Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-158(კ-24) 20 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი – ქმედებების უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 5 ნოემბერს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - კერძო აღმასრულებელ დ. ე-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სს “...ასა” და შპს “...ს” შორის არსებული ვალდებულების ფარგლებში არბიტრაჟის 1.08.2019წ. დადგენილებით ყადაღა დაედო შპს “...ს” კუთვნილ აქტივებს, კერძოდ: ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად არსებულ გირავნობის საგანს - მსესხებლის საკუთრებაში არსებულ და მომავალში შეძენილ მატერიალურ-სასაქონლო მარაგს, ყველა კომერციულ ბანკში არსებულ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2.08.2019წ. განჩინებით სს “...ას” წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე 2.08.2019წ. ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულების მიზნით 2.08.2019წ. კერძო აღმასრულებელ დ. ე-თან გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. მოპასუხეს ხაზგასმით განემარტა, რომ ბანკის ინტერესი მდგომარეობდა ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საწვავის მარაგის დაყადაღება/დალუქვაში. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ კერძო აღმასრულებელს გადაუხდა 16 600 ლარი (თითოეული ბენზინგასამართი სადგურის მიხედვით გადასახდელი იყო - 500 ლარი, ...ს საიტის მიხედვით 33 სადგურია, შესაბამისად 33*500=16 500; საბანკო დაწესებულებაში ყადაღის წარდგენა - 100). მოპასუხე შემოიფარგლა მოვალის საბანკო ანგარიშებსა და სასაქონლო-მატერიალურ მარაგზე ზოგადად ყადაღის დადებით და არ განახორციელა კრედიტორისთვის უმთავრესი - ბენზინგასამართ საგურებზე არსებული საწვავის დალუქვა. მოპასუხემ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა მომსახურების ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა კანონსაწინააღმდეგოდ ცნობა: 1. კერძო აღმასრულებელ დ. ე-ის ქმედების, რომელიც გამოიხატა შპს „...ს“ თითოეულ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული საწვავის ოდენობის გადამოწმებასა და საწვავის დალუქვაზე უარის თქმაში; 2. აღმასრულებლის შემდეგი მოქმედებების: ა) 06.08.2019 წლის №A19133800-009/002; ბ) 07.08.2019 წლის №A19133800-010/001; გ) 08.08.2019 წლის №A19133800-010/002; დ) 02.09.2019 წლის №A19133800-009/005; ე) 02.09.2019 წლის №A19133800-009/006; ვ) 02.09.2019 წლის ცნობა საქმეზე №A1913380. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა დ. ე-ისთვის სს „...ას“ სასარგებლოდ მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მომსახურების საფასურის სახით მიღებული 16 600 ლარიდან 16 500 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს “...ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით სს “...ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა. მითითებული კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

ზემოთმოხმობილი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს საქმის განმხილველი მოსამართლეების/მოსამართლის ხელმოწერა. სასამართლო გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე არსებული მოსამართლის ხელმოწერა წარმოადგენს საჯარო სამართლის აქტის ლეგიტიმაციისა და სამართლებრივი ძალის მინიჭების იმპერატიულ ელემენტს, რომლის არარსებობის პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დოკუმენტის ნამდვილობა და ავთენტურობა.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე არ გადაწყვეტილება არ არის დადგენილი (სუსგ Nბს-53-52(კ-06), 22.05.2006წ).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია სასამართლო სხდომის ოქმის შედგენის სავალდებულობა (სსსკ-ის 287-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი წარმოადგენს ოფიციალურ საპროცესო დოკუმენტს, რომელშიც თანმიმდევრულად ასახულია სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მხარეთა მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო სხდომის ოქმზე ხელმომწერი პირები, კერძოდ სხდომის მდივანი, ხოლო სხდომაზე მიღებული განჩინების გამოცხადების შემთხვევაში - სხდომის მდივანი და საქმის განმხილველი მოსამართლე ან კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შემთხვევაში - სხდომის თავმჯდომარე. საქმეში მოსამართლის მიერ ხელმოუწერელი სხდომის ოქმის არსებობა წარმოადგენს იმ სახის პროცედურულ დარღვევას, რაც თავისი შინაარსით ტოლფასია იმ შემთხვევასთან, როცა საქმეზე თანდართული არაა სასამართლო სხდომის ოქმი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლო განჩინების სტრუქტურას, რაც გამოიხატება განჩინების შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ჩამოყალიბებაში. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცვადეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და უცვლელად დატოვების მოკლე დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის განჩინების დასაბუთებულობა არსებითი ელემენტია მისი სამართლებრივი გამართულობის რევიზიის კუთხით, რამეთუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით აღქმადი ხდება ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და შეფასება. ბუნდოვანია სასამართლოს პოზიცია თუ დაცული არ არის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული კოდექსის 394-ე მუხლის "ე", "ე1", "ვ" და "თ" ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ("ე" ქვეპუნქტი); გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია ("ე1" ქვეპუნქტი); გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი ("ვ" ქვეპუნქტი), საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი ("თ" ქვეპუნქტი). მითითებული მუხლში ჩამოთვლილ შემთხვევებში, საპროცესო დარღვევებიდან გამომდინარე, კანონმდებელი უცილობელ შედეგად ასახელებს გადაწყვეტილების გაუქმებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველ საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ერთპიროვნულად იხილავდა მოსამართლე - ირინა ზარქუა. საქმეში დაცულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის სხდომის ოქმს, რომელშიც გამოცხადდა სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ხელს არ აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე - ირინა ზარქუა. საქმეში არ დევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმპერატიულად დადგენილია რა განჩინების გამოტანის შემთხვევაში სასამართლო სხდომის ოქმზე მოსამართლის ხელმოწერისა და სასამართლო განჩინების დასაბუთების სავალდებულობა, გასაჩივრებული განჩინება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესებს და სახეზეა მისი გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“, ,,ე1“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "...ას" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა