საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1082(2კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ჯ-ა
მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ი. ო-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 23 ივლისს მ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრისა და მესამე პირის - ი. ო-ას მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით 3.10.2001წ. დ. ჯ-ამ შეიძინა მარტვილის ...ს საკუთრებაში არსებული სოფ. ...ში მდებარე 232 კვ.მ მაღაზია (მიწის ნაკვეთი 288. კვ.მ)., რომელიც 9.12.2008წ. გაასხვისა მ. ჯ-აზე. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე ს/კ .... ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი არის დაუზუსტებელი, რადგან იმჟამად არ არსებობდა ელექტრონული აზომვის შესაძლებლობა და რეგისტრაციისას არ იყო წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნახაზის ელექტრონული ვერსია. 18.07.2017წ. მ. ჯ-ამ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დადგინდა ზედდება ი. ო-ასა (ს/კ ...) და სახელმწიფოს (ს.კ ...) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ი. ო-ას სახელზე უკანონოდ გასცა საკუთრების მოწმობა, რადგან აღმჭურველი აქტის გამოცემამდე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ი. ო-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იყო თუ არა ვინმეს საკუთრება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ასევე საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხა მ. ჯ-ას საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების ნაწილი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №105 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/4-292 ბრძანების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა. ამავე სარჩელში, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელე მ. ჯ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ი. ო-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ ... და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს.კ ... რეგისტრაციების განხორციელება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მარტის №105 საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული ი. ო-ას სახელზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ი. ო-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N1/4-292 ბრძანება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 299 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 104.51 კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება N... მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 299.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას მ. ჯ-ას სასარგებლოდ, თანაბარწილად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯის - 3000 ლარის ნაწილის - 1200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-292 ბრძანებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №105 საკუთრების უფლების მოწმობა, რომელთა საფუძველზეც ი. ო-ამ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი (ს.კ....), ი. ო-ას მიერ სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის გამო, აღარ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 3 ოქტომბერს, დ. ჯ-ამ შეიძინა მარტვილის ...ს საკუთრებაში არსებული სოფელ ...ში მდებარე ყოველდღიური მოხმარების 232 კვ.მ. მაღაზიის შენობა მასზე მიმაგრებულ 288 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად. 2008 წლის 9 დეკემბერს, დ. ჯ-ამ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, რომლის შემძენი გახდა მ. ჯ-ა. ამჟამად, აღნიშნული შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია მ. ჯ-ას სახელზე, საკადასტრო კოდით ..., ამონაწერში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის ფართი არის დაუზუსტებელი. 2017 წლის 18 ივლისს მ. ჯ-ამ მოამზადა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული ნახაზი, წარადგინა საჯარო რეესტრში და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის პასუხად მიიღო, რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი ფარავდა ი. ო-ასა (ს/კ ...) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ (ს/კ ...) ნაკვეთებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N1/4-292 ბრძანებით, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ჯამში ათ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის 299 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 104.51 კვ.მ. განაშენიანების ფართით.
საჯარო რეესტრის 2.05.2017წ. ამონაწერით დასტურდება, რომ მარტვილის, სოფელ ...ში, საკუთრების უფლებით, 299 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში, საკადასტრო კოდი: ....
სააპელაციო პალატამ მიუთითა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8, მე-9, მე-11, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო ბრძანების გამოცემისას იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზით, სადაც დაცულია ქონების რეგისტრირებული მონაცემები (ადმ. ორგანოს წარმომადგენლის განმარტება), სხვა რაიმე ფაქტობრივი საფუძველი სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად არ დადებია. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრძანების გამოცემის დროისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქონების ზედდების ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნას - უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო აქტების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდებოდა, რაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლებოდა გამხდარიყო. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ჯ-ას საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული ქონება და სახელმწიფო საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი იდენტურია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მარტის №105 საკუთრების უფლების მოწმობა, გაცემული ი. ო-ას სახელზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ი. ო-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N1/4-292 ბრძანება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 299 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 104.51 კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელწმიფო საკუთრებაში რეგისტრაციის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება N... მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 299.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო პროცესის სხვა მხარეებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის დანაწესის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასებს გასაჩივრებულ განჩინებას და იმსჯელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/4-292 ბრძანებისა და სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჯ-ამ 9.12.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ჯ-ასაგან შეიძინა მარტვილის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე აღმართულ 232 კვ.მ შენობა-ნაგებობასთან ერთად. თავის მხრივ, უძრავი ქონების ნასყიდობის 3.10.2001წ. სანოტარო აქტის თანახმად, დ. ჯ-ამ შეიძინა მარტვილის ...ს საკუთრებაში არსებული სოფელ ...ში მდებარე ყოველდღიური მოხმარების მაღაზიის შენობა (232 კვ.მ) მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით (288კვ.მ). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მ. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი მონაცემებით 288 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობა 232 კვ.მ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ივლისს მ. ჯ-ამ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; განმცხადებელმა წარადგინა აზომვით ნახაზი. საჯარო რეესტრის პასუხის თანახმად, მ. ჯ-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი ფარავდა ი. ო-ასა (ს/კ ...) და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ (ს/კ ...) ნაკვეთებს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 აპრილის N1/4-292 ბრძანებით, უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ჯამში ათ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის 299 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 104.51 კვ.მ. განაშენიანების ფართით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 მაისის N... გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უკანონობის მტკიცება ეფუძნება ორ გარემოებაზე მითითებას: 1. საქმის მასალებით არ დგინდება სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების იდენტურობა მოსარჩელის საკუთრებად მოაზრებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან; 2. სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იყო რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრების უფლება, რომელთან ზედდებაც რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლებოდა გამხდარიყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.“
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ გამოცემულ იქნა მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ არ მოეთხოვებოდა საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა და მარტოოდენ მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღურიცხაობა საკმარისი საფუძველი იყო სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისთვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის კონკრეტულად ვინმეს საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არარსებობა არ არის საკმარისი გარანტი, რომ დაცულ იქნეს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით დგინდება, რომ მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედის (დ. ჯ-ა) სახელზე საკუთრების უფლებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 9.12.2008წ-დან აღრიცხულია მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი მონაცემებით 288 კვ.მ მიწის ნაკვეთი 232 კვ.მ შენობა-ნაგებობასთან ერთად. ამდენად, სახელმწიფოს საკუთრებამდე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე, აღრიცხული იყო დ. ჯ-ას საკუთრების უფლება. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტები ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი.
ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვის წარდგენამდე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეკვლია სარეგისტრაციო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები, კერძოდ, ხომ არ იკვეთებოდა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირი. საქმის მასალებით არ დასტურდება რა ღონისძიებები განახორციელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო ბრძანების გამოცემამდე, ასევე არ დგინდება უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადოდ გამოკვლევის მიზნით იყო თუ არა სადავო მისამართზე გასული ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლებოდა გაუარესებულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული ორგანოს დაინტერესებული პირის გამოვლენის შემთხვევაში უნდა ეცნობებინა მისთვის ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული მაღაზია დღესაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს და მაღაზია ფუნქციონირებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას მასზედ, რომ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მასზე არ არის რეგისტრირებული სხვა პირთა კერძო საკუთრება. ასევე, თუ საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ხდება არსებული ფაქტის ფიქსაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრიროს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, რომლის თანახმად, "სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანო სზაკ-ის 96-ე მუხლი, კერძოდ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად გასატარებელ ღონისძიებათა სახეები: დოკუმენტების გამოთხოვა, ცნობების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების მოსმენა, მოვლენის ან შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა და სხვა.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ეტაპზე, სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ყოველმხრივ გადაემოწმებინა სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რათა არ დაეშვათ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის შესაძლებლობა. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების უდავოდ დგინდება, რომ სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით ტექბიუროს მონაცემებში დაცული იყო ინფორმაცია ქრონოლოგიურად უფრო ადრე ვიდრე სახელმწიფო მიმართავდა საჯარო რეესტრს უძრავი ნივთის დასარეგისტრირებლად.
ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მასთან დაცული დოკუმენტაციის, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის (ტექბიუროს მონაცემებით) გამოთხოვით დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი მონაცემებით 288 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე და 232 კვ.მ ფართობის მქონე მშენობა-ნაგებობაზე. ფიზიკური პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის ის ფაქტი, რეგისტრაცია არსებობს დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლების ობიექტისა და სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხული ქონების იდენტურობის საკითხს, რადგან დღის წესრიგშია სწორედ ზემოაღნიშნულ უძრავი ქონებათა გადაფარვის საკითხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი მითითება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს სახელზე არსებულ ზედდებაში მყოფი უძრავი ნივთის იდენტურობის უარსაყოფად, გარდა ამისა, კასატორი არ მიუთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სხვა ადგილმდებარეობაზე. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (სარეგისტრაციო სამსახურსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში) არ დადგენილა მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტებში მითითებული და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ურთიერთშეუსაბამობა და განმცხადებელს ამ მოტივით არ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე, სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ამონაწერებთან (ტექბიუროს მონაცემებთან), დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, მიეცა დაინტერესებული მხარეებისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ზუსტად მოახდინა იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომლის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციასაც მოითხოვს მხარე, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე, მოსარჩელის სახელზე თუნდაც დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის პირობებში, აუცილებლად უნდა გამოეკვლია კონკრეტულად სად მდებარეობდა მოსარჩელის ნაკვეთი. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან კი იკვეთება, რომ აღნიშნული სრულყოფილად არ განხორციელებულა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებით არის შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესთა დაცვა, საკუთრების უფლების ხელყოფის აღმოფხვრა და მიწის ნაკვეთთა ზედდების გამორიცხვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმომშობი სათანადო სამართლებრივი საფუძველის არსებობის პირობებში, დაუშვებელია სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვისას უგულებელყოფილ იქნეს მისი უფლებები. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გაეთვალისწინებინათ დასახელებული გარემოებები, რის გამოც სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, იგი დაეთანხმა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა