Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-972(კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.1) - შპს „ი...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 30 აგვისტოს ს. მ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ს. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 5 აგვისტოს №1887 განკარგულების და მასში მითითებული 2022 წლის 11 ივლისის №44 ოქმის ბათილად ცნობა, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; აგრეთვე მოპასუხე - საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ს. მ-ეის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ (35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ხოლო მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - შპს „ი...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ს. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ეემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით ს. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №553 განკარგულებით, ს. მ-ეეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №1944 განკარგულებით, ს. მ-ეეს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 254.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო.

2020 წლის 24 დეკემბერს ს. მ-ეემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №... წერილობითი მიმართვით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 05 აგვისტოს №1887 განკარგულებით ს. მ-ეეს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 35.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელის მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს წარდგენილ განცხადებას ახალი მტკიცებულების სახით ერთვოდა მხოლოდ მ. თ-ას, კ. შ-ას, ლ. კ-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებდნენ ფაქტს იმის შესახებ, რომ ს. მ-ეის მფლობელობაში 2006 წლიდან იყო ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 35 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა. მსგავსი შინაარსის განცხადებები ასევე ერთვოდა მხარის მიერ მანამდე წარდგენილ განცხადებებსაც, რაც უკვე ჰქონდა განხილული მოპასუხეს.

სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2020 წლის 17 დეკემბრის №ბ61.01203525 ბრძანების საფუძველზე გამოაქვეყნა №... აუქციონი №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული 151 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე. ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „ი...მა“ (ს/ნ: ...). შესაბამისად, 2021 წლის 18 იანვარს მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ი...ს“ შორის გაფორმდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის №... ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ი...მა“ იკისრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულება. 2021 წლის 11 თებერვალს შპს „ი...ს“ სახელზე ასევე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ეემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საქმეზე წარდგენილი აქვს მოწმეების ჩვენებები. მხარეებიც სადავოდ არ ხდიან, რომ ნაგებობა 2007 წლამდეც იყო განთავსებული და მას ს. მ-ეის გარდა არავინ არ ფლობდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკას.

კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ განმცხადებელმა შესაძლებელია მრავალჯერ მიმართოს კომისიას უფლების აღიარების თაობაზე, თუ ყოველ ჯერზე მის მიმართ მიღებულ იქნება დაუსაბუთებელი უარი აქტის სახით, ეს არ ნიშნავს, რომ მას განაცხადზე უარი უნდა ეთქვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, უარი ყოველთვის უნდა იყოს დასაბუთებული და მხარეს იურიდიული საფუძვლიანობის განცდა გაუჩინოს.

კასატორი ასევე მიუთითებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, სადაც სასამართლო მსჯელობს, „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნებოდა განაშენიანების არსებულ პირობებთან შეუსაბამობას, უპირველეს ყოვლისა მითითებული და დადგენილი უნდა ყოფილიყო სწორედ არსებული განაშენიანება და ამ განაშენიანების მიმართ კომისიის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული ტერიტორიის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონკრეტული პირობების დადგენა-გათვალისწინების გარეშე.“

კასატორის მოსაზრებით გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ გაიზიარა აღნიშნული მსჯელობა (უზენაესი სასამართლოს განმარტება) და მშრალად შემოიფარგლა მხოლოდ ტერიტორიულ-სივრცითი მსჯელობით. ზოგადად მოცემულ საკითხზე ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ არ შეფასებულა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ყურადღება არ მიექცა უზენაესი სასამართლოს განმარტებებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინება არის სრულად დაუსაბუთებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 თებერვლის №5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 5 აპრილის №553 განკარგულებით, ს. მ-ეეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №1944 განკარგულებით, ს. მ-ეეს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 254.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები) სახეზე არ იყო.

2020 წლის 24 დეკემბერს ს. მ-ეემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №... წერილობითი მიმართვით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 05 აგვისტოს №1887 განკარგულებით ს. მ-ეეს საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 35.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელის მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს წარდგენილ განცხადებას ახალი მტკიცებულების სახით ერთვოდა მხოლოდ მ. თ-ას, კ. შ-ას, ლ. კ-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებდნენ ფაქტს იმის შესახებ, რომ ს. მ-ეის მფლობელობაში 2006 წლიდან იყო ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 35 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა. მსგავსი შინაარსის განცხადებები ასევე ერთვოდა მხარის მიერ მანამდე წარდგენილ განცხადებებსაც, რაც უკვე ჰქონდა განხილული მოპასუხეს.

სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2020 წლის 17 დეკემბრის №ბ61.01203525 ბრძანების საფუძველზე გამოაქვეყნა №... აუქციონი №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული 151 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე. ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „ი...მა“ (ს/ნ: ...). შესაბამისად, 2021 წლის 18 იანვარს მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ი...ს“ შორის გაფორმდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის №... ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ი...მა“ იკისრა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ვალდებულება. 2021 წლის 11 თებერვალს შპს „ი...ს“ სახელზე ასევე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №.... 2021 წლის 11 თებერვლის №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 151.00 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „ი...ს“ სახელზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ს. მ-ეეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადულ რეგისტრაციაზე მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქ.№3-ის მიმდებარედ, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 01 სექტემბერს, ს. მ-ეემ №239529/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ს. მ-ეის 2022 წლის 1 სექტემბრის №239529/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად.

მართალია კასატორი სადავოდ ხდის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და ასევე ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა, საქმეზე მოსარჩელის მხრიდან და არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი გამორიცხავდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობას. ამასთან, მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია და მოთხოვნა არსებითად დაფუძნებულია მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავების გამო საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს შეფასება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობის და შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007) არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №ბს-915(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებებს ადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჩამოთვლის ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ დაიშვება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა კანონმდებლობა მუნიციპალიტეტს არ ზღუდავს მხოლოდ ამ ჩამონათვალით და ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამდენად, აღნიშნული მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მოახდინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ისეთ შემთხვევაში, როდესაც უფლების აღიარება თანხვედრაშია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ამ ორ შემთხვევაში, როგორც საკუთრების უფლების აღიარების წესსა და საფუძვლებს (მუხლები 2-„ა“, „გ“; 5, 51) ასევე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს (მუხლი 3.1). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცალსახად არის ასახული კანონმდებლის განსხვავებული მიდგომა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწასა და თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევებს შორის. კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევისთვის გაცილებით უფრო მყარ გარანტიებს ქმნის ვიდრე თვითნებურად დაკავებული მიწის შემთხვევაში. აღნიშნული გამოიხატება იმ გამონაკლისებში, რომელიც ითვალისწინებს იმ ტიპის მიწების ჩამონათვალს, რომელზეც არ დაიშვება საკუთრების უფლების აღიარება (მუხლი 3.2. „ა“-„ო“), ასევე ადმინისტრირების ორგანოსათვის მინიჭებული ფართო დისკრეციაში, რომლის მიხედვითაც, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა (მუხლი 51.2). (საქართველოს უზენაესი სასამართლო - №ბს-543(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი).

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, განსახილველ საქმეში არსებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდეც, კასატორს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი არაერთხელ ეთქვა (05.04.2019 №553 განკარგულება; 21.07.2020 №1944 განკარგულება). ამასთან, უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა არა ის გარემოება, რომ ს. მ-ეე, არ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობას, არამედ ის გარემოება რომ საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან, იგი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის. ამდენად, კასატორის მხრიდან სადავოდ შესაძლოა გამხდარიყო სწორედ აღნიშნული შეფასება, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების გზით, ან შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოძიებისა და წარდგენის მეშვეობით, რაც განსახილველ საქმეზე არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და იგი ასევე შეესაბამებოდა და თანხვედრაში იყო კომისიის მიერ, ს. მ-ეის განცხადებების თაობაზე წარსულში უკვე მიღებულ და კანონიერ ძალაში მყოფ განკარგულებებთან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოსარჩელეს ახალ განცხადებასთან ერთად არ წარუდგენია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, ადგილი არ ჰქონია სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილებას დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა განმცხადებლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (№ბს-149(2კ-23) 11.07.2023 წ.) შეეხებოდა ერთსა და იმავე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაბამისი გადაწყეტილების დასაბუთების არარსებობას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე.

ამასთან, კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-628(კ-22) 27.11.2023წ. განჩინებაზე მითითების ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, შემდეგი -„20.01.2020 წ. განკარგულებით, ი.მ-ას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, იმაზე მითითებით, რომ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე მიღებული ჰქონდა 03.06.2019 წ. გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი დადგინდა კომისიის 03.06.2019 წ. განკარგულების საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გარეშე მიღებისა და ამგვარი გარემოებების ხელახლა გამოკვლევის საჭიროება, რაც გამორიცხავდა კომისიის 20.01.2020წ. განკარგულების მართლზომიერებას.“ ამდენად, აღნიშნულ საქმეზე, სადავო ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა - კომისიის როგორც ახალი, ისე ძველი განკარგულება, შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა ორივე აქტის კანონიერება. განსახილველ საქმეზე კი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ ბოლო - 2022 წლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს, რაც მოცემული საქმისგან არსებითად განსხვავებული გარემოებაა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. კ-ეს 2025 წლის 1 სექტემბრის №8996 საგადასახადო დავალებით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება;

3. გ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 1 სექტემბრის №8996 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა