საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-984(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე
მესამე პირი (ასკ 16.2) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 26 იანვარს ლ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №23.2119.2374 „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ“ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე; ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ ...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე, 2021 წლის 10 მაისის ინდ. მეწარმე ზ. წ-ის შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
მოსარჩელე 2023 წლის 26 დეკემბრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის №23.2119.2374 განკარგულებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და უკანონოდ; ლ. ს-ეის განმარტებით, იგი 2000 წლიდან იკავებდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №... (ს/კ №...) 1 243კვ.მ. მიწის ნაკვეთს; მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2014-2019 წლებში ზემოაღნიშნული ტერიტორია წარმოადგენლდა ლანდშაფტურ ტერიტორიას, თუმცა სტატუსის ცვლილება განხორციელდა 2019 წელს და სადავო მიწის ნაკვეთს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით სადავო ტერიტორიას 2000 წლიდან იყენებდა საფუტკრე მეურნეობისთვის, ხოლო 2006 წლიდან იქ დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საძირკვლის მოწყობა; ლ. ს-ე ასევე მიუთითებს, რომ 2000 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული აქვს ე.წ. „მავთულის“ ღობით.
მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა არანაირი გამწვანება მანამ, სანამ თავად ლ. ს-ემ 2006 წლიდან არ დაიწყო ხილ-კენკროვანი ნერგების გაშენება და მოვლა; მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ტერიტორიაზე 2006 წელს მოაწყო რკინა-ბეტონის ხიმინჯური საძირკველი კაპიტალური შენობისათვის; გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, ამავე მიწის ნაკვეთზე ააშენა საქონლის სადგომი, რომელიც შემდეგ 2020 წელს დაანგრა და მის ადგილზე ააშენა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სარჩელის შეტანის ეტაპისთვის უკვე დასრულებული სახე ჰქონდა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ტერიტორიაზე არის დამხმარე ნაგებობები, ეზოში განცალკევებით დგას საპირფარეშო.
მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მოსარჩელის განარტებით, მიმდინარე რეგისტრაციის ფარგლებში გადაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მაგრამ იმის გამო, რომ მიწას ადევს სატყეო ზონა, ვერ განხორციელდება მიწის ნაკვეთის დაკანონება.
მოსარჩელე ხაზგასმით მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ემიჯნება საცხოვრებელ ზონა 2-ს და საცხოვრებელ ზონა 3-ს. გარდა ამისა, ტერიტორია უზრუნველყოფილია საგზაო და საინჟინრო კომუნიკაციებით, რაც ტერიტორიას აძლევს საცხოვრებელი ფუნქციის დატვირთვასაც. ამასთან, სადაო ტერიტორია დანაწევრებულია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით, მათ შორის გადაადგილებისთვის კი გამოიყენება გრუნტის გზები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიცპიპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №23.2119.2374 განკარგულება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ“ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნასთან დაკავშირებით (2021წლის 10 მაისის ინდ. მეწარმე ზ. წ-ის შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აღნიშნულია, რომ სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილება შეამცირებს დედაქალაქში არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს, თუმცა გაურკვეველია რას ეფუძნება სადავო აქტში ასახული დასკვნები. სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალურად იმ გარემოებაზე მითითება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სატყეო ზონაში, სხვა გარემოებების შეფასების გარეშე იმ ვითარებაში, როდესაც საპროექტო მიწის ნკავეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებით არ იცვლება მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათი და ობიექტი ჯდება ერთიან იერსახეში, ვერ ჩაითვლება სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებად.
კოლეგიის აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა; კერძოდ, ლ. ს-ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ლ. ს-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე 581.00კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) მესაკუთრეა მ. ა-ე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ლ. ს-ემ 2023 წლის 12 დეკემბერს №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით (სზ-2) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №... წერილის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ხვდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მწვანე ნარგავების მართვის გეგმაში, რომლის შესაბამისად შექმნილია 8 სატყეო უბანი, შედგენილია ახალი საკვარტალე ქსელი და თითოეულ კვარტალში, უბნების მიხედვით, დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები; გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის, კერძოდ, სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით(სზ-2) ცვლილება, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, შეამცირებს დედაქალაქში არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს, ხოლო ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების აუცილებელ მინიმუმამდე შემცირება; რის გამოც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით(სზ-2) ცვლილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №23.2119.2374 განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი ეთქვა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებას, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით (სზ-2) ცვლილებასა და გამწვანეული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე. ქალაქგეგმარებითი დასაბუთების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, ...ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ ს/კ:... საკვლევი მიწის ნაკვეთი და მისი მდებარე საკვლევი არეალი წარმოადგენს დღეს უკვე ჩამოუყალიბებელ, საცხოვრებელი ფუნქციით განვითარებულ ტერიტორიას მისი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაზე. მსგავსი ზონა პრიორიტეტულია, როგორც კლიმატური და ეკოლოგიური, ასევე კონკრეტულად ემიჯნება საცხოვრებელი ზონა 2 და საცხოვრებელი ზონა 3. ტერიტორია უზრუნველყოფილია კომუნიკაციებით საგზაო და საინჟინრო კომუნიკაციებით, რაც საკვლევ ტერიტორიას ხდის საცხოვრებელი ფუნქციის დატვირთვისათვის. საკვლევი ტერიტორია დანაწევრებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან, მათ შორის გადაადგილებისათვის გამოიყენება გრუნტის გზები. საკვლევ მიწის ნაკვეთზე არის მაცხოვრებლის მიერ დარგული ხილკენკროვანი ნარგავები, საცხოვრებელი 1 სართულიანი სახლი დამხმარე ნაგებობებით, ფრინველების საცხოვრებელი და გარე საპირფარეშოთი, ტერიტორია ხასიათდება დახრილი რელიეფით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს „დ...“-ის 2024 წლის 10 დეკემბრის №2412-141 დასკვნის თანახმად, 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, ...ის დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებელი ს/კ ... მიწის ნაკვეთის 1243კვ.მეტრი ნაწილზე მოხდა მერქნიან მცენარეთა აღრიცხვა სახეობების მიხედვით. სულ აღირიცხა 44 მერქნიანი მცენარე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დამატებით მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, შეაფასოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსახილევლ საქმეზე სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. კასატორის შეფასებით თბილისის სააპელაციო სასამრთლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე და ამ საფუძვლით მოითხოვს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამასთან, კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზანს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ტერიტორიაზე ზონის ცვლილება ხელს უწყობს ქალაქის განვითარების არახელსაყრელ მიმართულებას, არახელსაყრელ ურბანულ ცოცვას, რაც ქალაქისათვის ქმნის როგორც ქალაქგეგმარებით, ასევე, გარემოსდაცვით საფრთხეებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საჯარო და კერძო ინტერესების სწორი დაბალანსებით და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორი მოსაზრებით, სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესაფება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ თავად სასამართლომ ვერ უზრუნველყო მიეთითებინა თუ დამატებით რა კონკრეტული გარემოების გამოვლენა ან/და რომელი საკითხის უკეთ შესწავლა უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისრტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით.
ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით. შესაბამისად, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრსს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №23.2119.2374 „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ“ განკარგულების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (სკ: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე. განკარგულების მიხედვით, განსახილველ ტერიტორიაზე მოქმედი სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილება შეამცირებს დედაქალაქში არსებულ ტყეებსა და სატეო ტერიტორიებს. ზემოაღნიშნული განკარგულების მიხედვით ვინაიდან, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის და ,,მწვანე ქალაქის’’ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტყეებისა და სატყეო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №23.2119.2374 განკარგულება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ“ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის(სკ: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებასა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (სკ: №...) მომიჯნავედ არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით ცვლილებისა და გამწვანებული ტერიტორიების რუკით არსებული სატყეო ზონის მოხსნასთან დაკავშირებით (2021წლის 10 მაისის ინდ. მეწარმე ზ. წ-ის შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად).
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით (საქმე #3/ბ-1108-25).
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან სარგებლობდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) მომიჯნავედ არსებული დაურეგისტრირებელი ტერიტორიით; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. ს-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე 2000 წლიდან ჰქონდა მოწყობილი საფუტკრე მეურნეობა, 2006 წლიდან კი დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება; ამასთან, ამავე პერიოდში გააშენა სხვადასხვა ხილ-კენკროვანი ნერგი; 2020 წელს კი მოსარჩელემ ააშენა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი;
საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს 2024 წლის 10 დეკემბრის №2412-141 მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 7 დეკემბერს სადავო ტერიტორიაზე განხორციელდა მერქნიან მცენარეთა აღრიცხვა სახეობების მიხედვით; ზემოაღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მითითებულ ნაკვეთზე სულ აღირიცხა 44 მერქნიანი მცენარე, რომელთაგან 37 არის ხილკენკროვანი (შინდი, ხურმა, ლეღვი, ბროწეული და ა.შ...), 5 მაღალი ღირებულების ,,წითელი ნუსხით’’ დაცული კაკლის ხე და მხოლოდ ორი ერთეული მაღალი ღირებულების წიწვოვანი სახეობა - ორი ელდარის ფიჭვი.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისში, ...ს ქ. ...-ს მიმდგებარედ (ს.კ ...) (სპეციალური ზონალური შეთანხმება) ქალაქგეგმარებითი დასაბუთების განმარტებით ბარათზე (ტ.1; სფ.193-195), რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით შეტანილია განაცხადი აღიარების კომისიაში, თუმცა ვინაიდან მითითებული მიწის ნაკვეთი ამჟამად მიეკუთვნება სატყეო ზონას, ვერ ხერხდება მისი დაკანონება. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ დასახელებული ტერიტორია გარშემორტყმულია საცხოვრებელი ზონა 2-ითა და საცხოვრებელი ზონა 3-ით; უფრო კონკრეტულად, კი საცხოვრებელი ზონა 2-თან აქვს საერთო საზღვარი; ზემოაღნიშნულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკვლევი მიწის ნაკვეთი და მის ირგვლივ მდებარე საკვლევი არეალი წარმოადგენს დღეს უკვე ჩამოუყალიბებელ, საცხოვრებელი ფუნქციით განვითარებულ ტერიტორიას. მსგავსი ზონა პრიორიტეტულია კლიმატური და ეკოლოგიური თვალსაზრისით; ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ტერიტორია უზრუნველყოფილია საგზაო და საინჟინრო კომუნიკაციებით, რაც საკვლევ ტერიტორიას სძენს საცხოვრებელ ფუნქციას. განმარტებითი ბარათის მიხედვით საკვლევი ტერიტორია დანაწევრებულია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებად, მათ შორის გადაადგილებისათვის კი გამოიყენება გრუნტის გზები. დოკუმენტის მიხედვით, თავად საპროექტო მიწის ნაკვეთთან (სადავო ტერიტორიაზე) მივდივართ ასეთივე გრუნტის გზის მეშვეობით აღმოსავლეთის მხრიდან.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ტერიტორიის გვერდით მის მეზობლად არამხოლოდ კერძო საკუთრებაში აქვთ ინდივიდუალური სახლები, არამედ მომიჯნავედ აშენდა მრვალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი; ასეთ ვითარებაში მოსარჩელისთვის გაურკვეველია, რატომ ილახება მისი ინტერესი და რატომ უნდა ედოს სატყეო ზონა მიწის ნაკვეთს, რომლითაც სარგებლობს 2000 წლიდან, სადაც საცხოვრებლად ააშენა ერთსართულიანი სახლი და რომელზეც მის მიერ გაშენებულია კულტურული ხეხილი და არაა ტყისთვის დამახასიათებელი ნაძვნარი ან/და ველური მცენარეები;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება არის ტერიტორიაზე (ფაქტობრივად) ან/და ზონაში/ქვეზონაში (ნორმატიულად) განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების სახეობა; ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება ერთგვაროვანია, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) მინიმუმ 75% გამოყენებულია იდენტური ფუნქციით (დომინირებული სახეობა); ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენება შერეულია, თუკი იქ განთავსებული მიწის ნაკვეთებისა ან/და უძრავი ქონების (ობიექტების) 25%-ზე მეტია გამოყენებულია განსხვავებული ფუნქციით. ამავე პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ფუნქციური ზონირება არის მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს დასახლების ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების ერთგვაროვანი ან შერეული სახეობის მიხედვით.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული წესების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად სატყეო ზონა - ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები (ქვეზონები): კ) საცხოვრებელი ზონა - 2 (სზ-2) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.
მითითებული წესების მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ფუნქციური ზონების ცვლილების/დაზუსტების მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად ახორციელებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების/სხვა ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწონებული მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-9 მუხლზე, რომელიც პირდაპირ განამტკიცებს ინტერესთა შეჯერების პრინციპს; ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს იმპერატიულად ავალდებულებს უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება;
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დააფუძლოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს; ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს იმპერატიული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამეთუ ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლასა და გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილებაზე პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად და მოსარჩელის კანონიერი მიზნის გათვალისწინებით სრულფასოვნად გამოიკვლიოს შეზღუდვის შესაფერისობა/გამოსადეგობა აუცილოებლობისა და თანაზომიერების პრინციპების მხედველობაში მიღების გზით.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აუცილებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს საკითხისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და უარყოფითი დასკვნის გაკეთების შემთხვევაში მხარეს უნდა განუმარტოს, თუ რატომაა შეუძლებელი მითითებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილება იმ პირობებში, როდესაც იმავე არეალში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სხვა ფუნქციური ზონის მოქმედება ვრცელდება, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო საცხოვრებელი ზონის არსებობა. გარდა ამისა, ნიშანდობლივია საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა სადავო მიწაზე ნარგავების აღწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ერთეული ფიჭვია, დანარჩენი ნარგავები კი ხეხილია, რომლებიც თავისთავად, ადამინური რესურსის ჩარევის გარეშე ერთ მიწის ნაკვეთზე ამ რაოდენობის ვერ გაიზრდებოდა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებელს დაუსაბუთოს თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება განიცადოს გარემომ მითითებულ ტერიტორიაზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 2-ით შეცვლით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წამოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა