საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-989(კ-25) 4 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ც-ა
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ც-ამ 2024 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 13 დეკემბრის №01/335194/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ. ც-ას მონაცემებით 1997 წლის 26 დეკემბრის გალის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.
სარჩელის მიხედვით, მ. ც-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩის №...-ში. დევნილობის დროს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა დაბადების მოწმობა და განმეორებითი მოწმობის აღების მიზნით, მოსარჩელის მამამ მიმართა ზუგდიდის მმაჩის განყოფილებას, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აფხაზეთში წარმოებული საომარი მოქმედების გამო, ბაზაში არ იძებნებოდა მ. ც-ას დაბადების სააქტო ჩანაწერი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაბადების მოწმობის მისაღებად აუცილებელი გახდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა დაბადების რეგისტრაციის შესახებ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამის - ჯ. ც-ას მიერ წარდგენილი განცხადება და დადგინდა ფაქტი, სადაც არასწორად მიეთითა მოსარჩელის დაბადების წელი - ..., ნაცვლად ... წლისა, ასევე დედის გვარი ც-ას ნაცვლად მიეთითა ქორწინებამდელი გვარი - ჩ-ა.
მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში მისი დაბადების თარიღი მითითებული იყო ... წლის ..., ასევე განცხადებას ერთოდა ქ. ქუთაისის ...ის დასრულების შესახებ ატესტატის ასლი, სადაც მისი დაბადების თარიღი სწორად იყო მითითებული, ამასთან დედის გვარის არასწორად მითითების ფაქტს ადასტურებდა საქმეზე წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა და მოსარჩელის დების - მა. ც-ას და ჯი. ც-ას დაბადების მოწმობების ასლები. ის გარემოება, რომ მ. ც-ას სინამდვილეში დაბადებულია ... წლის ...ს, დასტურდებოდა შემდეგი გარემოებებით: კერძოდ, 1980 წელს შევიდა გალის რაიონის სოფელ ...ს საშუალო სკოლაში, სადაც დაამთავრა 8 კლასი, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ქუთაისის ...ში, რომელიც დაამთავრა 1991 წელს, რაც დასტურდება 22.10.2024 წელს გაცემული ცნობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 13 დეკემბრის №01/335194/გ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემა მ. ც-ას მონაცემებით 1997 წლის 26 დეკემბრის გალის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მ. ც-ას №... დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული ბავშვის დაბადების თარიღი არ ასახავდა ნამდვილ მონაცემს და ვერ მიიჩნეოდა მოსარჩელის დაბადების თარიღად, რადგან 1991 წლის 20 თებერვალს გაცემული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ასლის მიხედვით, მ. ც-ას დაბადების თარიღია - ... წლის ..., დაბადების ადგილი - სოფელი ..., გალის რაიონი, შესაბამისად სასამართლოს ვარაუდით, მ. ც-ას მიმართ არსებობდა კიდევ სხვა სააქტო ჩანაწერი, რომლის საფუძველზე გაიცა ზემოაღნიშნული პასპორტი, რომელშიც სწორად იქნა მითითებული მოსარჩელის დაბადების წელი. აქვე პალატამ ყურადღება გაამახვილა ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პასპორტის გაცემულია 1991 წელს, შესაბამისად, ... წელს დაბადებული მ. ც-ა 1991 წელს, პასპორტის გაცემის დროისთვის, იქნებოდა 18 წლის.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დასტურდება, რომ მ. ც-ა ...ს საშუალო სკოლაში შევიდა 1980 წელს, ისწავლა 8 წელი და შემდეგ გადავიდა სსიპ ...ის ქალაქ ქუთაისის №... ...ის სკოლაში, სადაც დაასრულა 11 კლასი 1991 წელს და მასზე გაიცა ატესტატი №097999. სადავო დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემების გაზიარების შემთხვევაში, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია - ... წელი, სკოლაში შესვლის დროისთვის მ. ც-ა ერთი წლის იქნებოდა, სკოლას კი 12 წლის ასაკში დაამთავრებდა, იმავდროულად, სწავლას გააგრძელებდა უმაღლეს სასწავლებელში, რაც სასამართლომ ალოგიკურად მიიჩნია.
გარდა ამისა, ზუგდიდის სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №10/1664) დამოწმებული ასლის თანახმად, (რის საფუძველზეც მომზადდა დაბადების №... აქტის ჩანაწერი) დადგინდა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: ც-ა მ. ჯ.-ს ძე დაიბადა ... წლის ...ს გალის რაიონის სოფელ ...ში. მშობლები არიან: დედა - ნ. ვ.-ს ასული ჩ-ა, მამა - ჯ. ვ.-ს ძე ც-ა. ამ დოკუმენტის დედანი (საიდანაც სავარაუდოდ ამონაწერი უნდა გაკეთებულიყო) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში დაცული არ არის. აღნიშნულ პირზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საქმეთა 1997 წლის მონაცემებით სამოქალაქო საქმე არ იძებნება. საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ მ. ც-ას მამამ - ჯ. ვ.-ს ძე ც-ამ განცხადებით მოითხოვა მ. ც-ას დაბადების თარიღად ... წლის მითითება. ამდენად, პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაასკვნა, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი და არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სადავო განჩინება უკანონოა, სასამართლოს მიერ განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა აცდენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ წესრიგს და უნდა გაუქმდეს, რადგან მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა მ. ც-ას დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი და სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, საქმის წარმოებისას მოძიებულ იქნა გალის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ 1997 წლის 26 დეკემბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... აღდგენილი ჩანაწერი შემდეგი მონაცემებით: მ. ც-ა, დაბადებული ... წლის ...ს გალის რაიონის სოფელ ...ში. მამის გრაფაში მითითებულია - ჯ. ვ.-ს ძე ც-ა, დედის გრაფაში - ნ. ვ.-ს ასული ჩ-ა. დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის (აღდგენის) საფუძვლად მითითებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის №10/1664-97 გადაწყვეტილება, რაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესასრულებლად სავალდებულოა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ფიქსირდება იგივე მონაცემები, რაც დაფიქსირებულია დაბადების აქტის ჩანაწერში. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივის 2024 წლის 11 ნოემბრის №07-9775 წერილის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1997 წლის №10/1664-97 საქმე საერთო სასამართლოების არქივში არ ინახება.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კანონის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, მ. ც-ას მონაცემებით დაბადების აქტის სხვა ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, სახეზე არ არის ერთი პირის მიმართ დაბადების აქტის მრავალჯერადი რეგისტრაციის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მ. ც-ას მიმართ გალის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ 1997 წლის 26 დეკემბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ამასთან სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ კანონით გათვალისწინებული რომელი ნორმა დაარღვია სააგენტომ მოცემული გადაწყვეტილების მომზადების დროს.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მ. ც-ამ ნათლად დააფიქსირა მისი რეალური ინტერესი, კერძოდ, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, რადგან არ ეთანხმებოდა დაბადების თარიღის - წელის ნაწილში არსებულ ჩანაწერს. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; სააგენტომ განახორციელა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და მიუთითა ის სარეგისტრაციო მონაცემები, რაც თავის დროზე დადგინდა ზუგდიდის რაიონის სასამართლომ 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №10/1664). შესაბამისად, სააგენტოსათვის ბუნდოვანია, თუ რა გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ც-ა არ ეთანხმებოდა დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღს და არ მთლიანად აქტის სხვა სარეგისტრაციო მონაცემების სისწორეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელია სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. ც-ას მიმართ შედგენილია დაბადების სააქტო ჩანაწერი იურიდიული ფაქტის დადგენის შესაბამისად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ, ზუგდიდის სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №10/1664) თანახმად, განმცხადებლის მ. ჯ.-ს ძე ც-ას (მოსარჩელის მამის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადგინდა დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: ც-ა მ. ჯ.-ს ძე დაიბადა ... წლის ...ს გალის რაიონის სოფელ ...ში. მშობლები არიან: დედა - ნ. ვ.-ს ასული ჩ-ა, მამა - ჯ. ვ.-ს ძე ც-ა.
საქმეზე წარმოდგენილი 1991 წლის 20 თებერვალს გაცემული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ასლის თანახმად, მ. ც-ას დაბადების თარიღია - ... წლის ..., დაბადების ადგილი - სოფელი ..., გალის რაიონი. გარდა ამისა საქმის მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებით, სსიპ ...ის ქალაქ ქუთაისის №... ...ის საჯარო სკოლის მიერ 2024 წლის 24 ოქტომბერს გაცემული MES 8 24 0001376659 ცნობითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია მოსარჩელის დაბადების თარიღად - ... წლის მიჩნევის საფუძვლიანობა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის საფუძველზე ირკვევა, რომ მ. ც-ას მიმართ არსებობდა ორი დაბადების სააქტო ჩანაწერი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მ. ც-ას №... დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული ბავშვის დაბადების თარიღი არ ასახავს ნამდვილ მონაცემს და ვერ მიიჩნევა მოსარჩელის დაბადების თარიღად, რის შესახებაც ამომწურავად იმსჯელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. ამდენად, დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია, ასევე ბათილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 13 დეკემბრის №01/335194/გ გადაწყვეტილებაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. შესაბამისად, მ. ც-ას მოთხოვნა - დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ც-ას მონაცემებით 1997 წლის 26 დეკემბრის გალის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ რეგისტრირებული №... დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ - საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. დ-ის მის საკასაციო საჩივარზე საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 12.08.2025წ. №17405 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა