საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-825(კ-25) 6 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისიადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ბ-ე, პ. კ-ე, ნ. კ-ო, თ. ც-ე, ლ. კ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 7 სექტემბერს მ. ბ-ემ, პ. კ-ემ, ნ. კ-ომ, თ. ც-ემ და ლ. კ-იმა სარჩელით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, მ. ბ-ე დასაქმებულია ... სკოლაში პედაგოგად და ასევე სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ... სკოლის პედაგოგად. პ. კ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ... სკოლის პედაგოგად; ნ. კ-ო - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ... სკოლის პედაგოგად; თ. ც-ე - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ... სკოლის პედაგოგად; ლ. კ-ი - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის არქივის ...ად. მათ საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რის საფუძველზეც მათ დაენიშნათ პენსია და ყველა მათგანი პენსიის დანიშვნის მომენტიდან უწყვეტად იღებდა პენსიას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მოსარჩელეების მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებებით საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის გამო შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემლის მიღება და დაევალათ უკვე აღებული პენსიის დაბრუნება. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან, მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ ჭიათურის ... სკოლაში და სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ... სკოლის პედაგოგებად და ის ორგანიზაციებიც, სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, რაც თავად დაწესებულების სახელწოდებითაც დასტურდება, წარმოადგენს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო -კვლევით, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების მ. ბ-ეისათვის პენსიის შეწყვეტისა და მ. ბ-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების - ნ. კ-ოსათვის პენსიის შეწყვეტისა და ნ. კ-ოს მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 5600 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ნ. კ-ოსათვის პენსიის დანიშვნაზე/აღდგენაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 21 ივლისს მიღებული N2023/1 გადაწყვეტილების; 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების პ. კ-ეისათვის პენსიის შეწყვეტისა და პ. კ-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 2860 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; 5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების თ. ც-ეისათვის პენსიის შეწყვეტისა და თ. ც-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; 6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის-ცენტრი) 2023 წლის 03 ივლისს N 2023/1 გადაწყვეტილების ლ. კ-ისათვის პენსიის შეწყვეტისა და ლ. კ-ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 295 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში, ბათილად ცნობა და ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - მ. ბ-ეისათვის, პ. კ-ეისათვის, ნ. კ-ოსათვის, თ. ც-ეისათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის/დანიშვნის შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრიდან, პენსიის შეწყვეტის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის დაურიცხავი სახელმწიფო პენსიისა და დაქვითული თანხის ანაზღაურების, ხოლო ლ. კ-ისათვის 2023 წლის 3 ივლისიდან, პენსიის შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის დაურიცხავი სახელმწიფო პენსიისა და დაქვითული თანხის ანაზღაურების თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ბ-ეის მიმართ, პენსიის შეწყვეტისა და მ. ბ-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ბ-ეს 2023 წლის 1 იანვრიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. პ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა: 2.2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება პ. კ-ეის მიმართ, პენსიის შეწყვეტისა და პ. კ-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის - 2860 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც პ. კ-ეს 2023 წლის 1 იანვრიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ნ. კ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ოს მიმართ, პენსიის შეწყვეტისა და ნ. კ-ოს მიერ ზედმეტად მიღებული თანხის 5600 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ. კ-ოს 2023 წლის 01 იანვრიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. თ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ც-ეის (პ/ნ...) მიმართ, პენსიის შეწყვეტისა და თ. ც-ეის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ც-ეს 2023 წლის 1 იანვრიდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით; ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 03 ივლისის N2023/1 გადაწყვეტილება ლ. კ-ის (პ/ნ...) მიმართ, პენსიის შეწყვეტისა და ლ. კ-ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხის 295 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ნაწილში; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. კ-ის 2023 წლის 1 აგვისტოდან აუნაზღაურდება მიუღებელი და დაქვითული სახელმწიფო გასაცემელი - პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სსიპ ჭიათურის კულტურის ცენტრის დებულებაზე და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, ცენტრის (დაწესებულების) საქმიანობის საგანმანათლებლო (განათლების) სააღმზრდელო და სამეცნიერო- კვლევითი და სამუზეუმო საქმიანობის ხასიათი. ასევე მიუთითა, რომ დაწესებულების სახელწოდება - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია, კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების - მ. ბ-ეის, პ. კ-ეის, ნ. კ-ოს, თ. ც-ეისა და ლ. კ-ის საქმიანობა „სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში" არ განიხილება საჯარო საქმიანობად, შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების დასაბუთებით სადავო აქტების გამოცემა ეწინააღმდეგება კანონს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია პირობა, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მიზნებისათვის (მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პენსიის ადმინისტრირების ფარგლებში, კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
კასატორის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) დასაქმებულ პირთა სახელმწიფო გასაცემლების სწორი ადმინისტრირების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ თხოვნით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოეწოდებინათ სრული დასახელება იმ დაწესებულებებისა, რომლებიც სკოლა-პანსიონებს, პროფესიულ და სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განეკუთვნებიან. პასუხად, აღნიშნული სამინისტროდან წარმოდგენილ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალში სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დასახელებული არ არის. ვინაიდან აღნიშნული დაწესებულება არ არის სააგენტოს 2022 წლის 29 ივლისის SSA 1 22 00161880 საინსტრუქციო წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელეებისათვის აღნიშნულ დაწესებულებაში შრომით საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით სახელმწიფო გასაცემლის მიღების შეზღუდვა. სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრმა 2022 წლის 27 დეკემბრის N700587 წერილით ასევე მიმართა სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს ამ დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დაზუსტების მიზნით. აღნიშნული დაწესებულების 2022 წლის 29 დეკემბრის N274 წერილით სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრს ეცნობა, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა არ წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის ასაკის საფუძვლით პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე, სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აღნიშნული კანონი აქცენტს აკეთებს დამსაქმებელი დაწესებულების სამართლებრივ სტატუსზე და არა სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებაზე, ეს დაწესებულება არ არის საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რასაც კანონი ადგენს და მიუხედავად იმ ფუნქციისა, რომელსაც შესაძლებელია მოსარჩელე ახორციელებდეს, კანონი ადგენს სტრუქტურის სტატუსს და არა იქ დასაქმებული პირის ფუნქციურ როლს. აღნიშნული დაწესებულება, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელია, არ დასტურდება საქმეში არსებული რაიმე მასალებით, მათ შორის არ დგინდება ამ დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტის გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ბ-ე დასაქმებულია ... სკოლაში და სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის პედაგოგად. მ. ბ-ემ 2020 წლის 13 ივლისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის დანიშვნის თხოვნით და წარადგინა სამსახურის შესახებ ცნობა ... სკოლიდან, რომელიც ასახავდა ზუსტ ინფორმაციას განმცხადებლის დასაქმების ადგილისა და დაკავებული პოზიციის შესახებ. სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს მიერ 2020 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N2527/1 მ. ბ-ეისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის გამო მ. ბ-ეისთვის პენსიის შეწყვეტისა და 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
პ. კ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ... სკოლის პედაგოგად. პ. კ-ემ 2022 წლის 26 იანვარს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით, განცხადებასთან ერთად წარადგინა ცნობა სამსახურიდან რომელიც ასახავდა ზუსტ ინფორმაციას განმცხადებლის დასაქმების ადგილისა და დაკავებული პოზიციის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრის მიერ 2022 წლის 27 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პ. კ-ეისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ. 2022 წლის 29 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პ. კ-ეისთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის დასაბუთებით და N SSA 02300 811534 წერილით ეცნობა საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში აღებული პენსიის - 2860 ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
ნ. კ-ო დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ... სკოლის პედაგოგად. 2014 წელს ნ. კ-ომ მიმართა სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის- ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით, წარადგინა ცნობა ააიპ „ჭ...დან, რომელიც ასახავდა ზუსტ ინფორმაციას განმცხადებლის დასაქმების ადგილისა და დაკავებული პოზიციის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება ნ. კ-ოსთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. 2022 წლის 29 დეკემბერს სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ. კ-ოსთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ, საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის გამო და განესაზღვრა საჯარო სამსახურში დასაქმების პერიოდში აღებული პენსიის - 5600 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება; 2023 წლის 18 ივლისს ნ. კ-ომ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის დანიშვნის აღდგენის თხოვნით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით N2023/1 არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საჯარო სამსახურში მუშაობის დასაბუთებით.
თ. ც-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 30 იანვარს მიმართა განცხადებით პენსიის დანიშვნის თაობაზე წარადგინა ბრძანება სამსახურიდან, რომელიც ასახავდა ზუსტ ინფორმაციას მისი დასაქმების ადგილისა და დაკავებული პოზიციის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2020 წლის 30 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N615/2020/1 თ. ც-ეისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ დადგენილია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თ. ც-ეისთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის დასაბუთებით, ამასთანავე, თ. ც-ეისთვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება საჯარო სამსახურში დასაქმების პერიოდში აღებული პენსიის - 5280 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
2021 წლის 22 ივნისს ლ. კ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით. განცხადების წარდგენის ეტაპზე ლ. კ-ი დასაქმებული არ იყო სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2021 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N 1759/2021/1 ლ. კ-ისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ. დადგენილია, რომ 2023 წლის 3 ივლისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის-ცენტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. კ-ისთვის პენსიის შეწყვეტისა და 295 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, ახორციელებდა თუ არა ... სკოლაში და სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში პედაგოგისა და არქივის სპეციალისტის თანამდებობაზე მყოფი პირი საჯარო საქმიანობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურად მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე; ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, მაგრამ საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმად, კულტურის ცენტრი არის ერთიანი კომპლექსი, რომელიც ახორციელებს პედაგოგიურ სწავლებას, ხელს უწყობს კულტურული აზროვნების განვითარებას, ატარებს მუშაობას ახალგაზრდებთან შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი ფორმების სრულყოფისათვის (1.7 მუხლი), კულტურის ცენტრის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ - შემეცნებითი (ყველა ტიპის) დაწესებულების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა (2.1 მუხლი), ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო - საგანმანათლებლო და კულტურულ - შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა (2.2 მუხლი), ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, მივიწყებული, ხალხური, ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივის შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, ქორეოგრაფიული, თეატრალური, სასწავლო - საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა, პოლიგრაფიული, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა, კონცერტების, საღამოების, კონფერენციების, სემინარების, რიტუალების, გამოფენების, შოუ - პროგრამების მოწყობა (2.3 მუხლი), სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო - კვლევითი და კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია (2.4 მუხლი). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას. ამდენად, არ არსებობდა მოსარჩელეთათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, რამეთუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული ცენტრის საქმიანობის ხასიათს ენიჭება და არა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსს (იხ. სუსგ 22.10.20წ. Nბს-1273(კ-19); 26.04.23წ. Nბს-97(კ-23); 20.06.23წ. Nბს-1108(კ-21)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სამუსიკო სკოლა, სადაც მოსარჩელეები მუშაობენ - კულტურულ-შემოქმედებით დაწესებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ დასახელებულ სამუსიკო სკოლაში საქმიანობა, არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მოსარჩელეებს არ ეზღუდებათ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე