Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე#ბს-741(კ-25) 30 ოქტომბერი 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის №1000905822 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

მოსარჩელის მითითებით, 2023 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, თუმცა სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2019 წლიდან სწავლობს საქართველოში და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით აღმოჩნა მძიმე მდგომარეობაში, რამეთუ სწავლა ჯერ არ აქვს დამთავრებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული აქტი გამოცემულია სათანადო კვლევის გარეშე და უკანონოდ ლახავს მის უფლებებს.

ამრიგად ს. ხ-მა წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის №1000905822 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის #1000607233 გადაწყვეტილებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს. ხ-ს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 24 ნოემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის #1000636036 გადაწყვეტილებით ს. ხ-ს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 1 მაისამდე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის #1000657076 გადაწყვეტილებით, ს. ხ-ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ივლისის #1000686945 გადაწყვეტილებით, ს. ხ-ს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 14 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის #1000888100 გადაწყვეტილებით ს. ხ-ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

ს. ხ-მა 2023 წლის 31 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ს. ხ-ი, 2019 წლის 22 ივლისის #603/01-04 ბრძანების საფუძველზე, 2019 წელს ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში. 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული იყო …ის ფაკულტეტზე …ის სპეციალობის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტად. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება 2025 წლის

ივლისში. ს. ხ-ი არის ანგარიშის მფლობელი სს „... ბანკში“.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს. ხ-ი არ არის ნასამართლევი ირანში.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 1 სექტემბერს #1000905822/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ს. ხ-ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის SSG 2 23 00209090 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ს. ხ-ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილებით ს. ხ-ს, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააპელაციო პალატამ 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად; ასევე, წერილის შინაარსიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესები და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-7 მუხლებზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა. სააგენტოს მითითებით, მან უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ს. ხ-ის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს. ხ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. საქმეში წარმოდგენილია ... უნივერსიტეტის …ის ფაკულტეტის 2023 წლის 5 ოქტომბრის #1494/32 ცნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა. რომ ს. ხ-ი 2019 წელს ჩაირიცხა #603/01-04 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში; 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებული იყო …ის ფაკულტეტზე …ის სპეციალობის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეცხრე სემესტრის სტუდენტად;

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ს. ხ-მა 2023 წლის 31 აგვისტოს განაცხადით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ამავე სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილებით ს. ხ-ს უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა განმცხადებელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. ამასთან, შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის SSG 2 23 00209090 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ს. ხ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილებით ს. ხ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მას უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

2025 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის #1000905822 გადაწყვეტილებით ს. ხ-ს (KH- S. დაბ.: ...; ირანში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 21.09.2023წ. #SSG 2 23 00209090 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ს. ხ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 ოქტომბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის SSG 2 23 00209090 წერილის გაცემას და მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამასთან, არ დასტურდება მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30/06/2025წ. #12644 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30/06/2025წ. #12644 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა