Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-874(2კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– ე. ბ-ი

კასატორი (ასკ-ის 16.2 მუხლი) - ა. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - და. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 6 აგვისტოს ე. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ა. ტ-ეის მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1992 წელს ბ. პ-იმა შეიძინა ... N12-ში მდებარე ბინა. მოსარჩელე - ე. ბ-ი წარმოადგენს ბ. პ-ის შვილიშვილს. 1943 წელს გარდაიცვალა ბ. პ-ი. მოსარჩელის დედას სამკვიდრო არ მიუღია, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. 1954 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ბ.-ს ძე ბ-ის მ. ა.-ს ძე ბ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა 2040 მანეთის გადახდა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საჯარო ვაჭრობა გაიმართა. ხ. კ-იმა შეიძინა ...ს შესახვევი N12-ში და ...ს ქუჩის კუთხეში მდებარე ბინა. დღევანდელი მდგომარეობით, და. ბ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი) ... N12-ში მდებარე უძრავი ქონების ლიტ “ა1” და ლიტ “ბ” -ს მესაკუთრეს.

და. ბ-იმა 6.02.2013წ. მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ში N12-ში მდებარე ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ და ა. ტ-ემ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართული საჩივრით მოითხოვეს დ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა. საჯარო რეესტრის 23.10.2013წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. რეესტრის 22.03.2016წ. გადაწყვეტილებით აღდგა და. ბ-ის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა რეესტრის 11.04.2016წ. გადაწყვეტილებით ე. ბ-ის უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საჩივრის განხილვა. ხელახალი განხილვის შედეგად, ე.ბააზოვის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლოს მითითებები და არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ - ა. ტ-ე და და. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ბ-იმა და ა. ტ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით ე. ბ-ისა და ა. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ს (ყოფ. ...ს) შესახვევი №12-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა და. ბ-ის საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-2, მე-8 და 3.6 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაციის ასევე მასში ცვლილებების განხორციელების მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს წარმოადგენს არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ყველა დოკუმენტი თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია და. ბ-ის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. მითითებულ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ და. ბ-ის უფლება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ქ. თბილისში, ...ს ქ. N12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აღრიცხული იყო. ზემოაღნიშნული უფლება არ ასახულა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციისას. ამდენად, დ. ბ-ი ულებამოსილი იყო სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობის მიზეზით მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და არსებული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში ასახვა მოეთხოვა. სააპელაციო პალატამ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომელიც ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს. პალატის მითითებით, და. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია თუ სახეზეა ზემოხსენებულ ნორმაში ჩამოთვლილი რომელიმე წინაპირობა. სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არაარსებობის საფუძვლით არ გაიზიარა აპელანტთა მითითება და. ბ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების სიყალბეზე, მითუფრო, როცა სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია და. ბ-ის საკუთრების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლი, სსკ-ის 10 მუხლი და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არამხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოცემულობით და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ბ-იმა და ა. ტ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორის - ე. ბ-ის განმარტებით, იგი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რადგან მის საკუთრებაში არსებული ფართის რეგისტრაცია მოითხოვა და. ბ-იმა. ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაცია განახორციელა საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რითაც შელახა კასატორის საკუთრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ისა და ა. ტ-ეის საკასაციო საჩივრები.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ისა და ა. ტ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს და. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1994 წლის 26 ოქტომბრის №ბ-1793 ცნობა - დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში ...ს (იგივე ...ს) შესახვევი №12-ში რეგისტრირებულ იყო ხ. კ-ის და ბ. ბ-ის საკუთრების უფლება. 1995 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და. ბ-ის მიეკუთვნა საცხოვრებელი ფართი (განლაგებული 262 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) მდებარე ქ. თბილისი, ...ი №12. მთელი საცხოვრებელი სახლის ლიტ ''ა1'' და ლიტ ''ბ'' ნაწილი.

ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით ...ს შესახ. №12 ფართით 131,61 კვ.მ. ლიტ. „ა-ს” ½ ნაწილი ირიცხება მოქალაქე ე. ბ-ის სახელზე, ხოლო ლიტ ,,ა1-ბ” ირიცხება და. ბ-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 189).

2005 წლის 6 აპრილს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეგისტრაციის თანახმად, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) შესახვევი №12-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია შემდეგი მონაცემებით: მიწის ფართობი: დაუზუსტებელი 262 კვ.მ., საერთო საკუთრების უფლება ე. ბ-ის, აწ გარდაცვლილი რ. ბ-ისა და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრის საკუთრება. შენობა-ნაგებობები საერთო სასარგებლო ფართით 254,85 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 131,61 კვ.მ., აქედან ლიტერ „ა“-ს ½-დი ნაწილი ე. ბ-ის და ½ აწ გარდაცვლილი რ. ბ-ი-ც-ის საკუთრება. აქედან შენობა-ნაგებობა 16,24 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით და. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) შესახვევი №12-ში, მდებარე ბინა/ერთეულზე. შემდეგი მონაცემებით: დაზუსტებული მიწის ფართი - 171 კვ.მ., მესაკუთრეები: ე. ბ-ი, შენობა №1-დან (ლიტ „ა“) 1/3 ნაწილი; ა. ტ-ე შენობა №1-დან 2/3 ნაწილი, და. ბ-ი შენობა №2, №3, №4 (ლიტ „ა1“ და ლიტ „ბ“) ფართით 46 კვ.მეტრი. ზემოაღნიშნული რეგისტრაცია სადავო გახადეს ე. ბ-იმა და ა. ტ-ემ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა და. ბ-ის სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაცია, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ხდებოდა თანაზიარი უფლების ცვლილება.

მოგვიანებით და. ბ-იმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ ფართზე იმ სახით, რაც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში იყო მითითებული (საკადასტრო კოდი №..., დაუზუსტებელი ფართობით 262,00 კვ.მ). ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც და. ბ-იმა გაასაჩივრა სასარჩელო წესით. კანონიერ ძალაში შესული 30.11.2015წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დაევალა საქმის გარემოებთა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის მიღება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ს (ყოფ. ...ს) შესახვევი №12-ში (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა და. ბ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, დაუზუსტებელი მიწის ფართობი: 262 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 254.85, საცხოვრებელი ფართი: 131.61, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: 16.24 კვ.მ., მესაკუთრეები: ე. ბ-ი, შენობა №1-დან (ლიტ ,,ა") 1/3 ნაწილი, ა. ტ-ე შენობა №1- დან (ლიტ ,,ა") 2/3 ნაწილი, და. ბ-ი ლიტერი ,, ა' " და ლიტერი ,,ბ". ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილების საფუძველია კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 30 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილება.

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-266-ე მუხლების თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა და კანონმდებლობით მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9); „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4); „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება აზრს დაკარგავს, თუ მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტი - სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით.

სტაბილური სამართლებრივი წესრიგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის ფუნქციური დატვირთვა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულებაა. აღნიშნული ფუნქცია კი მიუღწეველი დარჩება, თუ მხარეებს მუდმივად ექნებათ სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). ამასთანავე, სტაბილური სამართლებრივი წესრიგი წარმოუდგენელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნდობას კი განაპირობებს, მათ შორის, ის გარემოება, რომ მასში შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დადგენილი წესრიგი აღარ ექვემდებარება შეცვლას. სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 07 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2015წ. გადაწყვეტილებაში ნამსჯელია და. ბ-ის საკუთრების უფლებაზე და დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. 12-ში მდებარე უძრავ ნივთზე 2005 წლის 6 აპრილს განხორციელებული რეგისტრაცია შესაბამისობაში იყო კანონმდებლობასთან. ასევე მითითებულ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ და. ბ-ის მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენდა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნას, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მისი უფლება ქ. თბილისი, ...ს ქ. №12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აღრიცხული იყო. აღნიშნული უფლება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციისას რეგისტრირებულ მონაცემებში აღარ ასახულა. ამდენად, და. ბ-ი, როგორც საკუთრების უფლების მქონე პირი უფლებამოსილი იყო ქ. თბილისი, ...ს ქ. №12-ში მდებარე სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობის მიზეზით მიემართა მარეგისტრირებელ ორგანოსთვის და არსებული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში ასახვა მოეთხოვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ამავე მუხლის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტად მიიჩნევა სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, მასზედ, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არამხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დადგენილ ფარგლებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების რევიზიას არ ახდენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემები წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ინფორმაციას, რაც "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 3.6 მუხლის გათვალისწინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეადაროს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებთან. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია სამართლებრივი მოცემულობა მასზედ, რომ და. ბ-ის გააჩნია საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების გარკვეულ ნაწილზე, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა ეხელმძღვანელა სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული მითითებებით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და. ბ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტების გაუქმების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო კასატორების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი იყო დადგენილიყო ის, თუ რამდენად არსებობდა საქმეში მესამე პირის - და. ბ-ის საკუთრების უფლების გაუქმებისათვის საკმარისი საფუძვლები. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს ადგენს "საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის თანახმად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ და. ბ-ის საკუთრების უფლების გაუქმებისათვის სახეზე უნდა იყოს ზემოხსენებულ ნორმაში ჩამოთვლილი რომელიმე წინაპირობა. ყველა სხვა მითითება საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე ვერ იქნება კანონისმიერ საფუძვლად განხილული. მითუფრო, რომ როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა კანონიერ ძალაში შესული 30.11.2015წ. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია დავით ბაჩიკაშვილის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ მსჯელობას და მათ საწინააღმდეგოდ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე დავით ბაჩიკაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ამ მომენტისათვის რეგისტრირებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში. მოსარჩელემ და მესამე პირმა კი ვერც ადმინისტრაციული წარმოების და ვერც სასამართლო განხილვის დროს ვერ წარმოადგინეს იმგვარი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოწესრიგებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლაზე და დასაბუთებულს გახდიდა სასარჩელო მოთხოვნას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 10.07.2024წ. ოპერაციის ID 514055 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო ა. ტ-ეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2024წ. ოპერაციის ID 506754 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,ე. ბ-ის (პ/ნ ...) და ა. ტ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ისა და ა. ტ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. ე. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.07.2024წ. ოპერაციის ID 514055 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ა. ტ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2024წ. ოპერაციის ID 506754 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა