Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1345(კ-24) 25 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ა-ა, მოპასუხე - ...ს რაიონის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 სექტემბერს თ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ...ს რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე ...ს რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და მოხდება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) არსებული ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული სათავსოს და მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ. ა-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ას სარჩელი ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ას სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევის, შემოწმებისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-2-5 მუხლებზე და განმარტა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „ფ...“-ის დირექტორის მიერ 2007 წლის 14 იანვარს თ. ა-ას, მ. ქ-ას და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაცემული №1 ცნობის შინაარსზე, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „ფ...“-ის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების, ყოფილი ... „...ის“ (რომელიც განლაგებულია ...ს დასახლება ..., ...ის ქ. №...-ში) ორსართულიან შენობაში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებული არიან სოხუმში განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განლაგებული საცხოვრებელი ოთახები - №3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 13. ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი ...), საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის №... (გაცემის თარიღი: 11.01.2014წ.) შინაარსზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ. ა-ას (პ/ნ: ...; სარეგისტრაციო №...) დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №..., ...ის ს/ს. ამასთან, საქმეში დაცული ამონაწერებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 28.09.2021წ.; 27.12.2022წ.) დასტურდება, რომ თ. ა-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ..., ...ის (ორსართულიანი კორპუსი) №....

სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს - ქ. თბილისის ...ს რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადავო საკითხზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეფასება არ მიუციათ იმ გარემოებისათვის, შპს ,,ფ...“-ის მიერ ზემოაღნიშნული ცნობის გაცემა ხომ არ მომხდარა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. კერძოდ, აღნიშნული ცნობის გაცემის დროისათვის (2007 წლის 14 იანვარი) შპს ,,ფ...“-ს სახელმწიფოს მიერ ხომ არ ჰქონდა რაიმე ფორმით გადაცემული აღნიშნული უძრავი ქონება და იგი ხომ არ მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც უფლებამოსილი სუბიექტი. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს კანონმდებლის მიზნისა და განზრახულობის გათვალისწინებით არ შეუფასებიათ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული „სხვა დოკუმენტი“ მოიაზრებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ დოკუმენტს, თუ იგი განმარტებულ უნდა იქნეს ფართოდ და მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის კანონიერი სარგებლობის ფაქტს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, ამ კონტექსტში შპს „ფ...“-ის დირექტორის 2007 წლის 14 იანვრის №1 ცნობა და თ. ა-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 11.01.2014წ., რომლითაც თ. ა-ა როგორც დევნილი პირი დამისამართებულია ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. №..., ...ის ს/ს-ში), შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს სადავო უძრავი ქონების (საზაფხულო აივნის) კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ, შპს ,,ე...ს“ მიერ შედგენილ შენობის გეგმარებაზე (II სართული), რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №..., ...ის ს/ს კორპუსის მე-2 სართულის საზაფხულო აივანი უშუალოდ ემიჯნება აპელანტის საცხოვრებელ ფართს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი შესწავლის დროს ასევე უნდა გამოიკვლიოს წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საზაფხულო აივანი თ. ა-ას საცხოვრებელი ფართის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საზაფხულო აივნის კონსტრუქციული განლაგება რამდენად გამორიცხავს მის კავშირს სხვა პირთა საცხოვრებელ ფართებთან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე თ. ა-ასთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.

ამასთან, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების პირველ სართულზე არსებული სათავსოთი თ. ა-ას მიერ კანონიერად სარგებლობის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების - თ. და რ. ი-იების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას და თავისუფალ მდგომარეობაში თ. ა-ასათვის გადაცემას. სადავო უძრავი ნივთის მახასიათებლებია: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ... სართული, ბინა №..., ს/კ: .... ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა შ. მ-ის, რ. მ-ის, მ. მ-ის და თ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო ქ. თბილისში, ...ში, ...ის №...-ში, ,,...ის“ შენობის პირველ სართულზე არსებული სათავსი და მოპასუხეებს დავალებოდათ ხელი არ შეეშალათ მოსარჩელისათვის სარგებლობაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა ც. ფ-ი-ჩ-ისა და გ. ჩ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილიყო უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ის №..., ,,...ის“ შენობის ... სართული (ყოფილი ...), ს/კ: №....

ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტი თ. ა-ა არ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ..., ...ის №...-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სათავსოს კანონიერ მოსარგებლეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში თ. ა-ას სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობდა თ. ა-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების პირველ, მე-2, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრივატიზებამოთხოვნილი ფართით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, ხოლო შპს ,,ფ...“-ის 2007 წლის 14 იანვრის ცნობა თავისი არსით და N189 დადგენილების მიზნებისთვის ვერ განიხილება საცხოვრებელი ფართით კანონიერად სარგებლობის უფლებადამდგენ დოკუმენტად. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილების მიზნებისთვის, მოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სავალდებულო პირობაა აღნიშნული ფართით კანონიერად სარგებლობის ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე) გამომდინარე, არ დასტურდება. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ ...ს რაიონის გამგეობის გასაჩივრებული აქტით თ. ა-ას კანონშესაბამისად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანებაც, თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კრწანისის რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში დატოვების თაობაზე, კანონიერია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს თ. ა-ამ განცხადებით მიმართა ...ს რაიონის გამგებელს, წარუდგინა შპს „ფ...“-ის მის გაცემული ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული სათავსოს და მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. შპს „ფ...“-ის დირექტორის მიერ 2007 წლის 14 იანვარს თ. ა-აზე, მ. ქ-აზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული №1 ცნობის თანახმად, შპს „ფ...“-ის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების - ყოფილი ... „...ი“ (რომელიც განლაგებულია ...ს დასახლება ..., ...ის ქ. №...-ში), ორსართულიან შენობაში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებული არიან როგორც სოხუმში განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განლაგებული საცხოვრებელი ოთახები №3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 13. ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი ...), საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 16 ივნისის №39-01211672001 წერილით, განმცხადებელს დაევალა წარედგინა პრივატიზებამოთხოვნილი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საცხოვრებელი ფართობის აზომვითი ნახაზი, საჭიროების შემთხვევაში კანონიერი მოსარგებლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები და საპრივატიზებო ობიექტის 2007 წლის 2 თებერვლამდე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული წერილის საფუძველზე, თ. ა-ამ 2021 წლის 30 ივნისს განცხადებით მიმართა ...ს რაიონის გამგებელს და წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია.

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილით თ. ა-ას ეცნობა, რომ განცხადებას არ ერთვოდა: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - კონკრეტული საცხოვრებელი ფართობის აზომვითი ნახაზი (2 დედანი); მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - კანონიერი მოსარგებლის მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიტანა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილი თ. ა-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანებით, თ. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილისა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მისი თანმდევი მოთხოვნაა მოპასუხე ...ს რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და მოხდება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) არსებული ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული სათავსოს და მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევის, შემოწმებისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. ა-ას არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სათავსოსთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ხოლო კანონიერი მოსარგებლის ცნებას ითვალისწინებს აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამასთან, აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს არაპრივატიზებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განცხადებისათვის დასართავი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ ან/და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზეც, თუკი აღნიშნული მომიჯნავე ფართობის გარეშე საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელია და იგი არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, შპს „ფ...“-ის დირექტორის მიერ 2007 წლის 14 იანვარს თ. ა-აზე, მ. ქ-აზე და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული №1 ცნობის შინაარსზე, რომლის თანახმად, შპს „ფ...“-ის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების - ყოფილი ... „...ი“ (რომელიც განლაგებულია ...ს დასახლება ..., ...ის ქ. №...-ში), ორსართულიან შენობაში, 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებული არიან როგორც სოხუმში განლაგებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განლაგებული საცხოვრებელი ოთახები №3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 13. ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსო (ყოფილი ...), საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით (მოწმობის №..., გაცემის თარიღი: 11.01.2014წ.) დასტურდება, რომ თ. ა-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №..., ...ის ს/ს. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ თ. ა-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ..., ...ის (ორსართულიანი კორპუსი) №....

აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ შეფასებულა ის გარემოება, შპს ,,ფ...“-ის დირექტორის მიერ ზემოაღნიშნული ცნობის გაცემა ხომ არ მომხდარა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც. სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ, შპს ,,ე...ს“ მიერ შედგენილი შენობის გეგმარებაზე (II სართული), რომლის საფუძველზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №..., ...ის ს/ს კორპუსის მე-2 სართულის საზაფხულო აივანი უშუალოდ ემიჯნება თ. ა-ას საცხოვრებელ ფართს (აღნიშნულ გარემოებას კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ ხდის). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ასევე გამოკვლევას საჭიროებს ის საკითხი, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საზაფხულო აივანი თ. ა-ას საცხოვრებელი ფართის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საზაფხულო აივნის კონსტრუქციული განლაგება რამდენად გამორიცხავს მის კავშირს სხვა პირთა საცხოვრებელ ფართებთან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. (სუსგ Nბს-968(2კ-19), 10.02.2022წ.).

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...ს რაიონის გამგეობამ სადავო ნაწილში ისე გამოსცა 2021 წლის 7 ივლისის №... წერილი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის), რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნული კი ქმნიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ...) არსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულზე არსებული საზაფხულო აივნის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ თ. ა-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2021 წლის 7 ივლისის №... წერილის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ამავე ნაწილში მითითებული წერილის ძალაში დატოვების შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 3 სექტემბრის №1274 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე