Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-154(2კ-24) 20 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...ი’’

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 ივნისს შპს ,,...მა’’ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეთა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელე აღნიშნავს, 2017 წლის 8 აგვისტოს შპს ,,...ის’’ წინააღმდეგ წარდგენილ იქნა მითითება №002705, რომლის თანახმადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის ორგანომ სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და გასცა მითითება ქ. თბილისში, ... გამზირზე ს/კ ... და ს/კ ... განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ან ზემოაღნიშნული კონსტრუქციების დემონტაჟის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული მითითების შეუსრულებლობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 19 სექტემბერს ზეპირი მოსმენით იმსჯელა ზემოაღნიშნულ საკითხზე და მიუხედავად შპს ,,...ის’’ განმარტებისა, რომ მითითებულ ქონებას არც ფლობენ და არც სარგებლობენ მისით 2019 წლის 20 ოქტომბრის №002705 დადგენილებით შპს ,,...ი’’ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და დაევალა ს/კ ... და ს/კ ... უძრავ ქონებაზე არსებული მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის აქტი გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიაში, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის N500 ბრძანებით შპს ,,...ის’’ 2017 წლის 2 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის N002705 დადგენილება.

ამრიგად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №002705 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №500 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

შპს,,...ის’’ 2019 წლის 26 ივნისის განცხადებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და განსახილველ დავაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მოპასუხედ დასახელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 6 მაისის №500 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის №002705 დადგენილება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა. მითითებული კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების მისი გამომტანი მოსამართლის/მოსამართლეების მიერ ხელმოწერა. ასეთი ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. მოსამართლე ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული გარემოებებისა და სასამართლოს აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების ნამდვილობას, მატებს მას ლეგიტიმაციას, აძლევს საბოლოო სახეს და ამცირებს სასამართლოს აქტის გაყალბების რისკებს. მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი იწვევს იურიდიულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის დადგენილი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-53-52(კ-06)).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საქმეზე ოქმის შედგენის სავალდებულოობას სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 287), ამავე კოდექსის 289.3 მუხლის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ, მე-4 ნაწილის თანახმად კი, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ სასამართლო სხდომის მდივანი, გარდა ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ოქმს აგრეთვე ხელს აწერს მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავდა – ამ სხდომის თავმჯდომარე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის ოქმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საპროცესო დოკუმენტს, რომელიც ასახავს სასამართლო პროცესის მსვლელობას, თითოეულ საპროცესო მოქმედებას, რომლებიც განახორციელა სასამართლომ საქმის განხილვისას. სხდომის ოქმი საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობის პირობებში ოქმს უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, როგორიც საქმეში სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეს არ ერთვის სასამართლო სხდომის ოქმი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეს ერთპიროვნულად იხილავდა მოსამართლე - ი. ზ-ა. 2023 წლის 10 მაისის (ტ.2; სფ.53-54) სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა წარმოდგენილ დავაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა ზემოაღნიშნულ სხდომის ოქმზე არ არის მოსამართლის ხელმოწერა. ამასთან, არც განჩინების სარეზოლუციო ნაწილია მოსამართლის მიერ ხელმოწერილი (ტ.2; სფ.62-63). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში არ დევს განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასაბუთებული განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული სხდომის ოქმი და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან და საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რა ოქმის შედგენის სავალდებულოობას, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, სასამართლო სხდომის ოქმის გარეშე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული სახით, ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (,,ე“; ,,ე​1“ ქვეპუნქტები), გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი (,,ვ“ ქვეპუნქტი), საქმეში არ არის სააპელაციო სხდომის ოქმი (,,თ“ ქვეპუნქტი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“, ,,ე1“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა