საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-907(2კ-25) 25 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ას (მოსარჩელე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 19 თებერვალს ა. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 29 დეკემბრის №MOD 8 23 00004915 ბრძანების ბათილად ცნობა; ა. კ-ას სამსახურში, თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო უზრუნველყოფის ოცეულის, ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენა; ასევე, ა. კ-ასთვის განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების მომენტიდან 2023 წლის 29 დეკემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელფასის ხელზე მისაღები თანხის 1 650.32 ლარის ოდენობით (ყოველთვიური დანამატის და ყოველთვიური კომპენსაციის გათვალისწინებით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, ა. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 29 დეკემბრის №MOD 8 23 00004915 ბრძანება ა. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით; ა. კ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების პირველ, მე-2, მე-10, მე-12 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე დისციპლინური საქმე აწარმოა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც სახეზეა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან იმგვარი ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას, რაც გამოიხატება საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში, სამხედრო მოსამსახურის მიმართ კონკრეტული დისციპლინური წარმოების ფარგლებში ხდება შესატყვისი სახდელის დაკისრება. მოცემულ შემთხვევაში, საკვალიფაკიციო ფიზიკურ ნორმატივში უარყოფითი შედეგის მიღებისთვის და სამუშაო საათებში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კუთვნილი მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის ა. კ-ას მიმართ გამოყენებული იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელები: საყვედური და ხელფასიდან ერთი წლის ვადით 10%-ის დაქვითვა. ამდენად, მოსარჩელეს შესაბამისი გადაცდომისთვის დისციპლინური სახდელი დაედო, რაც სადავო არ გამხდარა და იურიდიული ძალის მქონე აქტებია. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ბრძანების მიღება განაპირობა სწორედ დასრულებულმა დისციპლინურმა წარმოებებმა და მისგან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ სამხედრო მოსამსახურემ დაარღვია კონტრაქტით ნაკისრი პირობები.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ა. კ-ასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2022 წლის 14 ოქტომბერს, 4 წლის ვადით დადებული კონტრაქტის მე-6, მე-9 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება ეყრდნობა კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.3 პუნქტს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად მიიჩნევს სადავო ბრძანების მიღებამდე არსებულ გადაცდომებს, რომელთან დაკავშირებითაც საყუადღებოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე უკვე სახდელდადებულია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია, რაც მოსარჩელესთან მიმართებაში, პალატის შეფასებით შესრულებული იქნა თითეული გადაცდომისთვის კონკრეტული წარმოებისას სახდელის შეფარდებით. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრების შემდგომ, იმავე ფაქტებიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა არ არის შესატყვისი კონსტიტუციით გარანტირებულ შრომით უფლებებთან, ვინაიდან, დარღვევის დამოუკიდებელი ფაქტის არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სამხედრო მოსამსახურემ დაარღვია კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები. წინარე დარღვევის ფაქტები შეიძლება ამყარებდეს ახალი გადაცდომის პირობებში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ა. კ-ას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენაც უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, თუ რა მოსაზრებიდან გამომდინარე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ კონტრაქტის პირობების დარღვევად ფაქტები, რომელთა მიმართებაშიც დასრულებულია დისციპლინური წარმოებები და სახეზე არ იყო ახალი დარღვევა, რომლის შეფასების პირობებში უნდა გამახვილებულიყო ყურადღება სამხედრო მოსამსახურის წინარე ქმედებებზე. აღნიშნული კი მოპასუხე მხარის მხრიდან სათანადო შეფასებას მოითხოვს, რომელიც უნდა განახორციელოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ.
კასატორი - ა. კ-ა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, მე-4, 24-ე მუხლებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო ახალი დარღვევა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი არ იყო დასაბუთებული. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის N122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ საჯარისო წესდებით დადგენილი ვალდებულების ორჯერ დარღვევა უკვე საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისთვის, რომ შეწყდეს კონტრაქტი და სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდეს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 14 ოქტომბერს ა. კ-ასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაქტი კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში ემსახურა 4 წლის ვადით. ამავე კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის 9.1.3 ქვეპუნქტი კი ითვალისწინებდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატიურად ან ბრალეულად არღვევდა მის მიერ კონტრაქტით ნაკისრ ან შესაბამისი საჯარისო წესდებებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატიურ დარღვევად ჩაითვლებოდა მეორედ ან მეტჯერ დარღვევა.
დადგენილია, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს ა. კ-ას მიმართ შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დისციპლინური ოქმი, რომლის თანახმად, ...მა ა. კ-ამ 2023 წლის 14 ნოემბერს საკვალიფიკაციო ფიზიკურ ნორმატივში, კერძოდ, წოლბჯენიდან აზიდვის ნორმატივში მიიღო შეფასება 30 ქულა, რითაც ვერ შეასრულა საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივი. აღნიშნულის საფუძველზე კი, დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2023 წლის 20 ნოემბრის MOD 6 23 00000511 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...ს, ... ა. კ-ას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა ,,საყვედური“.
2023 წლის 18 დეკემბერს ა. კ-ას მიმართ ასევე შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დისციპლინური ოქმი, რომლის თანახმად, ...მა ა. კ-ამ 2023 წლის 12 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების გადაბარებაში და წოლბჯენიდან აზიდვის ნორმატივში მიიღო შეფასება 30 ქულა, რითაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების გადაბარებისას მიიღო უარყოფითი შედეგი. აღნიშნულის საფუძველზე კი, დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2023 წლის 18 დეკემბრის MOD 0 23 00000551 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...ს, ... ა. კ-ას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა ერთი წლის ვადით“.
ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 18 დეკემბერს ა. კ-ას მიმართ შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დისციპლინური ოქმი, რომლის თანახმად, ...ი ა. კ-ა 2023 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, 34-ე საარტილერიო ბატალიონის შენობაში შინაგანაწესით განსაზღვრულ სამუშაო საათებში სარგებლობდა კუთვნილი მობილური ტელეფონით, რითაც არ შესრულა „საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა მიერ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 თებერვლის №115 ბრძანება. აღნიშნულის საფუძველზე კი, დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2023 წლის 18 დეკემბრის MOD 0 23 00000554 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...ს, ... ა. კ-ას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა „ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა სამი თვის ვადით“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 21 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა MOD 5 23 01530007 წერილით მიმართა სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.3 პუნქტის (თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატიურად ან ბრალეულად არღვევს მის მიერ კონტრაქტით ნაკისრ ან შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატიურ დარღვევად ჩაითვლება მეორედ ან მეტჯერ დარღვევა), თავდაცვის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...ის ... ა. კ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
დადგენილია, რომ თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 29 დეკემბრის №MOD 8 23 00004915 ბრძანებით, თავდაცვის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ის ...ი ...ი ა. კ-ა 2024 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სამხედრო სამსახურიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 29 დეკემბრის №MOD 8 23 00004915 ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნებს წარმოადგენს ა. კ-ას სამსახურში, თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო უზრუნველყოფის ოცეულის, ...ის ...ის პოზიციაზე აღდგენა; ასევე, ა. კ-ასთვის განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების მომენტიდან 2023 წლის 29 დეკემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელფასის ხელზე მისაღები თანხის 1 650.32 ლარის ოდენობით (ყოველთვიური დანამატის და ყოველთვიური კომპენსაციის გათვალისწინებით).
საკასაციო პალატა მიუთითებს თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტის პირობების დარღვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის“ მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის 9.1.3 ქვეპუნქტის მიხედვით კი, კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატიურად ან ბრალეულად არღვევს მის მიერ კონტრაქტით ნაკისრ ან შესაბამისი საჯარისო წესდებებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატიურ დარღვევად ჩაითვლება მეორედ ან მეტჯერ დარღვევა.
საქმის მასალების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისა და ა. კ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჩადენილი ჰქონდა სამი დისციპლინური გადაცდომა, რაც მიჩნეულ იქნა სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტით ნაკისრი/წესდებით დადგენილი ვალდებულებების სისტემატიურ დარღვევად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაზე“, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს (პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). მითითებული წესდების მე-2 მუხლის ,,ო“ პუნქტის თანახმად, სამხედრო დისციპლინა არის სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამხედრო წესდებების მოთხოვნებისა და ეთიკის ნორმების დაცვა. ამავე მუხლის ,,თ“ პუნქტის შესაბამისად კი, დისციპლინური გადაცდომა განმარტებულია, როგორც სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს სამხედრო დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს დადგენილება ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, ზემოაღნიშნული წესდების მე-10 მუხლი ადგენს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია სამხედრო დისციპლინის დაცვა, ხელყოფილი ინტერესისა და სიკეთის აღდგენა და ახალი გადაცდომის თავიდან აცილება, ხოლო მე-12 მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს წარმოადგენს: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა; დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა და მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა თავისი არსით ემყარება არა მხოლოდ სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზანს, არამედ სამართლებრივი განსაზღვრულობისა და ნდობის ფუნდამენტურ პრინციპებს. დისციპლინური სახდელის გამოყენება კონკრეტულ ფაქტზე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო პოზიციას ამ დარღვევასთან დაკავშირებით. მას აქვს დასრულებული სამართლებრივი რეაგირების შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციის დაკისრების შემდეგ, შესაბამისი ორგანო ვერ გამოიყენებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს ხელახლა, განსხვავებული, გაცილებით მძიმე რეაგირების საფუძვლად, თუ კანონით მკაფიოდ არ არის გათვალისწინებული დამატებითი სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ა. კ-ას თითოეული დარღვევის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაწესდა საყვედური, ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა სამი თვის ვადით და ხელფასიდან 10%-ის დაქვითვა ერთი წლის ვადით. აღნიშნული ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უკვე მისცა სამართლებრივი შეფასება თითოეული დარღვევის ბუნებასა და სიმძიმეს, და შესაბამისი სანქციით დაასრულა კონკრეტული დისციპლინური წარმოებები. თავდაცვის სამინიტროს მიერ შემდგომში იმავე ფაქტობრივი გარემოებების „კონტრაქტის პირობების დარღვევად“ მიჩნევა და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენება არსებითად არღვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ბუნებას. მსგავსი მიდგომა გამოიწვევს ერთსა და იმავე ფაქტზე მრავალჯერადი დასჯის საფრთხეს და უარყოფითად აისახება სამართლებრივი უსაფრთხოების და ლეგიტიმური მოლოდინის პრინციპზე.
„სისტემატური დარღვევის“ ცნებას არ შეიძლება მიენიჭოს ისეთი მნიშვნელობა, რომ ნებისმიერი, წარსულში მომხდარი ქმედება, რომელზეც უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ავტომატურად იქნას გამოყენებული მომავალში გათავისუფლების კანონიერების დასასაბუთებლად. კონტრაქტის 9.1.3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სისტემატურობად ითვლება „მეორედ ან მეტჯერ“ დარღვევა, არ ნიშნავს წარსული ფაქტების ტექნიკურ დაჯამებას. სამართლებრივი ინტერპრეტაცია მოითხოვს, რომ წარსულ დარღვევებს უნდა ერთვოდეს ახალი, დამატებითი, მიმდინარე გადაცდომა, რომელთა კომბინაციაც ჩამოაყალიბებს სისტემატურობას. კონტრაქტის მითითებული პირობის (სისტემატური დარღვევის) მხოლოდ ამგვარი განმარტება ამართლებს ყველაზე მკაცრი სამართლებრივი შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ოდესმე ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, მუდმივად აღმოჩნდება ირაციონალურ მდგომარეობაში, რომ წლების შემდეგ, ახალი დარღვევის გარეშე, შესაძლოა ამ წარსულ ფაქტებზე დაყრდნობით გათავისუფლდეს სამსახურიდან. ეს კი ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი განსაზღვრულობის, ასევე სამართლიანი ადმინისტრირების პრინციპებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. (სუსგ Nბს-968(2კ-19), 10.02.2022წ.).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, კონტრაქტის პირობების დარღვევად ფაქტები, რომელთა მიმართებაშიც უკვე დასრულებულია დისციპლინური წარმოებები, ან ხომ არ არსებობდა სახეზე რაიმე ახალი დარღვევა, რომლის შეფასების პირობებშიც შეიძლებოდა ყურადღება გამახვილებულიყო სამხედრო მოსამსახურის წინა ქმედებებზე. აღნიშნული კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა ა. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 29 დეკემბრის №MOD 8 23 00004915 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. ამასთან, გასაჩივრებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მისი თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. კ-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე