Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-219(კ-25) 25 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ე...“; მოპასუხე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირები - ხ. ნ-ეე, გ. ლ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 14 მაისს სს ,,ე...მ“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N350 განკარგულებისა და 2018 წლის 15 ივნისის N272 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ხ. ნ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 2 090 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2018 წლის N..., 22.04.2020 წლის N..., 31.03.2023წლის N... და 08.06.2023 წლის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) ხ. ნ-ეის და გ. ლ-ას საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 2 090 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „ე...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N350 განკარგულება და 2018 წლის 15 ივნისის N272 საკუთრების უფლების მოწმობა, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ხ. ნ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 2 090 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2018 წლის N... და 22.04.2020 წლის N... გადაწყვეტილებები ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) ხ. ნ-ეის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 2 090 კვ.მ-ს ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, სადავო აქტები (აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის №350 განკარგულება და 2018 წლის 15 ივნისის №272 საკუთრების უფლების მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2018 წლის №... და 22.04.2020 წლის №... გადაწყვეტილებები) გამოცემული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მოთხოვნათა დაუცველად, რაც სადავო უძრავ ქონებაზე როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტების, ისე ამ დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ დღეის მდგომარეობით ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უკვე განკარგული იყო და აღნიშნული ხელშეკრულება არ გაუქმებულა, სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა 31.03.2023 წლის №... და 08.06.2023 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ისევე როგორც სააპელაციო საჩივარი არ წარმოდგენილა მესამე პირის მხრიდან. სააპელაციო პალატამ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან ბათილადაა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მის მიერ გამოცემული 2018 წლის 14 ივნისის №350 განკარგულება და 2018 წლის 15 ივნისის №272 საკუთრების უფლების მოწმობა), კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული წინამდებარე სააპელაციო საჩივარზე სადავო, ამ დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.06.2018 წლის №... და 22.04.2020 წლის №... გადაწყვეტილებები) ბათილად ცნობაც, რასაც შედეგად სადავო ნაწილში უძრავ ქონებაზე ხ. ნ-ეის საკუთრების უფლების გაუქმება მოჰყვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტზე, ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა. შესაბამისად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა და ის, რომ იგი ჰაერში კვეთს მიწის ნაკვეთს, ვერ იქნება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, შესაძლებელია გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ხაზს ჰქონდეს დაცვის ზონა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სააგენტო კი, მის ხელთ არსებული მონაცემებით მოკლებულია შესაძლებლობას ცალკეულ შემთხვევებში შეისწავლოს და დაადგინოს თითოეულ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის შესაძლო არსებობა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს ,,ე...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს ხ. ნ-ეემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: სამტრედია, ...ს ქ. ... N1, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ 2018 წლის 17 აპრილს N... წერილით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაუგზავნა ხ. ნ-ეის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და აგრეთვე, სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი სამტრედია, ...ს ქუჩა ... N1. თავის მხრივ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 2 მაისს N... წერილით მიმართა სს ,,ე...ს“, გადაუგზავნა მათ შორის ხ. ნ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, გადადის თუ არა მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. მითითებული წერილის პასუხად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სს ,,ე...ს“ 2018 წლის 11 ივნისის წერილით ეცნობა, რომ ხ. ნ-ეის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 110კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზები.

დადგენილია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N350 განკარგულებით, ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე 5 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე (განაშენიანების ფართობი 144.44 კვ.მ.) და დამხმარე შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი 61.41 კვ.მ.), როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, აღიარებულ იქნა ხ. ნ-ეის საკუთრების უფლება. ამავე განკარგულებით განისაზღვრა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე) ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 15 ივნისს ხ. ნ-ეის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, ხ. ნ-ეეს საკუთრებაში გადაეცა ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა ... N1-ში მდებარე 5 900 კვ.მ., როგორც თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი (განაშენიანების ფართობი 144.44 კვ.მ.) და დამხმარე შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართობი 61.41 კვ.მ.).

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ხ. ნ-ეის 2018 წლის 28 თებერვლის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა ... №1, დაზუსტებული ფართობი: 5 900 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1, N02/1, ს/კ ..., დარეგისტრირდა ხ. ნ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 ივნისის N272 საკუთრების უფლების მოწმობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ამავე უძრავ ნივთზე „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების შესაბამისად, დარეგისტრირდა შეზღუდვა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა გ. ლ-ას საკუთრების უფლება. სააგენტოს 2023 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით კი, განხორციელდა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობი გაიზარდა და გახდა 6 015 კვ.მ.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა ... №1-ში მდებარე 6 015 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ N...) კვეთს სს „ე...ს“ კუთვნილი 35კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის დაცვის ზონა შეადგენს 2 090 კვ.მ-ს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ასევე, სანიტარიული და დაცვითი ზონები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის - 35 კვ-15 მეტრი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა ... №1-ში მდებარე 6 015 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ N...) კვეთს სს „ე...ს“ კუთვნილი 35კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის დაცვის ზონა შეადგენს 2 090 კვ.მ-ს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სს ,,ე...ს“ 2018 წლის 11 ივნისის წერილით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა კომისიამ მიუხედავად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების იმპერატიული მოთხოვნისა/აკრძალვისა, მაინც აღიარა მესამე პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული კი ცალსახად ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულებისა და საკუთრების უფლების მოწმობის, ასევე მათი თანმდევი სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების საფუძველზე ეკისრება ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოება ჩაატაროს და გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად და ამ მიზნით ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მის ხელთ არსებული მონაცემებით მოკლებულია შესაძლებლობას ცალკეულ შემთხვევებში შეისწავლოს და დაადგინოს თითოეულ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის შესაძლო არსებობა, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზოგადი წესით, დასაშვებია, რომ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება იყოს სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. დასაშვებია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწათმოსარგებლემ მისცეს თანხმობა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ პირს შესაბამისი ობიექტის განთავსებაზე, ან მოხდეს ისეთი მიწის ნაკვეთის განკარგვა, რომელზეც ასეთი ობიექტი უკვე არის განთავსებული. ამგვარ შემთხვევაში, ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თუმცა, ელექტროგაყვანილობის ობიექტის და მის დაცვით ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. (სუსგ Nბს-310(კ-24), 26.09.2024წ.). ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და თავად მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მესაკუთრეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან. (სუსგ Nბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 19 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 19 თებერვლის N07576 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე