Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-893(2კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ჯ. მ-ე, თ. ბ-ი, გ. მ-ე, ა. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 20 ივნისს ჯ. მ-ემ, თ. ბ-იმა, გ. მ-ემ და ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №64/9 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 08 მაისის №590 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეების უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეის, თ. ბ-ის, გ. მ-ეის და ა. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №64/9 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 08 მაისის №590 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, ჯ. მ-ეის, თ. ბ-ის, გ. მ-ეის და ა. მ-ეის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 26 მარტს ჯ. მ-ემ, თ. ბ-იმა, გ. მ-ემ და ა. მ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადში მიუთითეს, რომ არ გააჩნდათ ქონება. განაცხადში ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მიუთითეს - ქ. თბილისი, ...ის ქ. ..., ბინა №....

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 18 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე განმცხადებლებს უარყოფითი რეკომენდაცია მიეცათ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2022 წლის 02 მაისს მიღებულ იქნა №64/9 ბრძანება, რომლითაც, ა. მ-ეს, გ. მ-ეს, თ. ბ-ის და ჯ. მ-ეს უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე.

2023 წლის 24 მარტს ჯ. მ-ემ, თ. ბ-იმა, გ. მ-ემ და ა. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №64/9 ბრძანება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 08 მაისის №590 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ჯ. მ-ეის, თ. ბ-ის, გ. მ-ეის და ა. მ-ეის 2023 წლის 24 მარტის №19/01230831087-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №64/9 ბრძანება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს მათ შორის შემდეგ კრიტერიუმს - ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის წერილით დგინდებოდა, რომ ჯ. მ-ეს „ტ...ს“ ანგარიშზე ჰქონდა 4085 ლარის შემოსავალი, ხოლო „ლ...ს“ ანგარიშზე 1725 ლარის შემოსავალი. თ. ბ-ის „ლ...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1792.44 ლარის შემოსავალი, ა. მ-ეს „ს...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 2123.5 ლარის შემოსავალი, გ. მ-ეს „თ...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 2116 ლარის შემოსავალი. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ 4 სულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმი 6 თვის განმავლობაში წარმოადგენდა 7 228.80 ლარს, ოჯახის შემოსავალი კი ჯამში შეადგენდა 11 842 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. მ-ეს აღებული ჰქონდა საპენსიო სესხი და ყოველთვიურად იხდიდა სესხის ძირითად თანხასა და პროცენტს. საქმეში წარმოდგენილი 25.01.2022 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ ჯ. მ-ეის კრედიტის მთლიან თანხას წარმოადგენდა - 1 499.68 ლარი, ხოლო 08.12.2025 წლამდე მის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა იყო 2 557.02 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის საფუძველზე მიღებული თანხა, სესხის შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო, როგორც შემოსავალი, რადგან იგი წარმოადგენდა პირის ვალდებულებას დაებრუნებინა თანხა და შესაბამისად, საბოლოოდ სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი, მსესხებლის საკუთრებაში არ რჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის უარი მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ეწინააღმდეგებოდა ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც, არსებობდა გასაჩივრებული სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმია, რომ ოჯახს არ უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული შემოსავალი, ხოლო შემოსავლის არსებობის შემთხვევაში უნდა დაასაბუთონ, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.

მოსარჩელეთა ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ოთხსულიანი ოჯახისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხებისა და კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციის თანხების ერთობლიობას. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი ამონაწერებით, კერძოდ, სს „თ...ს“ 2022 წლის 8 თებერვლის №52/121-38, სს „ს...ს“ 2022 წლის 14 თებერვლის №0022663, სს „ტ...ს“ 2022 წლის 9 თებერვლის №07-365 და სს „ლ...ს“ 2021 წლის 28 დეკემბრის №18055-022110569 წერილებზე თანდართული მონაცემების ამონაწერებით დგინდება, ჯ. მ-ეის, თ. ბ-ის, გ. მ-ეის და ა. მ-ეის არსებული ჯამური თანხა აღემატება დასაშვებ ოდენობას.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია საბანკო დაწესებულებებიდან 6 თვის ამონაწერები, კერძოდ, ჯ. მ-ეს ტ...ს ანგარიშზე უფიქსირდება 4080 ლარის შემოსავალი, ხოლო ლ...ს ანგარიშზე - 1725 ლარის შემოსავალი. თ. ბ-ის ლ...ს ანგარიშზე უფიქსირდება 1792.44 ლარის შემოსავალი, ა. მ-ეს ს...ს ანგარიშზე უფიქსირდება 2123.5 ლარის შემოსავალი, გ. მ-ეს თ...ს ანგარიშზე უფიქსირდება 2116 ლარის შემოსავალი. ოთხსულიანი ოჯახისათვის დადგენილ დასაშვები შემოსავალი იყო 7 228.80 ლარი (თავის მხრივ, წესის თანახმად, დასაშვები შემოსავალი შედგება 6 თვის ქირის კომპენსაციისა და ამავე პერიოდში სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობისაგან), ოჯახის შემოსავალი კი ჯამში შეადგენდა 11 842 ლარს.

მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ოჯახის სამი წევრის საბანკო ამონაწერები თ..., ს... და ლ...ებიდან, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ სასესხო ვალდებულება, პენსია და მიზნობრივი დახმარება არ უნდა ჩათვლილიყო შემოსავლად. სამსახურმა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯ. მ-ეს უფიქსირდებოდა 1,499.68 ლარის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, გაითვალისწინა, რომ ჯ. მ-ეის პენსია (1,386.60ლ) სრულად გამოიყენება სესხის დასაფარად და ვერ იქნება ჩათვლილი შემოსავლად, ასევე არ ჩათვალა შემოსავლად თ. ბ-ის (1,396.59 ლ) პენსია, გამგეობის მიზნობრივი დახმარებები (454.77 ლ). აღნიშნული თანხა ჯამში შეადგენდა 3237.96 ლარს, შესაბამისად, შემოსავლად უნდა ჩათვლილიყო დარჩენილი 8604.04 ლარი, რაც 1375,24 ლარით აღემატებოდა დასაშვებ შემოსავალს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოსა და 1 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია.

სადავო პერიოდში მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28) დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს (მუხლი 1.1). მოცემული წესის მე-6 მუხლი განსაზღვრავს, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურას, ხოლო მე-5 მუხლით დადგენილია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლოშემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდნენ უსახლკაროდ რეგისტრაციასა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფას, საფუძვლად დაედო სწორედ მითითებული წესის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტთან შეუსაბამობა, რომლის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ...ის საქართველოს ... ცენტრის დირექტორის 2023 წლის 16 ნოემბრის №MES 7 23 0001561932 წერილით დგინდება, რომ ჯ. მ-ე მუშაობს სსიპ ...ის საქართველოს ... ცენტრის ...ის (შტატგარეშე თანამშრომელი) პოზიციაზე და მასზე დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენს 935 ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის წერილით დგინდება, რომ ჯ. მ-ეს „ტ...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 4085 ლარის შემოსავალი, ხოლო „ლ...ს“ ანგარიშზე 1725 ლარის შემოსავალი. თ. ბ-ის „ლ...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 1792.44 ლარის შემოსავალი, ა. მ-ეს „ს...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 2123.5 ლარის შემოსავალი, გ. მ-ეს „თ...ს“ ანგარიშზე უფიქსირდებოდა 2116 ლარის შემოსავალი. ამავე წერილში მითითებული იყო, რომ 4 სულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმი 6 თვის განმავლობაში წარმოადგენდა 7 228.80 ლარს, ოჯახის შემოსავალი კი ჯამში შეადგენდა 11 842 ლარს.

სადავო პერიოდში მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28) დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობების მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რამდენიმე ალტერნატიული პირობაა განსაზღვრული უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის, მათ შორის - უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ - 1) ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან 2) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე - ჯ. მ-ეს აღებული ჰქონდა საპენსიო სესხი და ყოველთვიურად იხდიდა სესხის ძირითად თანხასა და პროცენტს. საქმეში წარმოდგენილი 25.01.2022 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ჯ. მ-ეის კრედიტის მთლიან თანხას წარმოადგენდა - 1 499.68 ლარი, ხოლო 08.12.2025 წლამდე მის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა იყო - 2 557.02 ლარი.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჯ. მ-ემ განმარტა, რომ ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობს და ხელფასის სახით ხელზე იღებს 740 ლარს. მისი თქმით, კომუნალური გადასახადებისთვის ყოველთვიურად იხდიდა 200 ლარს, მისი და მისი მეუღლის - თ. ბ-ის წამლებისათვის ყოველთვიურად იხდიდა 500 ლარს, ხოლო შვილიშვილს - ა. მ-ეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ყოველთვიურად 100 ლარი მაინც ესაჭიროებოდა. ჯ. მ-ეის განმარტებით, იგი ყოველთვიურად ქირის სახით იხდიდა 600 ლარს და ბოლო პერიოდში - 900 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითრები, რომლებითაც დგინდება, რომ ჯ. მ-ემ 21.04.2021 წელს მ. ს-ის სა...ის ანგარიშზე შეიტანა 550 ლარი, 21.09.2022 წელს და 21.10.2022 წელს მ. ს-ის ანგარიშზე შეიტანა 550-550 ლარი, 22.07.2023 წელს მ. ს-ის ანგარიშზე შეიტანა 850 ლარი, ხოლო 23.10.2023 წელს შეიტანა 900 ლარი. ამასთან, გ. მ-ემ 21.04.2023 წელს მ. ს-ის ანგარიშზე შეიტანა 650 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-123 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს (მუხლი 1.1.). მოცემული წესის 6.4 მუხლის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში თავად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარზე მეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ყოველთვიურად (ყოველ დაზარალებულ ოჯახზე) გასცეს კომპენსაცია.

ამდენად, არც გასაჩივრებულ აქტებში და არც სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა ერთობლივი შემოსავალი აღემატებოდა - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის 6 თვის კომპენსაციისა და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სრულად დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლიანობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა