საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-699(კ-25) 3 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 26 მარტის MES 7 24 0000357065 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ.გ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ.გ-ის მიერ.
კასატორის განმარტებით, 2005 წლიდან გამოცდის სავალდებულოობასთან დაკავშირებით ამაჟამად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ეფუძნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52-ე მუხლს, თუმცა შეფასებული არაა ამავე კანონის 28.03.2007წ. №4529 ცვლილებამდე მოქმედი 89.6 მუხლის რედაქცია, რომელიც ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ანიჭებდა უნივერსიტეტზე გამოცდის შედეგების გავრცელების არჩევანის თავისუფლებას. არჩევანის თავისუფლება კი, ვალდებულების იდენტური არ არის. ამასთან, სახელმწიფო არ აწესებდა მკაფიო ზღვარს ,,უნივერსიტეტსა’’ და ,,უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯს’’ შორის, რადგან ,,უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი’’ ამავე უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, შესაფასებელია 27.06.1997წ. ,,განათლების შესახებ’’ კანონის მე-15 მუხლის 11 პუნქტი და ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ,, უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯში’’ სწავლა დაიწყო 2006 წელს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამჟამად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ვალდებულება არსებობდა 2005 წლიდან ,,უმაღლესი’’ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მოსარჩელემ თავდაპირველად სწავლა დაიწყო ,,კოლეჯში’’ - 2006 წელს. „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი’’ კი, 2007 წლიდან იქნა მიჩნეული „უმაღლეს’’ საგანმანათლებლო დაწესებულებად და შესაბამისად, ამ პერიოდიდან დაექვემდებარა „უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონის 52.1 მუხლს, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდის სავალდებულოობას. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება - ქმედების უკანონობა შეცნობით, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ საკმარისად არ განსაზღვრა დაინტერესებული მხარის მიერ განსახორციელებელი კანონიერი მოქმედების შინაარსი.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გაიმართა ადმინისტრაციული წარმოება და დაინტერესებულ მხარეს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს 07.10.2019წ. გადაწყვეტილებით, რაც სადავო გახადა დაინტერესებულმა მხარემ. მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში არსებული 18.03.2020წ. სასამართლო გადაწყვეტილებით. მოგვიანებით, დაინტერესებულმა მხარემ იმავე საკითხზე ხელახლა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს 26.02.2024წ. განცხადებით. ამდენად, განსახილველი საქმე შეეხება როგორც უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ დაინტერებული მხარის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი, ასევე, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების გამართვის საფუძვლის არსებობის საკითხის შეფასებას.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს არ ჰქონდა განსაზღვრული მკაფიო მიჯნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ „კოლეჯსა’’ და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ „უნივერსიტეტს’’ შორის. საქმის მასალებში დაცულია მოსარჩელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და წინა წარმოების დროს არგამოყენებული მტკიცებულება „აკადემიური მოსწრების წიგნაკი’’, რომელშიც „კოლეჯი’’ მოხსენიებულია, როგორც „...სთან არსებული კოლეჯი“. აღნიშნული მტკიცებულება კანონმდებლობასთან ერთად ადასტურებს იმას, რომ „კოლეჯი’’ ორგანიზაციულად შპს „...ის“ სისტემის შემადგენლობაში იყო. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სადავოა შპს „...ის“ მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობა, თუმცა კანონიერი ნდობის შეფასების დროს მხედველობაშია მისაღები, რომ ბ.გ-მა შპს-სთან საგანმანათლებლო ურთიერთობა დაიწყო 2006 წელს „...სთან არსებულ კოლეჯში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების დოპლომის მიმართ ნდობისთვისაც, რადგან „კოლეჯი’’ უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელ სამართალსუბიექტს არ წარმოადგენდა, კოლეჯს არ გააჩნდა საკუთარი უფლებაუნარიანობა, საკუთარი სახელით ვერ შეიძენდა უფლება-მოვალეობებს. 17.06.1997წ. „განათლების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლს 17.03.2006წ. №2797 ცვლილებით დაემატა 11 მუხლი, რომლის თანახმად, კერძო სამართლის ...ი პირი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი ...ი პირის შექმნის გარეშე. ამდენად, თავად სახელმწიფო არ განასხვავებდა სამართალსუბიექტებს - „უნივერსიტეტთან არსებულ კოლეჯს“ ამავე უნივერსიტეტისგან. შესაბამისად, შპს „...სთან არსებულ მრავალდარგოვან კოლეჯში“ სწავლის დაწყებით საგანმანათლებლო ურთიერთობა დაიწყო თავად შპს „...სთან“. საქმის მასალებში დაცულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2024წ. MES 0 24 0000355169 გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის“ მიერ 2008წ. პროფესიული განათლების დიპლომის ნამდვილობა, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეს გავლილი არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული წარმოადგენს ახალ, თავდაპირველი წარმოების დროს არარსებულ და დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52.1 მუხლის შინაარსით, ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლა სავალდებულო იყო „უმაღლეს’’ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2005 წლიდან სწავლის დასაწყებად, თუმცა 2005 წლისთვის „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი’’ არ მიიჩნეოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ „უმაღლეს“ საგანმანათლებლო დაწესებულებად. შესაბამისად, იგი ვერ მოექცეოდა ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობაში, რათა მის მიმართაც 2005 წლიდან გავრცელებულიყო ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის სავალდებულოობა. „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი“ მოგვიანებით, 2007 წელს იქნა მიჩნეული „უმაღლეს“ საგანმანათლებლო დაწესებულებად, მოსარჩელის მიერ შპს-სთან ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდგომ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლს დაემატა 28.03.2007წ. №4529 ცვლილებით „ღ1“ პუნქტი, რომლის თანახმად, განიმარტა ტერმინი კოლეჯი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ან/და აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას. შესაბამისად, 2007 წლის 28 მარტის საკანონმდებლო ცვლილებამდე „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი“ არ მიიჩნეოდა „უმაღლეს“ საგანმანათლებლო დაწესებულებად.
შპს „...ში“ 2008 წელს პროფესიული განათლების პროგრამის დამთავრების შემდგომ, ამავე წლიდან მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა ამავე შპს-ის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. 2008 წლისთვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 89.6 მუხლის რედაქციის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეიძლება გავრცელდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისისა. საყურადღებოა, დასახელებულ ნორმაში მითითებული სიტყვა - „შეიძლება“, კერძოდ, სიტყვა „შეიძლება“ განსხვავდება ვალდებულებისგან, რადგან იგი ნორმის გამომყენებელს ანიჭებს არჩევანის თავისუფლებას გამოცდის შედეგების გავრცელებასთან დაკავშირებით. ეროვნული გამოცდის შედეგების უნივერსიტეტზე გავრცელებასთან დაკავშირებულ არჩევანის თავისუფლებას კი შესაძლოა, გავლენა მოეხდინა უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მსურველთა სასარგებლოდ, კერძოდ, იმ პირების სასარგებლოდ, ვისაც მიიღებდა უნივერსიტეტი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში, უნივერსიტეტმა 89.6 მუხლით გათვალისწინებული არჩევანის თავისუფლება გამოიყენა ბ.გ-ის სასარგებლოდ.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ზემოდასახელებული კანონის 89.6 მუხლთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მითითებული ნორმა შეეხებოდა მხოლოდ ე.წ. ბენეფიტების (მაგალითად სახელმწიფო დაფინანსების) გავრცელების შესაძლებლობას ამ მუხლში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული ადასტურებს, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგამაზე მიღების ერთადერთ გზას ეროვნული გამოცდები არ წარმოადგენდა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ეროვნული გამოცდების გამართვის საწყის წლებში, მათ შორის, 2008 წელს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება შეიძლებოდა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ქულების მიხედვით, რომლის ჩაბარებაც მსურველს მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე გასვლით შეეძლო. შესაბამისად, ზოგიერთ უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით დამატებით 89.6 მუხლის მოქმედების საჭიროება გამოწვეულია ზუსტად იმით, რომ ამ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ერთადერთ გზას არ წარმოადგენდა ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემოხსენებული მუხლი ამოღებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონიდან 21.07.2010წ. №3528 ცვლილებით. ამდენად, კანონიერი ნდობის მიზნებისთვის 89.6 მუხლზე მითითება ვეღარ მოხდება 21.07.2010წ. №3528 ცვლილების ამოქმედების შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის.
კასატორის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია ახალი მტკიცებულებები („აკადემიური მოსწრების წიგნაკი“ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2024წ. MES 0 24 0000355169 გადაწყვეტილება), რომლებიც აუმჯობესებენ მის მდგომარეობას. შესაბამისად, არ არსებობდა სზაკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, თავდაპირველად გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მტკიცებულებების წარუდგენლობა გამოწვეული არ ყოფილა ბ.გ-ი ბრალეულობით და ამ მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებები საერთოდ გამოკვლევის გარეშე დატოვა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მაშინ, როცა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა ევალებოდა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში, პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მომენტისთვის, 2008 წლისთვის, ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანებიდან და არათანმიმდევრულობიდან, ასევე, 2005-2008 წლებში განათლების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების ინტენსიურობიდან გამომდინარე, ბ.გ-ისთვის წინასწარ საკმარისად განსაზღვრული, შეცნობადი ვერ იქნებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის უკანონობის თაობაზე. ნორმების არასწორად ურთიერთშეჯერების ნეგატიური ტვირთი უნდა ეკისრებოდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და არა დაინტერესებულ კერძო პირს მისი კანონიერი ნდობის გამორიცხვით. მოცემულ შემთხვევაში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 88.3 მუხლის თანახმად, მოსარჩელე სწავლობდა აკრედიტებულად ჩათვლილ საგანმანათლებლო პროგრამაზე. მან, შპს „...ში“ სწავლა 2008 წელს კი არ დაიწყო, არამედ 2006 წელს, ამავე „უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის“ მეშვეობით. ამდენად, 2014 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ მას გააჩნია კანონიერი ნდობა. უმაღლეს საგანმანათლებო პროგრამაზე სწავლის ფაქტი სადავო არაა. ამასთან სწავლის პერიოდი, 2008-2012 წლები, ჩათვლილია აკრედიტებულად „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 88.3 მუხლის საფუძველზე. დიპლომის ნამდვილობის დაუდასტურებლობით მოსარჩელეს ადგება ზიანი, რადგან იგი არის დასაქმებული და დიპლომის ნამდვილობის დაუდასტურებლობა აბრკოლებს სამსახურებრივ დაწინაურებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ...ის მიერ 2014 წლის 10 ივნისს, გაცემულია ... №... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, ...ის 2012 წლის 5 ივლისის №31 გადაწყვეტილებით ბ.გ-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ...ის სპეციალობით (ს.ფ 20); ბ) 2019 წლის 16 სექტემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს №1208159 განცხადებით მიმართა ბ.გ-მა და შპს „...ის“ მიერ 2014 წელს მის სახელზე გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 გადაწყვეტილებით, ბ.გ-ის უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ბ.გ-მა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით (ს.ფ 84-88); გ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 გადაწყვეტილება ბ.გ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3/7831-19), ბ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №3ბ/1146-20), ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. (ს.ფ 91-103, 106-117); დ) 2024 წლის 26 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს №213143 განცხადებით მიმართა ბ.გ-მა და შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს მის სახელზე გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. ბ.გ-ის 2024 წლის 26 თებერვლის №213143 განცხადებას ერთვოდა: შპს „...ის“ 2019 წლის 25 ოქტომბრის №17 ცნობა, სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი, დიპლომების ასლები, პირადობის ასლი და ამონარიდი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან (88-ე მუხლი) (ს.ფ 60-73); სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 26 მარტის MES 7 24 0000357065 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბ.გ-ის უარი ეთქვა 2024 წლის 26 თებერვლის №213143 განცხადების განხილვაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ბ.გ-ის მიერ 2024 წლის 26 თებერვალს ცენტრში №213143 განცხადებით წარდგენილი მტკიცებულებები არ ცვლის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ შედეგს (ს.ფ 60-73, 82-83); ე) შპს „...ის“ 2019 წლის 25 ოქტომბრის №17 ცნობის თანახმად, ბ.გ-ი 2008 წელს ჩაირიცხა ...ში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №443 ბრძანებით, 2010 წლის 2 იანვრიდან შპს „...ას“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „...“. ...ის ...ის ფაკულტეტის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბ.გ-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ...ის სპეციალობით (ს.ფ 66); შპს „...ის“ 2024 წლის 11 მარტის №3 მიმართვის თანახმად, ბ.გ-ი ...ში ჩაირიცხა ... ფაკულტეტზე (არაეროვნული), 2008 წელს. ... ფაკულტეტის 2012 წლის 5 ივლისის №31 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბ.გ-ის მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ბ.გ-ის სახელზე გაცემულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ... №... დიპლომი, სარეგისტრაციო №... (ს.ფ 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
ზემოაღნიშნული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობები, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიცენზირებისა და აკრედიტაციის წესი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 გადაწყვეტილებით, ბ.გ-ის უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/7831-19), ბ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №3ბ/1146-20), ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „...ის“ 2008 წლის №... რეგ. №... დიპლომის თანახმად, ბ.გ-ი 2006 წელს შევიდა თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ „...“ და 2008 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით ... სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.გ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია; 2. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 04 ნოემბერს შპს „თ...ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია; 3. საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ...ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „...“. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/152 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „...ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია; 5. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ოქტომბრის №61/ს გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით; 6. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაცის საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №03/ს გადაწყვეტილებით შპს „...ას“ გაუუქმდა აკრედიტაცია; 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის №443 ბრძანებით, 2010 წლის 02 ივნისიდან შპს „...ას“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „...“. 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №13 გადაწყვეტილებით შპს „...ას 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი); 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის №05 გადაწყვეტილებით შპს ...ას (ს/კ...) გაუუქმდა ავტორიზაცია; 10. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის MES 0 19 01481836 წერილის თანახმად, ბ.გ-ი (პ/ნ...) არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის; 11. შპს „...ის“ 2019 წლის 23 სექტემბრის №15 წერილის თანახმად, ბ.გ-ი „...ში“ ჩაირიცხა 2008 წელს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბ.გ-იმა შპს „...ში“ სწავლის უფლება მოიპოვა არა კანონის თანახმად, საყოველთაოდ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, არამედ, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით, მხოლოდ უნივერსიტეტის ბრძანების საფუძველზე. აპელანტი მიუთითებს თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „...ის“ 2008 წლის №... რეგ.№... დიპლომის ფლობის ფაქტზე და განმარტავს, რომ მას არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მრავალდარგოვან კოლეჯში სწავლება არ ათავისუფლებდა აპელანტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ ადგენდა ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ.გ-ის სახელზე გაცემული ... №... (სარეგისტრაციო №...) ბაკალავრის დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველი, ვინაიდან ბ.გ-ი შპს „...ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 26 მარტის MES 7 24 0000357065 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბ.გ-ის უარი ეთქვა 2024 წლის 26 თებერვლის №213143 განცხადების განხილვაზე. გადაწყვეტილების თანახმად, ბ.გ-ის მიერ 2024 წლის 26 თებერვალს ცენტრში №213143 განცხადებით წარდგენილი მტკიცებულებები არ ცვლის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ შედეგს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 26 მარტის MES 0 24 0000355169 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ცენტრმა დაადასტურა ბ.გ-ის სახელზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების №... დიპლომის ნამდვილობა. აღნიშნული დადასტურებით დოკუმენტის მფლობელს განემარტა, რომ მას აქვს უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს ნებისმიერი სპეციალობით, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ს.ფ 14-15). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის 26 მარტის MES 0 24 0000355169 გადაწყვეტილება არ ადასტურებს მოსარჩელის სასარგებლოდ ფაქტობრივი/სამართლებრივი მდგომარეობის იმგვარ ცვლილებას, რომელიც მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას განაპირობებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეს 2008 წელს ჰქონდა შესაძლებლობა შპს „...ში“ ჩარიცხულიყო ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით. ასევე საყურადღებოა, რომ თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „...ის“ 2008 წლის №... რეგ.№... დიპლომის თაობაზე მსჯელობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში, რომლითაც (საქმე №3ბ/1146-20) ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურება ვერ ჩაითვლება იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც მოსარჩელისათვის განაპირობებს უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საგულისხმოა, რომ არც მოსარჩელის მიერ მითითებული კანონის ნორმები არ მიუთითებს სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილებაზე - აღნიშნული ნორმები წარმოადგენს მოსარჩელის ჩარიცხვის პერიოდში მოქმედ რედაქციას და არა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის MES 0 19 01348005 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ შეტანილ ცვლილებებს. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი წინააღმდეგობაში არ მოდის ამავე კანონის 52-ე მუხლთან და არ ასაბუთებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას.
კანონიერი ნდობის შესახებ კასატორის შედავებაზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ №ბს-812(კ-18), 04/10/2018). ამასთან, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/7831-19), სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე. ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ მიუთითებია, რაიმე ახალ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებაზე, რომელიც დიპლომის მიმართ მის კანონიერ ნდობას დაადასტურებდა. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმ პირობებში, როდესაც განსახილველ საქმეზე არ დაკმაყოფილდა ბ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნა, არ არსებობს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. ბ.გ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.06.2025წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ . უბილავა