Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-197(2კ-25) 5 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ყ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 მარტის №MIA 3 21 00657151 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი; გ) დაევალოთ მოპასუხეებს, გამოსცენ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მოსარჩელე ე. ყ-ის სამხედრო წოდებით წელთა ნამსახურობის ნუსხა, სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 წერილობითი მიმართვა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 მარტის №MIA 3 21 00657151 წერილობითი მიმართვა. დაევალათ მოპასუხეებს, გამოსცენ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ე. ყ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სამხედრო წოდებით წელთა ნამსახურობის ნუსხა, სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 მარტის №MIA 3 21 00657151 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს კანონით დადგენილი წესით, პირადი საქმის მიხედვით მოამზადოს და გამოსცეს სამხედრო წოდებით წელთა ნამსახურეობის ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სადაც ნამსახურობაში ჩაითვლება: 1980 წლის სექტემბერიდან - 1985 წლის 27 ივნისის ჩათვლით სწავლის პერიოდი და შსს-ში მუშაობის 1990-1992 წლის 16 სექტემბრის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 მარტის №MIA 3 21 00657151 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კანონით დადგენილი წესით, პირადი საქმის მიხედვით მოამზადოს და გამოსცეს სამხედრო წოდებით წელთა ნამსახურობის ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სადაც ნამსახურეობაში ჩაითვლება: 1980 წლის სექტემბერიდან - 1985 წლის 27 ივნისის ჩათვლით სწავლის პერიოდი და შსს-ში მუშაობის 1990-1992 წლის 16 სექტემბრის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კანონით დადგენილი წესით, პირადი საქმის მიხედვით მოამზადოს და გამოსცეს სამხედრო წოდებით წელთა ნამსახურობის ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სადაც ნამსახურებაში ჩაითვლება: 1980 წლის სექტემბრიდან - 1985 წლის 27 ივნისის ჩათვლით სწავლის პერიოდი და შსს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის 1990 წლის 1 იანვრიდან - 1991 წლის 16 სექტემბრის პერიოდი განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდად. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

6.1 კასატორი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 21 სექტემბერს შევიდა ცვლილებები, რომლითაც დაზუსტდა სწავლის პერიოდის და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლასთან დაკავშირებული ნორმები. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა დაზუსტებული რედაქციით, კერძოდ, თავდაპირველი რედაქციით სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში „შეიძლება“ ჩათვლოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, ხოლო ახალი რედაქციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა „ჩაითვალოს“. ამავე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც კანონმდებელმა დააზუსტა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შინაარსობრივი მიზანი, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის არც ძველი და არც ახალი რედაქცია არ ითვალისწინებდა/ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლას. შესაბამისად, სწავლის პერიოდის ათვლა იწყებოდა და იწყება 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შესრულების შემდგომ. ამასთანავე, იგივე პრინციპი ვრცელდება აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. კანონში დაზუსტების შეტანამდე და მას შემდეგაც, მე-16 მუხლი წაკითხულ უნდა იქნეს ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად კუმულაციურად, რადგან მე-11 მუხლში ცალსახად არის გამოკვეთილი, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ორგვარად განვითარდა. თავდაპირველად მე-16 მუხლი სწორად იყო განმარტებული უზენაესი სასამართლოს მიერ, სწავლის წლების ნამსახურობაში ჩათვლა ხდებოდა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელის ნამსახურობის შემდეგ, ხოლო მოგვიანებით არასწორად შეიცვალა პრაქტიკა. ამ შეცდომის გამოსწორების მიზნით კანონმდებელის მიერ კანონში შეტანილი დაზუსტებით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ცხადი გახდა, რომ მანამდეც ამგვარად წაკითხული და აღქმული უნდა ყოფილიყო მოცემული ნორმები.

6.2 კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 21 სექტემბერს შევიდა ცვლილებები, რომლითაც დაზუსტდა სწავლის პერიოდის და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლასთან დაკავშირებული ნორმები. მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა დაზუსტებული რედაქციით, კერძოდ, თავდაპირველი რედაქციით სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში „შეიძლება“ ჩათვლოდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი, ხოლო ახალი რედაქციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა „ჩაითვალოს“. ამავე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც კანონმდებელმა დააზუსტა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შინაარსობრივი მიზანი, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის არცერთი რედაქცია არ ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლას. შესაბამისად, სწავლის პერიოდის ათვლა იწყებოდა და იწყება 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შესრულების შემდგომ. ამასთანავე, იგივე პრინციპი ვრცელდება აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. კანონში დაზუსტების შეტანამდე და მას შემდეგაც მე-16 მუხლი წაკითხულ უნდა იქნეს ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად კუმულაციურად, რადგან მე-11 მუხლში ცალსახად არის გამოკვეთილი, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ორგვარად განვითარდა. თავდაპირველად მე-16 მუხლი სწორად იყო განმარტებული უზენაესი სასამართლოს მიერ, სწავლის წლების ნამსახურობაში ჩათვლა ხდებოდა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელის ნამსახურობის შემდეგ, ხოლო მოგვიანებით არასწორად შეიცვალა პრაქტიკა. ამ შეცდომის გამოსწორების მიზნით კანონმდებელის მიერ კანონში შეტანილი დაზუსტებით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ცხადი გახდა, რომ მანამდეც ამგვარად წაკითხული და აღქმული უნდა ყოფილიყო მოცემული ნორმები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1985 წლის 25 ივლისს გაცემული KB №158405 დიპლომის თანახმად, ე. ყ-ი 1980 წელს შევიდა ... უნივერსიტეტში და 1985 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტი. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1985 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ყ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია (ტ.1, ს.ფ 22); ბ) 1993 წლის 29 აპრილის цв №827849 დიპლომით დგინდება, რომ ე. ყ-ი 1988 წელს შევიდა სსრკ ... სკოლაში და 1993 წელს დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის ... სკოლა, სპეციალობით .... სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1993 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ყ-ის მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია (ტ.1, ს.ფ 23); გ) საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1985 წლის 22 ოქტომბრის №472ლ/ს ბრძანებით დგინდება, რომ ე. ყ-ი დაინიშნა ...ის თანამდებობაზე, ორგანიზაცია уи -123/29 уиту შსს საქართველოს სსრ (ტ.1, ს.ფ 31-34); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2021 წლის 19 მაისის №MIA 8 21 01252749 წერილით დგინდება, რომ ე. ყ-ი შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობდა 1985-2004 წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე. ე. ყ-ი საქ. სსრ შსს 1985 წლის 22 ოქტომბრის №472 პ/შ ბრძანებით მიღებულ იქნა საქ. სსრ შსს შრომა გასწორების დაწესებულების სამმართველოში, ...ის თანამდებობაზე. ე. ყ-ის პირველადი წოდება „...“ მიენიჭა სსრკ შსს 1986 წლის 28 მარტის №104პ/შ ბრძანებით 1986 წლის 28 მარტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 16 მაისის №143პ/შ ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა 2004 წლის 18 დეკემბრიდან შსს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების დაცვის სამმართველოდან, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 67-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (შტატების შემცირება). შესაბამისად, ე. ყ-ის წელთა ნამსახურობა შს სამინისტროში სპეციალური წოდებით შეადგენს 18 წელს, 08 თვეს და 20 დღეს (ტ.1, ს.ფ 58-59); ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №101 300 0502 მოწმობით დგინდება, რომ ე. ყ-ი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით (ტ.1, ს.ფ 24); ვ) ე. ყ-იმა, 2021 წლის 12 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა მისი ნამსახურები წლების გაანგარიშება, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით (ტ.1, ს.ფ 14); ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 აქტით ე. ყ-ის ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით, მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურები წლები შეადგენს 18 წელს, 08 თვეს და 20 დღეს (ტ.1, ს.ფ 15); თ) 2021 წლის 19 თებერვალს (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი - 23 თებერვალი), ე. ყ-იმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 იანვრის №MIA 5 21 00202535 წერილობითი მიმართვა გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მოითხოვა კანონით დადგენილი წესით წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ნუსხის გაცემა (ტ.1, ს.ფ 16, 17); ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 მარტის №MIA 3 21 00657151 აქტით (წერილით) ე. ყ-ის, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი, ხოლო მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „წელთა ნამსახურების გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან“. ე. ყ-ის შს ორგანოებში კალენდარული წელთა ნამსახურობა სპეციალური წოდებით შეადგენს 18 წელს, 08 თვეს და 20 დღეს (ტ.1, ს.ფ 17); კ) საქმეში წარმოდგენილია ნამსახურების სია №..., რომლის თანახმად, ე. ყ-ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ: 1991 წლის 16 სექტემბრის №674/01 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს დამნაშავეთა ძებნის განყოფილებაში, ...ის თანამდებობაზე; 1991 წლის 13 ნოემბრის №048 ბრძანებით დაინიშნა შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ძებნის განყოფილებაში, ...ის თანამდებობაზე; 1992 წლის 30 ივლისიდან იკავებს შსს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს სამძებრო სამმართველოს ძებნის განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობას, 1992 წლის 29 დეკემბრის №835 ბრძანებით დაინიშნა შსს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს ... განყოფილებაში, ...ის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ 61-78); ლ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის №04/40537 წერილის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2016 წლის 27 აპრილის №5019-IIს საქართველოს კანონში შესული ცვლილება შეეხო საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვილ სამხედრო წოდების ან სამხედრო სპეციალური წოდების მქონე პირებს თუ მათ აქვთ ნამსახურების არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურებაში გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურებისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური (ტ.1, ს.ფ 297-298).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ყ-ის საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობაში 1980 წლის სექტემბერი - 1985 წლის 27 ივნისის სწავლის პერიოდის ჩათვლისა და შსს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის 1990 წლის 1 იანვარი - 1991 წლის 16 სექტემბრის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდად ჩათვლის საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“) საქართველოს კანონზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური.

სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებდა მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, საკითხი, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სწავლის პერიოდი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ 21.09.2023წ. კანონით ცვლილება შევიდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იმპერატიულად დადგინდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 21.09.2023წ. კანონით განხორციელებული ცვლილებით მე-16 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ვერ გავრცელდება შესაბამის ცვლილებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე, რადგან იგი არ შეიცავს დათქმას ნორმისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-427(კ-25)). ადმინისტრაციულ ორგანოს ე. ყ-ის მოთხოვნაზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის კანონის უკუძალა, კასატორის მიერ მითითებული საკანონმდებლო ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ე. ყ-ის უფლებაზე ჩაეთვალოს სასწავლებელში სწავლის პერიოდი ნამსახურობის წლებში. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სწავლის პერიოდის - 1980 წლის სექტემბერიდან 1985 წლის 27 ივნისის დროის მონაკვეთის წელთა ნამსახურობაში ასახვა.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლითაც დადგინდა, რომ სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ წელთა ნამსახურებაში უნდა აისახოს შსს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის 1990 წლის 1 იანვრიდან 1991 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, შეღავათიანი გაანგარიშებით.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა