Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-233(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– ლ. წ-ი

მოსარჩელეები - თ. ნ-ე, ე. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

მესამე პირი - რ. წ-ი

მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ზ. ფ-ი

მესამე პირი - შპს ,,მ...“

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 3 ივლისს თ. ნ-ემ, ლ. წ-იმა და ე. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, კრედიტორ - შპს “მ...ს” სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალეების - თამაზ და ე. ნ-ეებისა და ლ. წ-ის თანასაკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ... ... მ/რ კორპ. ..., ბინა N.... ე. ნ-ეს აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და აუქციონის დანიშვნა არ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. ლ. წ-ი არ არის ე. ნ-ეის ოჯახის წევრი, რადგან მათ არ გააჩნიათ ერთი და იგივე საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25.12, მე-18 და 71-ე მუხლებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები. მოსარჩელეები ასევე არ იყვნენ ინფორმირებულნი განმეორებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის №...-016/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნენ რ. წ-ი და შპს “მ...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ფ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. წ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ...მა“ მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ. ფ-ის და 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნის იძულებით აღსრულება მოითხოვა.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,მ...”, ხოლო მოვალეს - თ. ნ-ე. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2016 წლის 4 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოვალე - თ. ნ-ეის, ასევე, ლ. წ-ის და ე. ნ-ეის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კი, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

2016 წლის 4 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, ასევე 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში თ. ნ-ეის, ლ. წ-ის და ე. ნ-ეის რეგისტრაციის მისამართებად მითითებულია იპოთეკის საგნის მისამართი: ქ. თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ....

კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-იმა 2019 წლის 30 დეკემბერს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №...-008/002 წინადადებით მიმართა მოვალეებს: თ. ნ-ეს, ე. ნ-ეს და ლ. წ-ის და აცნობა, რომ კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 17.10.2018წ. N181285963 და 27.12.2019წ. N191566476 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება) (სააღსრულებო წარმოება №...), სადაც კრედიტორია შპს ,,მ...“. კრედიტორის განცხადების და სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 21 423.56 აშშ დოლარი და 130.85 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის, მდებარე მისამართზე: თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... (ს/კ ...), აუქციონზე რეალიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებს მიეცათ წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა. მათ ასევე განემარტათ, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ. ამავე წინადადებაში მითითებული იყო, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღება მოვალეებს შეეძლოთ ვებ. გვერდიდან www.eauction.ge და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან www.nbe.gov.ge.

2019 წლის 30 დეკემბრის №...-008/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს: თ. ნ-ეს, ე. ნ-ეს და ლ. წ-ის გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ..., თუმცა ე. ნ-ეს გზავნილი ვერ ჩაბარდა, ხოლო თ. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს - ლ. წ-ის, 2020 წლის 3 იანვარს.

2020 წლის 5 მარტს, კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-იმა წინამდებარე შეტყობინების მსგავსი შინაარსის მქონე გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №...-008/004 წინადადება გაუგზავნა მოვალეებს: თ. ნ-ეს, ე. ნ-ეს და ლ. წ-ის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... ზემოაღნიშნული გზავნილები თ. ნ-ეს ჩაბარდა პირადად, 2020 წლის 6 მარტს, ასევე გზავნილი პირადად ჩაბარდა ლ. წ-ის, 2020 წლის 12 მარტს, ხოლო ე. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაიბარა დედამ (ოჯახის წევრმა) - ლ. წ-იმა, 2020 წლის 12 მარტს. საფოსტო გზავნილების დასტურებზე რაიმე სახის შენიშვნა მითითებული არ არის.

№... სააღსრულებო საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი საჯარო აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 7 მაისს, თუმცა აუქციონი არ შედგა (სტატუსი: ჩაშლილი). პირველი განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 15 მაისს, თუმცა აუქციონი ამჯერადაც არ შედგა (სტატუსი: ჩაშლილი). მეორე განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 25 მაისს, რომელზეც სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ნივთი გაიყიდა 69 000 ლარად.

2020 წლის 11 ივნისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №...-016/001, განკარგულებით თ. ნ-ეის, ე. ნ-ეის და ლ. წ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდით: ... შემძენი, 2020 წლის 2 ივნისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა რ. წ-ი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოვალეებს მიეცათ წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა. ასევე განემარტათ, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ და მათ შეეძლოთ დეტალური ინფორმაცი მიეღოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოვალეებისთვის - თ. ნ-ეისთვის და ლ. წ-ისთვის გზავნილების პირადად ჩაბარების ფაქტი, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაიბარა დედამ. საფოსტო გზავნილის დასტურზე რაიმე სახის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე ან ლ. წ-ი ვერ გადასცემდა ე. ნ-ეს ჩაბარებულ გზავნილს, აღნიშნული არ არის. შესაბამისად, გზავნილის ჩამბარებელმა პირმა აიღო ვალდებულება ჩაბარებული გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მოსარჩელე ე. ნ-ეის მისამართად საქმეში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტში, მათ შორის, 2016 წლის 4 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ასევე, 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში ფიქსირდება მისი რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ....

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებები სამივე მოსარჩელეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რომლითაც ეცნობათ სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე და მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განემარტათ შემდგომი მოქმედებების განხორციელების თაობაზე, კონკრეტული აუქციონის დანიშვნის შესახებ მოვალის დამატებით ინფორმირების ვალდებულებას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რაც ასევე განმარტებული იყო 2020 წლის 5 მარტის №...-008/004 წინადადებაში. ამდენად, მხარის აპელირება არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. წ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, აღმასრულებელი ვალდებული იყო მოვალეებისთვის ჩასატარებელი აუქციონის შესახებ დამატებით ეცნობებინა პერსონალურად. არასწორია სააღსრულებო წარმოების მხარეებისთვის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილების ჩაბარება ვინაიდან, პირი შესაძლოა რეგისტრირებული იყოს კონკრეტულ მისამართზე, თუმცა რეალურად ცხოვრობდეს სხვაგან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო, რომ ე. ნ-ე რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, თუმცა მისი დედისთვის გზავნილის ჩაბარება მიიჩნია სრულყოფილ დასტურად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლისმე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის №...-016/001 განკარგულების კანონიერება. კასატორის პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ აღმასრულებელმა სააღსრულებო წარმოების ერთ-ერთ მხარეს - ე. ნ-ეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩააბარა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთან, აუქციონის დანიშვნის/ჩატარების თაობაზე კერძო აღმასრულებელს მოვალეებისთვის დამატებით აღარ უცნობებია.

დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელ ზ. ფ-ის 2019 წლის 17 დეკემბერს შპს "მ...ს" მიერ წარედგინა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც კრედიტორმა მოითხოვა იძულებითი აღსრულება.

17.10.2018წ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს "მ...”, ხოლო მოვალეს - თ. ნ-ე. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2016 წლის 4 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოვალე - თ. ნ-ეის, ასევე, ლ. წ-ის და ე. ნ-ეის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კი, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

2019 წლის 19 და 25 დეკემბერს, კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-იმა წერილებით მიმართა შპს ,,მ...ს“ და აცნობა, რომ 2018 წლის 17 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში მოცემული კრედიტორის მოთხოვნა არ შეესაბამება სწორ არითმეტიკულ გაანგარიშებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა სააღსრულებო ფურცელში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და აღმასრულებლისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.

2019 წლის 27 დეკემბერს, შპს ,,მ...ს“ წარმომადგენელმა წერილით მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ. ფ-ის, წარუდგინა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ 2019 წლის 27 დეკემბრის სანოტარო აქტი და აცნობა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სულ 21 423.56 დოლარი; ძირი თანხა - 8 000 დოლარი, დარიცხული პროცენტი - 3 503.56 დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 9 920 დოლარი და ნოტარიუსის ხარჯი - 130.85 ლარი.

2019 წლის 30 დეკემბერს, კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-იმა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №...-008/002 წინადადებით მიმართა მოვალეებს: თ. ნ-ეს, ე. ნ-ეს და ლ. წ-ის, რომელთაც აცნობა, რომ მის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 17.10.2018 წელს გაცემული N181285963 და 27.12.2019 წელს გაცემული N191566476 აღსრულების ქვემდებარე აქტები (სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო ფურცლის გაცემისცვლილება) (სააღსრულებო წარმოება №...), სადაც კრედიტორია შპს ,,მ...“. კრედიტორის განცხადების და ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 21 423.56 აშშ დოლარი და 130.85 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის, მდებარე მისამართზე: თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... (ს/კ ...), აუქციონზე რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებს მიეცათ წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა. ასევე განემარტათ, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ. ამავე წინადადებაში მითითებული იყო, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღება მოვალეებს შეეძლოთ ვებ. გვერდიდან www.eauction.ge და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან www.nbe.gov.ge.

2019 წლის 30 დეკემბრის №...-008/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს: თ. ნ-ეს, ე. ნ-ეს და ლ. წ-ის გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ... ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... ე. ნ-ეს გზავნილი ვერ ჩაბარდა, ხოლო თ. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს - ლ. წ-ის, 2020 წლის 3 იანვარს.

2020 წლის 5 მარტს, კერძო აღმასრულებელმა ზ. ფ-იმა მოვალეებს კვლავ მიმართა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №...-008/004 წინადადებით, რომელიც 30.12.2019წ. წერილის ანალოგიური შინაარსისაა და მითითებულია, როგორც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ასევე აღსრულების საგანი და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.

ზემოაღნიშნული შეტყობინება კერძო აღმასრულებელმა გაგზავნა იგივე მისამართზე და თ. ნ-ეს გზავნილი პირადად ჩაბარდა 2020 წლის 6 მარტს, იმავე წლის 12 მარტს გზავნილი ასევე პირადად ჩაბარდა ლ. წ-ის, ხოლო ე. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაიბარა დედამ (ოჯახის წევრმა) - ლ. წ-იმა, 2020 წლის 12 მარტს. საფოსტო გზავნილების დასტურებზე რაიმე სახის შენიშვნა მითითებული არ არის.

№... სააღსრულებო საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებითი საჯარო აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 7 მაისს, თუმცა აუქციონი არ შედგა (სტატუსი: ჩაშლილი). პირველი განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 15 მაისს, თუმცა აუქციონი ამჯერადაც არ შედგა (სტატუსი: ჩაშლილი). მეორე განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა 2020 წლის 25 მაისს, რომელზეც სარელიზაციოდ გატანილი უძრავი ნივთი გაიყიდა 69 000 ლარად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის №...-016/001 განკარგულებით თ. ნ-ეის, ე. ნ-ეის და ლ. წ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ..., საკადასტრო კოდით: ... შემძენი, 2020 წლის 2 ივნისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა რ. წ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსრულების წესსა და პირობებს განსაზღვრავს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას.

მითითებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, დასახელებული ნორმები ცხადჰყოფს, რომ სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირებს ამავე წარმოების ფარგლებში მიღებული აქტებისა თუ ქმედებების თაობაზე უნდა ეცნობოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), კი სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. N31 ბრძანებით დამტკიცებულ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესზე, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ.

ზემოთდასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმასრულებელს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მოვალეებისთვის ჩაბარების შემდეგ, აღარ ევალება კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე მათი დამატებითი ინფორმირება. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია განმეორებითი აუქციონის თაობაზე არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით.

საყურადღებოა, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე წინადადებები მოვალეებს გაეგზავნათ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში წარდგენილ დოკუმენტებში, კერძოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებულ იპოთეკის საგნის მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... საქმის მასალების თანახმად, კერძო აღმასრულებელმა საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ე. ნ-ეისა და ლ. წ-ის მისამართების და მათი დამსაქმებლის თაობაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილით კერძო აღმასრულებელს ეცნობა, რომ არ ფიქსირდებოდა მოვალეების დასაბეგრი შემოსავლისა და სსს-ას რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ თითქოსდა კერძო აღმასრულებლის მხრიდან ე. ნ-ეის დამატებითი მისამართის მოძიება ავტომატურად ნიშნავს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო მოვალის რეგისტრაციის მისამართზე არცხოვრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელი არ ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება მოვალის ალტერნატიული მისამართის მოძიების კუთხით, მართალია მან გამოიჩინა კეთილი ნება და სცადა გამოერკვია მოვალეების სხვა მისამართი, თუმცა უშედეგოდ.

"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ე. ნ-ეის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რადგან საქმეში წარმოდგენილი არაა მტკიცებულება, რომლითაც შეეძლო ეხელმძღვანელა აღმასრულებელს და გზავნილი გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზე გარდა პირის რეგისტრაციის ადგილისა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 5.03.2020წ. წინადადება მოვალეებს გაეგზავნათ კერძო აღმასრულებლისთვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... ზემოაღნიშნული გზავნილები თ. ნ-ესა და ლ. წ-ის ჩაბარდათ პირადად, ამასთან, ამ უკანასკნელმა ასევე ჩაიბარა შვილის - ე. ნ-ეისთვის განკუთვნილი გზავნილი. საგულისხმოა, რომ უკუგზავნილზე მითითებული არაა ლ. წ-ის რაიმე შენიშვნა ან მისი განმარტება მისთვის ჩაბარების არამართებულობასთან დაკავშირებით. ამდენად, გზავნილის ჩაბარებითა და პრეტენზიის გამოუთქმელობით ლ. წ-იმა იკისრა ვალდებულება, რომ ჩაბარებული გზავნილი გადაეცა ადრესატისთვის. შესაბამისად, კასატორის მითითება მასზედ, რომ მოვალისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება, კანონის შესაბამისად არ განხორციელებულა, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემულ აქტში განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, 401, 632 , 69.1 და 70-ე მუხლების შინაარსი. მოვალეებს მიეცათ წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადათ დაკისრებული თანხა. ასევე განემარტათ, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ და მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეეძლო მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოვალეების სრულად იყვნენ ინფორმირებულნი იყვნენ მათ მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა და მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელმა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სწორად განახორციელა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები, მოსარჩელეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გასცნობოდნენ აღსრულებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას და ვებ. გვერდის საშუალებით მიეღოთ ინფორმაცია აუქციონის მიმდინარეობის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ კერძო აღმასრულებელს ევალებოდა მათი დამატებით ინფორმირება აუქციონის დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რომელიმე მოვალის მიერ კერძო აღმასრულებლის მოქმედებების გასაჩივრების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 ივნისის №...-016/001 განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. წ-ის საკასაციო საჩივარზე თ. ნ-ეს 11.06.2024წ. №3920 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ნ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ლ. წ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. თ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. წ-ის საკასაციო საჩივარზე 11.06.2024წ.№3920 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა