საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-761(2კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ბ-ა (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი. ბ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სამინისტრო“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მინისტრი“) 02.08.2023 წლის MIA42302242068 ბრძანება 28.04.2020 წლიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სამსახურში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის 03.10.2023 წლის MIA 62302884851 წერილი;
1.3. მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელისთვის იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25.04.2015 წლიდან 28.04.2020 წლამდე პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
5.1. მინისტრის 28.12.2017 წლის №3139014 ბრძანებით მოსარჩელე (დაბადებული ... წელს) - შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ..., ...ის ... გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში 24.12.2017 წლიდან. მინისტრის 25.04.2018 წლის №955880 ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 25.04.2018 წლიდან.
5.2. მინისტრის 25.04.2018 წლის №955880 ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2019 წლის №3/4359-18 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 25.04.2018 წლის №955880 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მინისტრმა 20.03.2020 წელს გამოსცა №MIA 8 20 00727005 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 25.04.2018 წლის №955880 ბრძანება და მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამინისტროდან 25.04.2018 წლიდან.
5.3. მინისტრის 20.03.2020 წლის № MIA 8 20 00727005 ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2021 წლის №3/3006-20 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 20.03.2020 წლის №727005 ბრძანება და სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
5.4. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მინისტრმა 02.08.2023 წელს გამოსცა ͏№ MIA 42302242068 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 2005 ლარი), მოსარჩელეს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 25.04.2018 წლიდან - 28.04.2020 წლამდე პერიოდი, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამინისტროდან 28.04.2020 წლიდან.
5.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს გათავისუფლების მომენტში გააჩნდა საშუალო სპეციალური წოდება - ...ის .... მინისტრის 31.12.2013 წლის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშუალო სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთა ზღვრული ასაკია 55 წელი. გათავისუფლების მომენტისთვის მოსარჩელემ მიაღწია კანონმდებლობით განსაზღვრულ ასაკს, შესაბამისად, სადავო ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.
5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის პირობებშიც მოსარჩელე უზრუნველყოფილია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლებით, შესაბამისად სამინისტროს გააჩნია 25.04.2015 წლიდან 28.04.2020 წლამდე პერიოდში იძულებითი განაცდური ხელფასის მოსარჩელისთვის ანაზღაურების ვალდებულება.
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/574, II-19). საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630, II-10), შესაბამისად, ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, წარმოადგენს ზარალს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 21.07.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/4/735, II-16). საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას (სუსგ №ბს-161-158(კ-15), 10.12.2015წ.).
12. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630, II-11). მინისტრის 31.12.2013 წლის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი.
13. იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობისა და, შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით (შდრ. სუსგ №ბს-733 (კს-20), 23.12.2020წ; №ბს-594 (კ-20), 10.02.2021წ; №ბს-703 (2კ-20), 04.03.2021წ; №ბს-767 (კ-22), 21.03.2023წ.).
14. საქმის მასალებში დაცული კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2019 წლისა და 18.11.2021 წლის გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ამასთან, მინისტრის 02.08.2023 წლის № MIA 4 23 02242068 ბრძანებით მოსარჩელე (პოლიციის ...) აღდგა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე, მას სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 25.04.2018 წლიდან 28.04.2020 წლამდე პერიოდი და 28.04.2020 წლიდან (ზღვრული ასაკის გამო) დათხოვნილ იქნა სამინისტროდან (ს.ფ. 19). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დგინდება მოსარჩელის სამინისტროდან გათავისუფლების არამართლზომიერება, რაც გათავისუფლებიდან სამსახურში მის აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველია (შდრ. სუსგ №ბს-284(კ-19), 16.01.2020წ.).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის 19.09.2023 წლის წერილის პასუხად თავად მოპასუხემ დეტალურად დაიანგარიშა 25.04.2018 წლიდან 28.04.2020 წლამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ოდენობა და აცნობა მოსარჩელეს (იხ. ცნობა, ს.ფ.23-25). შესაბამისად, მოსარჩელემ 28.04.2020 წლამდე პერიოდზე განაცდური სარჩელით სწორედ მითითებული დაანგარიშების საფუძველზე მოითხოვა (ს.ფ.7), რაც გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კიდეც.
15. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასანაზღაურებელი განაცდურის პერიოდის დასაწყისად 25.04.2015 წლის მითითებას ნაცვლად - 25.04.2018 წლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს და შესაძლოა გასწორდეს უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების განხილვის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ (შდრ. სუსგ №ას-319-2020, 30.03.2021წ; №ბს-998(5კ-19), 17.06.2021წ; №ას-21-2022, 28.06.2022წ.). დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან, სამინისტროდან არამართლზომიერად დათხოვნილ იქნა 25.04.2018 წლიდან, ამასთანავე, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის 25.04.2015 წლიდან ანაზღაურება.
16. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს (სუსგ №ბს-234-234(2კ-18), 27.09.2018წ.).
17. მინისტრის 31.12.2013 წლის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის ზღვრული ასაკია 55 წელი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პოლიციის სფეროში დასაქმების მოთხოვნებთან დაკავშირებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ზღვარი გააჩნია, მათ შორის სახელმწიფო უფლებამოსილია დაადგინოს ასაკობრივი ზღვარი პოლიციელის მიერ თანამდებობის დასაკავებლად (შდრ. Ferrero Quintana v. Spain, №2669/19, 26.11.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა პოლიციის კაპიტნის წოდება, რომელიც საშუალო სპეციალურ წოდებათა რიგს მიეკუთვნება („სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, მოსარჩელის წოდებისა და ასაკის გათვალისწინებით, დასაბუთებული არ არის მისი პრეტენზია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების არარსებობაზე, ამასთანავე, სამინისტროს დეპარტამენტის 02.02.2024 წლის № MIA 7 24 00316835 წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის - სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ...ის წოდებრივი ზღვრული ჭერი განისაზღვრება „... - პოლიციის ... - საჯარო მოხელე“ (ს.ფ. 210).
18. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის განჩინება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე