Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-306(კ-25) 20 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. დ-ე; მოპასუხე - თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 17 ივლისის №02/343 ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ“, ვ. დ-ის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14ბ-ს მიმდებარედ, 680.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №გ-22.1422179001 განკარგულება „ვ. დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“ და დაევალოს კომისიას, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. დ-ის №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №გ-22.1422179001 განკარგულება „ვ. დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ კომისიას დაევალა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. დ-ეზე ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14ბ-ს მიმდებარედ არსებული 680.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ. ვ. დ-ის სარჩელი, დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელმა კომისიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №გ-22.1422179001 განკარგულება „ვ. დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. დ-ეზე ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14ბ-ს მიმდებარედ არსებული 680.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ. დანარჩენ ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელმა კომისიამ.

კასატორის მითითებით, ვ. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14ბ-ს მიმდებარედ 680 კვ.მ ფართი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა კომისიას შუამდგომლობით და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცნობის გაცემის საკითხის გადაწყვეტა. კომისიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 დეკემბრის №... წერილობითი შუამდგომლობით წარდგენილი დოკუმენტაციის, ადგილზე დათვალიერების ოქმისა და საჯარო რეესტრის მონაცემების სათანადოდ შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2012 წლიდან არის მუნიციპალური საკუთრება და ის ვერ ჩაითვლება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთად. ამ მხრივ მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების მიხედვით, მოთხოვნილი 680,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ფიქსირებულ საზღვრებში, გაშენებულია ერთწლოვანი კულტურა, თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, განსახილველ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ს/კ ...) ჯერ კიდევ 2013 წლიდან და შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლებოდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთად.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, არ გაიზიარა გასაჩივრებულ აქტში კომისიის მიერ მითითებული არგუმენტი და მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყო შეფასებული საქმეში არსებული შემდეგი გარემოებები: 1. 2009 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იყო მიჩნეული, რომ ვ. დ-ე 1996 წლიდან ფლობდა მითითებულ მიწის ნაკვეთს. ამ მხრივ სასამართლომ ჩათვალა, რომ კომისიამ არ შეაფასა მოსარჩელის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის მიმართ; 2. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან ადრე მოქმედი კანონმდებლობით მიწის ნაკვეთები არ იყო გამიჯნული მუნიციპალურ, ავტონომიის საკუთრებად, შესაბამისად, ყველა მიწის ნაკვეთი ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთად და 2013 წლიდან მისი მუნიციპალურ საკუთრებაში აღრიცხვა ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, მუნიციპალურ ქონებას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის განკარგვის წესიც მითითებულია ამავე კოდექსის 105-ე, 109-ე, 111-ე, 118-ე მუხლებში. აღნიშნული მუხლებით მუნიციპალური ქონების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლების ან მართვის უფლების გადაცემის გზით და მუნიციპალიტეტი (109) ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას არის დამოუკიდებელი. ამასთან, მუნიციპალიტეტი ვალდებულია ქონებრივი უფლებების განხორციელებისას დაიცვას მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. თვითმმართველობის კოდექსი, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმატიული აქტი, განმარტავს, რომ მუნიციპალური ქონების შექმნის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მასზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა. მისი განკარგვა კი, შესაძლებელია მხოლოდ პრივატიზების გზით, რაც მოიცავს საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმას. შესაბამისად, აღნიშნული კანონმდებლობის საფუძველზე, კომისიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია, ვინაიდან მოთხოვნილი ქონება არის მუნიციპალური საკუთრება და მისი განკარგვაც დასაშვებია მხოლოდ თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული წესით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა.

კასატორის განმარტებით, კომისია ხელმძღვანელობს კანონით, სადაც დეტალურად არის გაწერილი მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ ან საოჯახო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცნობის გაცემის რეგულირების საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საკარმიდამოდ ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად ცნობის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბრამდე) განმცხადებლის მხრიდან ფლობის ფაქტს, ასევე, დაადგენს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის საკითხს ცნობის მომზადების თარიღისთვის. განსახილველ შემთხვევაში, დათვალიერების აქტით დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული ფაქტობრივი გარემოება. დაუსაბუთებელია სასამართლოს იმ მოსაზრება, რომ უპირობოდ უნდა იყოს გაზიარებული 2009 წლის სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივ გარემოება ვ. დ-ის მხრიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი თაობაზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი ეხება პროცესში მონაწილე მხოლოდ იმავე მხარეებს, რომელთაც არ შეუძლიათ, სადავო გახადონ სხვა საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მოცემულ შემთხვევაში კი, 2009 წელს განხილულ საქმეში სხვა მხარეები მონაწილეობდნენ.

კასატორის განმარტებით, ინსტრუქციის მოთხოვნა არის საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ ცნობის გაცემამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის მხრიდან ინფორმაციის გადამოწმება, კერძოდ, ხომ არ არის დაინტერესებულ პირზე ან მის კომლზე სხვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უკვე გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: ა) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ ცნობა; ბ) მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არაერთხელ ჰქონდა რეგისტრირებული აღნიშნული საფუძვლებით, სხვადასხვა მიწის ნაკვეთები საკუთრებაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელმა კომისიამ. ამდენად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხოლოდ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივრის წარმოდგენის პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. დ-ის სარჩელი, კერძოდ, 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც რ. ვ-ეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2094 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდაოდ დადასტურდა, რომ ვ. დ-ე 1996 წლიდან სარგებლობდა და ამჟამადაც სარგებლობს სადაო 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით (ს.ფ. 25-29); ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 17 ივლისის №02/343 ბრძანების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე - 77813 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ... აღირიცხა სსიპ ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2012 წლის 26 ივლისი (ს.ფ. 72-75, 76); თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 11 აპრილის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 16 ოქტომბრის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის მიმართვების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულმა მიწის ნაკვეთმა განიცადა კორექტირება და 2024 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 71199 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... (ს.ფ. 187-188, 189, 36-37, 38, 78-79, 102-103, 80-81, 83-84, 85, 86, 87); გ) 2020 წლის 14 აგვისტოს ვ. დ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14გ-ს მიმდებარედ, 680 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ნახაზის ელ. ვერსია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სასამართლო გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 13-14, 25-29, 32-33); დ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.08.2020წ. №..., 24.08.2020წ. №..., 03.09.2020 წ. №..., 21.09.2020წ. №..., 07.10.2020წ. №... და 22.10.2020წ. №..., 02.11.2020წ. №..., 14.12.2020წ. №..., 22.03.2021წ. №... და 4.10.2021წ. №... გადაწყვეტილებებით, ვ. დ-ეს განემარტა, რომ სააგენტოში არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო ის ფაქტი, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, განაცხადზე გადაწყვეტილება მიიღებოდა სააგენტოს მიერ ხელვაჩაურის მერიიდან, არქივიდან, შემოსავლების სამსახურიდან და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების შემდგომ (ს.ფ. 13-24); ე) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №გ-22.1422179001 განკარგულებით, უარი ეთქვა ვ. დ-ეს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობით წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული, ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14ბ-ს მიმდებარედ არსებული 680.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე. №გ-22.1422179001 განკარგულების თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განსახილველი 680.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ფიქსირებულ საზღვრებში, გაშენებულია ერთწლოვანი კულტურა. თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, განსახილველ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ს/კ ...). შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ვერ ჩაითვლება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთად (ს.ფ. 30-31).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №გ-22.1422179001 განკარგულება „ვ. დ-ეზე მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“, ასევე მოთხოვნილია, დაევალოს კომისიას, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. დ-ის №... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციასა და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (პირველი მუხლი).

მითითებული კანონის 41 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ1) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი განიმარტება, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი, თუ 1992−2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა და მათში მიწაზე ქონებრივი მდგომარეობა მითითებული არ არის, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და მიწაზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მიერ კომლის წევრთა მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 14 აგვისტოს ვ. დ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქუჩა №14გ-ს მიმდებარედ, 680 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ნახაზის ელ. ვერსია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სასამართლო გადაწყვეტილების ასლი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მერიიდან, არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ასევე, 2020 წლის 14 დეკემბერს №... წერილით მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ცნობა მიწის ნაკვეთის ვ. დ-ეზე საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ. 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომისიამ უარი განაცხადა გაეცა ცნობა მიწის ნაკვეთის ვ. დ-ეზე საკარმიდამოდ გაცემის დადასტურების შესახებ.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, თუ რამდენად შეასრულა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ფუნქცია კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტიდან გამომდინარე. მითითებული საკითხის გასარკვევად უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა საფუძველი იმისა, რომ კომისიას დაედასტურებინა მიწის ნაკვეთის საკარმიდამო დანიშნულებით გაცემის ფაქტი და გაეცა ასეთზე შესაბამისი ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა მიწის ნაკვეთი განხილულ იქნეს საკარმიდამოდ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: 1) უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; 2) უნდა იყოს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კომისიას შუამდგომლობით მიმართა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ სააგენტოში არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული პირობის დადასტურება წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მის ინტერესში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების (აღრიცხოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში) სამართლებრივ საფუძველს. სწორედ ამ მიზნით სჭირდება მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან არსებული სპეციალური კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ცნობით) დადასტურება იმისა, რომ ნაკვეთი საკარმიდამო დანიშნულებით გაიცა. სადავო აქტის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განსახილველი 680.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ფიქსირებულ საზღვრებში, გაშენებულია ერთწლოვანი კულტურა. თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ს/კ ...). სწორედ ამ უკანასკნელი და ერთადერთი საფუძვლით ეთქვა უარი მოსარჩელეს დადასტურებული ყოფილიყო, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ამჟამად მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით (დოკუმენტის №5500-Iს). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი იყო მუნიციპალიტეტების მთელი რიგი უფლებამოსილებებით აღჭურვა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივების მიზნით. ამავდროულად, მითითებული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს აკისრებს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას (ადგილზე დათვალიერება, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა გამოკითხვა და ა.შ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დავებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობა განპირობებულია პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გადაწყვეტას. კანონით დადგენილი ვალდებულება მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, ასევე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ინფორმაციის გაცემა მოიცავს სრულყოფილი წარმოების ჩატარების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ამავდროულად, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის გადამოწმება, კონკრეტულ ფართზე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა თუ არა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემულ ტერიტორიას და რა ფაქტობრივი მდგომარეობაა ამჟამად სადავო ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოებების შესაფასებლად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, მოიძიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/მართლზომიერი მფლობელები, მოისმინოს მათი ჩვენებები, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია, განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, გაარკვიოს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები სტატუსი და სხვა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-1195(კ-23)).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ საგადასახადო სიით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დანიშნულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისიის მიერ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო ვ. დ-ისთვის მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გაცემის კანონიერების შემოწმებასთან, თუმცა კომისიას სრულყოფილი გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია. რაც შეეხება, კასატორის მითითებას, რომ განსახილველი 680.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (ს/კ ...), აღნიშნული არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სათანადო პირობების შემთხვევაში კომისიას გაეცა ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო დანიშნულებით (შედ. იხ. უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის №ბს-1098 (2კ-24) განჩინება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს კომისიის მხრიდან დამატებით ფაქტობრივი გარემოებების მოძიებასა და შესწავლას, რის გამოც მართებულია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა