საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-638(კ-25) 21 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც. ფ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ფ-ემ 2023 წლის 01 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2023 წლის 03 აპრილის №1019 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, ც. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 03 აპრილის №1019 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-51 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტები და ყურადღება გაამახვილა სადავო აქტით განმცხადებლისათვის უარის თქმის ძირითად საფუძველზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „საძოვრის" კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის საფუძვლად იქნა მითითებული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის წერილზე, რომლითაც კომისიას ეცნობა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ). ასევე ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო განკარგულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ N... და ... საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთები მცხეთის რაიონის ...ის ...ის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდნენ საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 ოქტომბრის N598 და 2017 წლის 18 სექტემბრის N1303 საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც განსახილველ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარე არსებული N... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე ფიზიკურ პირთა საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა კომისიის 2019 წლის 22 ოქტომბრის N598 და 2017 წლის 18 სექტემბრის N1303 საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე, რამ განაპირობა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის (ც. ფ-ე) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „საძოვრის" კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დგინდება, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ი, საერთო ფართობი - 1000.00 კვ.მ) მცხეთის რაიონის ...ის ...ის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და ამდენად, აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნტის „პ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. აღნიშნული გარემოება კასატორის მსჯელობით არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომისიის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას. წარმომადგენლის განმარტებით, იმ პირობებში როდესაც არსებობს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი გაუგებარია დამატებით თუ რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს კომისიამ ახალი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინააღმდეგობა მოქმედ კანონთან. კასატორი შედეგის გათვალისწინებით საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას. განმარტავს, რომ სასამართლოების მიერ არ ყოფილა გაანალიზებული დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-311-307(2კ-14)) დაფიქსირებული განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ამ მუხლის შინაარსის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შექმნეს მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ასევე ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის შესახებ. კასატორის განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 03 აპრილის №1019 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე ც. ფ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ც. ფ-ეის განცხადება (რეგისტრირებული ნომრით ...) ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; სამკვიდრო მოწმობა - სანოტარო აქტი N..., რომლის მიხედვით, ც. ფ-ემ მიიღო 2017 წლის 12 აგვისტოს გარდაცვლილი მეუღლის - ე. ფ-ეის სამკვიდრო ქონება; საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე თანხმობები.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის N... წერილით, ც. ფ-ეის N... განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
დადგენილია, რომ ც. ფ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, 2023 წლის 7 მარტის წერილით კომისიას ეცნობა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ).
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N15) და მის საფუძველზე 2023 წლის 3 აპრილს გამოტანილი N1019 განკარგულებით ც. ფ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის ...ის ...ის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.
საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა თუ რა არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა. მუხლის "გ" ქვეპუნქტით ცალსახად განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის მნიშვნელობა, ხოლო ამავე მუხლის "ე" ქვეპუნქტით დაინტერესებული პირის განმარტება, სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმის მასალებით დადგენილი იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 3 აპრილის №1019 გასაჩივრებული განკარგულებით ც. ფ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და აღნიშნულის დასასაბუთებლად განკარგულებაში განიმარტა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონის ...ის ...ის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. სადავო აქტით ცალსახაა, რომ განმცხადებლისათვის უარის თქმის ძირითადი საფუძველი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „საძოვრის" კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და ამდენად დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოირიცხა მიწის ნაკვეთის საძოვრის დანიშნულებაზე მითითებით ისეთ პირობებში, როცა საქმის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 7 მარტის წერილით ეცნობა, რომ განსახილველ მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ყურადღების გამახვილება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ - სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები: ა) ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონა (ლსზ) - მოიცავს როგორც წესი თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას; ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ სასოფლოსამეურნეო ტერიტორიებს; გ) სარეკრეაციო ზონა (რზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს; დ) სპეციალური ზონა (სპეცზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ სპეციალური გამოყენების ტერიტორიებს (მაგ.: სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი; კულტურული; სამედიცინო; სასაფლაო; სამხედრო დანიშნულების ტერიტორიები; სახელმწიფო ან მუნიციპალური დაწესებულებების განთავსება); ე) საცხოვრებელი ზონა (სზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს; ვ) სატრანსპორტო ზონა (ტზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს; ზ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საქმიანი, კომერციული და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიებს; თ) სამრეწველო ზონა (ს) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ სამრეწველო გამოყენების ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე ნივთიერებების მართვისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს; ი) სანიტარიული ზონა (სანზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ათროპოგენური ან/და ბუნებრივი გზით ხე - ნარგავებით გაშენებულ გამწვანებულ ტერიტორიებს, გააჩნია გარემოს გამაჯანსაღებელი ფუნქცია და სხვა ტერიტორიებს იცავს მავნე ზემოქმედებისაგან; კ) სატყეო ზონა – ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს“; ლ) საკულტო ზონა – (საკზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ საკულტო გამოყენების ტერიტორიებს.
ამავე მიწათსარგებლობის გეგმის ტექსტური ნაწილით განმარტებულია, რომ ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების დომინირებული სახეობის მიხედვით, ხოლო უფლებრივი ზონირება არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისთვის სივრცით და ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა. თუმცა, მიწის ნაკვეთის დანიშნულებაზე მსჯელობისას მოქმედი მიწათსარგებლობის გეგმა არ ჩაითვალა დოკუმენტად, რომელიც მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული, არამედ უპირატესობა მიენიჭა 1991 წლის მდგომარეობის ამსახველ მცხეთის რაიონის ...ის ...ის მიწათსარგებლობის გეგმას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ არ ირკვევა ამგვარი შეხედულების სამართლებრივი საფუძველი.
აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტს, რომლის მიხედვით, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. სადავო გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსრ მიწის კოდექსის (1971 წელი) მე-5 მუხლზე რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მთელი მიწა წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიეკუთვნებოდა: 1) სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც სარგებლობისთვის მიცემული ჰქონდათ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მიწათმოსარგებლეებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; 2) დასახლებული პუნქტების (ქალაქები, ქალაქის ტიპის დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების) მიწები; 3) მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები; 4) სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები; 5) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები; 6) სახელმწიფო მარაგის მიწები. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკაში მიწა სარგებლობაში მიეცემოდათ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სასოფლო - სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, სსრ კავშირის მოქალაქეებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, კოლმეურნეობების წესდების შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლს პირუტყვისათვის გამოუყოფდნენ საძოვარს, სათიბად და სხვა საჭიროებისათვის. 1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა და ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მიწის გადაცემა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავის დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფოდა სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. მიწის რეფორმის ფონდზე შესაძლებელი იყო მოეწყოთ ყველა ფორმის მეურნეობები მათზე მიწების საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემით. აღნიშნული მიწები გადაეცემოდა სოფლის მფლობელობაში, საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი წესით, ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. მითითებულ დადგენილებაში 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მე-3 პუნქტით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა, რომ თითოეულ სოფელს შენარჩუნებოდა პირუტყვის გასარეკები, საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები. ამდენად, 1992 წლამდე არსებული მიწათსარგებლობის გეგმა ვერ ასახავდა შემდგომში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, სწორედ მიწის რეფორმის შემდგომ განისაზღვრა მიწის ნაკვეთების ახალი დანიშნულებები და ახალი კატეგორიები. ამგვარი განმარტება შეესაბამება მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის Nბს-473(კ-20) განჩინებას.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ N... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მცხეთის რაიონის ...ის ...ის 1991 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდნენ საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა კომისიის 2019 წლის 22 ოქტომბრის N598 და 2017 წლის 18 სექტემბრის N1303 საკუთრების უფლების მოწმობების საფუძველზე და არ ირკვევა მოცემულ შემთხვევაში რა გარემოებების საფუძველზე იქნა დადგენილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთების კატეგორია ან/და რამ განაპირობა განსხვავებული მიდგომა მოსარჩელის (ც. ფ-ე) შემთხვევასთან დაკავშირებით. პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და იმ მსჯელობას, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა საჭიროებს დიფერენციაციის მიზეზის დადგენას და შეფასებას. საკასაციო პალატის მსჯელობით, სადავო აქტის (03.04.2023 წელი) გამოცემამდე აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დანიშნულებაზე მსჯელობისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა საჭიროება, მხედველობაში მიეღო მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პირობები ან/და მათი უარყოფა მოეხდინა სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტებით, მსგავსი დასაბუთების არარსებობის პირობებში კი - ემსჯელა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისი უფლების განმსაზღვრელ სხვა პირობებზე, მათ შორის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე მიწის ნაკვეთის ამ კანონით დადგენილი ფორმით თვითნებურად დაკავებისა და მფლობელობის ფაქტზე, დაინტერესებული პირის ჩართულობით განეხილა მის თაობაზე მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მტკიცება განაპირობებდა შესაბამისი ფაქტის დადასტურებას, მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მსჯელობას და საქმის მასალებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნევს იმ მსჯელობას, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე