საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-932(კს-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა...-მ“ 2022 წლის 21 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 07 სექტემბრის №ბ32.32222507 ბრძანების, 2022 წლის 07 სექტემბრის №ბ32.322225012 ბრძანებისა და 2022 წლის 05 ოქტომბრის №... წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 05 ოქტომბრის №... წერილი და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც შპს „ა...-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „ა...-მ“ სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, აპელანტ შპს ,,ა...-ს’’ დირექტორს - მ. ჭ-ას ჩაბარდა 2025 წლის 3 თებერვალს საქმეში მითითებულ მისამართზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ,,ს...ს’’ მეშვეობით გააგზავნა 2025 წლის 18 თებერვალს, რაც დასტურდება ფოსტის კონვერტზე არსებული ბეჭდით (ს.ფ.266). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2025 წლის 3 თებერვალს და მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 4 თებერვალს. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაგზავნის მიზნით სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილ იქნა 2025 წლის 18 თებერვალს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2025 წლის 25 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა...-მ“.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „ა...-ს“ დირექტორის - მ. ჭ-ას ახსნა-განმარტებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 2025 წლის 5 თებერვალს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 6 თებერვალს. ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის ოფიციალურად ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გადიოდა 2025 წლის 19 თებერვალს, საჩივარი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით 2025 წლის 18 თებერვალს - ერთი დღით ადრე გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, სხვა შემთხვევაში საჩივარი გაიგზავნებოდა 18 თებერვლამდე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუნდაც ვადის დარღვევას ჰქონოდა ადგილი, სარჩელის რამდენიმე საათის დაგვიანებით სასამართლოში წარდგენა (მით უფრო რომ ამაში მხარის ბრალეულობა არ იკვეთება), არ მეტყველებს მოსარჩელის უყურადღებობაზე და არ უნდა გახდეს სასამართლოს მხრიდან მისი დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადა არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ა...-ს“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა...-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება გაიგზავნა სარჩელში მითითებულ შპს „ა...-ს“ დირექტორის - მ. ჭ-ას მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. კორპ. №..., ბინა №... და 2025 წლის 3 თებერვალ ხსენებულ მისამართზე ჩაბარდა ნ. დ-ეს (პ/ნ...), რაც დასტურდება გზავნილზე არსებული ხელმოწერით (ს.ფ. 253). ამასთან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სათანადო წესით განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 2025 წლის 18 თებერვალს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით (ს.ფ. 266). ამასთანავე, თავად სააპელაციო საჩივარიც დათარიღებულია 2025 წლის 18 თებერვლით, რაც დამატებით ადასტურებს საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 4 თებერვლიდან და ამოიწურა 2025 წლის 17 თებერვალს (ორშაბათი) 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 2025 წლის 18 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს“ა...-ს“ დირექტორ მ. ჭ-ას ჩაბარდა 2025 წლის 5 თებერვალს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წამოუდგენია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია ვადის დაცვის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრების ვადის დარღვევის პირობებში, მისი აღდგენის შესაძლებლობის შესახებ, ვინაიდან, კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული გასაჩივრების ვადა აღდგენას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინება შპს შპს „ა...-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა