საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-180(კს-25) 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. ძ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:გ. ძ-მა და ლ. ძ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1) მოპასუხეებს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე გ. ძ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 179 092 678,83 (ას სამოცდაცხრამეტი მილიონ ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი მთელი ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის და 444 500 (ოთხას ორმოცდაოთხი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად) ლარის ოდენობით; 2) მოპასუხეებს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე გ. ძ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით; 3) მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე გ. ძ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 52 364 457 (ორმოცდათორმეტი მილიონ სამას სამოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის და 16 664 998,38 (თექვსმეტი მილიონ ექვსას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი მთელი ოცდათვრამეტი მეასედი) აშშ დოლარის ექვივალენტი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად) ლარის ოდენობით; 4) მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ლ. ძ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 861 556 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე გ. ძ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6 370 896 ლარის და 46 609 470,82 აშშ დოლარის ექვივალენტი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად) ლარის ოდენობით; 5) მოპასუხეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე გ. ძ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით (დაზუსტებული სარჩელი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. ძ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. ძ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. ძ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. ძ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. ძ-ას მიერ გადახდილი ბაჟი 3000 (სამი ათასი) ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; გ. ძ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გოჩა ძასახოვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ძ-ის და ლ. ძ-ას წარმომადგენლებმა, რომელებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ძ-ისა და ლ. ძ-ის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და გ. ძ-ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ლ. ძ-ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ლ. ძ-ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარმოედგინა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება, აპელანტების წარმომადგენლის - გ. კ-ის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... მას, მე-8 კვ. კორპ. N4, ბ. N36, ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა გ. კ-ის ოჯახის წევრს (მამას) - გუ. კ-ეს (პ/ნ ...) 2024 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 01 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და დასრულდა 10 დეკემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ არ იქნა რეალიზებული საპროცესო უფლება, მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც საპროცესო მოქმედების არშესრულების საპატიო მიზეზებზე მიუთითებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ძ-ას წარმომადგენელმა გ. კ-ემ. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დამატებითი ვადის მიცემას სააპელაციო სასმაართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება, ფოსტის თანამშრომლის მეშვეობით, ჩაბარდა მის ოჯახის წევრს - მამას, რომელსაც ასაკისა (79 წლის) და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს განჩინება მისთვის არ გადაუცია, შესაბამისად არც სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რაც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს და მიეცეს დამატებითი ვადა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ლ. ძ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ძ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, სააპელაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული ვადის ათვლა დაუკავშირდა განჩინების მხარისთვის ჩაბარებას.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება ლ. ძ-ას წარმომადგენლის - გ. კ-ის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... მას, მე-8 კვ. კორპ. N4, ბ. N36, ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა გ. კ-ის ოჯახის წევრს (მამას) - გუ. კ-ეს (პ/ნ ...) 2024 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილით. აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს ასევე ლ. ძ-ას წარმომადგენელი წარმოდგენლი კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ განჩინება, ხარვეზის დადგენის შესახებ, ჩაბარდა მის მოხუც მამას, რომელსაც ასაკისა (79 წლის) და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს განჩინება მისთვის არ გადაუცია. შესაბამისად სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, რაც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს და მიეცეს დამატებითი ვადა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არსებობს მხარეთა მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესით ჩაბარების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ლ. ძ-ას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილის წესით ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ლ. ძ-ას წარმომადგენლის გ. კ-ის ქმედუნარიან ოჯახის წევრს ჩაბარდა 2024 წლის 30 ნოემბერს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ითვლება განჩინების ჩაბარებად გ. კ-ისთვის, თუმცა მას ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით გუ. კ-ის ქმედუნარიანობის გამომრიცხველ გარემოებას დაადასტურებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ როგორც საპროცესო უფლებები, ასევე ეკისრებათ საპროცესო ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება შეასრულოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 22.04.2016წ. განჩინება, საქმე №ას-299-284-2016, სუს 15.07.2016წ. განჩინება, საქმე №ას-558-533-2016). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, არსებობდა ლ. ძ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ძ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება ლ. ძ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ძ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ.შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე