საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1242(კ-23) 04 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ა...ს“ წარმომადგენელმა 2019 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/26029 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 09 ოქტომბრის №04/53257 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/26029 წერილით, ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით წარდგენის გამო, შპს „ა...ს“ დაევალა, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება - 326381,71 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, წერილში მითითებული იყო, რომ მიმწოდებლის მიერ, საანგარიშგებო თვის დოკუმენტაციასთან ერთად, მიწოდებულია წინა 2 თვის დოკუმენტაცია, თუმცა, ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდა არა იმავე თვეში, არამედ 2 თვის განმავლობაში.
მოსარჩელემ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, და განმარტა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას უნდა მომხდარიყო აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება, მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც, დგებოდა ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია არ მიიღებოდა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად, კლინიკას ეძლეოდა შესაძლებლობა, დამატებით წარედგინა იგი. მოსარჩელის მითითებით, ზემოხსენებულ მოცემულობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან კლინიკა ჯეროვნად ასრულებდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის №04/26029 და 2019 წლის 09 ოქტომბრის №04/53257 გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, საქმეში დაცულ მასალებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ხდიდა დადგენილებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაუცველობას, კერძოდ, მითითებას აკეთებდა დოკუმენტაციის მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენაზე და ამასთან, ვადის დარღვევით, თუმცა პალატის მითითებით, სადავო აქტებში არ ირკვეოდა თუ რომელი პერიოდის საანგარიშგებო დოკუმენტაციაზე იყო საუბარი, რომელ სამედიცინო შემთხვევებს ეხებოდა აღნიშნული, საიდან გამომდინარეობდა დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, ასევე კონკრეტულად ზედამხედველობის რა ეტაპზე იყო მიღებული თანხის დაბრუნების გადაწყვეტილება.
პალატამ აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის 151 მუხლის საფუძვლით კონტროლის განხორციელებისას, განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ნ/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. კონტროლის განხორციელების საფუძველს პროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ბრძანება წარმოადენს. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტებით არ ირკვეოდა კონტროლის განხორციელების საფუძველი, სახეზე არ იყო წინმსწრები ბრძანება, არ ჩატარებულა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულ ორგანოს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის წარდგენისას არ წარუდგენია დამატებითი მასალები, რაც სასამართლოს საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები მოკლებული იყო დასაბუთებას, გაურკვეველი იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და არ ირკვეოდა თუ რა სახის გადაცდომისთვის იყო ჯარიმა დაკისრებული, რაც, პალატის მოსაზრებით, სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილების მიზნებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სადავო გადაწყვეტილებები შესწავლილია დარგის სპეციალისტების მიერ და მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. „მიმწოდებლისათვის“ სავალდებულოა დადგენილებით ნაკისრი პირობის შესრულება, ვინაიდან და რადგანაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარეა და მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი სამუშაოს პირობები განისაზღვრება დადგენილებითა და ბრძანებებით.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის ანუ კლინიკის მხრიდან უგულებელყოფილია დადგენილების პირობები, კერძოდ, დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, თუ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა შემსრულებელს განმახორციელებელთან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ნაბეჭდი დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა არა იმავე თვეში, არამედ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რომლითაც დარღვეული იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგება დადგენილების პირობებს, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სადავო გადაწყვეტილებები მომზადებული და გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად არ შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რაც კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 01 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 17 მაისის №04/26029 სადავო გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ დაევალა შესაბამის შემთხვევებზე ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება 326381,71 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მატერიალური სახით ვადის გადაცილებით წარადგინა სამედიცინო დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით, ხოლო მესამე პუნქტის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო მომსახურება ანაზღაურებულია, შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაცია მიღებულია, რითაც, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე, დადასტურებულია, წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც დგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი ორმხრივი ხელმოწერით, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად, არ ხდება მისი ჩაბარება და მიმწოდებელს ეძლევა ვადა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის რაიმე მიზეზით დახარვეზება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში ვერ დაადასტურა გასაჩივრებული განჩინების არამართებულობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.01.2024წ. №03206 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა