Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-114(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– თ. პ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (ასკ-ის 16.2) - ა. ი-ა, ა. გ-ი, გ. გ-ა, ე. გ-ა, მ. გ-ი, ს. გ-ა, სა. გ-ა, ფ.

გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 8 აგვისტოს თ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - მ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის ოჯახს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც აღრიცხული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში და მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს. მოსარჩელემ 4.02.2017წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაზუსტებული რეგისტრაცია. მის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები ზედდებაში მოვიდა მ. გ-ის მიერ საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელის განმარტებით, მ. გ-ის სახელზე ზემოაღნიშნული ქონების რეგისტრაცია უკანონოა ვინაიდან საქართველოს ეროვნული არქივის 23.08.2017წ. საარქივო ცნობის თანახმად, მ. გ-ის ოჯახს 5.02.1990 წლიდან ერიცხება მხოლოდ 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის გარეშე. მ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება მხოლოდ სისტემური რეგისტრაციის დროს 24.06.2002წ. გაცემულ სააღრიცხვო ბარათში. მითითებული დოკუმენტის თანახმად, მ. გ-ის ერიცხება 0,026 ჰა მიწის ნაკვეთი, ამ უძრავი ქონების საკადასტრო რუკაში მოქცეულია სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.

მოსარჩელემ დაზუტებული სარჩელით მოითხოვა: 1. უძრავი ქონების (ს.კ N...) სისტემური რეგისტრაციის (განაცხადის რეგისტრაცია N...; მ. გ-ის საკუთრების რეგისტრაცია) 24.06.02წ. ჩანაწერის ბათილად ცნობა; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 იანვრის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.კ ...); 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2014 წლის 8 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების, 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი ივლისის N... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 9.08.2019წ. განჩინებით თ. პ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2014 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილების, 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი ივლისის N... გადაწყვეტილების მოქმედება.

ბოლნისის რაიონული სასამართლო 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ი, მ. გ-ი, სა. გ-ა, გ. გ-ა, ე. გ-ა, ა. ი-ა, ს. გ-ა, ფ. გ-ა.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით თ. პ-ას წარმომადგენლის ომარ მურადასილოვის შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს: 2014 წლის 08 იანვრის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 1 ივლისის N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილება, რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. პ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თ. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (14.11.1996წ.) (ძალადაკარგულია საქართველოს 12/28/2005 №2635 კანონით) მე-7 მუხლზე, მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №..., (24.06.02წ. №... მიწის სააღრიცხვო ბარათი, 0.026 ჰა, გ-ი მ.), ასევე №... (24.06.02წ. №... მიწის სააღრიცხვო ბარათი, 0.0383 ჰა, გ-ი ი.ი) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შედგა საკადასტრო რუკები, სადაც მიეთითა მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები, ე.ი უძრავ ქონებაზე ჩატარდა საკადასტრო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტირებული იქნა საკადასტრო რუკის ფორმით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საფუძვლად დაედო №... საგადასახადო სია, ხოლო ი. გ-იის საკუთრების უფლების დადგენას №... საგადასახადო სია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა ხელმოწერილია რეგისტრატორის მიერ და მასზე დასმულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სისტემური რეგისტრაციის ჩანაწერი (24.06.02წ. №... მიწის სააღრიცხვო ბარათი) შესრულებული იყო სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებელობის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აპელანტმა გარდა ახსნა-განმარტებისა ვერ მიუთითა ისეთ უტყუარ მტკიცებულებაზე, რომელიც სადავო სისტემური ჩანაწერის უკანონობას დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ ნივთზე საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მას, როგორც საკუთარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 24.06.02წ., ხოლო სარჩელი წარდგენილია 08.08.19წ., შესაბამისად, გასულია 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ იყო პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რადგან საკუთრების უფლება წარმოშობილია, დადასტურებულია და პირველადი რეგისტრაციის გაუქმება გამოიწვევს მესამე პირის საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგისტრაციის დაზუსტების ფარგლებში დაუშვებელია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს საკუთრების უფლების შინაარსის სახეცვლილებას და რეგისტრაციას, სხვის საკუთრების უფლების ხარჯზე. ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-3 პირების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, შეუსაბამოა, მონაცემების დაზუსტებამდე (სააღრიცხვო ბარათები) არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან (დაუზუსტებელი რეგისტრაციით ს.კ ... და ... უძრავი ქონების სასაზღვრო მიჯნაზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილი მდებარეობს ს.კ ... უძრავ ქონებაზე, ხოლო მე-2 ნაწილი - ს.კ ... მქონე უძრავ ქონებაზე. მე-3 პირების მიერ დაზუსტებული რეგისტრაციის პირობებში წარდგენილი ნახაზით, ადგილი აქვს ნაკვეთის სივრცობრივ-ტერიტორიულ წანაცვლებას, რის საფუძველზეც, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები მოიცავს ს.კ ... არსებულ შენობის მთლიან ნაწილს და შესაბამისად, მის მიმდებარე მიწის ნაკვეთსაც,

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია მასზედ, რომ მესამე პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მათ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო საჯარო რეესტრი ცალმხრივად დაეყრდნო მხარეთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა. მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოპასუხემ, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის, უნდა განსაზღვროს მხარეთა საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. პ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების მისი ოჯახისადმი კუთვნილების ფაქტი დასტურდება საკომლო წიგნების ამონაწერებითა და ტექ. ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალებით. მ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება მხოლოდ სისტემური რეგისტრაციის დროს 24.06.2002წ. გაცემულ სააღრიცხვო ბარათში. კასატორი აღნიშნავს, რომ მ. გ-ის სახელზე რაიმე სახის უფლების დამდგენი დოკუმენტის გაცემა იმთავითვე უკანონოა, რადგან სისტემური რეგისტრაციის განხორციელებამდე (2002წ) ეს ქონება საკომლო წიგნებში რეგისტრირებული იყო, ამასთან 1998 წელს აღირიცხა მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის - ი. გ-ის სახელზე. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას მასზედ, რომ მ. გ-იმა მის სახელზე არსებული ტექბიუროს ჩანაწერის გამო, ხანდაზმულობით საკუთრების უფლება მოიპოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. პ-ას საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების (ს.კ №...) სისტემური რეგისტრაციის (მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) 24.06.02წ. ჩანაწერისა და მითითებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 იანვრის №..., 2019 წლის 21 ივნისის №..., 2019 წლის პირველი ივლისის №... და 2019 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 24.06.02წ N... მიწის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, გ-ი მ.ს სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 0.026 ჰა. ფართობით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 იანვრის N... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ. გ-ის განცხადება და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შედეგად: უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ..., ფართით 260 კვ.მ. (ძველი საკადასტრო კოდი - ..., მესაკუთრეთა გრაფაში მიეთითნენ: ა. გ-ი, გ. გ-ა, ე. გ-ა, მ. გ-ი, სა. გ-ა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. მესაკუთრეების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს 2019 წლის 1 ივლისის N... გადაწყვეტილებით, მ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა (დაზუსტდა თანამესაკუთრეები: ა. ი-ა, ა. გ-ი, გ. გ-ა, ე. გ-ა, მ. გ-ი, ს. გ-ა, სა. გ-ა, ფ. გ-ა), გაიცა ამონაწერი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად შესაბამისი საკადასტრო გეგმებით: ს.კ ... (წინა ს.კ ...) 103 კვ.მ; ს.კ ... (წინა ს.კ ...) 157 კვ.მ.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს მესამე პირთა სახელზე განხორციელებული პირველადი და დაზუსტებული რეგისტრაციების ბათილად ცნობაში, რადგან მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი ზედდებაშია ს/კ N... მიწის ნაკვეთთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა ხანდაზმულობით. მითითებული ნორმის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. იმავე კოდექსის 1507.4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 165-ე-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან. უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენას ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი 15.07.1993წ. „საკუთრების უფლების შესახებ“ კანონიც (ძალადაკარგულია 26.06.1997წ. №786 კანონით). სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროები.

შეძენითი ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი გულისხმობს, რომ კანონით დადგენილ პირობებში, ნივთზე განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობა განსაზღვრული დროის შემდეგ, მასზე საკუთრების უფლებას წარმოშობს.

დადგენილია, რომ მ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 24.06.02წ. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააღრიცხვო ბარათს არ აქვს უფლების წარმომშობი ფუნქცია, რამდენადაც იგი, თავისი არსით, საჯარო რეესტრის ჩანაწერს უტოლდება.

საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების დაზუსტებული რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 4.02.2019წ. ხოლო სარჩელი აღძრულია 8.08.2019წ. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრამდე, მესამე პირი - მ. გ-ი უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიცხული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 15 წელზე მეტი დროის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი უძრავ ქონებას ფაქტობრივად უწყვეტად ფლობენ, რისი გამაბათილებელი მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის დროისთვის მესამე პირს - მ. გ-ის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ხანდაზმულობით უკვე მოპოვებული ჰქონდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებზე და დასკვნებზე, კერძოდ: „მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.“

ამასთან, „საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაძლებლად მიიჩნევს და ფაქტიურად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემის შეუსაბამობას, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. სადავო სამართალურთიერთობის ასეთი გადაწყვეტით ხ. მ-ის სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება, რაც მესაკუთრის უფლებებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ის ერთის მხრივ აღიარებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილებას ფორმალურად (ე.ი. ეთანხმება რეესტრის ჩანაწერს), ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებით გამორიცხავს, ფაქტობრივად უარყოფს საკუთრებას, ვინაიდან არც სასამართლო და არც საჯარო რეესტრის სამსახური არ უთითებს ხ. მ-ის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.“

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის Nბს-803(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. სზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მოსარჩელის მამკვიდრებლის (ი. გ-იის) და მესამე პირის (მ. გ-ის) სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხული მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკებით (ტ.1; გვ. 90-93) იკვეთება, რომ მიწის ნაკვეთთა საზღვარზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილი მოქცეულია N344 (მესაკუთრე- ი. გ-ი) მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ხოლო შენობის მეორე ნაწილი N347 (მესაკუთრე - მ. გ-ი) მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საქმეში დაცული 19.08.88წ. აქტის თანახმად, ვ. ი. ო. ჰ-იმა, შვილს მ. ვ. ო. გ-ის გამოუყო კუთვნილი მეურნეობიდან საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი.

ნიშანდობლივია, რომ მესამე პირთა სახელზე რიცხული უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციის დროს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახულია მთლიანი შენობა-ნაგებობა და არა მისი ნაწილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მესამე პირთა სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელებისას წარდგენილი ნახაზით ფაქტობრივად მოხდა მიწის ნაკვეთის სივრცობრივ-ტერიტორიული ადგილმდებარეობის ცვლილება, რის საფუძველზეც, სარეგისტრაციოდ წარდგენილმა მონაცემებმა მოიცვა ს.კ ... არსებული შენობის მთლიანი ნაწილი და შესაბამისად, მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთიც (იხ. ზედდების სიტუაციური ნახაზი გვ. 192)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის აღურიცხაობის შესახებ.

საჯარო რეესტრისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის მომენტიდან ცნობილი იყო ზემოაღნიშნული ორი მიწის ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა და მათი კონფიგურაცია, შემდგომი დაზუსტებული რეგისტრაციები განხორციელდა ისე, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონება ფაქტობრივად მოექცა მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. გ-ის და მესამე პირთა სახელზე დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა-არარსებობის საკითხი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა საარქივო მასალებთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციები განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირების ნაკვეთებთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეუფასებია ის გარემოებები, რომლებსაც სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. აუცილებელი იყო, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად მოეხდინა იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციასაც ახდენდა მხარე. მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და მიწის ნაკვეთთა ზედდების გამორიცხვა.

სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას არ იქნა გამოკვლეული, მესამე პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვ.) რამდენად იძლეოდა აღნიშნული კონფიგურაციითა და ადგილმდებარეობით, სადავო რეგისტრაციების განხორციელების შესაძლებლობას. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის იმ მასალებთან ურთიერთშედარებით, რაც დაცული იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე დაინტერესებულ მხარეთა მოსმენით ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო დაედგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე ვალდებული იყო დაედგინა ამავე მიწის ნაკვეთზე სხვა პირზე რეგისტრაციის თუნდაც დაუზუსტებელი სახით არსებობა. თავის მხრივ, დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, რომელიც ვერ გამოიწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეესაბამებოდა სზაკ-ის მოთხოვნებს, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები: თ. პ-ას ან მისი მამკვიდრებლის (ი. გ-ის), როგორც დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის საკითხი, არ უმსჯელიათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების შესაძლო უგულებელყოფის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციების განხორციელებისას საჭირო იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მესამე პირთა სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციებისას მარეგისტრირებელი ორგანო დაეყრდნო მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებული არ ყოფილა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად განისაზღვრა, რომ სახეზე იყო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს: 2014 წლის 08 იანვრის N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 1 ივლისის N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ; 2019 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ; ბათილად ცნობის წინა პირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. პ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა