სარჩელის ავტორს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, სარჩელში დასახელებული ქონებით, 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია, ხოლო სადავოა შპს „მ...ს“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით 2018 წლის 7 მაისიდან არამართლზომიერად სარგებლობის არსებობა/არარსებობის ფაქტი. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...; 45.00 კვ.მ) 2018 წლის 07 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება 2022 წლის 22 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „ა...ის“ სახელზე. ასევე, დადგენილი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2022 წლის 18 ივლისის №... სამსახურებრივი ბარათით, კახეთის რეგიონულ სამსახურს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან შესულია შპს "ა...ის" 2022 წლის 05 ივლისის №02/732 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განთავსებულია მობილური კავშირგაბმულობის საბაზო სადგური. შესაბამისად, ეთხოვა აღნიშნული უძრავი ნივთის მოსარგებლის იდენტიფიკაცია, სამეწარმეო საქმიანობის დადგენა და ფოტო - მასალის წარდგენა.
საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს კასატორის იმ შედავებაზე, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი ყოველდღიურად ამოწმოს რეგისტრირებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები და აღნიშნულის პარალელურად საკასაციო საჩივრით ითხოვს შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებით, 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 10894.66 ლარის გადახდა, საკასაციო პალატა აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ სარჩელის ავტორმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „მ...“ მიერ 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 05 ივლისამდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, უძრავი ქონებით სარგებლობის პერიოდის და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, გასაზიარებელია მსჯელობა შპს „მ...ს“ მიერ სადავო ფართით 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით სარგებლობის და შესაბამისი თანხის დაკისრების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე