საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-1303(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. ტ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 9 ოქტომბერს თ. ტ-ამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით 2020 წელს მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა 2020 წლის 13 ოქტომბრის წერილით აცნობეს, რომ დევნილთა ბაზის მიხედვით მას უკვე მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია; მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ მან კვლავ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტების მოთხოვნით და 2021 წლის 6 აპრილის წერილით გახდა მისთვის ცნობილი, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო ,,მ...ში’’, დაკავებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მას მიღებული ჰქონდა საკომპენსაციო თანხა. მოსარჩელემ კვლავ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და აცნობა, რომ 2021 წლი 6 აპრილის წერილში მითითებული ინფორმაცია სიმართლეს არ წამოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, სასტუმრო ,,მ...ში’’ იყო მხოლოდ დამისამართებული საცხოვრებელი ფართის გარეშე და შესაბამისად ვერანაირ კომპენსაციას ვერ მიიღებდა. თ. ტ-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსთხოვა ტექნიკური ხასიათის ხარვეზის გასწორება და მისი კომპენსირებულთა სიიდან წაშლა, თუმცა 2021 წლის 5 ივლისის წერილით მოსარჩელეს აცნობეს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის პირველი აგვისტოს IDP 5 23 00806797 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელე თ. ტ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის პირველი აგვისტოს IDP 5 23 008067972 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება და გაუუქმოს თ. ტ-ას კომპენსირებული პირად მონიშვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: 1) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე თ. ტ-ას მუდმივი საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, გულრიფი, დ. ...; დროებითი საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - აჭარა, ბათუმი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად კი - თბილისი, გაურკვეველი. 2) სარეგისტრაციო ნომერზე - ..., 1999 წლის მონაცემებით, ბათუმში, სასტუმრო ,,მ...ში“ თ. ტ-ა რეგისტრირებული იყო ი. ტ-ასთან (მამა), ე. ტ-ასთან (და), თე. ტ-ასთან (და), ეს. ტ-ასთან (და), ზ. ტ-ასთან (დედა) ერთად. 3) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 6 თებერვლის №01-19/27 მიმართვის თანახმად, 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს ფინანსური კომპენსაცია გამოეყო: ი. ტ-ას, თ. ტ-ას, ეს. ტ-ას, თე. ტ-ას, საოჯახო ნომერი - №1479 და ზ. ტ-ას, საოჯახო ნომერი - №1050. 4) ი. ტ-ას, თე. ტ-ას, ეს. ტ-ას და ზ. ტ-ას ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - .... 5) 2013 წლის 9 ოქტომბრის დევნილის ანკეტის მიხედვით თ. ტ-ას სარეგისტრაციო ნომერია - .... ამ სარეგისტრაციო ნომერზე, ასევე, რეგისტრირებულნი არიან თ. ტ-ას არასრულწლოვანი შვილები: ა. და დ. მ-ოები. 6) 2021 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ა...ის“ მიერ გაცემული წერილით დგინდება, რომ თ. ტ-ა ფიქსირდებოდა სასტუმრო ,,მ...ში“ საოჯახო ნომრით №1479. ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მითითებულ საოჯახო ნომერზე, 2006 წლის 2 ივნისს, თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს ი. ტ-ას. 7) 2006 წლის თებერვლის თვეში თ. ტ-ა დაოჯახდა ე. მ-ოზე და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ფოთში. 2007 წლის 12 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი. ტ-ას საკუთრებაში იყო თბილისში, ...ს ქუჩაზე (ყოფილი ...ს ქუჩა), კორპუსი ..., ბინა 33 - 54.00 კვადრატული მეტრი. 8) ი. ტ-ამ 2007 წელის 2 ნოემბერს განაცხადა თანხმობა, მის საკუთრებაში მეუღლის - ზ. ტ-ას და შვილების: ეს. ტ-ას და თე. ტ-ას რეგისტრაციაზე. ამ დოკუმენტში მოსარჩელის - თ. ტ-ას შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. 9) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის №03/15656 წერილით, არ დაკმაყოფილდა თ. ტ-ას მოთხოვნა, საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან დევნილთა მონაცემთა ბაზის ინფორმაციის საფუძველზე მას მიღებული აქვს ფულადი თანხა. 10) 2021 წლის პირველ ივლისს თ. ტ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ამავე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელება და თ. ტ-ას კომპენსირებული პირის მონიშვნის გაუქმება მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021წლის 5 ივლისის №03/11937 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თ. ტ-ას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. 11) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, თ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03/11937 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. 12) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. შედეგად კი 2023 წლის პირველი აგვისტოს №IDP 5 23 00806797 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თ. ტ-ას უარი ეთქვა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ იგი ი. ტ-ასთან, ზ. ტ-ასთან, ეს. ტ-ასთან და თე. ტ-ასთან ერთად უზრუნველყოფილი იყო ფულადი კომპენსაციით.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეფასების მიღმა დატოვა რიგი არსებითი საკითხები, კერძოდ: იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ნომრების ცვლილებისა და ქორწინების ფაქტები, ასევე, აღნიშნულ დროის მონაკვეთში მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი. მოპასუხემ არ შეადარა მოპოვებული მტკიცებულებები ერთმანეთს და მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, მკაცრად ფორმალურად დაეყრდნო მხოლოდ ცალკეულ მტკიცებულებებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა თ. ტ-ას ი. ტ-ას ოჯახთან ერთად ცხოვრებისა და შესაბამისად კომპენსირების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამასთან, სააგეტო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მოიხმობს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი #1) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალედებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
კასატორის განმარტებით, წინადებარე დავაში საკომპენასაციო თანხა გაიცა დევნილი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, კერძოდ მოსარჩელის მამაზე. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ თ. ტ-ას საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფილ პირად მონიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 1 აგვისტოს IDP 5 23 00806797 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში, მოსარჩელე თ. ტ-ას კომპენსირებულ პირად მონიშვნის გაუქმების დავალების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში;
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის #03/15656 წერილით თ. ტ-ას ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით იგი ითვლებოდა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირად, შესაბამისად, ადმინისტრაცული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა თ. ტ-ას განაცხადი საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, რომელიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
კასატორის მითითებით, 2009 წლის 6 თებერვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №01-19/27 წერილის თანახმად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს ფინანსური კომპენსაცია გამოეყო ი. ტ-ას ოჯახს შემდეგი შემადგენლობით: ი. ტ-ა, თ. ტ-ა, ეს. ტ-ა, თე. ტ-ა და ზ. ტ-ა; ზემოაღნიშნული ფაქტი, კასატორის განმარტებით, ადასტურებს მოსარჩელის სასტუმრო ,,მ...ში’’ ცხოვრების ფაქტს. თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 2 ივნისს ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ თანხა აღებული აქვს მოსარჩელის მამას - ი. ტ-ას; ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ 2006 წლის თებერვალში მოსარჩელე დაოჯახდა ე. მ-ოზე და მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ფოთში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და არასწორად შეაფასა რიგი გარემოებები; კერძოდ: იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ნომრების ცვლილებისა და ქორწინების ფაქტები, ასევე, კომპენსაციის მიღების პერიოდში მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მკაცრად ფორმალურად დაეყრდნო მხოლოდ ცალკეულ მტკიცებულებებს და მოპოვებული მასალები ერთიანობაში არ გააანალიზა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა