საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-762(კ-25) 18 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა. ც-ე
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ლ. პ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ც-ემ 2022 წლის 8 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2022 წლის 6 აგვისტოს №2066 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ მდებარე 548 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 6 აგვისტოს №2066 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა - ა. ც-ეის საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ (ფართი - 548,00 კვ.მ) იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 26 ოქტომბერს გამოცემული №1275 განკარგულებით და-ძმას, ა. ც-ესა და ლ. პ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე საკადასტრო კოდით - .... ასევე, სადავო მიწის ნაკვეთი ექცეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, სზაკ-ის 102.1 მიხედვით, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, დაუსაბუთებელი და მიღებულია სზაკ-ის 96-ე, 97-ე მუხლების დარღვევით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხების განხილვაზე წინასწარი გამოკვლევის გარეშე. მისი ვალდებულებაა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დანიშნოს ექსპერტიზა საჭიროების შემთხვევაში და საფუძვლიანად გამოიკვლიოს და შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავდა სზაკ-ის 102.1 მუხლის ამოქმედებას.
მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: 1. უძრავი ქონება ს.კ. ... რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე მხოლოდ 2017 წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი მოსარჩელე ცხოვრობს მის მიერ 2000 წელს აშენებულ სახლში; 2. არქივის მონაცემებით, აღნიშნული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა) შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება; 3. მიწის ნაკვეთი არ ექცევა არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სათვის“ გამოყოფილ მიწის საზღვრებში; 4. საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით, რომ უძრავი ნივთი, ს.კ. ..., ფართი - 548,00 კვ.მ არ არის ზედდებაში უფლებარეგისტრირებულ სხვა უძრავ ნივთთან; 5. არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სათვის“ წერილობითი თანხმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. პ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2066 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ იყო საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის (..., №... ...ს კუთვნილი ტერიტორიიდან, ...ს ქუჩის ბოლოში) საზღვრებში, იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 07 თებერვლის №... წერილით დასტურდებოდა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ..., ფართით 548.00 კვ.მ, არ იყო ზედდებაში უფლებარეგისტრირებულ სხვა უძრავ ნივთთან. აგრეთვე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების საკითხი, რადგანაც, მართალია, ერთი მხრივ, სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულ იქნა სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 2017 წლის 06 მარტის უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/1-504 ბრძანების საფუძველზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ა. ტ-ეის, გ. ვ-ეის და ნ. ჯ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ლ. პ-ე და ა. ც-ე 2000 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობენ და სარგებლობენ 555 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ და თანხმობა განაცხადეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზაცია/საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აგრეთვე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 04 მაისის სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა მ. ი-იმა და მ. დ-ემ განმარტეს და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სწორედ ა. ც-ემ ააშენა სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი და 2000 წლიდან ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 1994 წლის 22 ნოემბრის №171 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაზე, რომლითაც დგინდება, რომ მცირე საწარმო „მ...ს“ (ქ. თბილისი, ...ს ქ. №...) გადაეცა საკუთრებაში №... ... საავადმყოფოზე რიცხული პათანატომიური სამსახურისთვის გათვალისწინებული დაკონსერვებული მშენებარე ერთსართულიანი (პროექტით - ორსართულიანი) ნაგებობა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ქ. თბილისში, ...ის რ-ში, ...ს ქუჩა №..., ...ის (ყოფილი ... №... ...) ეზოს ტერიტორიიდან ფირმა „მ...ის“ პრივატიზებული ობიექტის მიერ დაკავებული 6200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის გეგმა. ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით კი, მცირე საწარმო „მ...ი“ ლიკვიდირებულად იქნა ცნობილი. ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მშენებარე ერთსართულიანი (პროექტით - ორსართულიანი) ნაგებობა მცირე საწარმო „მ...ის“ დამფუძნებლის რ. კ-ას და დამფუძნებლების მემკვიდრეების ი. ხ-ეის და ლ. ლ-ას საერთო წილობრივ საკუთრებად იქნა ცნობილი. პალატის შეფასებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მოცემულ გარემოებათა გამოკვლევა და შეფასება არ მომხდარა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 23 სექტემბერს №45 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი №68) საფუძველზე 2021 წლის 26 ოქტომბერს გამოცემული №1275 განკარგულებით, ა. ც-ესა და და ლ. პ-ეს უარი ეთქვათ ქ.თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 555.00 კვ.მ ფართის საკუთრების უფლებით აღიარებაზე, რომელიც რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე საკადასტრო კოდით ...; საქმეში წარმოდგენილი იყო ქალაქ თბილისის მთავრობის 1999 წლის 20 აპრილის №02.14.34 დადგენილება და ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის გეგმა, რომლითაც დადგინდა, რომ განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სთვის“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის (..., №... ...ს კუთვნილი ტერიტორიიდან, ...ს ქუჩის ბოლოში) საზღვრებში. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რაც წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2021 წლის 23 სექტემბრის №43 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2021 წლის 26 ოქტომბერს გამოცემული №1275 განკარგულება). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისთვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება, დაინტერესებული მხარის მიერ ამგვარი მტკიცებულებების წარდგენა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი არ მომხდარა. შესაბამისად, აღიარების კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ა. ც-ეის განცხადების განუხილველად/მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, არცერთ სასამართლოს არ უმსჯელია 102-მუხლის გამოყენების საფუძვლიანობაზე და განკარგულების კანონიერებაზე აღნიშნული მუხლის გამოყენების ჭრილში, არამედ ორივე შევიდა დადგენილი და უდავო გარემოებების კვლევაში, თუმცა ამის მიუხედავად, აღიარების კომისია მაინც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული შესაბამისი განკარგულება აღიარების თაობაზე უარის თქმის შესახებ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი ისე, რომ არ ყოფილა გაანალიზებული დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-311-307(2კ-14)) დაფიქსირებული განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოყენებული მუხლის შინაარსთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ ა. ც-ეისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ კომისიის მიერ საკითხი ერთხელ უკვე იყო განხილული და წარდგენილი განცხადებით არ დასტურდებოდა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლილი გარემოების არსებობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 26 ოქტომბრის №1275 განკარგულებით ა. ც-ესა და ლ. პ-ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე (თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორია, საერთო ფართობი - 555.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე (ს/კ ...) და, აგრეთვე, ექცეოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პ...სთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის (..., №... ...ს კუთვნილი ტერიტორიიდან, ...ს ქუჩის ბოლოში) საზღვრებში. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მოქმედი კანონმდებლობით არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.
აღნიშნულის შემდგომ, კომისიისთვის განმეორებით მიმართვისას, ა. ც-ემ განცხადებას დაურთო ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, განცხადებას თან ერთოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 07 თებერვლის №... წერილი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ..., ფართით 548.00 კვ.მ, არ იყო ზედდებაში უფლებარეგისტრირებულ სხვა უძრავ ნივთთან. აგრეთვე, წარდგენილი იყო ა(ა)იპ „პ...“-ს 2022 წლის 14 აპრილის ცნობა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „პ...“ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია ..., მდებარეობდა ა(ა)იპ ორგანიზაციის „პ...ს“ (ს/კ ...) საზღვრებს გარეთ და არ ზედდებაში გადაფარვა, ხოლო აზომვითი ნახაზები, რომელიც ხელახლა შედგა ამზომველების მიერ 2020 წლის ნოემბერში, შეესაბამებოდა რეალობას. ამავე ცნობით, მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია არ გააჩნდათ და თანახმა იყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ეცხოვრა ა. ც-ეის ოჯახს.
მიუხედავად ახალი მტკიცებულებების წარდგენისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2066 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ 2021 წლის 26 ოქტომბერს გამოცემული №1275 განკარგულებით კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას, რამდენადაც დამატებით წარდგენილი დოკუმენტები საჭიროებდა შინაარსობრივ განხილვას და უკვე არსებულ მასალებთან შეჯერების შემდეგ შეფასებას ა. ც-ეის მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის შესახებ. ამდენად, კომისია ა. ც-ეის განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან აღიარების კომისიის 2022 წლის 26 აგვისტოს №2066 განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნიდა მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა