საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-580(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)– მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - შპს ,,მ...“
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 8 ნოემბერს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 1935 წელს მ. მ-ეის მამის, ი. ხ.-ს ძე მ-ეის კომლზე ირიცხებოდა 1,73 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 1938-1939 წლებში - 2.60 ჰა მიწის ნაკვეთი და 1927 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. 1941 წელს დაიკარგა მ. მ-ეის მამა. მოგვიანებით დააპატიმრეს მ. მ-ეის ბებია, რომელსაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1942 წელს სოფლის კოლმეურნეობის კრებაზე მ. მ-ეის მამა ამოირიცხა კოლმეურნეობიდან და ჩამოერთვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 1940-1942 წლებში მ. მ-ეის მამის კომლს ეწერა 0.70 ჰა (ანუ ჩამოერთვა 1,9 ჰა) მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1943-1944 წლებში 0,6 ჰა, 1951-1953 წლებში კი 0,56 ჰა. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის №4893-2113 დადგენილების საფუძველზე, მ. მ-ეის ოჯახი გაურკვეველი ვადით ყაზახეთის რესპუბლიკაში გადაასახლეს, ხოლო 1953 წლის 11 აპრილის №1007-430 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე გაათავისუფლეს სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. მ. მ-ეს 1977 წელს სოფლის კლუბის ასაშენებლად ჩამოაჭრეს 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1998 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მ. მ-ეის ყოფილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა ეთნოსოფლის მშენებლობა, რის აღსასრულებლადაც მიიღო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რეპრესიის შედეგად, მისი კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ ჩამოერთვა. მოსარჩელემ მოითხოვა სოფელ ...ს ტერიტორიაზე მდებარე 2154 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნება და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება 2,6 ჰექტრამდე.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: 1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012 წლის 24 ივლისის №1-1/1540 ბრძანება; 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 ივლისის №... მიმართვა; 3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივნისის №... მიმართვა; 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის №... და 2019 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები; 5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №72 განკარგულება; 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,მ...ს“ შორის 2021 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხეთა დავალდებულება მისი საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს “მ...”.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა 2021 წლის 21 ოქტომბრის №AA2021014341-04 საარქივო ცნობაზე, რომლის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის სასოფლო საბჭოს, სოფელ ...ს 1935, 1938-1939 წლების საკომლო წიგნებში მოცემულია ი. ხ.-ს ძე მ-ეის ოჯახის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სადაც კომლს ქრონოლოგიის მიხედვით ერიცხება მიწის ფართობი 1935 წელს - 1,73 ჰა, 1938-1939 წლებში - 2,60 ჰა და საცხოვრებელი სახლი აგებული 1927 წელს. 1951-1953 საკომლო წინების მიხედვით ი. და ე. მ-ეების კომლს ქრონოლოგიურად ერიცხება მიწის ფართობი 1940-1942 წლებში - 0,70 ჰა და საცხოვრებელი სახლი აგებული 1934 წელს, 1943-1944 წლებში - 0,6 ჰა და საცხოვრებელი სახლი აგებული 1934 წელს, 1951-1953 წლებში - 0,56 ჰა და საცხოვრებელი სახლი აგებული 1930 წელს.
სოფელ ...ს 1951-1953 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის შემადგენლობაში შედიან: ოჯახის უფროსი მ-ე ე. ა.-ს ასული, დაბ. ...წ; მ-ე ს. მე.-ს ასული (დედამთილი), დაბ. ... წ. მ-ე ეთ. ი.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ; მ-ე მ. ი.-ს ძე (შვილი), დაბ.... წ. კომლს ერიცხება საკარმიდამო მიწა 0,56 ჰა და 1930 წ. აგებული სახლი, ასევე, დამხმარე ნაგებობი.
...ს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული მეურნეობის თავმჯდომარის მიერ დამოწმებული დასტურის მიხედვით, სოფელ ...ს მცხოვრებლები (კოლმეურნეობის ბრიგადირი, კლუბის მშენებლობის ბრიგადირი და 3 სხვა პირი) ადასტურებენ, რომ სასოფლო კლუბის აშენებისათვის 1977 წელს ჩამოიჭრა ამავე სოფლის მცხოვრების მ. უ.-ს ძე მ-ეის კუთვნილი საკარიმიდამო ნაკვეთიდან 800 (რვაასი) კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც ამჟამად განლაგებულია და მოქმედებაშია სასოფლო კლუბი.
მ. უ.-ს ძე მ-ე ყაზახეთში სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის №4893-2113 დადგენილების საფუძველზე გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1953 წლამდე. მოსარჩელე მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 11 აპრილის №1007-430 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელესთან ერთად გადასახლებულნი და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იყვნენ მისი ოჯახის წევრები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1998 წლის №2/858 გადაწყვეტილებით, მ. უ.-ს ძე მ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 04.01.2019წ.) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში 3950 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა: №..., საერთო ფართით: 358,14 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა გ. მ-ეის (პ/ნ ...), მზ. მ-ეის (პ/ნ ...), მი. მ-ეის (პ/ნ ...), მ. მ-ეის (პ/ნ ...), ნ. მ-ეის (პ/ნ ...), ფ. მ-ეის (პ/ნ ...) და ც. მ-ეის (პ/ნ ...) თანასაკუთრებად. ზემოაღნიშნული პირების თანასაკუთრებად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ასევე დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში 1050 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციების უფლებადამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ეის კომლს 2001-2006 წლების მონაცემებით ერიცხება საცხოვრებელი სახლი 100 კვ.მ, ხოლო მიწა 0,50 ჰა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე და აღნიშნა, რომ იგი ითხოვდა 1938-1939 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით აღრიცხული საკარმიდამო ნაკვეთის ფარგლებში (2,6 ჰა) საკუთრების უფლების აღდგენას (შევსებას), რადგან აღნიშნულს უკავშირებს პოლიტიკურ რეპრესიებს. სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოსარჩელის მამა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული არაა. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კოლმეურნეობიდან გარიცხვამდე იყო ი. მ-ეის ოჯახის სარგებლობაში. ამასთან, 1951-1953 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით რიცხული მიწის ნაკვეთი, თავად მოსარჩელეც აღნიშნავს, რომ უკვე რეგისტრირებული აქვს საკუთრებად და სადავო მიწის ნაკვეთი 1953 წლის მონაცემებით რიცხული ნაკვეთის ფარგლებში არ შედიოდა. ამდენად, პალატის მოსაზრებით სადავოდ ქცეული აქტები ზიანის მომტანი ვერ იქნებოდა მ. მ-ეის ინტერესებისათვის.
სააპელაციო პალატის მითითებით, მ. მ-ეს გადასახლებიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1977 წელს სოფლის კლუბის ასაშენებლად ჩამოეჭრა 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთის ჩამორთმევა მის მიმართ განხორციელებულ საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს არ უკავშირდება, რამეთუ დაკავშირებული იყო ჩვეულებრივ მიწის მესაკუთრის - სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მიწის განკარგვასთან საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. საქართველოს სსრ მიწის 1971წ. კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით, მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის). ამასთან, მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის თაობაზე გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის ინტერესი მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ არის კანონიერი და დაცვის ღირსი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური აქტების ბათილად ცნობა არ წარმოშობს რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელის მიერ თავისად დაგულვებული სამომავლო მესაკუთრული ინტერესების დაცვის ჭრილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებეები და სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებიც არამართებულია. კასატორი მიიჩნევს, რომ 1977 წელს მას უკანონოდ ჩამოაჭრეს 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი სასოფლო კლუბის მშენებლობის მიზნით. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიწის კოდექსის (მიღებულია 13.07.1971წ) 38.6 მუხლის თანახმად, მოქალეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველია თუ წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. საბჭოთა პერიოდში მოქმედი კოლმეურნეობის სანიმუშო წესდების 21-ე მუხლის თანახმად, კოლმეურნეობის ქონება ხელშეუხებელია და იმყოფება სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. კოლმეურნეობის ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. კასატორი აღნიშნავს, რომ მას უსამართლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩამოაჭრეს 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. არც ჩხუტუნეთის კოლმეურნეობა და არც სახელმწიფო (მთავრობა) არ იყო უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით ჩამოეჭრა მოსარჩელესთვის 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორი აღნიშნავს, რომ მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი მისთვის მიწის ჩამოჭრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ექსპოპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სოფლის კლუბი არ წარმოადგენს ექსპოპრიაციას მიკუთვნებულ ნაგებობას. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1951-1953 წლების საკომლე წიგნების მონაცემებით მის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთი არის 0,56 ჰა, ხოლო მას (კომლს) რეგისტრირებული აქვს 5000 კვ.მ. კასატორი აღნიშნავს, რომ მის კომლს საკომლო წიგნის ჩანაწერებით სხვადასხვა წლებში განსხვავებული ოდენობის ფართის მიწის ნაკვეთები უფიქსირდება, თუმცა რა გახდა კომლისთვის კუთვნილი მიწის შემცირების საფუძველი ჩანაწერებში არ ჩანს. ცალსახაა, რომ აღნიშნული უკავშირდება პოლიტიკურ რეპრესიიებს, რისი მსხვერპლიც იყო მ. მ-ეის ოჯახი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012წლის 24 ივლისის №1-1/1540 ბრძანების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 ივლისის №... მიმართვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივნისის №... მიმართვის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის №... და 2019 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №72 განკარგულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,მ...ს“ შორის 2021 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხეთა დავალდებულება გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1935 წელს მ. მ-ეის მამის ი. ხ.-ს ძე მ-ეის, სახელზე ირიცხებოდა 1,73 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 1938-1939 წლებში - 2,60 ჰა მიწის ნაკვეთი. 1942 წელს მ. მ-ეის ოჯახს შეუმცირდა მიწის ნაკვეთი 0,70 ჰექტრამდე, 1944 წლისათვის 0,60 ჰექტრამდე, ხოლო 1953 წლისათვის ერიცხებოდათ 0,56 ჰექტრამდე სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
სოფელ ...ს 1938-1939 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის შემადგენლობაში შედიან: მ-ე უ. ხ.-ს ძე (კომლის უფროსი), დაბ. ...წ; მ-ე ს. მე.-ს ასული (დედა), დაბ. ... წ; მ-ე ს. მ.-ს ძე (ოჯახის უფროსთან დამოკიდებულების შესახებ ჩანაწერი არ იკითხება), დაბ....წ; ე. ა.-ს ასული (ოჯახის უფროსთან დამოკიდებულების შესახებ ჩანაწერი არ იკითხება), დაბ. ...წ; აი. უ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ; მე. უ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ.. კომლს ერიცხება სულ საკარმიდამო მიწა 2,6 ჰა და 1927 წელს აგებული სახლი, ასევე ბოსელი და სასიმინდე.
სოფელ ...ს 1943-1944 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის შემადგენლობაში შედიან: ოჯახის უფროსი მ-ე ე. ა.-ს ასული, დაბ. ...წ; მერკულაძე აი. უ.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ; მ-ე ს. მ.-ს ძე (ძმა), დაბ. ...წ. მ-ე ა. უ.-ს ძე (შვილი), დაბ. ...წ. კომლს ერიცხება 0,6 ჰა საკარიმიდამო მიწა და 1934 წელს აგებული სახლი. ასევე დამხმარე ნაგებობი.
სოფელ ...ს 1951-1953 წლების საკომლო წიგნების მიხედვით კომლის შემადგენლობაში შედიან: ოჯახის უფროსი მ-ე ე. ა.-ს ასული, დაბ. ...წ; მ-ე ს. მე.-ს ასული (დედამთილი), დაბ. ...წ. მ-ე ეთ. ი.-ს ასული (შვილი), დაბ. ...წ; მ-ე მ. ი.-ს ძე (შვილი), დაბ. ... წ. კომლს ერიცხება საკარმიდამო მიწა 0,56 ჰა და 1930 წ. აგებული სახლი, ასევე, დამხმარე ნაგებობი.
ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის N4893-2113 დადგენილების საფუძველზე მ. მ-ეის ოჯახი გაურკვეველი ვადით ყაზახეთის რესპუბლიკაში გადაასახლეს. 1953 წლის 11 აპრილის N1007-430 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე გაათავისუფლეს სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან და მიეცა საქართველოში დაბრუნების უფლება.
1998 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. მ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 12 დეკემბრის №01-10/4717 მიმართვის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ... და მასზე დამაგრებული 952.70 კვ.მ. შენობა-ნაგებობა თავდაპირველად დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 17 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე უძრავი ქონება ს/კ ... დაიყო ორ ნაწილად და თითოეულს მიენიჭა საკადასტრო კოდები: ... და ს/კ ....
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №72 განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ...ში მდებარე 2154 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობასთან ერთად, შემდგომში მასზე ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას. ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 20 ნოემბრის ... წერილობითი მიმართვით, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (ს/კ - ...).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2021 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (განცხადების ნომერი), რომელზეც პრეტენდების მიერ წინადადებების მიღება დასრულდა 2021 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს “მ...მ“, რომელთანაც 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №67 ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა და შემდგომში განიკარგა მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის წინა ნომერი:საკადასტრო კოდით: ...), რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით ექცევა საკომლო წიგნების მიხედვით მისი მამის - ი. მ-ეის კომლის სახელზე აღრიცხული საკარმიდამო მიწის ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მთავარ საფუძვლად მიუთითებს 1938-1939წ. საკომლო ჩანაწერებზე, რადგან მიიჩნევს, რომ ვინაიდან მითითებულ პერიოდში მისი მამის - ი. ხ.-ს ძე მ-ეის კომლს ერიცხებოდა 2,6 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მას (კომლს) საკუთრებაში აღრიცხული აქვს მხოლოდ 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნული მიწის ფართობი უნდა შეივსოს 2,6 ჰამდე. ამასთან, იგი, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი აღდგენილ უნდა იქნეს მამის ქონებრივ უფლებებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია, შევიდა თუ არა ი. ხ.-ს ძე მ-ეის სამემკვიდრეო მასაში სადავო უძრავი ქონება, რომელზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვს მისი შვილი - მ. მ-ე.
საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ი. ხ.-ს ძე მ-ეის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომელთა თანახმადაც, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში გ., მზ., მი., მ., ნ., ფ. და ც. მ-ეეების თანასაკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი (ს.კ ... და ს.კ ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციების უფლების დამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის არქივის 18.12.2018წ. №01-19/1914 ცნობა.
ზემოაღნიშნული ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის, ...ს თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ში 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ მ-ე მ. ი.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. მ-ე მ. ი.-ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. მ-ე ფ. აბ.-ს ასული - ცოლი; 3. მ-ე გ. მ.-ს ასული - შვილი; 4. მ-ე ც. მ.-ს ასული - შვილი; 5. მ-ე ნ. მ.-ს ასული - შვილი, მიწერილია - გათხოვდა; 6. მ-ე მზ. მ.-ს ასული - შვილი, მიწერილია გათხოვდა; 7. მ-ე მი. მ.-ს ძე - შვილი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 2002 წლის გრაფის მიხედვით 100 კვ.მ. ფართის ოდენობით. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 0,50 ჰა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. დასახელებული მუხლის მე-8-მე-9 პუნქტები კი განსაზღვრავენ, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია კომლის არსი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, კერძოდ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა, როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით“ (სუსგ №ას-402-2021. 04.11.2021წ., №ას-464-2022, 06.10.2022წ., №ას-516-2021, 30.11.2021წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. იდენტურ რეგულაციას ითვალისწინებდა 1971 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედებული მიწის კოდექსი, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. მიწის კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, მიწა სარგებლობისათვის მიეცემოდათ სსრ-ის კავშირის მოქალაქეებს, ხოლო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება ჰქონდათ სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მუდმივ ან დროებით სარგებლობაში – ქალაქების, დაბების მიწებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა. დასახელებული დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფოდათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანების 40.4 მუხლის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ. არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ რეფორმის გატარება მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადასვლას. ამ პროცესის წარმართვისას კი არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომლის შემადგენლობასა და მის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე საკომლო წიგნებში არსებულ ინფორმაციას. რეფორმის ფარგლებში კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოცემული ნაკვეთის სტატუსს, მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობას, მეურნეობის წარმართვას. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო უშუალოდ იმ კომლის წევრთა საკუთრებაში, რომელთა მფლობელობაშიც ირიცხებოდა ეს ნაკვეთი (საქმე Nბს-48(კ-20), 27.05.2020წ.).
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ახდენს რეალობაში ფაქტობრივად არსებული და უფლებადამდგენი დოკუმენტით აღწერილ საკუთრების ფიქსაციას, მისი არსებობის იურიდიულ დადასტურებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციით საკუთრების უფლება წარმოიშობა შესაბამის უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულ ფარგლებსა და პირობებში, მასში გადმოცემული ფაქტობრივი მდგომარეობით (იხ. სუსგ 25.03.2021წ. საქმე №ბს-1322(კ-19)).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ კომლის შემადგენლობაში რიცხულ ყველა წევრს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს (სუსგ №ბს-803(კ-23), 25.01.2024წ).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ 1938-1939 წლებში მოსარჩელის მამის - ი. ხ.-ს ძე მ-ეის (კომლის უფროსი) კომლს ერიცხებოდა 2,6 ჰა მიწის ნაკვეთი. 1942 წელს ი. ხ.-ს ძე მ-ეე ამოირიცხა კოლმეურნეობიდან. შემდგომი წლების (1943-1944 და 1951-1953წ). საკომლო ჩანაწერებში კომლის უფროსად ფიქსირდება ე. მ-ე (მოსარჩელის დედა), ხოლო კომლის წევრებად სხვა პირებთან ერთად მოსარჩელეც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 1943-1944 და 1951-1953 წლების ტექბიუროს საკომლო ჩანაწერებში მოსარჩელის მამა - ი. ხ.-ს ძე მ-ეე არც კომლის უფროსად ან როგორც კომლის წევრად აღარ ფიგურირებს. სსკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ი. მ-ეის საკუთრებას და იგი არ შედიოდა მოსარჩელის მამის სამკვიდრო მასაში, ვინაიდან 1938-1939 წლებში მიწაზე კერძო საკუთრება არ არსებობდა და მიწა გადაეცემოდათ კომლებს მხოლოდ სარგებლობის უფლებით. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ფიზიკურ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებად გამოცხადდა და გატარდა შესაბამისი მიწის რეფორმა, ი. ხ.-ს ძე მ-ეე აღარ შედიოდა კომლის შემადგენლობაში, შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების საფუძველზე, იგი ვერ მოიპოვებდა სადავო მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლებას. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მამის ქონებრივ უფლებებში აღდგენის თაობაზე.
რაც შეეხება, საკუთრივ მ. მ-ეის, როგორც რეაბილიტირებული პირის უფლებებში აღდგენის საკითხს, მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ მის კომლს გადასახლებამდე და გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომაც, კერძოდ 1951-1953 წლებში. უფიქსირდება ერთი და იმავე ოდენობის ფართის მიწის ნაკვეთი (0,56 ჰა). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მ. მ-ე არ უარყოფს, რომ მას 1951-1953 წლების მონაცემებით საკომლო წიგნების მონაცემებით რიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილი 0,5 ჰა რეგისტრირებული აქვს საკუთრებად. რაც შეეხება 1977 წელს მოსარჩელისთვის საკარმიდამო ნაკვეთიდან 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრის ფაქტს, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მისი კანონიერების საკითხი, რამეთუ მოსარჩელის განმარტებით, მას შესაბამისი აქტი გასაჩივრებული აქვს და მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა