საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-565(კ-25) 09 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხეები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 04 ოქტომბერს შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა სარჩელით და შემდგომ დაზუსტებული სარჩელით (16.10.2019 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 23 ივლისის №შ-182/19 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №... დადგენილების (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1910 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,მ...ს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,მ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დემოკრატიული საზოგადოებისათვის პრიორიტეტულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, აღნიშნულს კი უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკითხების რეგულირებისა და არსებულ/მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისაგან თავის არიდების მიზნით შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა. მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანი, კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ამავე რეგლამენტის მე-5 და მე-15 მუხლები და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ფოტომასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ...ს“ მიერ, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. დადასტურებულად მიიჩნია სამშენებლო შპს „მ...ს“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „მ...ს“ მიერ.
კასატორმა მიუთითა სადავო აქტების შინაარზე, ასევე მიუთითა იმ საკანონმდებლო ნორმაზე რომლის საფუძველზეც შპს „მ...ს“ მიმართ შედგა დადგენილება მშენებლობის შეჩერებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ, დეტალურად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 და მე-15 მუხლები და განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა დისპოზიციიდან გამომდინარე არსებობს დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც თავისი შინაარსით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. წარმომადგენლის მსჯელობით, ზედამხედველობის ინსპექტორი ვალდებულია უდავოდ დაადგინოს კონკრეტულად თუ რომელი სამშენებლო სამართალდარღვევა არის ჩადენილი სავარაუდო დამრღვევის მიერ და სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული ვადა. კასატორი, სადავო დადგენილებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ მშენებლობის დარგში ჩადენილ სამართალდარღვევად მიჩნეული იქნა საქართველოს მთავრობის N477-ე დადგენილების მე-5 ან/და მე-15 მუხლით გათვალისწინებული უკლებლივ ყველა სამართალდარღვევა და არა კონკრეტულად რომელიმე სამართალდარღვევა. მიუთითებს, რომ არამხოლოდ სამართლებრივად, ფაქტობრივადაც შეუძლებელია მითითებული ყველა სამართალდარღვევის ჩადენა კომპანიის მიერ. მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილი დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-15 ნაწილს, აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გამოკვლეული არ იქნა საქმის არსებითი გარემოებები, დადგენილებაში არ არის მითითებული კომპანიამ კონკრეტულად რა სახის სამართალდარღვევა ჩაიდინა. მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ჩამოთვლა კასატორის მსჯელობით არ წარმოადგენს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას და მშენებლობის დარგში სამართალდარღვევის ქმედების დადგენას. ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებულ დადგენილებაში კონკრეტულად უნდა აღეწერა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, აღეწერა სამართალდარღვევის ჩადენის სახე და მხოლოდ ამის შემდგომ მიესადაგებინა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმა. მიუთითებს საქართველოს მთავრობის N477 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ „დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე ან/და დასაქმებულთა სამუშაოზე დაშვებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები.“ მისივე მსჯელობით, კომპანია სამშენებლო საქმიანობას აწარმოებს ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიუთითებს, რომ კომპანიას უშუალოდ მშენებლობის პროცესში მყოფ ობიექტზე რაიმე სახის დარღვევა არ ჩაუდენია, აღნიშნული კი მისივე მსჯელობით, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. ამდენად, მიიჩნევს, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,მ...“ რეგისტრირებულია 2018 წლის 31 იანვარს და მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს: ქ.თბილისი, ..., ...ს ... №..., ბინა №.... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის ამონაწერით ...) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მ...“.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 1 მაისის №4482063 ბრძანებით შპს ,,მ...ს“ მიმართ გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, ს/კ №... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 მაისიდან - 2021 წლის 1 მაისის ჩათვლით.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, შპს „მ...ს“ მიმართ 2019 წლის 23 ივლისს შედგა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ობიექტზე დარღვეულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 23 ივლისის №შ-182/19 დადგენილებით შეჩერდა ქ. თბილისში, ...ს ქ.№...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,მ...ს“ მიერ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №... დადგენილებით შპს „მ...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, შპს ,,მ...ს“ დაევალა ქალაქ თბილისში, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 01 აგვისტოს №შ-182/19-2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,მ...ს“ მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 23 ივლისს მიღებული №შ-182/19 დადგენილება.
შპს ,,მ...ს“ დირექტორმა 2019 წლის 5 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 23 ივლისის №შ-182/19 და 2019 წლის 24 ივლისის №... დადგენილებების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №11910 ბრძანებით შპს ,,მ...ს“ დირექტორის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 23 ივლისის №შ-182/19 დადგენილების (მშენებლობის შეჩერების შესახებ), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №... დადგენილების (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1910 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) კანონიერების შეფასება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო საკითხისადმი რელევანტურ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა, ასევე სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მითითებული კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. თავის მხრივ 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადენს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.
აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.
ამავე რეგლამენტის მე-5 მუხლის თანახმად: დამცავი მოაჯირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ; გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის: გ.ა) შუაძელის არარსებობისშემთხვევაში, არსებული მოაჯირის მთლიანი პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს სამშენებლო საცერი ბადეებით; გ.ბ) ერთმანეთის გადამკვეთი ძელები შესაძლოა გამოყენებული იყოს შუალედური ძელის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გადამკვეთი ძელების გადაკვეთის წერტილი არის სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე; გ.გ) მოაჯირების ჰორიზონტალური ძელები დამაგრებული უნდა იყოს საყრდენი ბოძების შიდა მხარეს; გ.დ) ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-ს; გ.ე) მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ ტვირთის მიწოლით დატვირთვას, რა დროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს; გ.ვ) მოაჯირზე ბადეები და სხვა დამცავი საშუალებები ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ არ გამოიწვიოს დასაქმებულთა დაზიანება (დასერვა, თითების მოყოლა) და ტანისამოსზე გამოდება; გ.ზ) მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება; გ.თ) დაუშვებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელების ერთმანეთზე დამაგრება ფოლადის ან პლასტმასის არტახებით; გ.ი) მოაჯირის ზედა და შუა ძელები უნდა იყოს ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებული, მინიმუმ 60 მმ-ის დიამეტრის ან სისქის, რათა გამოირიცხოს მათი გაჭრა ან/და გაგლეჯა. თუ გამოყენებულია ლითონის ბაგირი, ყოველ 180 სმ-ში უნდა დამონტაჟდეს თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ალმები; გ.კ) თუ მოაჯირის სისტემები გამოიყენება ხვრელების გარშემო, რომლებიც განკუთვნილია მისასვლელი ადგილებისთვის (კიბით ჩასასვლელი), ასეთი ხვრელები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საფარით ან იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ მოხდეს ადამიანის მარტივად შეღწევა; გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე უნდა იყოს დაფარული; გ.მ) როდესაც ღიობები გამოიყენება ტვირთის სამოძრაო ადგილად, გამოყენებული უნდა იქნეს მობილური მოაჯირები. იმ შემთხვევაში, თუ ღიობი არის გამოუყენებელი, იგი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული მთლიანი ფენილით; გ.ნ) ნებისმიერ ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული; გ.ო) თუ მოაჯირის ზედა ნაწილი შედგება მანილის, პლასტმასის ან სინთეტიკური ბაგირისგან, აუცილებელია მისი შემოწმება საჭირო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ ის უძლებს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას; გ.პ) მოაჯირი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმის კიდიდან არანაკლებ 10 სმ-ის მანძილისა. ამავე რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-15 მუხლს, რეგულაციაში მითითებულია, რომ ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას; ბ) ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება; გ) ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ („HOLE“) და „ხუფი“ („COVER“).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ შეფასებულ ფოტოსურათებზე, რომლითაც ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში შახტა არის სპეციალური ხუფის გარეშე (ფოტომასალა ს.ფ. 108; 115). პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-15 მუხლის იმ ჩანაწერზე, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ფოტომასალით ასევე ირკვევა, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში კიბის უჯრედებში სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე, არ არის დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები (ს.ფ 109;111;114;116;117;126;131), ფოტომასალით ირკვევა, რომ მიმდინარე მშენებლობის პროცესში არ არის გამოყენებული დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები გარე ფასადის აივნის სივრცეებში სადაც ასევე არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე (ს.ფ. 110; 112; 113; 118; 119; 120; 121; 122; 123; 124; 127; 128; 129; 130; 132; 133). პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-5 მუხლზე, სადაც ასევე დეტალურად არის გაწერილი თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დამცავი მოაჯირების სისტემა, კერძოდ, ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ; გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის და ა.შ.
მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და საქმის მასალების, მათ შორის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემეობების ამსახველი არაერთი ფოტოსურათის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში დარღვევის არარსებობის შესახებ და მართებულად მიიჩევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და იმ დადგენილ გარემოებას, რომ შპს „მ...ს“ მიერ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეული იქნა „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. დასტურდება, რომ ჩადენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რაც, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
რაც შეეხება მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 დეკემბრის №1910 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს 2025 წლის 01 აპრილს (საგადახდო დავალება №1743506898) საკასაციო საჩივარზე სს თ...ში ვ. ც-ეის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს „მ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2025 წლის 01 აპრილს (საგადახდო დავალება №1743506898) საკასაციო საჩივარზე სს თ...ში ვ. ც-ეის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე