Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-182(კ-24) 18 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჰ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჰ. ა-იმა 2023 წლის 10 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 28 იანვრის №1000850487 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჰ. ა-ის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა სწავლის უფლება და შპს „ე...ს“ რექტორის 2022 წლის 03 აგვისტოს №123392 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა შპს „ე...ს“ ...ის საგანმანათლებლო პროგრამაზე. მან გადაიხადა სწავლის საფასური. სწავლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2027 წელი.

მოსარჩელემ 2022 წლის 29 დეკემბერს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჰ. ა-ის ადმინისტრაციული ორგანოს 2023 წლის 28 იანვრის №1000850487 გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, რაც გახდა სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჰ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 28 იანვრის №1000850487 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი უფლებამოსილია, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავდროულად პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საკითხი, თუმცა აღნიშნა, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2023 წლის 28 იანვრის №1000850487 გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა განმცხადებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. 2023 წლის 27 იანვრის №SSG 0 23 00019963 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, „უცხოელთა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავდროულად კი განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, ხოლო მისი შემდგომ განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან გადასვლის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 22 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 28 იანვრის №1000850487 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ჰ. ა-ის უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე; შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება ემყარება თუ არა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში რიგ შემთხვევებში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 30 დეკემბერს №1000850487/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის №SSG 0 23 00019963 წერილით, სააგენტოს შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ჰ. ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას (1 მუხ.). ამავე კანონის მე-5 მუხლი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი და ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა. სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება (პრევენციული ღონისძიებების განხორციელება), გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება და სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.

ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოება („გ“ ქვ.პ.) და ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება („კ“ ქვ.პ). „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება („ა“ ქვ.პ.) და კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება („ბ“ ქვ.პ.).

საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 08 სექტემბრის №ბს-182(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან და ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.

ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, №82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ჰ. ა-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 13.02.2024წ. №03114 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა